ტრამპის მუქარა და თეირანის „წითელი ხაზები“
ამერიკა ბოლო დღეებია ირანს ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს აყენებს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიზანი ჰორმუზის სრუტეში კომერციული ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვაა. თეთრ სახლში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი თეირანის მიერ ივნისის დროებითი შეთანხმების დარღვევამ გამოიწვია, თუმცა ირანი ვაშინგტონთან დიალოგის გაგრძელებას მაინც ცდილობს. პარალელურად, ტრამპი მუქარას არ წყვეტს და ირანს "წესიერად მოქცევისკენ" მოუწოდებს. თეირანში სრუტეში აშშ-ის ჩარევას "წითელ ხაზად" აფასებენ და აცხადებენ, რომ ტრამპის მუქარას ძლიერი პასუხი მოჰყვება. რა პროცესებია მოსალოდნელი აშშ-ირანის დაპირისპირებაში და რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს რეგიონსა თუ გლობალურ პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.
- ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი თავიდანვე გაურკვეველი იყო. ეს არის ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ამოცანები არ ყოფილა დასმული. ჯერ განაცხადეს, რომ ოპერაცია ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას ემსახურებოდა; მერე აღმოჩნდა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ყოფილა მიზანი, რომელიც ომის დაწყებამდეც ღია იყო, შემდეგ - რეჟიმის შეცვლა ან სამშვიდობო შეთანხმების იძულება, სადაც, რატომღაც, თავად ამერიკელებს უნდა გადაეხადათ ფული ირანის აღდგენისთვის. აშშ-ის ადმინისტრაციამ თავადაც არ იცის, რა კონკრეტულ შედეგზე უნდა გავიდეს, რადგან ომი დასრულების სცენარის გარეშე დაიწყეს. მთელი გათვლა იმაზე იყო აგებული, რომ დარტყმები და მმართველი ჯგუფის გადადგომა ირანში პოლიტიკური ვერტიკალის ცვლილებას ან ქვეყნის სრულ დემორალიზაციას გამოიწვევდა, რაც არ მოხდა. იმაზე გათვლა, რომ ირანი გრძელვადიან წინააღმდეგობას შეძლებდა, საერთოდ არ ჰქონიათ. ახლა ვეღარ ხვდებიან, როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან ან რა უნდა იყოს პროცესის ლოგიკური დასასრული.
არაკომპეტენტური ლიდერების გამო დიდი სახელმწიფოებიც უშვებენ უხეშ შეცდომებს. საუბარი იმაზე, რომ ამერიკა დიდია და არაფერი შეეშლებოდა, უადგილოა. რუსეთიც დიდი და ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გათვალა, რომ უკრაინა ამდენ ხანს გაუწევდა წინააღმდეგობას. მეტიც, არა მარტო რუსები, დასავლეთშიც ვარაუდობდნენ, რომ კიევს სამ დღეში აიღებდნენ.
ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც თავი ზევსი ჰგონია. თეთრ სახლში გამართული "გლადიატორების ბრძოლა" და ელიტის დეგრადაცია პირდაპირ ფილმ "იდიოტოკრატიას" გვაგონებს. სწორედ ამ აბსურდის ნაწილია კანადის შეერთების სურვილი თუ დანიასთან კინაღამ დაწყებული დაპირისპირება გრენლანდიის ოკუპაციაზე. ლოგიკურია, რომ კონგრესი და სენატი ირანში მის შეჩერებას ცდილობენ, მით უმეტეს, როცა თავდაცვის უწყებას აშკარად ფაშისტური იდეების მქონე პირი მართავს. ასეთი გუნდით აშშ შევიდა ომში, საიდანაც გამოსავალს ვერ ხედავს.
ტრამპის ქმედებებმა ირანში ამერიკის პრესტიჟი შეარყია, რადგან სუპერსახელმწიფოები ასეთ მასშტაბურ შეცდომებს არ უშვებენ.
