აი, რატომ აფეთქებს უკრაინა „ამაზონის“ რუსულ ანალოგებს...
უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა რუსეთის ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ გუბერნატორმა ევგენი პერვიშოვმა განაცხადა.
„18 ივლისის ღამეს, უკრაინის ნეოფაშისტურმა რეჟიმმა კოტოვსკში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. მტრის დრონების მიერ Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმის შედეგად ღამის ცვლის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
Wildberry-ის პრესსამსახურის ცნობით, დარტყმა მიაყენეს კომპანიის ობიექტს მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალშიც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ იქ 24 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობაც მძიმეა.
რუსეთი უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევას Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრებზე,რომლებიც საქვეყნოდ ცნობილი „ამაზონის“ ერთგვარ რუსულ ანალოგს წარმოადგენენ,ტერორისტულ აქტებათ აფასებს და მართლაც,ეს ხომ პრინციპში სამოქალაქო ობიექტებია და რატომ უნდა გამხადარიყვნენ ეს ლოჯისტიკური ცენტრები უკრაინის გენშტაბის ისეთი სამიზნეები,რომ მათზე თავდასხმით ყველაზე ეფექტური(და შეიძლება ეფექტიანიც კი),ისეთი გრანდიოზული ხანძრები მოეწყო,რომლებისგანაც წარმოქმნილი შავი კვამლი ახლაც მოსკოვის თავზე ცას ნელ-ნელა ფარავს?
თუმცა, საქმე არც ასე მარტივად ყოფილა...
პირველი- სამოქალაქო საქონლის გარდა, Wildberries თავის ვებსაიტზე სამხედრო აღჭურვილობასაც უწევს რეკლამირებას: ჯავშანჟილეტებს, დრონების ოპტიკურ მოწყობილობებს, თავად დრონებს და დრონების აქსესუარებს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ნივთები განკუთვნილია ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ ანუ Wildberries-ი გარკვეულ დახმარებას უწევს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და შესაბამისად ის ხდება უკრაინის სამხედროების კანონიერი სამიზნეც.
მეორე- რუსულ Wildberries-ზე ეს თავდასხმები პასუხია ლუცკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და სხვა ქალაქებში უკრაინული „ნოვა ფოშტას“ ტერმინალებსა და დახარისხების ცენტრებზე სისტემატურ დარტყმებზე, რომლებიც 2026 წლის დასაწყისიდან ხორციელდება.
მესამე- Wildberries-ის ორივე ლოჯისტიკურ ცენტრზე თავდასხმისა და იქ გაჩენილი უძლიერესი ხანძრების შედეგად მათი საერთო ზარალი 50 მლრდ რუბლს გადააჭარბებს,რაც უდიდეს ფინასურ ზარალს მიაყენებს რუსეთში შიდა ვაჭრობას და რუსეთს უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტში დიდი თანხები დააკლდება.
მეოთხე- Wildberries-ის ხელმძღვანელობამ 11 დღით ადრე,7 ივლისს ტიპიურ ხელშეკრულებებში ჩაამატა მუხლი,რომლის თანახმადაც იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პარტნიორების ტვირთებზე,თუკი მის ლოჯისტიკურ ცენტრების საწყობებზე მოხდება საჰაერო შეტევები...
ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა Wildberries-ის ხელმძღვანელობამ, რომ მისი საწყობები უკვე იყო შემოხაზული უკრაინის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს საიდუმლო რუკებზე, მაგრამ ფაქტია, რომ Wildberries-ის აფეთქებულ საწყობებში დამწვარი საქონლის კომპენსაციას მისი მფლობელები ვეღარ მიიღებენ, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის რუსი ბიზნესმენების დიდი ნაწილის კრიტიკულ დამოკიდებულებას მათი პრეზიდენტის მიერ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ამ საშინელი ომის მიმართ...
ასეთ ომებში ყველაფერი უკვე მიღებული ხდება,თუკი ის საბოლოო გამარჯვებაზე მუშაობს...