„ჩემი ფიქრი  ის არის, რომ მეც შევძლო რაიმე ჩემი ქვეყნისთვის“ - კვირის პალიტრა

„ჩემი ფიქრი  ის არის, რომ მეც შევძლო რაიმე ჩემი ქვეყნისთვის“

"არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში", - ვინ იცის რამდენს გაახსენდება გალაკტიონის ეს სიტყვები, როდესაც უსმენს, როგორ მღერიან ჩვენი გოგო-ბიჭები. არ გამოვრიცხავ, ბევრმა ისიც იფიქროს, რა გვემღერება, რა საჭიროა ამაზე ამხელა ყურადღება, როდესაც შინ და გარეთ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვსო. თუმცა პასუხიც აქვეა: ასეთმა ფიქრმა სწრაფად უნდა ჩაიაროს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ისტორიაში ყველაზე მეტად და ბევრს ძნელბედობისას ვმღეროდით - როდესაც გვილხინდა, ხომ ისედაც გვემღერებოდა, როდესაც ვშრომობდით, მაშინაც გვემღერებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვმღეროდით, როდესაც გვიჭირდა, რადგან სიმღერა გვაძლიერებდა, ფეხზე დადგომის ძალას გვაძლევდა. აი, ასე ვფიქრობ, როდესაც მშობლიური კარგი ქართული სიმღერა მესმის. და როდესაც იგივე, ოღონდ სხვა სიტყვებით მითხრა პროექტ "საქართველოს ხმის" გამარჯვებულმა 19 წლის დათუნა მესტვირიშვილმა, ამაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი: მანამდე, სანამ ჩვენს სიმღერას შეუძლია გაგვაძლიეროს და ფეხზე დადგომაში შეგვეშველოს, ჩვენც ვიქნებით და ჩვენი სიმღერებიც; მანამდე შევუნარჩუნებთ ერთმანეთს იდენტობას უთვალავ ქარტეხილებში, რაშიც ცხოვრება მოგვიხდა და ისევ მოგვიხდება. მშვენიერია, რომ ეს ამბავი დათუნა მესტვირიშვილის თაობამაც იცის: მხოლოდ ყურით არა, სისხლითაც ესმის. რაც მთავარია, თავდადებით შრომობს ქართული სიმღერის განვითარებისათვის. თუმცა მგონია, რომ დათუნას ისტორია მაინც გამორჩეულია: როგორც მიამბო, 19 წლის ასაკიდან 13 წელიწადი ყოველდღე დღეში თითქმის 2 საათი მუშაობდა და მუშაობს: ფორტეპიანოზეც და ვოკალშიც. ამდენად "საქართველოს ხმაში" მისი გამარჯვება საკვირველი სულაც არ არის, თუმცა ჩვენ ამ თემაზე სიამოვნებით ვისაუბრეთ:

- მოდი, დავიწყოთ შენი ამ კონკურსში გამარჯვებით: იყვნენ ძლიერი მომღერლები, მაგრამ მაყურებელმა შენ აგირჩია და პრიზად ბინა მიიღე. რას იტყვი, ელოდი?

- არ ველოდი და დიდხანს ვერც ვიჯერებდი. ხანდახან ახლაც მეპარება ეჭვი, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული მე ვარ.

დრო არასოდეს დამნანებია სიმღერისთვის, თუნდაც ფორტეპიანოზე შრომისთვის. წლების განმავლობაში, ბავშვობიდან ყოველდღე, დღეში თითქმის 2 საათი ვმუშაობდი შრომას არ გავურბოდი. პირიქით, მიყვარდა და მიყვარს შრომა.

- ასეთმა შრომამ შედეგი მოიტანა, რაც სასიხარულოა. რადგან ხშირად მსმენია, რომ ჩვენი გარემოს ძირითადი თვისება დაუმსახურებელი გამარჯვებაა: დაუმსახურებელი ხელფასი, დაუმსახურებელი სამსახური, დაუმსახურებელი პრიზი და ა.შ., შენ კი იშრომე და დიდ წარმატებას მიაღწიე. წამომიდგენია, როგორ უხარია შენს ოჯახს, რომელიც ამდენს ცდილობდა შენთვის.

