„თავად უწმინდესს ჰქონია დახატული „ნატვრის ხე“
რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე და მუსიკოსი რომა რცხილაძე გვესაუბრებიან იმ პროექტზე, რომელსაც მოკრძალებით უძღვნიან საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და სულიერი ანდერძის გაცოცხლებას.
გიორგი ჭუმბურიძე, რეჟისორი: - ეს იქნება კინოჩანახატი უწმინდესზე, რომელიც რომას ცნობილი "ნატვრის ხის" ვიდეოკლიპით დასრულდება. იდეა კი უცნაურად დაიბადა. უწმინდესი რომ გარდაიცვალა, თითოეულ ჩვენგანს მძიმე და ემოციური დღეები გვქონდა. ახალი მომხდარი იყო ეს ამბავი, ღამით ვერ დავიძინე, ცრემლები თავისით მომდიოდა. ძილბურანში ამ ფიქრებში ვიყავი, თან რომა რცხილაძის "ნატვრის ხე" ჩამესმოდა, თითქოს ზმანებასავით მქონდა. გამთენიისას ცხადად "ვუყურებდი" კინოჩანახატს ამ სიმღერაზე, ეს შოკის მომგვრელი იყო. მოგვიანებით როცა რომას შევხვდი, ამ სიმღერის შექმნის საოცარი ამბავი მაშინ გავიგე.
რომა რცხილაძე, მუსიკოსი: - "ნატვრის ხე" უკვე 51 წლის არის. 1975 წელი იყო, რობერტ ბარძიმაშვილი ანსამბლ "75"-ის შემადგენლობაზე მუშაობდა. "ორერადან" ახალი წამოსული იყო და ამ სამზადისში ვიყავით. ერთ დილას სახლში მარტო ვიყავი, წინა დღეს ალკოჰოლი არ მიმიღია, მაგრამ ნაბახუსევის სინდრომი მქონდა, თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება და განტვირთვა არის შავ-თეთრი კლავიატურა. ინსტრუმენტთან დავჯექი, დამიჯერეთ, თითებმა ეს მელოდია თავად დაუკრა. ყველაზე უცნაური იცით, რა იყო? ეს მელოდია საიდანღაც მეცნობოდა. საკუთარ თავს ვკითხე, სად მომისმენია? ყველაფერი უეცრად გამახსენდა. არ ვიცი, ჩემს იმდროინდელ მდგომარეობას რა დავარქვა, ცხადში ხდებოდა თუ ხილვა მქონდა? ანფასში ვხედავდი გამხმარ ხეს, უკანა ფონზე ისეთი ხასხასა მწვანე იყო, ცხადში რომ არ მინახავს. მელოდია რომ არ დამვიწყებოდა, ჩავწერე. ნუგზარ ერგემლიძეს დავურეკე, ტექსტი რომ დაეწერა. ყველა მელოდიას თავისი რითმული მონახაზი აქვს, მარცვლების მონაცვლეობა და მელოდია რომ ჩავაწერინე, მივუთითე, უნდა დაბოლოებულიყო სიტყვებით "ნატვრის ხე". ნუგზარს რომ ველაპარაკე, 12 საათი იქნებოდა. რობერტ ბარძიმაშვილთან საღამოს 5 საათზე შევიკრიბეთ. მუსიკოსები როცა ტექსტზე ვმუშაობთ, სიტყვების მორგება, გადანაცვლება არის ხოლმე საჭირო, იწმინდება, იფილტრება. ამ შემთხვევაში, ნუგზარმა ტექსტი რომ მოიტანა, საერთოდ არაფერი გადაგვიკეთებია. დავიდე ეს ტექსტი, დავუკარი და ვიმღერე. ახლაც ჟრუანტელი მივლის, ასე დაიბადა ეს შედევრი და არ მგონია, გადამეტებული ნათქვამი იყოს. 51 წელია, ყველა შესრულებაზე, ქართველი უსმენს თუ უცხოელი, ტექსტი ესმით თუ არ ესმით, ყველაზე შთაბეჭდილების მომხდენია. ჩემი ყველა სიმღერა თუ კომპოზიცია მიყვარს. როცა ვმუშაობ, სულ ვცდილობ, ბოლომდე მართალი ვიყო, არ მოვიტყუო. ვფიქრობ, მსმენელი ამას გრძნობს.
- ვიცი, რომ "ნატვრის ხე" უწმინდესის საყვარელი სიმღერა იყო. როდესაც პირველად მოისმინა, რა გითხრათ?
- მან ეს სიმღერა გაცილებით ადრე მოისმინა, ვიდრე პატრიარქი გახდებოდა. მის აღსაყდრებამდე 2 წლით ადრე დაიწერა. ფილმი "ნატვრის ხე" 1977 წელს გამოვიდა.
