„სხვების ჯიბრით და საკუთარი თავის საზიანოდ“ - კვირის პალიტრა

„სხვების ჯიბრით და საკუთარი თავის საზიანოდ“

რუსეთში ენერგოკრიზისი გრძელდება, რადგან, როგორც მედია წერს, უკრაინამ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაახლოებით ნახევარი უკვე მწყობრიდან გამოიყვანა. ენერგოკრიზისი კი განსაკუთრებით მწვავე მოსავლის აღების პერიოდშია, როცა საწვავზე მოთხოვნა იმატებს. ბოლო დღეებში ამას, როგორც ჩანს, გვალვაც დაემატა და რუსულ მედიაში უკვე წერენ ზოგი პროდუქციის, ფაქტობრივად, ასპროცენტიანი დეფიციტის მოლოდინზე. არის თუ არა ეს ყველაფერი რუსული ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელი, რას გამოიწვევს ეს პროცესები და როგორ აისახება საქართველოზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.

- მგონი, ბერდიაევს მიაწერენ ფრაზას: `სხვების ჯიბრით და საკუთარი თავის საზიანოდ~. მარტო უკრაინასთან კონფლიქტის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი ტრილიონ დოლარზე მეტია, რითაც შესაძლებელი იყო რუსეთის ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკისა და განათლების სფეროს განვითარება. შეიქმნებოდა მიმზიდველი გარემო, სადაც სხვა ქვეყნები თავად მოინდომებდნენ მასთან თბილ ურთიერთობას, მაგრამ ამას ხომ `მოხერხება~ უნდა. ასეთი ნეგატიური პოლიტიკა ზიანს აყენებს არა მარტო აგრესიის ობიექტს, არამედ იმ სუბიექტებსაც, ვინც კონფლიქტში პირდაპირ არ არის ჩართული, მათ შორის საქართველოს. ვინაიდან არც ერთი ქვეყანა არ არის ჩაკეტილი და თვითკმარი, მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე ნეგატიური პროცესები სხვებზეც უარყოფითად აისახება.

- რუსეთში დღეს არსებულ მდგომარეობას შეიძლება თუ არა უკვე ვუწოდოთ ეკონომიკური კრიზისი და საქართველოზე როგორ აისახება, კონკრეტულად რა სფეროებზე პირველ რიგში?

- ნავთობისა და საწვავის გარკვეული რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა. დღეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების თითქმის ნახევარი უკვე მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც ქვეყანას პრობლემები შეექმნება და მისი საექსპორტო რესურსი მკვეთრად შეიზღუდება. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი მოთხოვნილებების სხვა წყაროებიდან დაკმაყოფილება, რაც საწვავს გააძვირებს. გარდა ამისა, ჩვენი შიდა მარცვლეულის წარმოება ქვეყნის მოთხოვნის მხოლოდ 20-22%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენი კი იმპორტია, რომლის 98-99% რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. ფაქტობრივად, თუ რუსეთში მოსავლის აღების კამპანიის დარეგულირება ვერ მოხერხდა, ეს ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტს ვეღარ განახორციელებს და მას სავალუტო რესურსები დააკლდება, ჩვენ კი - მარცვლეული და მოგვიწევს ალტერნატიული წყაროების მოძიება. არადა, მარცვლეულის მსოფლიო ბაზარი კარგა ხანია სტრუქტურირებულია და ახალი კლიენტების გამოჩენის თვალსაზრისით ნაკლებად მერყევია. ამიტომ რუსეთის რომელიმე სხვა ქვეყნით ჩასანაცვლებლად მოგვიწევს დამატებითი ხარჯების გაწევა, მარცვლეულის უფრო შორეული მანძილიდან ტრანსპორტირება, შესაძლოა ნაკლებად ხარისხიან პროდუქტში მეტის გადახდა, ეს კი ავტომატურად აისახება მარცვლეულისა და პურპროდუქტების ფასებზე. პურის გაძვირება კი, ჯაჭვური რეაქციით, ბევრი სხვა სამომხმარებლო პროდუქტის ფასის მატებას გამოიწვევს. ასე რომ, ჩვენც იმ ვითარების უნებლიე მძევალი ვართ.

- წლების განმავლობაში მუდმივად ლაპარაკია, რომ რუსეთთან ასეთი მჭიდრო კავშირები სახიფათოა და აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ამ ბაზრის ჩანაცვლება?

- რუსეთთან მიმართებით ბევრი ფაქტორი მუშაობს - ჯერ ერთი, გეოგრაფიული სიახლოვე და მეორე - გარკვეულწილად მენტალური ფაქტორი და აქედან დამყარებული სამომხმარებლო კავშირები. გარკვეული მოთხოვნა ჩვენთან რუსულ პროდუქციაზეც არის და შესაბამისად, ქართული შიდასამომხმარებლო ბაზარიც ორიენტირებულია და აწყობილია რუსეთიდან შემოსულ პროდუქციაზე. თუმცა, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, შემცირების ტენდენციას ნამდვილად აქვს ადგილი. საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 3% მოდიოდა დანარჩენ მსოფლიოზე, დაახლოებით 27-30% მოდიოდა 13 მოკავშირე რესპუბლიკაზე, ხოლო 57-60% - რუსეთის ფედერაციაზე. საუკუნის დამდეგს რუსეთის წილი ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 30%-მდე დავიდა, ამჟამად კი სადღაც 15-16%-ის დონეზეა. შემცირების ტენდენცია სახეზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის წილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ დასახელებული მარცვლეულისა და ზოგიერთი სხვა სახის პროდუქციის იმპორტში.

