მოგზაურობა არწივების და ბოლომდე სიტყვის გამტანების მხარეში
რამდენიმე დღის წინ, ცხრა მეგობარი ქალი ავდექით და ტაო-კლარჯეთის გზას დავადექით. საქართველოს ამ ისტორიულ, ულამაზეს მხარეში უამრავ ქართველს უმოგზაურია, მეც არაერთხელ ვყოფილვარ. თუმცა, ვცდილობ, ყოველი ბოლო წასვლა წინასგან განსხვავდებოდეს. ამჯერადაც, ტრადიციულ მარშრუტში სიახლე შევიტანე, მსურდა მთის სოფელი, 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ბალხი მომენახულებინა და იქაურები გამეცნო. მანამდე კი... მანამდე გული კიდევ ერთხელ მომიკლა ჩვენი ტაძრების ხილვამ.

ჯიუტი ხარაჩოები და საცერივით დახვრეტილი სახურავები
- ხანძთის მთავარი ტაძრის გუმბათის ყელი საცაა ჩამოიშლება. ზამთრისა და ზაფხულის მკაცრი კლიმატი ბოლოს უღებს ოდესღაც შორიდან, მზის სხივებში ამეთვისტოსფრად მოლილვილე ტაძრისგან დარჩენილ ნაშთებს. დაკვირვებული თვალი ყოველ ჯერზე ატყობს სავალალო ცვლილებებს.
უფრო დაძაბუნებული და მხრებში მოხრილი ჩანდა ოთხთაც, რომელიც წვიმიან ამინდში ერთიანად ილუმპება, რადგან სახურავიდან, როგორც საცერიდან, წყალი იღვრება. ოშკის გუმბათიც სავალალო მდგომარეობაშია. არამარტო გუმბათი დაზიანებულა, გუმბათის ყელის საყრდენ ნაწილში აგურები ჩაცვენილა. კარგა ხნის წინ ექსპლუატაციის ვადაამოწურული მზიდი ხარაჩოები კი კვლავაც ჯიუტად დგანან, ვიდრე წლების წინ, იუნესკოსთან ერთად მიღწეული შეთანხმება ოშკის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციის შესახებ არ ამოქმედდება. საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებების ამ შეთანხმების საქმედ ქცევა კოვიდპანდემიამ შეაჩერა. სამწუხაროდ, საკითხის კვლავ გააქტიურებას არც ერთი მხარე არ ჩქარობს. არადა, ოშკი და იშხანი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში უნდა შევიდეს.
არც დოლისყანის მონასტერს აქვს სახარბიელო ყოფა. მას შემდეგ, რაც აქ მეჩეთი აღარ ფუნქციონირებს, სახურავს აღარავინ არემონტებს და წვიმის წყალი ისედაც სიბერისაგან გაზნექილ კედლებს უმძიმეს დღეში აგდებს.
როგორც უკვე ვთქვი, იშხანი რესტავრაციის სრულფასოვნად დასრულების შემდეგ, იუნესკოს დაცვის ქვეშ უნდა შევიდეს. ამბობენ, ამ დრომდე რესტავრაციის პროცესი იმიტომ არ გრძელდება, რომ გაურკვეველია როგორი დამცავი ფენით დაიფაროს უნიკალური მოზაიკური იატაკი. ამ გაურკვევლობის ფონზე, სავალალოა ქართველი მომლოცველების ქცევა, ისევე როგორც ხანძთაში, ტბეთში, დოლისყანასა და ოთხთაში, იშხნის ტაძრის გარე კედლებზე (შიგნით არავინ გვიშვებს) სანთლებს ვანთებთ და კედლებს ჭვარტლით ვფარავთ. სანთლის დნობისას გამოყოფილი ნამწვი, ჭვარტლი და პარაფინი გამოუსწორებელ პრობლემებს ქმნის, თუნდაც სანთელი ფრესკაზე კი არა, მოჩუქურთმებულ ან თლილ ქვაზე იყოს მიკრული. ტაო-კლარჯეთის ტაძრები ნაშენია სხვადასხვა ტიპის ნათალი ქვით (მათ შორის ფოროვანი ოლთისის ქვით, ტუფითა და კირქვით). ქვა სუნთქავს და მასში ტენიანობის ბუნებრივი ცირკულაცია ხდება. მიმდნარი ცვილის ფენა ახშობს ქვის ფორებს. შედეგად, ქვაში გამომწყვდეული ტენი ზამთარში იყინება, ფართოვდება და იწვევს ქვის ზედაპირის დასკდომასა და ფხვნას (ე.წ. ქვის დაავადებას). კედლებზე დარჩენილი მუქი, ცხიმიანი ლაქები ამახინჯებს ძეგლის პირვანდელ სახეს, რომლის გასუფთავებაც პროფესიონალური რესტავრაციის გარეშე შეუძლებელია.
ვინაიდან ეს ძეგლები საქართველოს იურისდიქციის მიღმაა და იქ მუდმივი მეთვალყურეები (ან თუნდაც საინფორმაციო აბრები, რომლებიც მომსვლელებს ამას აუკრძალავდა) არ არსებობს, ერთადერთი გზა ცნობიერების ამაღლებაა - თუნდაც გიდების, საექსკურსიო ჯგუფების ორგანიზატორებისა და კულტურული პორტალების მხრიდან, რომ მკაცრად გააფრთხილონ მიმსვლელი: ტაძარში სანთლის დანთება შეიძლება მხოლოდ სპეციალურ სასანთლეში, ან კედელზე სანთელი არ უნდა აანთონ.

