"თუ მძღოლი ერთი და იმავე დარღვევისთვის არაერთხელ ჯარიმდება, ეს ნიშნავს, რომ მოქმედი სანქცია მიზანს ვერ აღწევს“ - კვირის პალიტრა

"თუ მძღოლი ერთი და იმავე დარღვევისთვის არაერთხელ ჯარიმდება, ეს ნიშნავს, რომ მოქმედი სანქცია მიზანს ვერ აღწევს“

გორის ცენტრში უმძიმესმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც ახალგაზრდა ქალი და მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლნენ, ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ავტომობილს ნასვამი მძღოლი მართავდა. ეს ტრაგედია იმ მძიმე სტატისტიკის ნაწილია, რომელიც წლიდან წლამდე უარესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 5 969 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს (5 866 შემთხვევა) აღემატება. იმატა მსხვერპლის რაოდენობაც - გასულ წელს ავარიებს 469 კაცი ემსხვერპლა, 8 191 კი დაშავდა, მაშინ როდესაც 2024 წელს დაღუპულთა რიცხვი 444, ხოლო დაშავებულთა 7 587 იყო. შსს-ის სტატისტიკით, ყველაზე ხშირი მიზეზი მოხვევის მანევრის დარღვევაა - 1 596 შემთხვევა.

როგორც ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი დავით მესხიშვილი ამბობს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველო საგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლებით ევროპაში პირველ ადგილზეა. მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ მძღოლების ქცევა არ არის, ქვეყანას მოძველებული კანონმდებლობა, არასაკმარისი აღსრულების მექანიზმები და რეალური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმების დეფიციტი აქვს. რატომ ვერ ამცირებს საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მსხვერპლის რაოდენობას, რა შეცდომებს უშვებს სახელმწიფო და რა არის გასაკეთებელი, რომ გზები უსაფრთხო გახდეს, ამის შესახებ დავით მესხიშვილი გვესაუბრება.

- საერთაშორისო პრაქტიკაში ქვეყნების შეფასება მხოლოდ გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით არ ხდება - მთავარი ინდიკატორია, რამდენი დაღუპული მოდის 100 000 ან 1 მილიონ მოსახლეზე. სწორედ ამ მეთოდოლოგიით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტატისტიკური კვლევების მიხედვით, საქართველო უკვე სამი წელია ევროპის მასშტაბით დაღუპულთა მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს არ ვგულისხმობთ. საუბარია მთლიანად ევროპის რეგიონზე, როგორც ევროკავშირის წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებზე. ამ მძიმე სტატისტიკას ერთი კონკრეტული მიზეზი არა აქვს. ეს კომპლექსური პრობლემაა, თუმცა ძირითადი გამოწვევა სისტემურ და სტრუქტურულ დონეზეა, თუ როგორ იმართება საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოში. დღემდე არ არსებობს უწყება, რომელსაც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების რეალური უფლებამოსილება ექნება.

ორი წლის წინ შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, თუმცა მას არ გააჩნია ლიდერის ფუნქცია, რაც ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა. ამ დეპარტამენტს არა აქვს საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, საგზაო უსაფრთხოების ლაბორატორია, რომლებიც აუცილებელია პრობლემების შესასწავლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად. პრაქტიკულად, ის უფრო საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციას ასრულებს, ვიდრე იმ სტრუქტურისას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. შედეგად, ვერ ხერხდება სხვადასხვა უწყების შეთანხმებული მუშაობა და საგზაო უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წლებია აქვს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაც, ევროპის მასშტაბით დაღუპულთა მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილზეა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ეროვნული სტრატეგია იმ რეალურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, ვერ პასუხობს. ვერ ვიტყვი, რომ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია არ მუშაობს. მასში არის არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს დოკუმენტი ზედმეტად ზოგადი ხასიათისაა. სტრატეგია, ფაქტობრივად, არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების სპეციფიკურ გამოწვევებს. მასში ვერ ნახავთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელიც, მაგალითად, ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის ან სხვა მუნიციპალიტეტების საგზაო უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრას მოემსახურება.

არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც წლებია ყველა დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აყენებს. ეს კანონის აღსრულების მექანიზმებს უკავშირდება. პრობლემაა ვიდეოკამერებისა და ქულათა სისტემის სრულფასოვანი ამოქმედებაც. ქულათა სისტემის დანერგვას თავიდანვე დავუჭირეთ მხარი, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც დღეს მოქმედებს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ სისტემა სრულად ამოქმედებულიყო, რეალურად კი მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს. დღეს საგზაო მოძრაობის კონტროლის მთავარი ინსტრუმენტი აღარ არის მხოლოდ საპატრულო პოლიცია. თანამედროვე პრაქტიკაში ამ ფუნქციას, პირველ რიგში, ავტომატური კამერები ასრულებენ. შესაბამისად, ქულათა სისტემა სწორედ კამერებით დაფიქსირებულ დარღვევებზეც უნდა ვრცელდებოდეს, საქართველოში კი ეს მექანიზმი სრულად არ მუშაობს. შედეგად, მძღოლს შეუძლია რამდენჯერმე დაარღვიოს კანონი, ყოველ ჯერზე გადაიხადოს ჯარიმა და რეალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, ასეთ სისტემას კი პრევენციული ეფექტი პრაქტიკულად ვერ ექნება.

- ჯარიმები ისეთი უნდა იყოს, რომ მძღოლისთვის კანონის დარღვევა ფინანსურადაც და სამართლებრივადაც მძიმე ტვირთად იქცეს?

- ჯარიმების გაზრდა თუ შემცირება პოპულარულ გადაწყვეტილებებს კი არა, კვლევებს უნდა ეფუძნებოდეს. თუ მძღოლი ერთი და იმავე დარღვევისთვის არაერთხელ ჯარიმდება, ეს ნიშნავს, რომ მოქმედი სანქცია მიზანს ვერ აღწევს. თავის დროზე ჯარიმების გაზრდამ საგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლების არსებითი გაუმჯობესება ვერ უზრუნველყო. მიზეზი მარტივია: ფინანსური სანქცია ვიღაცისთვის ტვირთია, ვიღაცისთვის კი - არა. სამაგიეროდ, მართვის მოწმობის დაკარგვის საფრთხე ყველასთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამიტომ ქულათა სისტემა გაცილებით ეფექტიანი პრევენციული მექანიზმია. თუმცა თავად ქულათა სისტემაც საჭიროებს დახვეწას. ბევრი მძღოლი წლის განმავლობაში ქულებს უფრთხილდება, თუმცა წლის ბოლოს, როდესაც იცის, რომ ისინი განულდება, დარღვევების რაოდენობა იმატებს. ეს აჩვენებს, რომ გადასახედია არა მხოლოდ ქულების დარიცხვის, არამედ მათი ჩამოწერისა და აღდგენის პრინციპიც.

დღეს გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ადამიანები ათეულობით, ზოგჯერ კი ასეულობით ჯარიმდებიან, თუმცა კვლავ აგრძელებენ ავტომობილის მართვას. ეფექტიანი აღსრულების პირობებში ასეთი რაოდენობის დარღვევების მქონე პირებს მართვის უფლება დიდი ხნის წინ უნდა ჰქონდეთ შეჩერებული ან ჩამორთმეული. როდესაც დარღვევა მხოლოდ ჯარიმის გადახდით სრულდება და არ მოჰყვება შესაბამისი შეზღუდვა, სანქცია ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას. თუმცა მხოლოდ აღსრულება საკმარისი არ არის. უმნიშვნელოვანესია ადამიანების ცნობიერების ამაღლებაც. საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ კონტროლითა და ჯარიმებით ვერ მიიღწევა, საჭიროა როგორც ეფექტიანი კანონის აღსრულება, ისე პასუხისმგებლიანი საგზაო კულტურის ჩამოყალიბება. საჭიროა განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც სკოლამდელი ასაკიდანვე შექმნის საგზაო უსაფრთხოების სწორ კულტურას. ამის შემდეგ მოდის ავტოსკოლების რეფორმა, მართვის მოწმობის გაცემის სისტემის გადახედვა, რომ მართვის უფლება მიიღოს მხოლოდ იმ პირმა, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები აქვს. ამის შემდეგ უკვე საუბარია კანონის აღსრულებასა და საკანონმდებლო ბაზაზე.

