მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა, ევროთასების გვეშინოდეს? - კვირის პალიტრა

მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა, ევროთასების გვეშინოდეს?

"ტორპედო" ფსკერამდე ჩაი-ზირა

მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა. 39-დღიანი საფეხბურთო დღესასწაული, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ველოდით, უკვე ისტორიაა და მასზე, მინიმუმ, მომავალ "მუნდიალამდე" ვილაპარაკებთ... ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირა საღამოს გამართულ ფინალურ მატჩზე ვერაფერს ვიტყვით. ეს წერილი მსოფლიო ჩემპიონატს არც ეძღვნება - ქართული საკლუბო ფეხბურთის ტკბილ-მწარე ამბებზეა და რადგან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჯერაც ოცნებად გვაქვს, სანაკრებო მატჩებამდე კი ორი თვეა დარჩენილი, ევროთასებზე ქართული კლუბების გამოსვლა შევაფასოთ.

ქართულმა გუნდებმა ევროთასების წლევანდელი გათამაშების პირველი ეტაპი გასულ კვირაში დაასრულეს. ერთმა მართლაც დაამთავრა, დანარჩენმა სამმა ბეწვის ხიდით, მაგრამ მაინც გაიარა და რამდენიმე დღეში გაცილებით რთული გამოცდა ელით. სამწუხაროდ, ქუთაისის "ტორპედო" პირველივე ეტაპზე, თანაც სამარცხვინოდ ჩაი(ზ)ირა: ბაქოს "ზირამ", რომელმაც გასული სეზონი აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგის მეხუთე ადგილზე დაასრულა, ორი მატჩის ჯამში 6:0 დაამარცხა ქუთაისური კლუბი. რაც შეეხება სხვა ქართულ კლუბებს, "მრისხანე" მეტოქეებთან სამივეს გაუჭირდა (განმეორებითი მატჩი ვერც ერთმა ვერ მოიგო), მაგრამ პირველი ეტაპის გადალახვა მაინც მოახერხეს. კი ბატონო, კარგად (და მწარედ!) გვახსოვს, წინა წლებში ესეც სანატრელი გვქონდა ხოლმე, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ - წლევანდელი "პროგრესი" წილისწყრისა და მეტოქეების კლასის დამსახურება უფროა, ვიდრე ეროვნული ჩემპიონატისა თუ მისი ბინადრების გაძლიერების.

ჰოდა, რადგან ევროთასების წლევანდელ გათამაშებაში "ტორპედოს" ხსენება სხვა დროს აღარ მოგვიწევს, პირველ რიგში ქუთსისური კლუბის წვალებაზე ვთქვათ, მით უმეტეს, რომ სამარცხვინო წაგებას გაგრძელებაც ხმაურიანი მოჰყვა:

ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. სამწუხაროდ, "ტორპედოს" მხოლოდ ეს გამოუვიდა, თანაც... თავისიანების წინააღმდეგ. ჩვენი ფეხბურთელების ემოციებიც მხოლოდ ნამატჩევს ვნახეთ. "თამაშის" დროს კი... არც ბრძოლა, არც მონდომება, არც ხალისი... არ ვამბობთ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა კაპიტულაცია შეგნებულად გამოაცხადა, მაგრამ თუ მოინდომეს და ეს მათი მაქსიმუმია, ეს ცალკე უბედურებაა, ვინმეს "ჩასაძირად" გულზე ხელების დაკრეფა - მეორე უკიდურესობა: შეიძლება არ მოგწონდეს მწვრთნელი, კლუბის მფლობელი ან რომელიმე თანაგუნდელი, მაგრამ გულშემატკივარს, ქალაქს, ქვეყანას რას ერჩი, ღირსება, თავმოყვარეობა არა გაქვს, აზერბაიჯანის საშუალოზე დაბალი დონის გუნდთან 0:6, უბრძოლველად რომ მარცხდები?!

"შენგელია არენაზე" 0:3 წაგებულ მატჩში ყვითელი ბარათი "ტორპედოს" არც ერთ (!) ფეხბურთელს არ მიუღია. ამ "მცირე დეტალიდანაც" კარგად ჩანს, მასპინძლებმა როგორი მოტივაციით იბრძოლეს. ყველა ვხედავთ, რომ გერმანელ დირკ შუსტერსა და მის შეგირდებს ერთმანეთის არ ესმით. შეიძლება მწვრთნელი დაბალი დონის ან თავისნათქვამა იყოს, შეცდეს სათამაშო ტაქტიკის ან შემადგენლობის არჩევის დროს, მაგრამ მოედანზეც ის ხომ ვერ გავა?! ქართული მასშტაბით, ქუთაისის "ტორპედო" ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) წელგამართული კლუბია, ფეხბურთელებს ხელფას-პრემია არ აკლიათ და სამარცხვინო წაგებას "გაჭირვებას" ვერ დააბრალებენ. ლეგიონერს რა უნდა მოსთხოვო - საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი მართლაც ხელფასის ხათრით თუ ჩამოვა (იმიტომაც არის, ერთიმეორეზე უკეთესი ლეგიონერები რომ გვყავს!), მაგრამ ადგილობრივ გულშემატკივარს ქართველი მოთამაშეები ხომ მაინც იცნობენ? ქუთაისში ფეხბურთი განსაკუთრებულად რომ უყვართ, ახალი არავისთვის არის, ოღონდ ნაღდი გულშემატკივარი ქუთაისშიც ერთ აზრზეა, თბილისშიც და ბირმინგემშიც: ბოლომდე დაიხარჯე, დაარწმუნე, რომ პატივს სცემ კლუბის მაისურს, გულშემატკივარს, ქალაქს. თავდადებული ბრძოლა აჩვენე და ნებისმიერი ანგარიშით წაგებას გაპატიებს! სხვა შემთხვევაში კი არც ობსტრუქცია უნდა გაგიკვირდეს და არც გინება.

