"ომში მორალი არ არსებობს! მე მქონდა დავალება და შევასრულე!“
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 8:15 საათზე, მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა, როდესაც აშშ-ის საჰაერო ძალების 29 წლის პოლკოვნიკმა, პოლ უორფილდ ტიბეტს უმცროსმა, B-29 ტიპის ბომბდამშენიდან იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას თავზე პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდო - კაცობრიობა ახალ, ბირთვულ ეპოქაში შევიდა...
29 წლის პერფექციონისტი პილოტი
პოლ ტიბეტსი (1915 - 2007) ილინოისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ვაჟის ექიმობაზე ოცნებობდა, ახალგაზრდას თვითმფრინავების მართვა უფრო იზიდავდა. 1937 წელს სამხედრო კარიერის დაწყებიდან მალევე, მან ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პილოტის რეპუტაცია მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი მონაწილეობდა ევროპის ყველაზე სახიფათო მისიებში. მას ანდობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო პირების გადაყვანას, როგორებიც იყვნენ გენერლები: მარკ კლარკი და დუაიტ ეიზენჰაუერი.
მანჰეტენის პროექტი და 509-ე ჯგუფი
1944 წელს მანჰეტენის პროექტის ხელმძღვანელებმა, გენერალმა ლესლი გროვსმა და დოქტორ რობერტ ოპენჰაიმერმა, ისტორიის ყველაზე გასაიდუმლოებული მისიისთვის სწორედ ტიბეტსი აირჩიეს - მას 509-ე ჯგუფის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა დაევალა. ტიბეტსმა აიღო პასუხისმგებლობა ბომბდამშენ B-29 Superfortress-ის მოდიფიცირებაზე, რათა თვითმფრინავს ატომური აფეთქების შოკური ტალღისთვის გაეძლო. სამხედრო მეთაურის პერფექციონიზმი და მთელი კამპანიის მკაცრი გასაიდუმლოება იყო ის ფაქტორები, რამაც მისია წარმატებით დააგვირგვინა.
6 აგვისტო: "ენოლა გეი"
თვითმფრინავს, რომლითაც ჰიროსიმას მისია შეასრულა, ტიბეტსმა დედის პატივსაცემად "ენოლა გეი" დაარქვა. ბომბმა, რომელსაც "პატარა ბიჭი" უწოდეს, მყისიერად გაანადგურა ქალაქის ცენტრი. მოგვიანებით ტიბეტსი იხსენებდა: "აფეთქებისას დანახული სოკოს ფორმის ღრუბელი და ნანგრევები ჩემს ყოველგვარ წარმოდგენას სცდებოდა". მიუხედავად ადამიანთა ტრაგედიისა, მისთვის ეს იყო "სამხედრო მისია, რომელიც მაქსიმალური შესაძლებლობებით და სიზუსტით უნდა შესრულებულიყო".

მორალური დილემა და კრიტიკა
ომის შემდეგ ტიბეტსი მუდმივად იყო საჯარო კრიტიკის ობიექტი, თუმცა მას არასდროს გამოუხატავს სინანული საკუთარი ქმედებების გამო. გენერალს მტკიცედ სწამდა, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურმა დაბომბვამ იაპონიის კაპიტულაცია დააჩქარა და მსოფლიოს აარიდა მილიონობით ადამიანის მოსალოდნელი მსხვერპლი. 2002 წლის ინტერვიუში მან განაცხადა: "ომში მორალი არ არსებობს! მე მქონდა დავალება და შევასრულე!"
ცხოვრების მიწურული და მემკვიდრეობა
ტიბეტსი 2007 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გენერალმა სიცოცხლის ბოლო წლები მოკრძალებულად გაატარა. მისი სურვილი იყო, მის დაკრძალვაზე არ გამართულიყო არანაირი სამგლოვიარო პროცესია და არ დაედგათ საფლავის ქვა, რათა უნებურად, მისი საფლავი ანტიბირთვული აქტივისტების შეკრების ადგილად არ ქცეულიყო. მისი ფერფლი ინგლისის არხის თავზე მიმოფანტეს - იმ ტერიტორიაზე, სადაც მან თავისი სამხედრო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა. მისი გზა და ოჯახური სამხედრო ტრადიცია გააგრძელა მისმა შვილიშვილმა, პოლ ტიბეტს IV-მ, რომელიც ასევე გენერალი გახდა. ის აშშ-ის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს ხელმძღვანელობდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტიბეტსების ოჯახის გავლენას ამერიკულ სამხედრო ისტორიაზე.
