ზელენსკიმ თავისი თავდაცვის მინისტრის მოხსნით პუტინი გაახარა...
რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია და გამონაკლისი არც გასული კვირა ყოფილა, თუმცა საერთაშორისო მასმედიისა და პოლიტიკური წრეების ყურადღება არა იმ ფაქტმა მიიპყრო, თუ რამდენი ტანკერი აუფეთქა უკრაინამ რუსეთს აზოვის ზღვაში ან კიდევ რამდენი "ისკანდერი" ისევ გაუშვა კრემლმა კიევისკენ, არამედ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფიოდოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებამ. უკრაინის ქალაქებში და მათ შორის დედაქალაქშიც, მეოთხე დღეა, ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად მოსახლეობის ნაწილი გამოდის, რომელთა მოთხოვნაა, თანამდებობაზე დატოვონ უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
უკრაინამ ომის მეხუთე წლამდე ოთხი თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა (თუმცა ამით ქართველებს ვერ გაგვაკვირვებს, რადგან ოთხი თავდაცვის მინისტრი საქართველომ მხოლოდ ერთ, 2004 წელს "გამოცვალა") და მათგან სამს კრიტიკა არ მოჰკლებია არც სამხედროებისგან და არც მოსახლეობისგან, რადგან სამივე გარკვეულწილად შემჩნეული ან სულაც "გასვრილი" იყო კორუფციულ სკანდალებში, როდესაც მეომარი უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვებსა თუ სურსათს, მათ შორის... კვერცხებს ორმაგ-სამმაგ ფასად ყიდულობდნენ.
მაშინ ვინ არის 35 წლის მიხაილო ფიოდოროვი, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2026 წლის 14 იანვარს დაინიშნა და 14 ივლისამდე ანუ თავდაცვის მინისტრის რანგში სულ რაღაც 7 თვის განმავლობაში ყოფნის დროს ისე შეაყვარა თავი მოსახლეობის ნაწილს, რომ მის მხარდასაჭერად ქუჩებშიც კი იწყებენ მასობრივად გამოსვლას?
ზაპოროჟიეში დაბადებული "აიტიშნიკი" მიხაილო ფიოდოროვი 2019-დან 2026 წლის დამდეგამდე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის, ასევე, უკრაინის ინოვაციების, განათლების განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების პოსტებს იკავებდა შენაცვლებით, იყო ვიცე-პრემიერიც.მან დიდი როლი შეასრულა უკრაინის არმიის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვაში და სავსებით ლოგიკური გახლდათ, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფიოდოროვი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დანიშნა, იმ ქვეყნის, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე სრულყოფილად ფლობს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო დრონების საბრძოლო გამოყენების ციფრულ ტექნოლოგიებს.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ფიოდოროვმა ერთი უდიდესი საქმე გააკეთა - მან გამოიყენა პირადი კარგი ურთიერთობა ილონ მასკთან და სწრაფად დაიყოლია "სტარლინკის" თანამგზავრული კავშირის გათიშვაზე უკრაინის ტერიტორიაზე. დიახ, დროებით გათიშვის, რადგან "სტარლინკის" ხელახლა ჩართვის შემდეგ ამოქმედდა მხოლოდ ის თანამგზავრული ანტენები, რომლებმაც ოფიციალური რეგისტრაცია გაიარეს უკრაინის შესაბამის სტრუქტურებში, ხოლო ფრონტის მეორე მხარეს რუსი ოკუპანტის განკარგულებაში არსებული "სტარლინკის" ათასობით ანტენა (რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს ევროპასა და აზიაში ჰქონდათ ნაყიდი და ადგილობრივ მოსახლეობაზე ფიქციურად გაფორმებული) გამორთული დარჩა, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დიდი დანაკლისი განიცადეს.
მარტო ესეც კმაროდა იმისთვის, რომ უკრაინაში შეცვლილ მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხაილო ფიოდოროვისთვის შეენარჩუნებინა პრეზიდენტ ზელენსკის, მით უმეტეს, ფიოდოროვი მისი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი გახლდათ და 2019 წლიდან მის გვერდით იდგა. მაგრამ ასე არ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა უცნაურად ახსნა - დავიღალე, რომ აგრესორ რუსეთთან მეომარ ქვეყანაში "შიდა ომი" აქვთ გაჩაღებული თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს, ფიოდოროვი ერთს მეუბნება, სირსკი - მეორეს, ორივეს ერთდროულად ვერ მოვხსნიდი, სექტემბერში დიქტატორი პუტინი რუსეთში დიდ მობილიზაციას დაიწყებს და ამას ჩვენ ვერ შევხვდებით ისე, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ერთმანეთს კიევში "ეომებოდნენო".