ჰოდა, მივადექით კიდეც ყველაზე უსიამოვნო თემას: გვესმის, რომ ასეთ დროს ემოციის მოთოკვა რთული საქმეა, მაგრამ ფაქტია - ძალიან ცუდი სანახავი იყო, როგორ აგინებდნენ ერთმანეთს "ტორპედოს" კაპიტანი ვლადიმერ მამუჩაშვილი და ტრიბუნეზე მყოფ(ნ)ი. ინციდენტი საფინალო სასტვენის შემდეგ დაიწყო (ტაიმებს შორის შელაპარაკება გულშემატკივარსა და კლუბის პრეზიდენტ დავით კერესელიძეს შორისაც მოხდა): მამუჩაშვილმა შეურაცხმყოფელი შეძახილ(ებ)ი ვერ მოითმინა (სხვა ვერსიით, შეაგინეს მისი ოჯახის წევრებს) და ქომაგებისკენ გინებით გაიწია. სპორტსმენის შეურაცხყოფა და გინება არც სწორია და არც გამოსავალი. სოციალურ ქსელში იმასაც წერენ, ფეხბურთელებს რას ერჩით, ყველაფერი მწვრთნელის და კლუბის პრეზიდენტის ბრალიაო. მწვრთნელს და მის მომყვანს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ კიდევ ვამბობ - მინდორზე მწვრთნელი გავიდეს? მოედნის თითოეული გოჯისთვის კლუბის პრეზიდენტმა იბრძოლოს? საკუთარ სტადიონზე მესამე (უპასუხო!) გოლის გაშვების შემდეგ ყვითელი ბარათი მწვრთნელმა მიიღოს, კლუბის მფლობელმა თუ სპონსორმა?!

ძალადობასა და შეურაცხყოფას გამართლება არა აქვს, მაგრამ სამარცხვინო ანგარიშითა და თამაშით წაგებული გუნდის კაპიტანსაც მეტი თავშეკავება მართებს.

საფეხბურთო კლუბი "ზირა" 2014 წლის ივლისში დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონობა კი მოასწრო, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევებითა თუ სიძლიერით ვერ დაიკვეხნის. აქვს პატარა, 1500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი და ნორმალური ბიუჯეტი (წლიურად დაახლოებით 5-6 მილიონი ევრო), კონფერენს-ლიგის წლევანდელ გათამაშებაში კი "თურანის" დისკვალიფიკაციის წყალობით მოხვდა. კლუბის რამდენიმე ლეგიონერს შორის ორი ქართველიც არის - დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი. მოკლედ, "ზირა" აზერბაიჯანული მასშტაბითაც კი საშუალო დონის გუნდია, თუმცა ჩვენთვის თავ-ზირას დასაცემად ესეც საკმარისი გამოდგა... ყველაზე მტკივნეული სწორედ ეს არის, თორემ ჩვენი კლუბებისგან წაგება ვის უკვირს?! პირიქით, ის უფრო გასაოცარია, ევროთასების მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამმა ქართულმა გუნდმა რომ გააღწია...

Why not (რატომაც არა)? დაწერა "ტორპედოს" ფეისბუქგვერდმა "ზირასთან" განმეორებითი მატჩის წინ. დიახ, რატომაც არა? საშუალო დონის აზერბაიჯანული კლუბისთვის კი არა, 3-4-ბურთიანი ჩამორჩენა ევროპული ფეხბურთის გრანდებისთვის გაუბათილებიათ, ოღონდ... რომ გაიმარჯვო, მოგება უნდა გინდოდეს, ბოლომდე უნდა დაიხარჯო და იბრძოლო. ქუთაისურ კლუბს კი მონდომების არაფერი ეტყობოდა, 25-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ კი გუნდი მთლიანად მოიშალა და გულშემატკივარი - აიშალა...

სხვათა შორის, "ზირას" სტადიონის ტრიბუნა 1500 მაყურებელს იტევს (ევროთასების მატჩებში სხვა სტადიონი სჭირდებათ), მსურველი კი ათჯერ მეტია. ჩვენთან პირიქით არის: 10, 20, 50-ათასიანი სტადიონები გვაქვს და... მეათედიც არ ივსება...

ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივარი არასდროს აკლდა. აზერბაიჯანში დამარცხების მიუხედავად, რამდენიმე ათასი ქომაგი განმეორებით მატჩსაც დაესწრო (უმეტესობა, ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობისა და მოთამაშეებისთვის "პატივის მისაგებად"), ოღონდ... თუ ასე გაგრძელდა, "შენგელია არენა" კარგა ხნით დაცარიელდება - პროტესტის ნიშნად "ჯუნგლები" (ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა გაერთიანება) ტრიბუნას ტოვებს. გაეცანით ნაწყვეტებს წერილიდან, რომელიც ქომაგთა გაერთიანებამ გაავრცელა:

"...პროტესტის ნიშნად, ტრიბუნა ერთი წლის წინაც დავტოვეთ. მაშინაც შუსტერის გაშვებას ვითხოვდით, მაგრამ პატივი ვეცით კლუბის ხელმძღვანელობის და კაპიტნის სიტყვას და დავბრუნდით. გვჯეროდა, რომ "ტორპედოს" ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა და ვითარება გამოსწორდებოდა.

დღეს, ერთი წლის შემდეგ, ვხედავთ, რომ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. "ტორპედო" არ ჰგავს გუნდს, რომელსაც ეს ქალაქი იმსახურებს. მოედანზე არ ჩანს იდეა, ტაქტიკა, ხასიათი, ბრძოლა, გუნდი ყოველ მატჩში ქაოსურად გამოიყურება.

..."ზირასთან" ორი მატჩის ჯამში 0:6 არის სირცხვილი, რომელიც თითოეულ ტორპედოელს გულში გვირტყამს! ორივე შეხვედრა ერთმანეთზე სამარცხვინო სანახავი იყო. გვეგონა, კლუბის ხელმძღვანელობა ამის შემდეგ მაინც მიიღებდა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისევ დუმილი.

...ამ მწვრთნელის ხელში "ტორპედოს" მომავალი განწირულია. ჩვენ ვტოვებთ ტრიბუნას იქამდე, სანამ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება. ერთ მხარეს შუსტერია, მეორე მხარეს კი "ტორპედოს" ფანები და ქუთაისი. სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული, როგორი იქნება გუნდის მომავალი", - ნათქვამია "ჯუნგლების"„წერილში. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა (შაბათის მდგომარეობით, კლუბი დატოვა რამდენიმე ლეგიონერმა, მთავარი მწვრთნელის შესაძლო ცვლილების შესახებ კი სიახლე არ გავრცელებულა). ერთი კი ცხადია: ყველა კლუბს სჭირდება მხარდაჭერაც, კრიტიკაც და პასუხისმგებლობის აღებაც.

რაც შეეხება დანარჩენ ქართულ კლუბებს: განმეორებითი შეხვედრები ვერც ერთმა ვერ მოიგო, მაგრამ რაც მთავარია, ბრძოლას სამივე აგრძელებს:

ესტონეთში 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ "იბერია 1999" განმეორებით შეხვედრაშიც უგებდა ტალინის "ფლორას", თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების უფლება მისცა და მომდევნო ეტაპის საგზური კინაღამ სათუოდ გაიხადა. სამშაბათს, ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ გუნდს გაცილებით ძლიერი და გამოცდილი მეტოქე ელის - სლოვაკური "სლოვანი".

განმეორებითი მატჩები სან-მარინოს და ლუქსემბურგის კლუბებთან წააგეს გორის "დილამ" და თბილისის "დინამომ". გორში 3:1 გამარჯვების შემდეგ "დილა" მეკარე დავით კერესელიძეს უნდა უმადლოდეს, სან-მარინოში მეორე გოლი რომ არ გაუშვა... რაც შეეხება თემურ ქეცბაიას "დინამოს", უპირატესობის მიუხედავად, თბილისური კლუბი 86-ზე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა ლუქსემბურგის "მონდორფთან" და უსუსტესი მეტოქის გატეხა მხოლოდ დამატებით დროში, 111-ე წუთზე ნინუას გატანილი პენალტით შეძლო. მატჩის ნათელი წერტილი იყო ხვიჩას უმცროსი ძმა - თორნიკე კვარაცხელია. 16 წლის ფეხბურთელი მოედანზე მატჩის 56-ე წუთზე გამოჩნდა, მალევე პენალტიც მოიპოვა და თავი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური თამაშით დაგვამახსოვრა.

მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა, მაგრამ საფეხბურთო სეზონი გრძელდება და იმედია, ევროთასებზე საუბარი აგვისტოშიც მოგვიწევს. ეს კი მომავალი მატჩების განრიგი:

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

21 ივლისი, სამშაბათი:

იბერია 1999 - სლოვანი (ბრატისლავა, სლოვაკეთი) 20:00.

საპასუხო მატჩი 29 ივლისს.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

23 ივლისი, ხუთშაბათი

დინამო (თბ) - ჟალგირისი (ვილნიუსი, ლიეტუვა) 21:00

დილა - აპოლონი (ლიმასოლი, კვიპროსი) 21:00

საპასუხო მატჩები 30 ივლისს.