„ამ ბუმბერაზი ხალხის პატარა მეგობრად ვითვლებოდი, ეს ბედნიერება იყო“ - კვირის პალიტრა

„ამ ბუმბერაზი ხალხის პატარა მეგობრად ვითვლებოდი, ეს ბედნიერება იყო“

"ცხოვრებამ იმდენ საინტერესო ადამიანთან შემახვედრა, გამიჭირდება ერთეულების გამოყოფა, მაგრამ ვეცდები, რადგან ასეთ დავალებას მაძლევთ", - ამბობს მსახიობი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ხელმძღვანელი კოტე მჟავია.

- როგორ შეიძლება დამავიწყდეს ბაბუა, რომლის ხელშიც გავიზარდე. ჩვენი სარეცელი ძალიან ბევრი წლის მანძილზე არ გაყოფილა. 21 წლის ვიყავი, რომ აღესრულა. დღეს ჩემში რაიმე სიკეთე თუ არსებობს, ამ კაცის დამსახურებაა, მისი მოსახელე და მოგვარე ვარ... თქვენ ახლა რა კარგ მოგონებებში გადამაგდეთ... ცხოვრებისეული რჩევები, ადამიანებთან ურთიერთობა, სითბო, სიყვარული, არავითარ შემთხვევაში არავინ რომ არ უნდა დაჩაგრო... ეს და კიდევ ბევრი რამ ბაბუაჩემისგან ვისწავლე. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გენეალოგიას, წარმომავლობას. თქვენ წარმოიდგინეთ, მის უკან 8 თაობის ამბები იცოდა და მათზე მესაუბრებოდა, რომელ გვართან არ შეიძლებოდა ქორწინება, ვისთან გვაკავშირებდა ნათელმირონობა, ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისგან მივიღე ცოდნა, რომელსაც ახლა ჩემს შვილებს გადავცემ. ადამიანს სიყვარულით უნდა გეცხოვრა, მისი მთავარი წესი ეს იყო. სულ გურიაში იყო, მაგრამ სტუდენტი რომ გავხდი, თბილისში წამომყვა. ალბათ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ ჩემი დატოვება უფრო გაუჭირდა, ვიდრე სოფლის. ბავშვობაში დილით 10-11 საათამდე თუ ჩამეძინებოდა, თავად ამ დროს უკვე შრომით დაღლილი, სახლში რომ შემოვიდოდა, ამბობდა ხოლმე, დაღამდა უკვე, დაღამდაო და ეს მიკვირდა. მისი დილა 6 საათზე იწყებოდა, სულ ფუსფუსებდა.

სკოლა რომ დავამთავრე, ოჯახის გავლენით სამედიცინოზე ჩავაბარე, 3 წელი ვსწავლობდი. მაშინ ოჯახის არჩევანი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. ახლა მსგავსი რამ იშვიათად თუ შეგხვდებათ, გადაწყვეტილება ბავშვმა უნდა მიიღოს, მაგრამ მე ჩემი ოჯახის არჩევანს დავთანხმდი. 3 წლის შემდეგ მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო, სხვა რაღაც მიტაცებდა, მერე იურიდიულზე ჩამაბარებინეს, სწავლა დავიწყე, 3 კურსი იქაც დავხურე. პარალელურად სამსახიობო და ტელესარეჟისოროზე ჩავაბარე, ისე რომ სახლში არ იცოდნენ. როგორც იქნა ვიპოვე ჩემი ადგილი, დღეს ძალიან მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვემსახურები.

არასდროს დამავიწყდება, როგორი იყო ჩემი ბავშვობის სოფელი, ბევრი ბრძენი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ მოხუცები არიან დარჩენილი, მაშინ კი სოფელი, ყველა ოჯახი ხალხით სავსე იყო. ზოგს შეიძლება 2 კლასის განათლებაც არ ჰქონდა, მაგრამ ასეთი ზრდილობის და კულტურის მქონე საზოგადოება, მთელი ცხოვრება თეატრში ვარ და იშვიათად თუ შემხვედრია. ჩემი ბაბუის და შემდგომ თაობასაც საოცარი პეწი ჰქონდა. სოფელში ფეხბურთის დიდი სტადიონი გვქონდა, ბავშვებს ერთმა კარგმა კაცმა გაგვიკეთა. იცით, რამდენი ვიყავით? 22 ხომ ვთამაშობდით და მეორე პარტია გველოდებოდა, როდის დავამთავრებდით, მოედანზე რომ შესულიყვნენ. დაახლოებით 20 წელია, იმ მოედანზე გაგორებული ბურთი აღარ მინახავს...