ტიბეტსის სამხედრო კამპანია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო თემად რჩება. ის იყო ადამიანი, რომელმაც იკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა ისეთი ბრძანების შესრულებაზე, რომელმაც გაანადგურა ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე და სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო. მისი ისტორია არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაციის აღწერა - ეს არის მძიმე დილემა, სადაც მეცნიერული პროგრესი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ომის საშინელება ერთმანეთს გადაეკვეთა.
"სამხედრო პირი კარიერას იწყებს თავისი ქვეყნის მსახურებისა და ამ ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნების იდეით. ვფიქრობ, ზუსტად ეს გავაკეთე... ბომბის ჩამოგდების მორალურობა ჩემი საქმე არ იყო. მე დავალებული მქონდა სამხედრო მისიის შესრულება - ბომბის ჩამოგდება. მან მაშინ მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა", - პოლ ტიბეტსი.
კლოდ ეთერლის ტრაგედია როლი, რომელიც ბედისწერად იქცა
1945 წლის 6 აგვისტოს, როდესაც ატომური ბომბი "პატარა ბიჭი" ჰიროსიმას დაეცა, კლოდ ეთერლი - მეტეოროლოგიური თვითმფრინავის, "სტრეიტ ფლეშის" მეთაური - ცაში იმყოფებოდა. სწორედ მისმა რადიოშეტყობინებამ აცნობა პოლ ტიბეტსს, რომ ცა მოწმენდილი იყო და დაბომბვა შეიძლებოდა. ამით მან იმ დღეს ბომბის ჩამოგდებას "მწვანე შუქი" აუნთო. ეთერლი მაშინ 26 წლის ენერგიული ტეხასელი ახალგაზრდა იყო, რომელიც ამინდის მზვერავ თვითმფრინავს მართავდა და დავალებული ჰქონდა ჰიროსიმას თავზე სამიზნის ხილვადობის შეფასება. მაშინ ეთერლიმ არ იცოდა, რომ ეს დღე მის ცხოვრებას ორად გაყოფდა...
"გმირი", რომელიც საკუთარმა სინდისმა გატეხა
პოლ ტიბეტსისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ არჩევანს სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ იცავდა, კლოდ ეთერლისთვის ჰიროსიმა არასდროს დასრულებულა. მისთვის იაპონური ქალაქის დაბომბვა იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. 90 სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც ატომური დაბომბვის მისიებში მონაწილეობდნენ, მხოლოდ ერთმა, მაიორმა კლოდ ეთერლიმ, განაცხადა საჯაროდ, რომ სინანულს განიცდიდა ჩადენილის გამო. ის წერილებს სწერდა გადარჩენილებს და საკუთარი საქციელის გამო ბოდიშს უხდიდა... ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხი ადამიანიდან, ვისაც 1962 წელს, ნიუ-იორკში გამართულ მშვიდობის დიდ დემონსტრაციაზე, "მსოფლიო მშვიდობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" "ჰიროსიმას ჯილდო" გადაეცა.
ფსიქიატრიული საავადმყოფო
ეთერლის ცხოვრებაში დაიწყო ქაოსური პერიოდი - ის სჩადიოდა ალოგიკურ სერიულ ქურდობებს მარკეტებში, აყალბებდა ჩეკებს, თითქოს სურდა ციხეში მოხვედრილიყო და საზოგადოებას დაესაჯა. ამას დაემატა დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, რამაც ეთერლი საბოლოოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიიყვანა, თანაც არაერთხელ. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მისმა ფსიქიატრმა საკუთარ ჩვენებაში თქვა, რომ მის პაციენტს ტანჯავდა დანაშაულის კომპლექსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჰიროსიმას დაბომბვაში მის მონაწილეობას უკავშირდებოდა.
ტეხასის ვეტერანთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ის წლების განმავლობაში მკურნალობდა. კრიტიკოსების ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ ეთერლის "გიჟად" გამოცხადება იყო ყველაზე ეფექტური მეთოდი მისი ანტიბირთვული განცხადებების გასანეიტრალებლად, ხოლო ანალიტიკოსების მეორე ნაწილი მას საკუთარ ტყუილებში გახლართულ, ვერშემდგარ და ხელმოცარულ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუმკლავდა და არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებოდა.
"ის ამბობდა, რომ ტვინი ცეცხლში ჰქონდა", - იხსენებდა მისი ძმა, ჯეიმს ეთერლი, - "ამბობდა, რომ გრძნობდა, როგორ იწვოდნენ ბავშვები. მას არასდროს დავიწყებია ის ათასობით ადამიანი, რომელიც ცეცხლის ალში დაიწვა".