უწმინდესთან სტუმრად არაერთხელ ვარ ნამყოფი. 49 წლის წინ, მისი აღსაყდრების დიდ ტრაპეზზეც ვიყავი მიწვეული. უწმინდესმა თავად მთხოვა "ნატვრის ხე" შემესრულებინა. ის ყოველთვის მოწიწებით გესაუბრებოდა. რამდენჯერაც დამიკრავს და შემისრულებია, ყოველთვის ორ სიტყვას ამბობდა: "შეუდარებელია, შესანიშნავია". სიმღერის დროს, რამდენჯერაც გავხედავდი, ყველთვის თვალდახუჭული უსმენდა. არ მახსოვს, მემღეროს, ჩემთვის ეყურებინა და ისე მოესმინა. თავს ჩახრიდა, როგორც იცოდა და უსმენდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, შეფასებისას მხოლოდ ამ ორ სიტყვას იმეორებდა. სანამ პატრიარქად აკურთხებდნენ, მისგან უდიდესი ძალა მოდიოდა, რომელსაც მე ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდი. ყველაფერთან ერთად, ის დიდი კომპოზიტორიც იყო, მის საგალობლებს მოუსმინეთ, როგორი საინტერესო მუსიკალური ენით გვესაუბრება. უბედნიერესი ვარ, რომ მან მე, როგორც მუსიკოსი, არაერთხელ მაღიარა და ეს სიმღერა ასე გამორჩეულად უყვარდა.
გიორგი ჭუმბურიძე: - ჩვენი კინოჩანახატი პატრიარქის ავთენტური ხმით სრულდება. "მიყვარხარ, საქართველო!". კადრში უწმინდესის ხელები შემოდის, შლის ნატვრის ხეზე დაკიდებულ წერილებს და ყველა წერილში სხვადასხვაგვარი კალიგრაფიით, ერთი და იგივე სიტყვები წერია: "მიყვარხარ, საქართველო!"
ამ სიმღერაზე აქამდე მსგავსი გადაღება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ სულ პოპულარულია და ბევრი მომღერალი ასრულებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელოვნური ინტელექტის და ცოცხალი გადაღების სინთეზით, შევქმნათ საინტერესო ვერსია სახელწოდებით "ნატვრის ხე" მიძღვნა: "მიყვარხარ, საქართველო!" პროექტის პროდიუსერი გიორგი მშვენიერაძეა.
ნაკლებად ცნობილი ამბავია, თავად უწმინდესს ჰქონია დახატული "ნატვრის ხე". ნახატი ამერიკის ელჩისთვის იან კელისთვის (თუ არ ვცდები) გადაუცია საჩუქრად, როდესაც საქართველოში თავის დიპლომატიური მისია დაუსრულებია. ახლა ვცდილობ, ეს ნახატი მოვიძიო და ჩავსვა ჩემს ნამუშევარში.
- საინტერესოა, როგორი იყო პატრიარქის "ნატვრის ხე", საქართველოში ასლი მაინც თუ ინახება?
- საპატრიარქოში ვისაც ვკითხე, ჯერ ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. სავარაუდოდ, არ არსებობს.
- როგორც ვიცი, საარქივო მასალებსაც იყენებთ. მათ შორის დღემდე უცნობი კადრები თუ არის?
- დიახ, რამდენიმე ასეთი კადრია. ჩვენ ამ საქმეში უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის კურთხევა გვაქვს. მადლობა "შემოქმედებით საქართველოს", კულტურის სამინისტროს, რომელიც გვეხმარება პროექტის წარმართვაში.

- თქვენ თავად თუ გქონიათ პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობა?
- დიახ, ინტერვიუც მაქვს ჩაწერილი, მაშინ სტუდენტი ვიყავი. ჩემი მეგობარი ზვიად მიქელაძე ერთ საინტერესო პროექტზე მუშაობდა და უწმინდესი მაშინ ჩავწერეთ. თითქმის 2-საათიანი შეხვედრა გვქონდა. შემდეგ ისე მოხდა, ეს მასალა აღარ გამოქვეყნებულა, ალბათ დადგება დრო და გამოაქვეყნებს.
- რამდენიმე ეპიზოდი შეგიძლიათ გაიხსენოთ?
- უწმინდესი საუბრობდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას. ასახელებდა დიდ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში დიდი ისტორიული მისი დაეკისრათ კინოში, მწერლობაში, მუსიკაში, და რომ არა ისინი, ჩვენი საზოგადოება უფრო ღარიბი იქნებოდა. 9 აპრილს იხსენებდა, რომ ეს არა რელიგიური, პოლიტიკური საკითხი იყო. მივედი, ვთხოვე, გადასულიყვნენ ტაძარში და ელოცათ, მაგრამ არ დამიჯერესო.