ფიოდოროვისა და სირსკის დაპირისპირების მთავარ მოტივად კი ის იქცა, რომ "აიტიშნიკი" თავდაცვის მინისტრი ციფრული ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებით აპირებდა ომის გაგრძელებას აგრესორ რუსეთთან მაშინ, როდესაც საბჭოთა სამხედრო სკოლის აღზრდილი გენერალი სირსკი საბრძოლო მოქმედებების ტრადიციული მეთოდებით გაგრძელებას უჭერდა მხარს. წესით, თავდაცვის სამოქალაქო მინისტრი არ უნდა ჩაერიოს გენშტაბის გენერლების მიერ საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვა-ჩატარების ურთულეს პროცესში და მისი მთავარი მოვალეობაა სამხედროებისთვის დროულად შეისყიდოს ყველა ის შეიარაღება და საბრძოლო საჭურველი, რასაც გენშტაბი მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსგან. თუმცა რუსეთ-უკრაინის ეს დიდი ომი გამოდის ტრადიციული ომების ფარგლებიდან და უკრაინას მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით რომ ებრძოლა, დღემდე წააგებდა მას.
სწორედ ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა დანერგვამ, ჯარების მართვის სისტემაში ციფრული კავშირგაბმულობის განვითარებამ, საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ ციფრულ არეალში განთავსებამ და სხვადასხვა დანიშნულების დრონების საბრძოლო გამოყენების ტაქტიკის მუდმივმა სრულყოფამ ქნა ის, რომ უკრაინა ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს მასზე ბევრად ძლიერ აგრესორ რუსეთს. სწორედ ეს ფაქტორიც არის, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ომის მეხუთე წელს ითხოვს ომის წარმოების მეთოდებისა და ხერხების შეცვლასა და სრულყოფას - "მეტი დრონი, ნაკლები ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე" ანუ ის უკრაინელები, რომელთა ახლობლები ომში დაიღუპნენ, ან დღესაც იბრძვიან, კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ნაკლები მსხვერპლით შეაკავონ აგრესორი რუსეთი, რის მიღწევასაც ისინი ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრის ფიოდოროვის ახლებური მოქმედების ტაქტიკით იმედოვნებდნენ.
უახლოესი მომავალი აჩვენებს, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ, როდესაც "აიტიშნიკ" ფიოდოროვს "სალდაფონი" სირსკი ამჯობინა, რადგან კრემლს ბოლო გადამწყვეტი მოქმედებებისთვის დარჩა მართლაც დიდი მობილიზაციის გამოცხადება, რისთვისაც უკრაინა მზად უნდა იყოს. მანამდე კი რუსი სამხედრო ბლოგერები, რუსეთის პროპაგანდა და თავად კრემლშიც კი ძალზე კმაყოფილი არიან, რადგან 35 წლის უკრაინელმა თავდაცვის მინისტრმა ამ პოსტზე სულ რაღაც ორასიოდე დღის განმავლობაში თავისი აქტიური მოქმედებებით კინაღამ შემოუტრიალა 1 600 დღე-ღამე მიმდინარე ამ ომის სადავეები აგრესორ რუსეთს.
P.S. მიხაილო ფიოდოროვის მოხსნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ მან აქტიურად დაიწყო შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სურსათის უკრაინის არმიისთვის შესყიდვის ტენდერების ჩატარების მკაცრად გაკონტროლება "ოტკატების" გამოსავლენად, რითაც უკრაინის ხელისუფლებაში მოქმედი გენერლებისა და დეპუტატების ძალზე გავლენიანი კორუფციული დაჯგუფება გადაიკიდა.
და კიდევ ერთი - პრეზიდენტი ზელენსკი ხედავს გადაყენებული თავდაცვის მინისტრ ფიოდოროვის ყოველდღიურ მზარდ პოპულარობას მოსახლეობაში, რაც ახალგაზრდა ფიოდოროვმა შეიძლება თავისი პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენოს და თვით პრეზიდენტის სავარძელშიც კი შეეცილოს, რაც, ბუნებრივია, არ აწყობს ზელენსკის.