ამას ვარაუდის დონეზე გამოვთქვამ, მაგრამ როდესაც ასეთი ეკონომიკური კავშირების ხისტად გაწყვეტა ხდება, ამას სხვანაირი გამოხმაურება მოჰყვება. რას ნიშნავს რუსული იმპორტი საქართველოში? ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა შედის რუსეთის ფედერაციაში, რაც მას ასე სჭირდება. როდესაც შენ ამაზე ფაქტობრივად უარს ამბობ, ამან შეიძლება სხვა უარყოფითი პროცესები გამოიწვიოს. ეს მომენტიც მუშაობს და ბევრი ფაქტორია, მაგალითად, ჩვენ იმდენი ელექტროენერგია მივაწოდეთ ენგურსიქითა საქართველოს, აფხაზეთს, რომ მიწოდების საერთო ღირებულება უკვე მილიარდ დოლარზე მეტია. ფაქტობრივად, ჩვენი ეკონომიკაც პოლიტიკის მძევალია, წარმატებულ ეკონომიკას კი სჭირდება არა მარტო კარგი მენეჯმენტი, კრეატიულობა და თანამედროვე მეთოდების გამოყენება, არამედ ძლიერი პოლიტიკური ზურგი. ნაპოლეონს აქვს ასეთი ხატოვანი გამოთქმა - ფრანგულ დიპლომატიას ზურგს ფრანგული დაშნების ელვარება უმაგრებსო. ჩვენს ეკონომიკას კი რა უმაგრებს ზურგს. ამიტომ გვჭირდება მეტი დიპლომატია, მოხერხებულობა და, შესაძლოა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც. ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც გვჭირდება ისეთი პირები, რომლებიც არიან მასშტაბურად მოაზროვნენი, კრეატიულები, შესაბამისი განათლებით და, რაც მთავარია, პატრიოტული გრძნობის მატარებლები.

- მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი თუ ვერ მოგვაწოდებს პროდუქციას, რა შეიძლება გაკეთდეს და მით უმეტეს ისე, რომ მოსახლეობაზე არ აისახოს მძიმედ?

- ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ცალმხრივი მოძრაობის ქუჩად, სადაც საზოგადოებამ მხოლოდ უნდა მიიღოს, გაითავისოს ან შეეგუოს იმ სიკეთეებს თუ შედეგებს, რასაც ხელისუფლება ატარებს, თავად კი არაფერ შუაში იყოს. პირიქით, ჩვენ გვჭირდება საზოგადოება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მარტო საკუთარ თავზე ან ოჯახზე, არამედ ქვეყნის ბედ-იღბალზეც. შესაბამისად, საჭიროა მოხმარების მეტი რაციონალურობა და უარის თქმა იმ ზედმეტ დემონსტრაციულ და სტატუსურ მოხმარებაზე, რაც, სამწუხაროდ, ფართოდაა გავრცელებული დღევანდელ საზოგადოებაში. ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომელსაც ფუფუნებისა და ხელგაშლილობის უფლება ექნება. მეტი რაციონალიზმი გვჭირდება მოხმარებასა და ქმედებებში, რაც მერე ავტომატურად აისახება ჩვენს პოლიტიკაშიც, საშინაო იქნება თუ საგარეო.

სადაც შესაძლებელია, მინიმალიზმით უნდა გავიდეთ ფონს, ხოლო იმ მასშტაბური ღონისძიებების დაფინანსებისგან, რომლებიც საეჭვო ღირებულებისაა, ან ამ ეტაპზე მათი ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, თავი უნდა შევიკავოთ. უნდა გაკეთდეს იმ აუცილებელი ღონისძიებებისა და პროექტების მკაცრი რანჟირება, რომლებიც განიხილება ან საზოგადოებას მიეწოდება, რათა მკაფიოდ განისაზღვროს, რა გვჭირდება ამ ეტაპზე წინ წასასვლელად.

- ერთგან კრიზისი მეორეგან ხომ აჩენს პერსპექტივას და ჩვენ გვაქვს რამე რესურსი, პოტენციალი, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და რამე ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ?

- ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც დღეს გვაქვს და რომლის ფიზიკური წართმევა შეუძლებელია ჩვენი ფიზიკური განადგურების ან სახელმწიფოებრიობის წაშლის გარეშე. ეს არის ჩვენი მდებარეობა და ამ გეოგრაფიული თუ გეოეკონომიკური ფაქტორის უფრო რაციონალური გამოყენება. იმისათვის, რომ საქართველოს გავლით მეტმა ტვირთმა იმოძრაოს, ქვეყანაში უნდა იყოს მაქსიმალური წესრიგი, არ უნდა იყოს ნეპოტიზმი თუ სხვა მსგავსი ფაქტორები, რათა უცხოელი ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლითა და აქ გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარებით.

რუსა მაჩაიძე