აუჯანყდებიან თუ არა ოლიგარქები პუტინს?! - კვირის პალიტრა

აუჯანყდებიან თუ არა ოლიგარქები პუტინს?!

რუსული პროპაგანდა ისტერიკაშია - არ მოსწონთ, რომ უკრაინელები ყოველდღე აგიზგიზებენ მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, არ მოსწონთ, ბენზინის რიგები - მოკლედ, არაფერი მოსწონთ. ითხოვენ, რომ რუსეთმა სასწრაფოდ გამოიყენოს რაღაც განსაკუთრებული იარაღი და, ბოლოს და ბოლოს, გაანადგუროს უკრაინა და ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც ზედ მიაყოლოს. პარალელურად, ევროპას საყვედურობენ, თუ ასეთი ჰუმანურები ხართ, ჩვენ რომ ასეთ დღეში ვართ, რატომ არ იმჩნევთო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მოძალადე სახლში რომ შემოგივარდეს მოსაკლავად, შენ ცხვირ-პირი დაუმტვრიო და იმან სახალხო დამცველთან დაიწყოს ჩივილი, არიქა, მიშველეო.

ვლადიმირ სოლოვიოვი პირდაპირ ეთერში დასახვრეტთა სიას ადგენს. ამბობს, ბოლოს და ბოლოს, მიმიყვანენ იმ ზომამდე, რომ პუტინს ვთხოვ "სმერშის" უფროსად დამნიშნოსო (საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს სტრუქტურა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჯაშუშებსა და კოლაბორაციონისტებზე ნადირობდა). აქეთ ერთ-ერთ ტოქ-შოუში სვამენ კითხვას, ბოლოს და ბოლოს, რატომ არ ვკლავთ ზელენსკისო. გუბერნატორები ხალხს ამშვიდებენ, ჩვენაო, მომთმენი ხალხი ვართ და ამასაც მოვითმენთო. თავად რუსეთის მოქალაქეებს ავტოგასამართ სადგურებზე რიგებში ხშირად უწყდებათ მოთმინების ძაფი და დაერევიან ხოლმე ერთმანეთს დანებითა და გაზის პისტოლეტებით.

მართლაც საინტერესო სანახავია, როგორ იცვლება რუსული პროპაგანდის რიტორიკა. 2022 წელს კიევის სამ დღეში აღებას აპირებდნენ, 2023-2024 წლებში ამბობდნენ, "სულ ცოტა ხანიც და...", დღეს კი უკვე წუწუნებენ, "გამოფიტვის ომი" ძვირი გვიჯდებაო. პუტინი კი ვითომც არაფერი - ჯიუტად არ იმჩნევს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, ან თუ ზოგჯერ იმჩნევს, აუბრალოებს ყველაფერს - "გარკვეულ სიძნელეებს" უწოდებს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის წინ მიდიოდა და დღესაც წინ მიდის.

kmo-163405-00064-1-t222-143359-1784457458.jpg

ამასობაში, უკრაინულ და დასავლურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს მოსაზრებები, რომლებიც მან ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტს" გაუზიარა (მასალა სათაურით "კაცი, რომელიც რუსეთს შეცვლის: წამყვანი რუსი ოლიგარქი ანდრეი მელნიჩენკო ქვეყანას მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს", KVIRISPALITRA.GE-ზე გამოქვეყნდა; მოამზადა სიმონ კილაძემ). გთავაზობთ ეპიზოდს ამ სტატიიდან.

"ანდრეი მელნიჩენკოს ნათქვამი ომის ჩარჩოებს სცდება და ეხება როგორც რუსეთის, ისე მისი უშუალო მეზობლების - რბილად რომ ვთქვათ - არცთუ სასიამოვნო პერსპექტივას: ის აფრთხილებს დასავლეთსაც, რომ ბრიუსელს, ლონდონსა და ვაშინგტონს არ უნდა სურდეთ რუსეთის ჩაძირვა ქაოსში, რომ რუსეთში მკაცრი ავთარქია (თვითკმარობა, იზოლირებულობა) გამეფდეს ან რუსეთი მათზე დამოკიდებული გახდეს. მართალია, არ ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, მაგრამ ცვლილებები, რომლებიც მას სურს, იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ერთპიროვნულ მმართველობას ბოლო უნდა მოეღოს. ანდრეი მელნიჩენკო შიშობს, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში კრემლმა უკრაინის ევროპელი მოკავშირეების დასაშინებლად შეიძლება ტაქტიკური (ადგილობრივი მნიშვნელობის, შედარებით მცირე ძალის) ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები ამ გარემოებას მხედველობაში არ იღებენ და იმედოვნებენ, რომ კრემლი ამ ნაბიჯს ვერ (არ) გადადგამს.