მუხრან მაჭავარიანი

muxrani-1784458326.jpg

- ბატონი მუხრანი რამდენად დიდი კაცი იყო, მარტივ მაგალითს გავიხსენებ. წარმოიდგინეთ 25 წლის ბიჭი და მისი ასაკის კაცი, უკვე მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, ფეხზე ავდგებოდი თუ არა, თავადაც წამოდგებოდა. როგორც პატარა ბავშვი, ისე მისმენდა. მასთან ერთად სუფრაზე ყოფნა სამაგალითოდ შეიძლება გამოდგეს, როგორი უნდა იყოს ქართული სუფრა და მოლხენა. ზოგიერთს ნაყროვანებაში რომ ეშლება. ეს საღამო დიდი ზეიმი იყო.

ვერ გავბედე, ბატონი მუხრანის ლექსი წამეკითხა, ასეთი ავტორის თანდასწრებით. ერთი ლექსი თავად წაიკითხა, მერე თქვა, მე ხანდახან ჩემი ლექსების წაკითხვა მრცხვენიაო. იმ სუფრაზე ბევრი ხელოვანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო თენგიზ არჩვაძე, მასთანაც ვმეგობრობდი. 3 აგვისტოს იყო თენგიზის დაბადების დღე, ქაფიანიძე დაგვიანებით მოვიდა, თენგიზი გაუბრაზდა, ახალა არ მიგიღებ, არ შემოგიშვებო! არ მიმიღებ და სადმე წასვლა გამიჭირდებაო? - არ ჩამორჩა ქაფიანიძე. რესტორნის ეზოში არაერთი სუფრა იყო გაშლილი, აივნიდან გადასძახა, მიმიღებთ რომელიმე?! მობრძანდით, მობრძანდით! - ყველა ფეხზე წამოდგა და თავის სუფრასთან ასე მიიპატიჟეს.

ამ ბუმბერაზი ხალხის პატარა მეგობრად ვითვლებოდი, ეს ბედნიერება იყო.

ზურა ქაფიანიძე

kapianize-1784458326.jpg

- როგორ შეიძლება ზურაბ ქაფიანიძე დამავიწყდეს! ჩვენი შეხვედრა და დაახლოება სრულიად შემთხვევით მოხდა. მაშინ ახმეტელის თეატრში ვიყავი, ბატონი ზურა გია ჯაფარიძესთან მეგობრობდა, ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ეს ბუმბერაზი კაცი სამაგალითო იყო, დღეს ეგეთი ქართველები ძალიან ცოტანი არიან. თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. არასდროს არაფერი გაგვიჭირდებოდა, ჩვენი ქვეყანა ყველას ზურაბ ქაფიანიძის მსგავსად რომ გვიყვარდეს. მალე დავმეგობრდით, შვილობილს მეძახდა, ერთად ბევრ დროს ვატარებდით: სულ სუფრა, ხელოვნებაზე საუბრები, თეატრი... 25 წლის ვიყავი, თავის დაბადების დღეზე მითხრა, თამადად დადექიო, იმ დღეს 71 წლის გახდა. დიდი პასუხისმგებლობა იყო, საოცარი სუფრა გამოვიდა, ჩემი მოადგილე მუხრან მაჭავარიანი იყო. ქეიფი რომ დავიწყეთ, დაახლოებით საათ-ნახევარი მუხლის კანკალი ვერ გავიჩერე, ისე განვიცდიდი. მერე ღვინომ თავისი ქნა, ვივარგე, საინტერესო საღამო გამოგვივიდა.

lado-mekvabishvili-1784458326.jpg

ლადო მექვაბიშვილი

- კიდევ ერთი გამორჩეული უფროსი მეგობარი მყავდა, ლადო მექვაბიშვილი, მსახიობი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ არის მისი ვარსკვლავი გახსნილი. სერიალში "შუა ქალაქი" ძალიან პოპულარული იუზას როლს ასრულებდა.