- პრესტიჟის ასეთი რყევები არ განაპირობებს იმას, რომ ის სუპერძალა აღარ იყოს?
- ასე არ არის. პრესტიჟის დაკარგვის მიუხედავად, ჩინეთი ამერიკულ ავიამზიდებს ანგარიშს ყოველთვის გაუწევს იქ, სადაც საჭიროა. საქმე გაცილებით მარტივადაა - საერთაშორისო ურთიერთობებში ადრე გვასწავლიდნენ, რომ დიდი ძალებისთვის პრესტიჟი ერთგვარი კაპიტალია. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან საკითხავია, რამდენად საინტერესო ან მნიშვნელოვანია ის სუპერსახელმწიფოებისთვის. სოციალური ქსელებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ პოლიტიკური კომუნიკაციის ენა ძირფესვიანად შეცვალა. დღეს შეუძლებელია დაასახელო თუნდაც ერთი დიდი ძალა, რომელსაც ცალსახად პრესტიჟულს უწოდებ და იტყვი, რომ მის ადგილზე ყოფნა გსურს. ყველა გლობალური მოთამაშე იმდენად გაისვარა, რომ პრესტიჟი ეფემერულ ცნებად იქცა. შესაბამისად, რეალურ პოლიტიკაში საქმეს კონკრეტული ძალისმიერი მოქმედებები წყვეტს და არა აბსტრაქტული იმიჯი. რა თქმა უნდა,
პრესტიჟის შელახვა პატივისცემის დაკარგვას ნიშნავს, რაც იმას იწვევს, რომ მეტს გიბედავენ. თუმცა ამერიკას მეტს გაუბედავენ არა იმიტომ, რომ რაღაც ილუზორული იმიჯი შეელახა, არამედ იმიტომ, რომ არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც უხეშ შეცდომებს უშვებს.
საქმე პრესტიჟი კი არა, მართვის უნარის მოშლაა, რაც სახელმწიფოს ასუსტებს და იმიჯზე ბევრად მეტს აკარგვინებს - ის გლობალურად ძალის პროეცირების უნარს კარგავს. ძალა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ვერ იყენებდე. ტრამპის პირობებში ამერიკა სწორედ ამ მდგომარეობაშია - ან ვერ იყენებს თავის პოტენციალს, ან იყენებს იქ, სადაც საჭირო არ არის და არასწორად მართავს მას.
არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვს ტრამპს აშშ-ის საერთაშორისო როლზე, მაგრამ ფაქტია, პიროვნულ დონეზე მისთვის უფრო მისაღები ფიგურებია პუტინი, სი ძინპინი და კიმ ჩენ ინი, ვიდრე დასავლელი მოკავშირეები - ბრიტანელი კოლეგა სტარმერი, მაკრონი ან იტალიის პრემიერ-მინისტრი. საერთაშორისო კომუნიკაციის დონე იქამდე დავიდა, რომ კაცი გლობალურ არენაზე უბრალოდ ჭორაობს - საჯაროდ ჰყვება, როგორ ეხვეწებოდა იტალიის პრემიერი ფოტოს გადაღებას, ან როგორ ჩაგრავს საფრანგეთის პრეზიდენტს ცოლი. მსგავს რამეს არც ჩინელი პოლიტიკოსები კადრულობენ და არც ირანელები.
- ირანში არსებული პრობლემები რა გავლენას ახდენს ირანის ხელისუფლებაზე?
- საზოგადოება შეიძლება უკმაყოფილო იყოს ხელისუფლებით, მაგრამ არავის აქვს იმის სურვილი, რომ უცხო ძალამ ქვეყნის დაბომბვის, მიწასთან გასწორებისა და განადგურების ფასად შეუცვალოს მას ხელისუფალი.
- მედიაში იწერება, რომ მთავრობაში ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული და ეს ვერ ახდენს გავლენას?