ანდრეი მელნიჩენკოს მტკიცებით, ომის ესკალაცია რუსეთს, უკრაინას და ევროპას მტკიცე მშვიდობას ვერ მოუტანს. მის ინტერვიუში ბევრი არგუმენტია მოყვანილი. ის თავის თეზისებს რუსეთისთვის გრძელვადიანი სცენარების სახით გადმოსცემს, რომელთაგან თითოეული, მისი თქმით, სახიფათოა როგორც რუსეთისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

ყველაზე მეტად საგანგაშოა ის, რომ რუსეთი შეიძლება ანარქიის მორევში აღმოჩნდეს - იმდენად, რამდენადაც ფრონტელ გენერლებს ერთმანეთთან ფარული დაპირისპირება აქვთ იარაღის რესურსების მოსაპოვებლად და ეს შეიძლება ბირთვულ იარაღზეც გავრცელდეს. ეს შიში საკმაოდ რეალურია, რის გამოც თავის დროზე ჯო ბაიდენი, [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი] ცდილობდა უკრაინისთვის არ მიეცა მეტი შემტევი იარაღი - რუსეთის დამამცირებელი მარცხის თავიდან ასაცილებლად.

ან შესაძლოა რუსეთი უცხო სახელმწიფოს გავლენაში აღმოჩნდეს. ასეთი უცხო სახელმწიფო შეიძლება ჩინეთი იყოს, რომელსაც შეუძლია თავისი ჩრდილოელი მეზობელი სანედლეულო ბაზად და აშშ-სთან ბრძოლაში ბუფერად გამოიყენოს... ან შეიძლება რუსეთი ომის შედეგად ისე დასუსტდეს და გამოიფიტოს, რომ ევროპის პერიფერიაში გაღატაკებულ-დაბეჩავებული და სხვაზე დამოკიდებული ქვეყნის სახით იარსებოს. რუსი ოლიგარქის პროგნოზით, ორივე სავარაუდო ფინალი წარმოქმნის მძაფრ ნაციონალისტურ განწყობას, რომელიც შეიძლება შიდა კონფლიქტში გადაიზარდოს.

და თუ მართლაც რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყება, ქვეყანა ჩაიკეტება ჩრდილოეთ კორეის მსგავსად და გადაიქცევა დახურულ ციხესიმაგრედ, ალყაშემორტყმულად, ეკონომიკური და ფინანსური სტაგნაციის პირობებში ვინ გაიგებს, რა მოხდება ასეთ ქვეყანაში? ისევე როგორც ჩრდილოეთი კორეა, რუსეთიც შეიძლება მთელ მსოფლიოსთან პერმანენტული ომის მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ანდრეი მელნიჩენკო არ განმარტავს, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული თავიდან რუსეთის ასეთი მდგომარეობა. ის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მოუწოდებს დასავლეთს, ცდუნებას არ აჰყვეს და ომი კრიტიკულ წერტილამდე არ მიიყვანოს. "დასავლეთმა უნდა შეძლოს და ისე იმოქმედოს, რომ რუსეთთან თანაარსებობით იცხოვროს", - ამბობს ის და ამ მიზნით დასავლეთს მიმართავს, რომ რუსეთის "სუვერენიტეტი" უზრუნველყოფილი იყოს, ანუ ქვეყანას იმუნიტეტის ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, როგორიც ჩინეთს აქვს - "არავინ არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საშინაო საქმეებში". რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ რეფორმებს, ანდრეი მელნიჩენკო ძუნწად ლაპარაკობს და კონკრეტიკას თავს არიდებს: მთავარია, რომ ქვეყანა საზღვარგარეთისთვის პროგნოზირებადი იყოს, მთავრობას საკუთარი ხალხის ნდობა ჰქონდეს ისე, რომ იძულების ზომები არ იქნეს გამოყენებული.

ვლადიმირ პუტინმა შეიძლება დათმობაზე უარი განაცხადოს, მაგრამ ის გამოუვალ მდგომარეობაშია. მას შეიძლება ესკალაციის გაგრძელება სურდეს, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდება: ყველაფერს, მათ შორის ესკალაციასაც და რეფორმებს, თავისი ფასი აქვს.