- ძალიან უხარიათ, იმიტომ, რომ თავადაც მუსიკოსები არიან, დედაც, მამაც ბაბუაც…- ყველანი. ასე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ჩემი ბედი სიმღერასთან არც ყოფილიყო დაკავშირებული, რაც ძალიან ცუდი იქნებოდა. სად უნდა წასულიყო ეს ენერგია, მე ხომ არასოდეს მღლიდა სიმღერისათვის გაწეული შრომა.

- არადა, მსგავსზე ბევრს პროტესტი აქვს.

- მე კი აი, რა დონეზე: როდესაც რაიმე მტკივა, ან პრობლემა მაქვს, მაშინ უფრო მეტად ვუკრავ, უფრო მეტად ვმღერი და ვგრძნობ, სიმღერა როგორ მაძლევს ძალას, როგორ აქრობს ტკივილს. რაც მთავარია, სიმღერა ჩემს მეგობრებსაც უყვართ. ვგულისხმობ მათ, ვინც მისმენდა და მუდამ სტიმულს მაძლევდა, რომ მემღერა. შესაძლოა დიდი ხელოვანი არ იყო, მაგრამ სულში გქონდეს მუსიკა, სიმღერა და ის გაძლევდეს ძალას, რომ სირთულეები გადალახო.

- დაე სულ გემღერებოდეს. არც ისე ბევრი წლის წინ შენს თაობას ქართულზე მეტად უცხოური სიმღერები მოსწონდა, რომლებიც მშვენიერია, თუმცა მშობლიურს ვერ ჩაანაცვლებს.

- იმიტომ, რომ მშობლიურის ჩანაცვლება შეუძლებელია. თუმცა უცხოურადაც ვმღერი. ნაკლები ძალისხმევა არც კარგ უცხოურ სიმღერას სჭირდება. თუ ისე, იმ ტონალობაში ვერ იმღერე, როგორადაც ამ სიმღერის სამშობლოში მღერიან, ჩათვალეთ, რომ უცხოური სიტყვებით ქართულად მღერი.

- დავუბრუნდეთ პროექტ "საქართველოს ხმას". საკმაოდ დიდი კონკურსია და ღელავდი?

- არ ვღელავდი, რადგან იმაზე ვფიქრობდი, რომ ღირსეულად გამოვსულიყავი. შვიდი სიმღერა შევასრულე და თითოეულზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მაყურებელი და მისი ტაში, მოწონება მამხნევებდა. ამას დიდი ძალა აქვს, როცა მღერი და სიამოვნებით გისმენენ, ტაშით გაჯილდოებენ, ბედნიერი ხარ. ეს ნებისმიერ სიტყვებზე მეტად მოქმედებს, რათა ლაღად იმღერო.

გულშიც კი არ მითქვამს, ამ გამარჯვებას რომ მივაღწიე, მოდი, ახლა ცოტას დავისვენებ, ხომ დავიმსახურე-მეთქი. პირიქით, უფრო მეტად მინდა მუშაობა. შემოდგომაზე თელავში მაქვს კონცერტი მეგობრებთან ერთად. იმავდროულად, ვემზადები იტალიასა და მაკედონიაში კონცერტებისთვის.

- წარმატებულმა იარეთ. ეს საკუთარი ხარჯებით ხდება?

- დიახ. სრულიად. თუკი ნამდვილად წარმატებული ხარ და ამას გრძნობ, უნდა შეეცადო ქვეყნის გარეთაც გახვიდე და გამარჯვებულად წარმოადგინო სამშობლო, სადაც მართლაც უნიკალური ქართული სიმღერა დაიბადა. ჩემი ფიქრიც ზუსტად ის არის, რომ მეც შევძლო რაიმე ჩემი ქვეყნისთვის.