- ხელისუფლებაში დაპირისპირება ყოველთვის იყო, თუმცა ახლა უფრო გამწვავდება, რადგან მართვის ვერტიკალი პრინციპულად მოშლილია. ირანის პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან, ის ნაწყენია და როგორც ამბობენ, გადადგომაც კი უნდოდა, მაგრამ არ დაანებეს. ასე რომ, პრეზიდენტს შეუძლია ვისაც უნდა დაუპირისპირდეს, ამით მაინც არაფერი გამოვა. ეს შიდა ბრძოლა აქტიურ ფაზაში მანამ არ გადავა, სანამ ამერიკასთან ვითარება არ დალაგდება. აი, როცა ყველაფერი დასტაბილურდება, მერე დაიწყება მტყუან-მართლის გარჩევა, ცოდვების მოკითხვა და გადაბრალება, თუ ვინ დაუშვა თეირანში მოსადის ფილიალისა და დრონების სადგურის მოწყობა. ვინ დაუშვა, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა ირანელ გენერლებზე ყველაფერი ზედმიწევნით იცოდნენ: მისამართები, ტელეფონები, სუნთქვა, ტემპერატურა თუ წნევა. ამ ყველაფრის გარკვევა, განტევების ვაცებისა და მოღალატეების ძებნა, "კუდიანებზე ნადირობა" დიდი დოზით მოხდება და შიდა ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თუმცა მანამდე ჯერ ამერიკის საქმეა მოსაგვარებელი.
- მაგრამ ამერიკასთან ჯერ ვერ რიგდებიან...
- ეგ ასე მარტივად არ გამოვა. შესაძლოა პროცესები მართლაც დიდ ესკალაციაში გადაიზარდოს. აშშ ამ ეტაპზე სახმელეთო იერიშს ვერ გარისკავს, თუმცა დაბომბვები გაგრძელდება. საბოლოოდ, მხარეებს ომის დასრულებას აიძულებენ - სავარაუდოდ, პროცესში ჩინეთი ან სხვა გარე აქტორები ჩაერთვებიან. რუსეთი კი ვეღარ ჩაერევა. მას არც მორალური რესურსი აქვს მედიატორობისთვის და არც იმის შესაძლებლობა, რომ ირანს აშშ-ის წინააღმდეგ ძალისმიერი გზით, ქმედითად დაეხმაროს. უნდა ველოდოთ, რომ მოვლენები გაცილებით დრამატული და მძიმე სცენარით განვითარდება, თუმცა ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევა ნაკლებად სავარაუდოა.
- უფრო დრამატულსა და მძიმეში რას გულისხმობთ?
- ამერიკელები დაარტყამენ ყველაფერს, სადაც კი ხელი მიუწვდებათ. შესაძლოა "ბუნკერების ძებნის" საბაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც გადაუარონ და მოსახლეობის მიმართ, პრაქტიკულად, ტერორზე გადავიდნენ. თავის დროზე ამერიკულმა კასეტურმა ბომბებმა ავღანეთში უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა, რომელთა უმეტესობაც ბავშვი იყო. სრულიად მოსალოდნელია, რომ ირანის გასატეხად და მისი პოლიტიკური ელიტის დემორალიზაციისთვის აშშ პირდაპირ ტერორის გზას დაადგეს.
- აქვს ამერიკას ამის პოლიტიკური რესურსი?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ სენატსა და კონგრესში ტრამპის ამ აბსურდული ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ფაქტია, მან ირანში ომი დაიწყო, თუმცა მისი დასრულების გზა არ იცის. შესაძლოა საკუთარ პარტიას პროცესის კონკრეტულ დასასრულს დაჰპირდეს, რათა მათ მის ამბიციებს მწვანე შუქი აუნთონ. საჭიროების შემთხვევაში, ტრამპს პოლიტიკური რესურსის მობილიზება არ გაუჭირდება.
რუსა მაჩაიძე