კლანების ომი ცხინვალში: პუტინის ემისარმა კამბოლოვმა გაგლოების დაჯგუფებას დაარტყა - რა ხდება ოკუპაციის ზონაში ე.წ. არჩევნების წინ?!
კამბოლოვის პირველი დარტყმა გაგლოევის კლანს 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული და კრემლიდან გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკის მარატ კამბოლოვის გამარჯვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამიტომ ახლა მთავარი ინტრიგაა, მოხდება თუ არა ალან გაგლოევის კლანის გავლენის დემონტაჟი. ოპოზიციური ტელეგრამარხების ცნობით, კამბოლოვმა მოქმედება უკვე დაიწყო - თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. შს მინისტრი, რომელიც გაგლოევის კლანის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში დააკავეს კლანის გამორჩეული წევრი - საბაჟოს უფროსი ალექსანდრე ჩოჩიევი.
18 სექტემბერს დანიშნული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატი მარატ კამბოლოვია. კანდიდატების წარდგენის ვადა 8 აგვისტომდეა, თუმცა ყველამ იცის, რომ პუტინის გამოგზავნილ "ელჩს" რეალური კონკურენტი არ ეყოლება. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს მხარდასაჭერად", - საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა პუტინმა კამბოლოვს გასულ კვირას კრემლში შეხვედრის დროს. კამბოლოვმაც მადლობა გადაუხადა კრემლის ლიდერს: "ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რა გააკეთა რუსეთმა რესპუბლიკის ხალხისთვის 2008 წლის აგვისტოში". კამბოლოვის კანდიდატურას მხარს უჭერენ როგორც დე ფაქტო მმართველი ძალა, ისე ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველაზე რეალურმა კონკურენტმა, აცამაზ ბიბილოვმა, კანდიდატურა უკვე მოხსნა. გამონაკლისია "სახალხო პარტია", რომელსაც 2022 წლიდან ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი ძამბოლატ თედეევი აკონტროლებს.
პუტინმა კამბოლოვი მაისის მიწურულს ცხინვალში ჯერ ალან გაგლოევის მრჩევლად გაგზავნა, შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, ხოლო 23 ივნისს, გაგლოევის გადადგომის შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მანამდე კი მოსკოვმა ცხინვალთან გააფორმა "მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების" დოკუმენტი, რის შემდეგაც შეიცვალა „"სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია" და უცხო ქვეყნის მოქალაქეს დე ფაქტო პრეზიდენტობის შესაძლებლობა მიეცა. ქართველი ექსპერტების შეფასებით, მოსკოვის ეს ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონზე კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას და საბოლოო ანექსიისთვის ნიადაგის მომზადებას უკავშირდება. პარალელურად ცხინვალშიც გააქტიურდა მოლოდინი „"სამხრეთ ოსეთის" ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებაზე, თუმცა 18 სექტემბრის „"არჩევნებთან" ერთად რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი დანიშნული არ არის. ცხინვალში თვლიან, რომ კამბოლოვისთვის „"არჩევნები" მხოლოდ ფორმალობაა. მთავარი ამოცანა ძალაუფლების გადანაწილებაა.
