"მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ყოველთვის საუკეთესო გუნდის გამოვლენის ტურნირი“ - კვირის პალიტრა

"მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ყოველთვის საუკეთესო გუნდის გამოვლენის ტურნირი“

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მიწურულს აწ უკვე ჩავლილი ტურნირი შეაფასა ჟურნალისტმა და სპორტულმა კომენტატორმა ბიძინა ბარათაშვილმა.

- ტურნირი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ჯობია მინუსებით დავიწყოთ. შეჩერებები ტაიმში ერთხელ წყლის დასალევად აშკარად ზედმეტი იყო. ჯობდა ეთქვათ სარეკლამო, სატელევიზიო პაუზა. გარდა ამისა, ამ სამ ქვეყანაში, აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ჰავით, ტემპერატურით, ზღვის დონიდან განსხვავებულ პირობებში ჩემპიონატის ჩატარება ძალიან სარისკოა, რადგან აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს გუნდებს. გარდა ამისა, იოლად ფიტავს მონაწილეთა ძალებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაიზარდა რაოდენობა, ბუნებრივია, გაიზრდებოდა გუნდების თამაშების რაოდენობაც იმ ნაკრებებისთვის, რომლებიც ბოლომდე აპირებენ ბრძოლას და ფინალამდე მიდიან. საბოლოო ჯამში ამ ოთხეულს, რომელიც ნახევარფინალებში გავიდა, ფინალის თუ მესამე ადგილის შეხვედრის ჩათვლით, რვა-რვა მატჩის ჩატარება უწევთ, ანუ ერთით მეტის, ვიდრე წინა შემთხვევებში. როდესაც ასეთი დისტანციაა გასავლელი ქვეყნებს შორის, ყოველ ნიუანსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ყოველთვის საუკეთესო გუნდის გამოვლენის ტურნირი. აქ ვლინდება ის გუნდი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ ერთ თვეში არის საუკეთესო ფორმაში. ამიტომაც, როდესაც საუბრობენ და წერენ განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატების შესახებ, მე ჩემს კოლეგებს ვურჩევ ხოლმე (თუმცა ჯერჯერობით ეს არავინ გაითვალისწინა) ასეც დაწერონ, რათა შეიქმნას ობიექტური სურათი ოთხწლეულის სრული მიმოხილვითა და ანალიზით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ბევრი მოულოდნელი შედეგი ვნახეთ?

- ხშირად ხდება, ვიღაც არის ფავორიტი, რომელიმე ძალიან დომინანტი ნაკრები, მაგრამ შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ტურნირი ტარდება, თავისი შესაძლებლობების მთლად პიკზე არ იყოს. ბევრჯერ მსოფლიო ჩემპიონი გამხდარა ქვეყანა, რომელიც შეიძლებოდა სხვა შემთხვევაში არ ყოფილიყო ძლიერი. რაც შეეხება მიმდინარე ჩემპიონატს, განსაკუთებით პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ამ გარემო პირობებისთვის უკეთ მომზადებული იყვნენ აფრიკული გუნდები - 10 მონაწილიდან 9 გავიდა ჯგუფური ეტაპიდან მეორე ეტაპზე, პლეი-ოფში მოხვდა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ამის მთავარი მიზეზი იყო არა აფრიკული გუნდების განსაკუთრებული ზრდა ამ ორი ჩემპიონატის შუალედში, არამედ სწორედ გარემო პირობებთან უკეთესი შეგუება, სიცხესთან, მომატებულ ტენიანობასთან და ა.შ. ეს ნათელი გახდა პლეი-ოფის ეტაპზე, როდესაც ყველა აფრიკული გუნდი პანტაპუნტით გავარდა ტურნირის მეორე ეტაპიდან და ადგილი დაუთმო ტრადიციულ გუნდებს. ესეც იმ მინუსების გამოძახილია, როდესაც გუნდი დღეს თამაშობს ისეთ ლოკაციაზე, სადაც გაუთავებელი წვიმაა, ხვალ კი მიდის მაღალმთიან მეხიკოში, სადაც ალპური ზონაა, მერე მიდის მაიამიში, სადაც შეიძლება დაიხრჩოს ადამიანი.

სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს იმ ნაკრებებმა, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ ტურნირზე. ქულები აიღეს ისეთმა ნაკრებებმა, როგორებიც არიან, მაგალითად, კიურასაო, რომელმაც ეკვადროს წაართვა ქულები; კაბო-ვერდე, რომელიც საერთოდ გავიდა ჯგუფიდან და ჯგუფში ჩატოვა ორგზის გამარჯვებული ურუგვაი. ასევე არ წააგეს ესპანეთთან და სისხლი გაუშრეს არგენტინას. დებიუტანტისთვის, თანაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა კაბო-ვერდე, ეს მართლაც დიდებული შედეგია. ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ ფეხბურთი ვითარდება, შედის ისეთ რეგიონებში, სადაც აქამდე დიდად თავი არ ჰქონდათ მოსაწონი.

