„იცით, როგორი „კომპლიმენტი“ უთქვამთ? - რა ლამაზი ხართ და ვინ დაგწყევლათო“
როდესაც შშმ პირებზე ლაპარაკობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოებამ მათზე უნდა იზრუნოს, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მხნეობის მაგალითს გვაძლევენ და მომავლის იმედს გვიღვიძებენ. სწორედ ასეთია პედაგოგი ნინო ქათამაძე, რომელიც წლებია, ეტლით გადაადგილდება.
- ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე იმ წლებში, როცა მშობლები მალავდნენ, რომ მათი შვილი შშმ პირი იყო. დამოუკიდებლად ბავშვობაშიც ვერ დავდიოდი, რადგან კუნთების პროგრესული დისტროფია დამიდგინეს. ვხედავდი, რომ სხვა ბავშვებს ფიზიკური შესაძლებლობით ვერ ვაჯობებდი, ამიტომ იმას ჩავეჭიდე, რაც ღმერთმა მომცა - ჩემს გონებას. შესანიშნავად ვხვდებოდი, რომ ცოდნა ჩემი გადამრჩენი იქნებოდა. მშობლებიც სულ მამხნევებდნენ და მიმეორებდნენ, რომ მიზნის მისაღწევად ბრძოლაა საჭირო. ახლა ამას ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ ყველას რაღაც ნიჭი გვაქვს უფლისგან მომადლებული და უნდა გამოვიყენოთ.
- დეპრესია და უიმედობა ამ საუკუნის სენია, თქვენ როგორ ინარჩუნებთ მხნეობას?
- დროებითი დაცემა ყველას გამოუცდია, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში... იცით, როგორი "კომპლიმენტი" უთქვამთ ჩემთვის? - რა ლამაზი ხართ და ვინ დაგწყევლათო. მიუხედავად ამისა, პესიმიზმსა და უიმედობას ყოველთვის ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი. მართალია, დამოუკიდებლად ეტლშიც ვერ ვჯდები, მაგრამ ვცდილობ მხნე და აქტიური ვიყო. ბედნიერი ვარ, რომ მშობლები და ჩემი და მხარში მიდგანან. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო იმ წლებში არ იყო, მაინც გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩაბარება. მაშინ ეტლით არ ვსარგებლობდი, კედელ-კედელ სიარულს ვახერხებდი. ქუთაისის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბინა ვიქირავე და სწავლა დავიწყე. სწორედ მეგობრებთან ხელჩაკიდებულმა დავასრულე უნივერსიტეტი, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი ამის შემდეგ დაიწყო.
უნივერსიტეტი წარჩინებით კი დავასრულე, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? - მაშინ არც ერთი სკოლა ადაპტირებული არ იყო, რომ მასწავლებლად მემუშავა. 23 წლის ვიყავი, როცა ექიმთან გამოკვლევებზე მისულს მითხრეს, შენ ისეთი დიაგნოზი გაქვს, რომლითაც მხოლოდ 30 წლამდე ცოცხლობენო. იმ წუთებში კიდევ უფრო მომემატა ძალა, რომ სიცოცხლისთვის მებრძოლა და ცხოვრებაში ჩემი ადგილი მეპოვა. თბილისში, გაგარინის მოედანზე ძალიან კარგი კერძო სკოლაა, სადაც მაძიებელი პედაგოგის 2-წლიანი კურსი გავიარე. ადაპტირებული ის სკოლაც არ იყო, ამიტომ გაკვეთილებს პირველ სართულზე ვატარებდი. ბავშვებიც კარგად შემხვდნენ, სასერტიფიკაციო გამოცდებიც უმაღლეს ქულაზე ჩავაბარე, მაგრამ მივხვდი, რომ სკოლაში სწავლებას ვერ მოვახერხებდი, ამიტომ კერძო პრაქტიკა დავიწყე. პირველად ორი აბიტურიენტი ავიყვანე და რომ მოდიოდნენ, ეტლში არ ვჯდებოდი, კომპიუტერის მაგიდასთან ვიჯექი და გაკვეთილებს ისე ვუტარებდი. ორივემ უმაღლესი ქულებით ჩააბარა, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო. აქედან დაიწყო და დაიწყო...