რაფრა ხარ? მე კაი ვარ!
- პარხალში ჩვენი მეგზური, ალთანი მიგვიძღვის. ეს ტაძარი საუკეთესოდ შემონახულია მხოლოდ იმის გამო, რომ აქ დღესაც მეჩეთი ფუნქციონირებს და შენობას ადგილობრივები უვლიან.
პარხალიდან გზას ბალხისკენ (თურქულად ბალჯილი, რაც „მეთაფლეს“ ნიშნავს) მივყვებით. წარმოუდგენელი ვიწრო გზაა, აქა-იქ ე.წ. ჯიბეებით. გზადაგზა ხან საირმის, ხან ბორჯომის და ხანაც აბასთუმნის მხარეში გგონია თავი. მოასფალტებული გზა სულ ზევით მიიწევს - თურქეთის ხელისუფლება გზებს ყველგან აგებს.
სოფელი მწვერვალებზეა გაბნეული. როდესაც დაბლიდან, მდინარის ხეობიდან უყურებ, ვერ წარმოიდგენ, რომ ზევით ამდენი ვაკე ადგილი დაგხვდება და სოფელიც ბევრად დიდია, ვიდრე გეგონა.
ერთგან ადგილობრივებმა შეგვიპატიჟეს, ჩაის მოგართმევთო. გვირჩევნია ვუცქიროთ და გვესაუბრონ. ზამთრისთვის სამკურნალო მცენარეებს ინახავდნენ და ამ ფუსფუსში ხელი კი შევუშალეთ ქალებს, მაგრამ ქალიან-ბავშვიანად ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით გვიცქერდნენ, ძლივს ავდექით და გზა განვაგრძეთ.
ასაკოვანი კაცი ნათესებში რუს კალაპოტს წმენდდა. მეფერხულე ნიზამი აღმოჩნდა. არამხოლოდ ბალხის, ქართული სოფლების კოლორიტი. საქართვლოდან ჩასული ფოლკლორისტები ნიზამის შესრულების გადაღებას უდიდეს საქმედ მიიჩნევენ. გაკვირვებულმა შეგვათვალიერა, თბილისიდან ხართ, რაფრა ხართო? - მოგვიკითხა. აქ უკვე ვისწავლეთ სწორი პასუხი. ვპასუხობთ არა - კარგად, არამედ - „მე კაი ვარ! ეს იგივეა, რაც "მე კარგად ვარ".