რუსული პოსტკონფლიქტური რეფორმების პრეცედენტი უკვე არსებობს: 1905 წელს რუსეთის იმპერიამ იაპონიის იმპერიასთან 19-თვიანი ომი წააგო, რაშიც მრეწველებმა და ტექნოკრატებმა ნიკოლოზ II დაადანაშაულეს. მათი თქმით, ომმა აჩვენა, რომ ერთპიროვნული მმართველობის გამო რუსეთი ევროპას განვითარებაში ჩამორჩა. იმავე წელს ფართო ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად ნიკოლოზ II მეორე იძულებული შეიქნა გამოექვეყნებინა მანიფესტი, რომლითაც სამოქალაქო თავისუფლებები გამოცხადდა, შეიქმნა საკანონმდებლო ორგანო - რუსეთის სახელმწიფო სათათბირო.

მართალია, მეფე-იმპერატორმა მისთვის არასასურველი რეფორმები 1907 წელს შეაჩერა და შემდეგ საერთოდ გააუქმა, მაგრამ ამის შედეგად, 9 წლის შემდეგ, 1917 წელს რომანოვების დინასტია იმავე მოთხოვნებით საერთოდ დაემხო და იმპერატორი რევოლუციურ ტრაგიკულ მოვლენებს შეეწირა. რჩება იმედი, რომ რუსეთი თავის ისტორიულ გაკვეთილებს კარგად ისწავლის და გააცნობიერებს: მას გრძელვადიანი რეფორმები სასიცოცხლოდ სჭირდება", - ვკითხულობთ "ეკონომისტის" სტატიაში.

რას ნიშნავს რუსი ოლიგარქის ინტერვიუ

ანდრეი მელნიჩენკო 26-მილიარდიან ქონებას ფლობს. ის არც ოპოზიციონერია და არც ორი თავი აქვს, პუტინის რისხვა დაიმსახუროს. თუმცა ის ფაქტი, რომ მან ზემოხსენებული მოსაზრებები გაუზიარა ბრიტანულ ჟურნალს, ბევრ რამეზე მეტყველებს. კერძოდ, იმაზე, რომ ოლიგარქებმა დაინახეს საფრთხე - ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს და საერთოდ მშრალზე დარჩნენ. რა თქმა უნდა, ის პუტინს საჯაროდ არ აკრიტიკებს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავარი მიზანია, რომ დასავლეთს გააგონოს - არიან რუსეთში გავლენიანი ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ და ომი არ სურთ. რაც მთავარია, სავარაუდოდ, მელნიჩენკო მხოლოდ თავისი სახელით არ ლაპარაკობს, ის ოლიგარქთა გარკვეული წრის აზრს გამოხატავს. დასავლეთმა, ალბათ, უნდა გააანალიზოს, რომ მას ჰყავს რუსეთში მძლავრი პოტენციური მოკავშირეები, რომლებსაც, გარკვეული სცენარის განვითარების შემთხვევაში, ხელშეუხებლობის გარანტია უნდა მისცეს.

ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ფიქრობს, თითქოს მელნიჩენკოს პირით დასავლეთს პუტინი ელაპარაკება და რუსეთის დამარცხების შემთხვევაში მას საზარელი სცენარებით აშინებს. თუმცა ეს ნაკლებად რეალურია. პუტინს დღესვე შეუძლია დაასრულოს ომი, თან ისე, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, თავის პირობებზე დაიყოლიოს (უკვე ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო შენარჩუნება, რასაც, სავარაუდოდ, უკრაინაც დათანხმდება). თუმცა არა - ჯიუტად აგრძელებს ომს და რაღაც მითურ წარმატებებზე საუბრობს.

მეტიც, აგერ დასავლელი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ პუტინი სექტემბერში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, დაიწყებს პროვოკაციებს ბალტიისპირეთის მიმართულებით. მეორე მხრივ, შეიძლება სწორედ მობილიზაცია და ხალხის ფრონტზე ძალით წაყვანა გახდეს ის მუგუზალი, რომელიც ქვეყანა-"ბენზოკოლონკას" ააფეთქებს.

არის თუ არა შანსი, რომ ოლიგარქებმა პუტინს შეთქმულება მოუწყონ? ალბათ, ჯერ არა, თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ აკონტროლებენ ყველას და ყველაფერს პუტინის სპეცსამსახურები. თუმცა სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს თუ მიუახლოვდა, მილიარდერები ამოქმედდებიან - ფული ჯოჯოხეთს ანათებს და რუსეთში, მით უმეტეს.

გიორგი კვიტაშვილი