თავად ეთერლიმ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტს უთხრა: "15 წლის განმავლობაში ყოველ ღამე ვხედავ სიზმარში: დიდ, ადუღებულ, ალისფერ ცეცხლს, რომელიც გარს მერტყმის. შენობები ინგრევა, გარბიან ბავშვები - ცოცხალი ჩირაღდნები, რომელთა ტანსაცმელი ალში ეხვევა. "რატომ გააკეთე ეს?"” - მეძახიან ისინი. მე ვიღვიძებ შიშისგან პარალიზებული, ვყვირი და ოფლი მასხამს, რადგან პასუხი არ მაქვს"...
მაიორ ეთერლის მონაწილეობა არ მიუღია ნაგასაკის ატომურ დაბომბვაში, რომელიც ჰიროსიმას რეიდიდან რამდენიმე დღეში მოხდა და იაპონიის კაპიტულაცია გამოიწვია. თუმცა, როგორც საერთაშორისო მედიაში აღნიშნავენ, ომის შემდეგ ის მონაწილეობდა წყნარ ოკეანეზე ჩატარებულ ატომურ ცდებში და ერთხელ თავისი თვითმფრინავით ბირთვულ ღრუბელშიც კი შეფრინდა.
ადრეული წლები: ტეხასელი მეოცნებე
კლოდ ეთერლი 1918 წელს ტეხასის პატარა ქალაქ ვან ალსტაინში დაიბადა. მისი ბავშვობა არაფრით გამოირჩეოდა: იყო ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი, რომელიც ფრენაზე ოცნებობდა. 1941 წელს, როდესაც აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ეთერლიმ სამხედრო-საჰაერო ძალებს მალევე მიაშურა. ის იყო ნიჭიერი პილოტი, სწრაფი, თავდაჯერებული და, როგორც ამბობდნენ, "პოკერის მოთამაშე", რამაც მოგვიანებით მისი თვითმფრინავის სახელი –- "სტრეიტ ფლეში" - განსაზღვრა.
ფილოსოფოსთან მეგობრობა
1959 წელს კლოდ ეთერლის ცხოვრებაში ავსტრიელი ფილოსოფოსი გიუნტერ ანდერსი გამოჩნდა. ანდერსი ეძებდა სიმბოლოს, რომელიც კაცობრიობას ბირთვული საფრთხის მორალურ მხარეს დაანახებდა. მან ეთერლიში არა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, არამედ "მორალური გმირი" აღმოაჩინა.
მიმოწერამ, რომელიც წიგნად - "ცეცხლმოკიდებული სინდისი" - გამოქვეყნდა, ეთერლი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. საბჭოთა პროპაგანდა მას ამერიკული პოლიტიკის გასაკრიტიკებლად იყენებდა, ხოლო პაციფისტები მასზე პირდაპირ "ლოცულობდნენ". ეთერლი კი მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ რეალურ თუ წარმოსახვით სინანულში უფრო და უფრო იძირებოდა.
ოჯახური ტრაგედია
ეთერლის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი მისი მეუღლის, ჯერალდინის ისტორიაა. სანამ კლოდი საჯაროდ ქადაგებდა პაციფიზმსა და მონანიებაზე, სახლში ის იყო ადამიანი, რომელიც ოჯახს ემოციურად ანგრევდა. ჯერალდინს მოუწია ეცხოვრა კაცთან, რომელიც საკუთარი ცხოვრების ტყვე იყო. სტატიები, რომლებიც ყოფილი პილოტის სინდისზე იწერებოდა, ჯერალდინისთვის მწარე ირონია იყო. ყოველ ჯერზე ის საკუთარ თავს უსვამდა რიტორიკულ კითხვას: რა სინდისზეა ლაპარაკი, როცა კაცი საკუთარი შვილების მიმართ ელემენტარულ მოვალეობებსაც ვერ ასრულებს?!
დასასრული
ეთერლიმ საჰაერო ძალები 1947 წელს დატოვა. ცხოვრების უკანასკნელი წლები ჰიუსტონში, ვეტერანთა ჰოსპიტალში გაატარა - ხორხის კიბოსთან ბრძოლაში. როგორც თანამედროვეები ამბობდნენ, 1978 წელს მისი გარდაცვალება ერთი დატანჯული ადამიანის გათავისუფლება უფრო იყო, რომელმაც მთელი მსოფლიოს სინდისი საკუთარ თავზე აიღო...
შორენა ბიწაძე