ბინის ჩუქება სჯობს თუ ანდერძით გადაცემა? - კვირის პალიტრა

ბინის ჩუქება სჯობს თუ ანდერძით გადაცემა?

თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

ჩემს სახელზეა მანქანა, რომელიც დიდი ხანია გავყიდე. თუმცა ახალმა მფლობელმა არ გადაიფორმა, ეშინოდა სოციალურის მოხსნის. მერე მომივიდა ჯარიმები ტელეფონში, დავურეკე და ვუთხარი, რომ გადაეხადა. რამდენიმე ხანში გადავამოწმე და ჯარიმა არ იძებნებოდა ჩემს პირად ნომერზე. ახლა ვიგებ, რომ გადაცემულია აღსრულებისთვის, როგორ შემიძლია ამ ჯარიმის ანულირება, რა შეიძლება გავაკეთო?

- თქვენ მიერ აღწერილი გარემოებების მიხედვით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომობილი ფაქტობრივად გაყიდული გქონდათ, ავტომატურად არ გათავისუფლებთ რეგისტრირებულ მესაკუთრეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, თუ სატრანსპორტო საშუალება კვლავ თქვენს სახელზე იყო რეგისტრირებული ჯარიმის გამოწერის დროს. ამდენად, ვერაფერს გააწყობთ, მოგიწევთ ჯარიმებისა და მასზე დარიცხული საურავების გადახდა, ხოლო იმისათვის, რომ კვლავ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, ახალ მესაკუთრეს მოსთხოვეთ მანქანა დაირეგისტრიროს საკუთარ სახელზე.

მყავს უცხოელი მდგმურები, ითხოვენ მესაკუთრის ხელმოწერას იუსტიციაში, ვიზის მისაღებად და უნდა მოხდეს მათი ჩაწერა ბინაში, ხომ არ შემექმნება რაიმე პრობლემა ამის გაკეთების შემდეგ?

- თუ თქვენ, როგორც ბინის მესაკუთრე, თანხმობას აძლევთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს თქვენი მისამართის გამოყენებაზე ბინადრობის ნებართვის ან სხვა საიმიგრაციო პროცედურის ფარგლებში, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ იგი მიიღებს საკუთრების უფლებას ან რაიმე ნივთობრივ უფლებას თქვენს ბინაზე.

თუ უცხოელი რეალურად ცხოვრობს თქვენს ბინაში და გაქვთ ქირავნობის ხელშეკრულება, მისამართის დადასტურება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და, როგორც წესი, პრობლემას არ ქმნის, ეს მათ სჭირდებათ მისამართზე ოფიციალური რეგისტრაციისათვის.

მისამართზე რეგისტრაცია (ე.წ. „ჩაწერა) არ ანიჭებს პირს საკუთრების უფლებას და არ ზღუდავს თქვენს უფლებას მომავალში გაყიდოთ, გააჩუქოთ ან სხვა ფორმით განკარგოთ ქონება. თუ ქირავნობის ურთიერთობა დასრულდება, მიზანშეწონილია უზრუნველყოთ, რომ უცხოელმა შესაბამის ორგანოებში შეცვალოს ან გააუქმოს აღნიშნული მისამართი, პრობლემას შეიძლება წააწყდეთ ზუსტად მაშინ, როდესაც მდგმურები დატოვებენ თქვენს ბინას, ასეთ შემთხვევაში ავტომატურად არ უქმდება რეგისტრაცია და მოგიწევთ მოწმეების მიყვანა რეესტრში, რათა დადასტურდეს, რომ ისინი ნამდვილად არ ცხოვრობენ თქვენს მისამართზე, ასევე გაითვალისწინეთ, რომ მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლოა გაგეზარდოთ წყლის და დასუფთავების ყოველთვიური გადასახადები.

მაქვს ხანდაზმული სესხი, რომელსაც დიდი ხანია არ ვიხდი. ვინც თავდებში მედგა, ის მირეკავს, ამბობს, რომ ფინ-ბიუროდან ურეკავენ და ქონების დაყადაღებით ემუქრებიან. აქვს თუ არა უფლება ფინ-ბიუროს თავდების ანგარიშები დააყადაღოს?

- თუ პირმა სესხზე თავდებობა იკისრა, იგი გარკვეულ შემთხვევებში კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელია იმავე ვალდებულების შესრულებაზე, რაზეც ძირითადი მსესხებელი. შესაბამისად, თუ სესხი არ იფარება, კრედიტორს ან მის უფლებამონაცვლეს (მაგალითად, მოთხოვნის შემძენ კომპანიას) შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს როგორც მსესხებელს, ისე თავდებს. თუმცა, ფინ-ბიუროს არა აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით დააყადაღოს ვინმეს საბანკო ანგარიშები ან სხვა ქონება. ანგარიშების ან ქონების დაყადაღება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პროცედურების საფუძველზე, როგორც წესი, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არსებული სააღსრულებო ფურცლით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. ამიტომ, თუ თავდებს უბრალოდ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ქონებას ან ანგარიშებს დაუყადაღებენ, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ დაყადაღება უკვე შესაძლებელია. ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტი და აღსრულების პროცესი. ასევე მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის საკითხი. თუ სესხი მართლაც ძველია, ანუ გასულია მისი ბოლო გადახდიდან 3 წელზე მეტი, შესაძლოა მოთხოვნა იყოს ხანდაზმული. თუმცა ხანდაზმულობა ავტომატურად არ მოქმედებს, ამისათვის უნდა მიმართოთ სასამართლოს მოვალემ და თავდებმა.

- ჩემი ვაჟი და მისი მეუღლე ოფიციალურად დაშორდნენ. მყავს 8 წლის შვილიშვილი, რომელსაც მინდა ვაჩუქო ბინა. რას მირჩევთ, ჩუქება სჯობს თუ ანდერძით გადაცემა, რომ ბინაზე არ ჰყავდეს შემცილებელი.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია, იყოს უძრავი ქონების მესაკუთრე. თქვენს შემთხვევაში, ჩუქება უფრო საიმედო საშუალებაა, რადგან ის გულისხმობს საკუთრების უფლების დაუყოვნებლივ გადასვლას შვილიშვილზე.

ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ „უზუფრუქტი” ან სხვა შეზღუდვები, რათა თავად დარჩეთ ბინის მფლობელად და სარგებლობდეთ იმით სიცოცხლის ბოლომდე. რაც შეეხება ანდერძს, იგი ძალაში შედის მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ და ის შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს ნებისმიერ დროს, ანდერძით მემკვიდრეობის დროს თქვენს შვილიშვილს შეიძლება სავალდებულო წილით შეეცილოს თქვენი შვილი, ან სხვა პირველი რიგის მემკვიდრე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნის ქონების გასხვისება ვერ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მის სრულწლოვანებამდე, რაც გარკვეულწილად ბავშვის ქონების დაცვის მექანიზმია. ამდენად, გირჩევთ, რომ ჩუქებით გადასცეთ შვილიშვილს ბინა.