ამ ინტერვიუს შემდეგ, კიდევ მქონდა პატრიარქთან შეხვედრა, შვლები აჩუქეს და ძალიან გახარებული იყო. ერთხანს საპატრიარქოს არაჩვეულებრივ ბაღში ჰყავდა, ეგ გადავიღე. მისი დალოცვის მადლი, მისი სითბო არაერთხელ მიგრძვნია. ახლაც ყოველდღე ვუსმენ მის ქადაგებებს. უზომოდ თბილი იყო, უყურადღებოდა არაფერს ტოვებდა.
მოგეხსენებათ, როგორი იუმორი ჰქონდა. ერთ სასულიერო პირს მეცამეტე შვილი შეძენია. საპატრიარქოში რომ შესულა, ყველას მიულოცია, მამაო, ღმერთმა გაგიზარდოთ, გილოცავთო! შემდეგ პატრიარქთან მისულა, ელოდებოდა, დალოცავდა, მაგრამ უწმინდესს უთქვამს, მამაო, მე მეგონა, შენ ლოცულობდიო.
რომა რცხილაძე: - გავიხსენებ ამბავს, რომელიც ბევრმა ჩემმა ახლობელმაც კი არ იცის. უწმინდესი უსიტყვოდ ხვდებოდა შენ რა გჭირდებოდა, რა გაწუხებდა, რაზე დარდობდი. 2011 წელს მასთან რაღაც საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მსურდა და იმ დღეებში ეს შეხვედრა არ გამოვიდა. მალე დედა გარდამეცვალა, კლინიკიდან სახლში უნდა გადამესვენებინა, დილის 10 საათი იყო, მე და ჩემი ძმა ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავით, გადასვენების საკითხებს ვაგვარებდით. უეცრად ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა, საპატრიარქოდან მირეკავდნენ, მითხრეს, უწმინდესი გიბარებთო. იმ მომენტში ეს ჩემთვის შოკი იყო. მაშინ ანჩისხატის ტაძრის უკან ვცხოვრობდი, საპატრიარქომდე ფეხით 5-7 წუთის სავალი იყო და დედა რომ გადმოვასვენე, ფეხით წავედი. უწმინდესისთვის არაფერი მითქვამს, თავად დამასწრო, ვგრძნობ, შენ ცუდი ამბავი გაქვს, მომიყევიო, მაგრამ ეს სიტყვები ისე მითხრა, თვალებში რომ შევხედე, ვიგრძენი, იცოდა, რაც უნდა მეთქვა... მკითხა, რა ერქვაო? დედას კუკუნია ერქვა, ანდღულაძე იყო. მისი სახელი ორჯერ გაიმეორა, კუკუნია, კუკუნია, ულამაზესი სახელია... მე და მთელი საპატრიარქო მისი სულისთვის ვილოცებთო.
სახლისკენ უკან მომავალი გზად ვფიქრობდი, რამდენი საქმე მქონდა, ბევრი დეტალი იყო მოსაგვარებელი, ხომ ყველას გამოგვიცდია, ამ დროს როგორია ჩვენი საზრუნავი. მივედი შინ და დამიჯერეთ, ყველაფერი 10 წუთში, მცირე ძალისხმევით მოგვარდა, დალაგდა. როგორ არ იყო ეს პატრიარქის მადლი. ჩემი ცხოვრების ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. უწმინდესის გვერდით ყოფნას თითქოს ახლაც ვგრძნობ. ვამბობ ხოლმე, მამა ორჯერ დავკარგე, პირველად 1985 წელს, ნიკო რცხილაძე, მშობელი მამა და სულიერი მამა - ახლახან.
წლების წინ ტრაპეზზე ვკითხე, თქვენო უწმინდესობავ, კარგად არც ვიცი, როგორ უნდა მოგმართოთ-მეთქი. კურთხევა მომცა, მამა დამიძახეო. იმდენად დიდი მოწიწება მქონდა, მამას ვერ ვეძახდი. ყველა წუთი, რომელიც ამ ადამიანის გვერდით გავატარე, ჩემი სიმდიდრეა.
- თქვენი სურვილი, რომელსაც ნატვრის ხეზე შეაბამდით...
- გვიყვარდეს ერთმანეთი! სიყვარული თუ არ გვექნება, მაშინ საერთოდ არაფერი იქნებ ეს ცხოვრება, თავად უფალიც ხომ სიყვარულია, უწმინდესმაც ხომ ეს დაგვიბარა!
თამუნა კვინიკაძე