დარტყმა გაგლოევის გარემოცვაზე
მარატ კამბოლოვმა "პრეზიდენტის" მოვალეობის შესრულება მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებით დაიწყო - გაათავისუფლა დე ფაქტო შს მინისტრი ერისლავ მამიევი, რომელსაც ოპოზიციური ტელეგრამარხები გაგლოევის კლანის მთავარ საყრდენად და გაგლოევის ძმის კრიმინალური გარემოცვის მფარველად მიიჩნევდნენ. მამიევი "მინისტრი" 2025 წლიდან იყო და მისი დანიშვნა დიდ სკანდალს უკავშირდებოდა. 2025 წლის მაისში კა-გე-ბეს რუსმა შეფმა ოლეგ შირანმა გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე ალექსანდრ ტუაევი, რომელიც გაგლოევის კლანის წევრი იყო და მის წინააღმდეგ "საქართველოსთან საწვავის კონტრაბანდის" ბრალდებით გამოძიება დაიწყო. გაგლოევმა საპასუხოდ მოხსნა შირანი და "შს მინისტრი" და ახალ „"მინისტრად" მამიევი დანიშნა, რომელიც ოპოზიციური მედიის მტკიცებით, საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდულ საქმეებს აკონტროლებდა ტუაევსა და გაგლოევთან ერთად. როგორც წერდნენ, მისი დავალებით ფულს სძალავდნენ ბიზნესმენებს, ძირითადად, რუს კონტრაქტორებს, რომლებიც ცხინვალში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში იყვნენ ჩართული. მამიევთანაა დაკავშირებული ბიზნესმენ ალან მარგიევის დაყაჩაღებაც. გაგლოევის ძმის კრიმინალური ბანდის წევრებმა ფულის გამოძალვის მუქარით ტყეში წაიყვანეს მანქანების დილერი და აწამეს. ინსტაგრამზე გატაცებულის ძმამ, მილიციის პოლკოვნიკმა ვიქტორ მარგიევმა გამტაცებლები დაასახელა. მამიევმა მილიციონერს პოსტის წაშლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი სახლში "ომონი" გაუგზავნა. ძმებმა ვლადიკავკაზში გაქცევით უშველეს თავს. ამის შემდეგ მამიევის სპეცრაზმმა ბიზნესმენის შვილი სასტიკად სცემა, პოლკოვნიკი კი სამსახურიდან გაუშვა. იმავე პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთში დააკავეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. საბაჟოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ჩოჩიევი, რომლის სახელი კონტრაბანდულ სქემებსა და გაგლოევის გარემოცვას უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, ჩოჩიევმა 10 მილიონი რუბლის ქრთამი გადასცა ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებს, რათა შეეწყვიტათ ფარმაცევტული კომპანია "ფორტესა" და საწვავის კომპანია „"მოსგაზის" შემოწმება. ჩოჩიევის გაზის კომპანიამ გასულ წელს 2,9 მილიარდი რუბლის მოგება მიიღო, ხოლო წამლების კომპანიას მედიკამენტების ფასების ხელოვნურად გაბერვას ედავებიან. გამოძიების დაწყების შემდეგ კამბოლოვმა ჩოჩიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური არხი „"ჭრებაი ყარგანაგი" წერს, რომ გაგლოევმა გადადგომამდე ალექსანდრ ჩოჩიევს გენერლის წოდება მიანიჭა, ახლა კი ჩოჩიევმა ჩვენების მიცემა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ კონტრაბანდის საქმეებში გაგლოევისა და მამიევის მონაწილეობაზეც ისაუბროს. ჩოჩიევის გვარიც არაერთ სკანდალში ფიგურირებდა. 2025 წელს გაგლოევის ძმის, ალიკის, კრიმინალური ბანდის წევრები ჩოჩიევს კაბინეტში შეუცვივდნენ და სცემეს. მაშინ ითქვა, რომ ეს შიდაკლანური გარჩევა იყო - ალიკის ბანდამ და ე.წ. საბაჟოს ხელმძღვანელმა კონტრაბანდული შემოსავლები ვერ გაიყვეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღით ადრე ჩოჩიევმა სამსახურიდან გაუშვა ე.წ. შს მინისტრ მამიევის მეგობარი ქალი. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა მამიევის წახალისებული იყო. იმდენად დიდი იყო საზოგადოების აღშფოთება, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ 11 პირი დააკავა, თუმცა რამდენიმე დღეში ყველა გაათავისუფლა. ტელეგრამარხებზე ასევე გაიხსენეს 2024 წლის ეთილის სპირტის კონტრაბანდის საქმეც, როდესაც ცხინვალიდან რუსეთის ტერიტორიაზე კონტრაბანდულად შეიტანეს 25 ტონა სამედიცინო დანიშნულების ეთილის სპირტი, რომელიც მოგვიანებით სასმელში აღმოაჩინეს. ამ სკანდალშიც ჩოჩიევის სახელი ფიგურირებდა.
