შეშლილი მსოფლიოს ერთი ღამე-რუსეთმა კიევი დაბომბა, უკრაინამ სტავროპოლი, პენტაგონმა თეირანი, ირანმა კი იორდანიაში ამერიკელები ...
2026 წლის 18-19 ივლისის ღამე ძალზე დრამატულად წარიმართა ჩვენი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით-ყველა ყველას ბომბავდა...
აშშ-ირანის საჰაერო ომიც მუდმივ სახეს ღებულობს და ემსგავსება რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომს-ყოველ ღამეს მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთის ქალაქებისკენ ბალისტიკურ რაკეტებსა და კამიკაძე-დრონებს უშვებენ დიდი რაოდენობით, რათა რაც შეიძლება მეტი დანაკლისი მიაყენონ, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაშიც...
უკრაინული კამიკაძე-დრონების მიერ წინა ღამეს განხორცილებული ორი ძალზე მტკივნეული საჰაერო შეტევის(რამაც რუსეთში ორი უზარმაზარი ლოჯისტიკური ჰაბი ააგიზგიზა)საპასუხოდ, ამ ღამეს კრემლმა უკრაინაზე შური იძია და მის დედაქალაქისკენ 41 რაკეტა და 125 დრონი გაუშვა.
რუსეთს კიევისთვის ბევრად უფრო მეტი კამიკაძე-დრონებითაც შეუტევია, მაგრამ ერთ ღამეში 41 ერთეული სხვადსხვა ტიპის რაკეტის გაშვება (რომელთა შორის 25-მდე „ისკანდერი“ იყო), მართლაც ერთგვარი „შავი რეკორდია“.
გასაგებია, რომ რუსეთის გენშტაბი ცდილობს ისარგებლოს იმ სიტუაციით, როდესაც უკრაინელ სამხედროებს ამ „ისკანდერების“ მოსაგერიებელი „პეტრიოტების“ ანტირაკეტების მწვავე დეფიციტი აქვთ, თუმცა უკრაინელმა მეზენიტეებმა მაინც მოახერხეს 18 რაკეტის ჩამოგდება და არა მხოლოდ „ისკანდერების“...
ამ ღამეს გულხელდაკრეფილნი არც უკრაინელები მსხდარან და არანაკლებ 140 კამიკაძე-დრონით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში, რის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად იქცა სტავროპოლში და მის შემოგარენში ერთდროულად სამი ნავთობაზის აგიზგიზება, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 500-იოდე კმ-ით არიან დაშორებულნი.
სანამ რუსეთი და უკრაინა მეხუთე წლის მორიგ ღამეში ერთმანეთთან „დრონების პინგ-პონგს“ აგრძელებდნენ, მათ არც ამერიკელები და ირანელები ჩამორჩნენ...
პენტაგონმა მერვე ღამესაც ზედიზედ გაიმეორა საჰაერო დარტყმები ჰორმუზის სრუტის ირანის სანაპირო ზოლზე და თეირანთანაც, რასაც მოჰყვა ირანის სარაკეტო შეტევა იორდანიაში განთავსებულ მუფავაკ-სალტის საჰაერო ბაზაზე(ის 900-იოდე კმ-ითაა დაშორებული ირანის დასავლეთ საზღვრიდან), სადაც ამერიკული ძალებიც არიან დისლოცირებულნი.
ირანულ სარაკეტო დარტყმას ამ იორდანულ ბაზაზე ორი ამერიკელი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა, ოთხი დაიჭრა, ხოლო ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ეს ამერიკის საზოგადოებისთვის ძნელად მისაღები ფაქტია, როდესაც აშშ-ებიდან ათასობით კმ-ის დაშორებით მათი თანამემამულე სამხედროები იღუპებიან, რაც ამ საზოგადოების დიდ ნაწილს თანდათანობით კიდევ უფრო კრიტიკულად განაწყობს თეთრი სახლის მიმართ.
საზოგადოებრივი აზრის შემოსატრიალებლად და საკუთარი პოლიტიკური რეიტინგის გადასარჩენად, აშშ-ის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა, რომლითაც შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანა თანამოქალაქეები-„თქვენ ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში? ოდესმე გიკითხავთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა ავღანეთში ყოველ დღე? ეს სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დაიღუპნენ, რადგან არ სურდათ, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა და არ სურდათ, რომ ახლო აღმოსავლეთი განადგურებულიყო“-მიმართავს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოტენციურ ამომრჩეველს და სავარაუდოდ, დიდ პოლიტიკურ შეცდომასაც უშვებს, როდესაც ამერიკელების უდიდეს ისტორიულ ტკივილთან-ვიეტნამის ომთან ადარებს ამერიკა-ირანის დღევანდელ შეიარაღებულ დაპირისპირებას,რადგან ეს შეიძლება დაკავშირდეს იმასთან, რომ ტრამპი თავისი წინამორბედი პრეზიდენტების მსგავასად გაბედავს და როგორც ვიეტნამში, ირანშიც წამოიწყებს ფართომაშტაბიან სახმელეთო ოპერაციას, იქ ათი ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნით...
და სანამ ეს არ მომხდარა, შეშლილი მსოფლიო მორიგ ღამეს ელოდება, რათა რაკეტები და დრონები ისევ გაუშვას და ისევ დაბომბოს და დაბომბოს...