- რამდენად დიდ როლს თამაშობს საგზაო ინფრასტრუქტურა მძიმე სტატისტიკაში.

- გზა მხოლოდ იმისთვის არ უნდა გაიყვანონ, რომ გადაადგილება უზრუნველყოს, ის თავიდანვე უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს და მოეწყოს. ხშირად გზა იხსნება ისე, რომ მისი უსაფრთხოების სათანადო შეფასება და კვლევა ჩატარებული არ არის. თუ ახალგახსნილ გზაზე მოკლე დროში არაერთი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ უსაფრთხოებაში სერიოზული პრობლემებია. დღეს მსოფლიოში მოქმედებს თანამედროვე კონცეფცია Vისიონ ძერო, რომლის მთავარი პრინციპია გზებზე ნულოვანი სიკვდილიანობა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები აღარ მოხდება, არამედ იმას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა ისე უნდა იყოს დაგეგმილი და მოწყობილი, ავარიის შემთხვევაშიც ადამიანი არ იმსხვერპლოს. შეიძლება წლების წინ ეს იდეა არარეალური იყო, მაგრამ დღეს უკვე არის ქალაქები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, თუმცა ფატალური შედეგები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება. ეს, პირველ რიგში, სწორად დაგეგმილი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შედეგია.

- თქვენ ჩამოთვალეთ არაერთი მიმართულება, რომელიც, თქვენი შეფასებით, რეფორმას საჭიროებს, განათლების სისტემით დაწყებული, საგზაო ინფრასტრუქტურითა და კანონის აღსრულებით დასრულებული. რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, რათა მდგომარეობა უახლოეს პერიოდში მაინც გაუმჯობესდეს?

- მოგვცენ რეალური ბერკეტი ჩვენ, ვინც ამ სფეროში 15-20 წელია ვმუშაობთ, გვაქვს საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივ პრობლემებსაც სიღრმისეულად ვიცნობთ. ჩაგვრთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და არა მხოლოდ საკონსულტაციო ფორმატში. დარწმუნებული ვარ, თუ რეფორმები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გატარდება, პირველ სამ წელიწადში შესაძლებელი იქნება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის მკვეთრი, დაახლოებით ორჯერ შემცირება. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელსაც ჰქვია Vision Zero - გზებზე ნულოვანი სიკვდილიანობა. პირველ რიგში, კანონის აღსრულების სისტემას გავაძლიერებდით და თანამედროვე ტექნოლოგიებს სრულად დავნერგავდით. დღეს ავტომობილებს მართავენ ადამიანები, რომლებსაც ეფექტიანი ქულათა სისტემისა და კანონის სათანადო აღსრულების პირობებში მართვის უფლება აღარ ექნებოდათ. პარალელურად, სკოლამდელი ასაკიდანვე დავიწყებდით საგზაო და ურბანული უსაფრთხოების სწავლებას. აუცილებელია ავტოსკოლების სისტემის რეფორმაც. მართვის მოწმობა უნდა მიიღოს მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელსაც შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები აქვს, და არა იმან, ვინც გამოცდას მხოლოდ სხვადასხვა ხრიკით აბარებს. ყველა ამ ცვლილებას კოორდინაციას უნდა უწევდეს დამოუკიდებელი ძლიერი საგზაო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ექნება რეალური უფლებამოსილება, დაგეგმოს და გაატაროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა. სწორედ ასეთი სისტემური რეფორმებით იქნება შესაძლებელი საგზაო შემთხვევებისა და მათი მძიმე შედეგების სტაბილურად შემცირება.

ხათუნა ბახტურიძე