„კამბოლოვზე ძალიან დიდი ფსონია დადებული – მთავარი მიზანი ცხინვალი კი არა, საქართველოა“
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - ძალიან დიდი ფსონი იდება კამბოლოვზე. პუტინის დამოკიდებულებას თუ დააკვირდებით, ეს აშკარაა. ეს მხოლოდ იმით არ ჩანს, რომ პრეზიდენტმა საჯაროდ დაუჭირა მხარი და წარმატება უსურვა. მანამდე პუტინმა ჯერ ალან გაგლოევი დაიბარა კრემლში, გააფორმა "მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების" ხელშეკრულება, რომლის მიზანი რუსეთის მოქალაქე კამბოლოვისთვის "პრეზიდენტობის" სამართლებრივი შესაძლებლობის შექმნა იყო. შემდეგ კამბოლოვი ცხინვალში გაგზავნა, ბოლოს კი პირადად შეხვდა და პრეზიდენტობა უსურვა. პუტინს ცხინვალში კორუფციის შემცირება და ადმინისტრაციული წესრიგის დამყარება რომ ჰქონოდა მიზნად, ამხელა ყურადღებას ერთი პატარა რეგიონის მართვას არ დაუთმობდა. რუსეთის სხვა რეგიონებში გაცილებით მძიმე პრობლემებია და ამაზე თავს არ იწუხებს. არც მეორე გავრცელებული ვერსია მგონია დამაჯერებელი, თითქოს ყველაფერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ფორმალური გაერთიანებისთვის კეთდება. ამას ბევრად მარტივად, ადგილობრივი ოსი ლიდერის ხელით გააკეთებდნენ და უფრო ლეგიტიმურადაც გამოჩნდებოდა, თანაც რატომ უნდა გადაიკიდოს დღეს მოსკოვმა თავისი, ასე ვთქვათ, არაფორმალური, მაგრამ მაინც მოკავშირე საქართველო, რათა ცხინვალში სამართლებრივად გააფორმოს ის, რასაც ისედაც სრულად აკონტროლებს? ეს პუტინს რეალურ პოლიტიკურ სარგებელს ვერ მისცემს. ვერც უკრაინის საპირწონე ვითომ წარმატებად მიასაღებს თავის ხალხს რაღაც ერთი მუჭა მიწის შემოერთებას.
დღეს რუსეთი რეგიონში გავლენის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს და მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოც საბოლოოდ არ აღმოჩნდეს დასავლურ სივრცეში. ვფიქრობ, კრემლი შეეცდება საქართველოს შესთავაზოს ისეთი პოლიტიკური მოდელი, რომელიც ქვეყანას ევრაზიული გავლენის სივრცეში დატოვებს. ასეთ შემთხვევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი შეიძლება ვაჭრობის ერთ-ერთ თემად იქცეს. აფხაზეთი ვერ გახდება ვაჭრობის თემა, ცხინვალისგან განსხვავებით რუსები აფხაზებს თავის ჭკუაზე ვერ აკონტროლებენ და თან აფხაზეთის სრულად ათვისებას აპირებს თავისი ტურისტული პოტენციალით. ვაჭრობის პროცესში ცხინვალელი ლიდერის მონაწილეობა რთული იქნებოდა, რადგან მას უკან მოჰყვება ომის, სისხლისა და წარსულის მძიმე ტვირთი. კამბოლოვი ამ ყველაფრისგან თავისუფალია და ქართველებთან სხვადასხვა პროექტზეც უფრო მარტივად შეძლებს საუბარს. ამისთვის ძლიერი მმართველობა და ადგილობრივების კეთილგანწყობა სჭირდება. სწორედ ამიტომ ცდილობს სისტემის მოწესრიგებას. ოსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზარამაგის გამშვებ პუნქტზე მრავალსაათიანი რიგების აღმოფხვრა, კორუფციის შემცირება და ხელფასების დარიგება. პირველად სწორედ ზარამაგში ჩავიდა და გადაადგილების მოწესრიგებას დაჰპირდა მოსახლეობას. მეორე ნაბიჯი, ე.წ. შს მინისტრის გათავისუფლება იყო. გაგლოევის კლანის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, კამბოლოვის მოსვლის შემდეგ ეს პროცესი პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა. თუმცა არ ველოდები სანახაობრივ დაპატიმრებებსა და რეპრესიებს. უფრო მოსალოდნელია, რომ კორუფციასთან, კონტრაბანდასა და გაგლოევის გარემოცვასთან დაკავშირებული გავლენიანი ფიგურები ეტაპობრივად ჩამოაშორონ თანამდებობებს. კამბოლოვის ამოცანაა ერთდროულად გაიძლიეროს პოზიცია, დაასუსტოს ძველი გავლენის ჯგუფები და შექმნას ისეთი ადმინისტრაციული გარემო, რომელიც კრემლისთვის საიმედო იქნება იმ უფრო ფართო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც, სავარაუდოდ, მოსკოვი საქართველოს მიმართულებით გეგმავს. რა ფორმის შეთავაზება იქნება საქართველოს ხელისუფლებასთან, ამის თქმა შეუძლებელია. უბრალოდ, ცხინვალის სანაცვლოდ დადგება საქართველოს მომავლის საკითხი და ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი.
ეკატერინე ბასილაია