შაბანის სახლი ქართველებისთვის
- ერთგან, ქარაფის პირას აშენებულ, აქაურობისთვის სრულიად უცხო, ლამაზ სახლს გადავაწყდით. აქ შაბანი ცხოვრობს. ალთანი ამბობს, რომ შაბანს ხელებში ღმერთი ჰყავს - გულში ჯერ პროექტს ახატინებს, მერე საკუთარი ხელით აშენებსო.
შაბანი საუკეთესო ქართულით ლაპარაკობს. პროფესიით მშენებელია და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში მშენებლობებზე გაუტარებია. როცა დავინტერესდით, ასეთი კარგი ქართული საიდან იცოდა, თითქოს იუკადრისა: ნენაი და მამაი ქართველი მყავს და მაი რაფერ მკითხეო...“მშობლებს მისთვის ბავშვობიდანვე ჩაუგონებიათ: თუ გაგიჭირდეს, საქართველოს გზას დაადექი, მიგიღებენ და იცხოვრებო. ხოდა, ცხოვრობს შაბანიც ასე, საქართველოსა და ტაოს გზებზე.

როგორც თავად გვითხრა, ბალხში ამ ახალ სახლს სპეციალურად ქართველებისთვის აშენებს: - მოდით, იცხოვრეთ, დარჩით რამდენ ხანსაც გინდათ. მე საქართველოში სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან მაქვს დასარჩენი, რადგან ყველა ჩემი იქაური ძმაკაცი მეუბნება, ჩემი სახლი შენი სახლიც არისო. ხოდა, მაშინ აქ, ბალხში, ჩემი სახლი ყველა ქართველის უნდა იყოს! ახლა დასალაგებელია, მოსაწესრიგებელი და დიდებული იქნება, ყველაფერს რომ დავასრულებო.
შაბანს, ისევე როგორც სოფლის თავს, მუხტარს და სხვებს, არ ახსოვთ, ვისი გვარისანი არიან. მაგრამ ვისი გორისანი არიან, ეგ გულისფიცარზე აქვთ ამოტვიფრული.
„მუსლიმანობა რომ შემოვიდა, იმან თქვა - გვარი და ქართული სახელი არაო. და დაგვავიწყდა, ვინ რა გვარია. მაგრამ სისხლს ხომ ვერ ცვლის ვერაფერი? ჰოდა, ქართველები ვიყავით, ვართ და ვიქნებით!“-დამშვიდობებისას სიტყვას გვაწევს შაბანი.

„ქართველობა სიტყვის ბოლომდე მიტანაა...“
- ბალხს ვტოვებთ, თუმცაღა გული იქვე გვრჩება. ახლა ჩვენს ოქროს მეგზურს, ალთანს სურს, საკუთარ ოჯახში სტუმრად მიგვიყვანოს, სადაც მისი მშვენიერი მეუღლე სეფურა, ნათესავები და შვილები გველოდებიან. ხევაის უბანში, ფიშნარხევში ავდივართ. აქ საზაფხულოდ ბრუნდებიან ხევაელები, ნახირსა და ფარას აძოვებენ.
მწყემსის სახლში სუფრასთან ვიკრიბებით. დიასახლისს მოხარშული კარტოფილი და ადგილობრივი, სვანურის მსგავსი, უგემრიელესი ყველი მოაქვს. ალთანი ხუმრობს - როგორც შვეიცარიის მთებში როკლეტი, აქაც კარტოფილი და ყველია ჩვენი საფირმო კერძიო.
საკმარისია ალთანთან ერთი საათი გაატარო, აუცილებლად იტყვი, რომ ასეთი გულღია, წრფელი, მართალი და ლაღი ადამიანი იშვიათია. იქნებ იმიტომ, რომ ისიც, სამშობლოსგან მოწყვეტილი ქართველების დიდი ნაწილის მსგავსად, ამ შეგონებით გაიზარდა: - ქართველობა სიტყვის ბოლომდე მიტანაა, ნახევრამდე მიტანა ქართველობა არ არისო...“
- მე ასეთი ალთანი ვიყავი 20 წლის, 40 წლისაც ასეთი ვარ და რამდენი ხანიც არ უნდა ვიცხოვრო, ასეთი ვიქნები!“- ამბობს ის და ჩვენც გვჯერა მისი.
საქართველოში დაბრუნების წინ, ცხრავე მეგობარმა ერთხმად ვთქვით, რომ ჩვენი სული იქ დარჩა - მზის, ღრუბლების, არწივების და ბოლომდე სიტყვის გამტანი ქართველების მხარეში. მხარეში, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით და მომავალში ქობაისაც ვინახულებთ, რომელიც ზღვის დონიდან 2556 მეტრზე მდებარეობს და თავის წილ საიდუმლოებებს ინახავს.