არ არსებობს მოსწავლე ჩემს გაკვეთილზე მოუმზადებელი მოვიდეს ან დააგვიანოს, მაგრამ გრძნობენ, რომ ამ სიმკაცრის მიღმა მზრუნველი ადამიანი დგას, რომელიც მათ მომავალზე ფიქრობს. მადლობა ღმერთს, სპეციალობად ქართული ენა და ლიტერატურა ავირჩიე, რადგან ყველა პერსონაჟი, ყველა ნაწარმოები ცხოვრებას გვასწავლის.A ვცდილობ თითოეული მოსწავლე ამ პერსონაჟების ბედსა და ცხოვრების სირთულეზე დავაფიქრო. ხშირად ვეუბნები: მე თუ შევძელი, ვისწავლე და ჩემი ცოდნა გამოვიყენე, თქვენც აუცილებლად შეძლებთ-მეთქი და ცოდნის შეძენის სურვილი მათაც უჩნდებათ. როდესაც ეტლში მჯდომს მხედავენ, მათ თვალებში დიდ სითბოსა და თანადგომას ვხედავ, მაგრამ არასდროს ვაგრძნობინებ, რომ ზრუნვის ობიექტი ვარ. პირიქით, წელს 20 მოსწავლე მყავდა და ექვსს უსასყიდლოდ ვამეცადინებდი. ასეთი ტრადიცია მაქვს: წლის ბოლოს ჩემი მოსწავლეები ექსკურსიაზე მიმყავს და იქაც ვცდილობ აქტიურობას, რათა მათი დახმარება არ დამჭირდეს. მშობლებიც მენდობიან და მეუბნებიან, შენ თუ მიგყავს, არ გვეშინიაო. რა თქმა უნდა, სანდო მძღოლები მიმყავს და ჩემი დაც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ბედნიერი ვარ, როცა მშობლები მირეკავენ და მეუბნებიან, რა გაუკეთე ჩემს შვილს ასეთი, რომ წიგნს ხელიდან არ უშვებსო. ერთმა მშობელმა მითხრა, ჩაბარებას არ დავეძებ, უბრალოდ, მინდა შენი სკოლა გაიაროსო.
ზოგჯერ მათი მესაიდუმლეც ვარ: თუ რომელიმეს შეყვარებული ჰყავს ან რაღაც პრობლემა აქვს, რჩევას მეკითხებიან. ე.წ. რთული მოსწავლეებიც მყოლია, მაგრამ ქართული პოეზია და ლიტერატურა მათაც შევაყვარე.
- თქვენ ეს შეძელით, მაგრამ თავის დამკვიდრება ბევრ შშმ პირს უჭირს.
- ჩვენს ქვეყანაში შშმ პირებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი: მათ სიბრალული არ სჭირდებათ, პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ, რომ თავიანთი ნიჭი და უნარები მაქსიმალურად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლები იმ დონეზე ადაპტირებული არ არის, რომ იქ შშმ პირებმა იმუშაონ.
მე კი, ყველაფრის მიუხედავად, სულ მაღალქუსლიანები მაცვია. მომწონს, როცა ქალი ლამაზად გამოიყურება. რომ იცოდეთ, ჩემს მოსწავლეებს როგორ უხარიათ, როცა ჩემს ვარცხნილობასა და გარეგნობაში ცვლილებას დაინახავენ, როგორ მეფერებიან... ამ საოცარ თაობას ხშირად ვუმეორებ: ადამიანი შეიძლება დაეცეს, მაგრამ წამოდგომა უნდა შეძლოს და როგორც ბარათაშვილის "მერანშია", მუხთალ ბედისწერას არ უნდა დაემორჩილოს. თუ უიმედობას არ მივეცემით, ღმერთი ბედნიერებას თითოეულ ჩვენგანს უწილადებს.
ხათუნა ჩიგოგიძე