ამ ადამიანს საოცარი უნარი ჰქონდა, რომ იგრძნობდა, ვინმე ახალგაზრდას დახმარება სჭირდებოდა, დედამიწას შეძრავდა და უპატრონოდ არ დატოვებდა. ჩემზეც დიდი ამაგი აქვს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მან წამიყვანა. წონიანი არტისტი იყო, ყველა პატივს სცემდა, გვერდით რომ დაგიყენებდა და ორ სიტყვას შეგაწევდა, მის ნათქვამს დიდი ფასი ჰქონდა. თავის დროზე ამ ადამიანის ხელის შეშველებამ ჩემს კარიერაში უზარმაზარი სიკეთე მოიტანა. ლიტერატურული თეატრი რომ დავაარსე, ეს საქმე ბატონ ლადოსთან ერთად გავაკეთე, ჩვენს გვერდით იდგა თემურ ნაცვლიშვილი. მაშინ ასაკით ძალიან პატარა ვიყავი, იშვიათ შემთხვევაში ხდება 60-65 წლის უკვე წარმატებულმა ადამიანებმა დაგიჯერონ. სულ ვცდილობ, მათგან ავიღო მაგალითი, როგორც შემეძლება, ადამიანებს მეც წავეშველო.

ლადოს საოცარი იუმორი ჰქონდა, ბევრი ისეთი ამბავი მახსენდება, რომელიც ინტერვიუში არ ითქმება. მას ქალბატონებში ძალიან უმართლებდა. ტანდაბალი კაცი იყო, არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა. მაშინ ფოტოების გადაღება ასე მარტივი, როგორც დღესაა, არ იყო. შეყვარებულის დასანიშნად რომ მივიდა, სასიმამრო არ იცნობდა, ნანახი არ ჰყავდა. თამარ ერქომაიშვილი ანგელოზივით ქალი იყო, ძალიან ლამაზი. წარმოიდგინეთ, სასიმამრო დგას აივანზე, მომავალ სიძეს ელოდება, ეზოში შევიდნენ ჯემალ ჭკუასელი, კაკო მდინარაძე... სულ წარმოსადეგი ბიჭები. ეს ჩვენი ლადო თავად ჰყვებოდა, მე წინ მოვტანტალებდი, ჩემი სასიმამრო, კაცის სიმაღლეზე იყურებოდა და კითხულობდა, ჩემი სასიძო რომელია, ესო? - არა, ეგ არააო. - აბა, ეს არისო? - არც ეგ არისო. მერე ჩემზე ჩამოსწია ხელი, აბა, ეს ხო არ არისო? და რომ უთხრეს, ეგააო, ცუდად გახდა და 40 დღეში გარდაიცვალა, ჩემს დანახვაზე გული გაუსკდაო.

ლადო იყო საქართველოში პირველი მსახიობი, რომელმაც ზურიკელას როლი ოზურგეთის თეატრში ითამაშა. ერთხელ ლანჩხუთში გასვლითი სპექტაკლი დაუნიშნეს. ლადო დირექტორთან მისულა, ქორწილის მეორე დღეს გასტროლზე წაყვანას მიპირებთო? დირექტორს უთქვამს, შენს ცხოვრებაზე თეატრი რეპერტუარს ხომ ვერ ააწყობს, ითამაშებ და საღამოს სახლში იქნებიო. თურმე ითამაშა, შესრულდა ღამის 10 საათი და ლადო სახლში ვერ მიდის, უთხრეს, მანქანა გაფუჭდა და ჯერ უკან ვერ ვბრუნდებითო. მაშინ სახლში დამარეკინეთო. რა გინდა ასეთი, რა საქმე გაქვსო? ბიჭო, ვიღაც დაწვეს იმ ქალთან, არ გაიქცეს, ძლივს წამოვიყვანეო.

ამ ყველაფერთან ერთად დიდი გული ჰქონდა ამ კაცს, 40 მსახიობი მაინც ჰყავს გზაზე დაყენებული. ამის აფიშირებას თავად არასდროს აკეთებდა. ვარსკვლავის გახსნა რომ უთხრეს, ჩემთან მოვიდა, კოტე, ასეთი ამბავია ჩემს თავს და როგორ მოვიქცე, რა ვარსკვლავი, სირცხვილიაო.

ამ ინტერვიუმ საინტერესო მოგონებებში გადამაგდო. პირველი დამრიგებლიდან დაწყებული, ყველა ადამიანი მახსოვს. მე რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, სიცოცხლე მაჩუქეს (პირდაპირი მნიშვნელობით), მთელი სამეგობრო ფეხზე იდგა, ეს მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ იყო და სანამ ცოცხალი ვარ, შეუძლებელია რომელიმე მათგანი დამავიწყდეს.

თამუნა კვინიკაძე