მოულოდნელობა იყო გერმანიისა და ნიდერლანდების გამოვარდნა პლეი-ოფების პირველივე ეტაპზე; პორტუგალიამ, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, ორი ფრე ითამაშა და ამის გამო გადავარდა სატურნირო ბადის ისეთ მხარეს, სადაც მას არავინ ელოდა და ჩაიშალა ის ნავარაუდევი მესი-რონალდოს ფინალი, რაც რეალური ჩანდა ტურნირის დასაწყისში; ურუგვაიზე საერთოდ ვერაფერს ვიტყვი, ის ჯგუფის გამარჯვებულად თუ არა, მეორე ადგილის 100%-იან მფლობელად განიხილებოდა. ამ ყველაფრის ფონზე მათ, ვისაც ფეხბურთი არ ესმის და მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ უყურებს მსოფლიო ჩემპიონატს, გააჩინეს კონსპირაციული თეორიები და შეთქმულებები, ნახეთ, არგენტინას როგორი მარტივი გზა აქვს, ან როგორ ეხმარებიან არგენტინის ნაკრებსო და ა.შ ამის კონტრარგუმენტი ის არის, რომ როდესაც წილისყრა ჩატარდა, ჩანდა, არგენტინას პირველი მეტოქე პლეი-ოფში უნდა ჰყოლოდა ურუგვაი, რომელიც არგენტინისთვის არასასურველი მეტოქეა და წინა მათი დაპირისპირებების გამოცდილებაც ამას მოწმობს. ბოლო ორი არგენტინაში ჩატარებული `კოპა-ამერიკაც" ურუგვაიმ მოიგო, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა და გავიდა კაბო-ვერდე და ეს არგენტინის ბრალია თუ ურუგვაის? ვერც ვერავინ იტყვის, რომ დაჩაგრეს ურუგვაი რომელიმე თამაშში... მეორე ეტაპზე ასევე უნდა გასულიყო თურქეთის ნაკრებიც, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. თურქეთის ძალა ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, როდესაც ვეთამაშეთ, ორივე თამაში მოგვიგო. მიუხედავად ჩვენი ამბიციებისა, მაშინ არ ჩანდა თურქეთი ასეთი უსუსური ნაკრები, როგორადაც გამოჩნდნენ ამერიკულ სტადიონებზე.

შემდეგ არგენტინას უნდა შეხვედროდა ან ინგლისი, ან ბრაზილია. საბოლოოდ ინგლისს არგენტინა შეხვდა და დაამარცხა კიდეც. ბრაზილია რომ გავარდა ნორვეგიასთან, ეს ვისი ბრალია? ალბათ, ბრაზილიის, ვიდრე უფრო არგენტინის? შესაბამისად, ასეთი დილეტანტური საუბრები, არგენტინას ეხმარებიანო, და მსგავსი კომენტარები, ჩემი აზრით, ფეხბურთში ნაკლებად ჩახედულ ხალხს ახასიათებს. მოეგო თუნდაც პორტუგალიას თავისი მატჩები და მოხვდებოდა ისეთ სატურნირო ბადეში, რომელიც, ალბათ, უფრო მეტად აწყობდა. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება და Oოთხი ისეთი ნახევარფინალისტი გავიდა, რომ რეიტინგიც ზურგს უმაგრებდა მათ გასვლას და სავსებით ლოგიკური შედეგიც მივიღეთ - ის ოთხი გუნდი გავიდა იქ, სადაც მათ ელოდნენ სპეციალისტები. ნახევარფინალები ჩემთვის ოდნავ გასაკვირი იყო, რადგან არ ველოდი, თუ ესპანეთი ასე იოლად მოუგებდა საფრანგეთს. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ საფრანგეთს არ შეხვედრია თავისი დონის ნაკრები, როგორიც გამოდგა ესპანეთი. საფრანგეთის ნაკრების პრობლემები ძალიან მარტივად გამოჩნდა ესპანელების წინააღმდეგ. საფრანგეთმა დაამარცხა სუსტი შვედეთის ნაკრები, შემდეგ ეთამაშა ნორვეგიას, რომელმაც თავისი საუკეთესო მოთამაშეები დაასვენა და 4:1 დათმო, ერაყი კი საზომად ვერ გამოდგება. შეგვიძლია ვახსენოთ პარაგვაელები, რომლებიც ძალიან უხეშები იყვნენ და შეიძლებოდა წითელ ბარათზე დაფიქრება, მაგრამ იქაც გამოჩნდა ფრანგების სუსტი წერტილები, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა განსხვავება იყო კლასში.

ინგლისმა კი პირწმინდად წააგო ნახევარფინალი საკუთარი მწვრთნელის გამო. გუნდი, რომელსაც ერთი ბურთით წინ გასვლის შემდეგ მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში 12% ჰქონდა ბურთის ფლობა არგენტინელების 88%-ის წინააღმდეგ, გუნდი რომ ბურთის ფლობის თანაფარდობას ასე დათმობს, მგონი, აღარაა საჭირო რაიმე მიზეზების ძებნა, თუ რატომ წააგო ასეთმა ნაკრებმა თამაში ბოლო 10 წუთში, თანაც არგენტინამ ორჯერ ძელს გაარტყა, პიკფორდიც მოწოდების სიმაღლეზე იყო, ინგლისს ნორმალური შანსი არ ჰქონია 90 წუთის განმავლობაში. პირველი გოლიც მოლინას შეცდომიდან იყო გატანილი, მაგრამ ფაქტია, ანგარიში გაიხსნა. შემდეგ როგორც იმოქმედა ინგლისმა, რა თქმა უნდა, დასჯადია, მით უმეტეს ისეთი `ქუჩის მებრძოლებით" დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ, როგორიც არგენტინაა, რომელმაც სისხლი თუ დაინახა, გადაუვლის ნებისმიერ გუნდს. საბოლოო ჯამში ნახევარფინალების ბედი ესპანეთისა და არგენტინის ტაქტიკურმა განსწავლულობამ გადაწყვიტა.

- თქვენი აზრით, გახდება მესი პირველი ფეხბურთელი, რომელიც მესამედ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს?

- მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ამ 40 წელს მიღწეულმა ფენომენმა უკვე დაიმსახურა. მან დაამხო 50-მდე რეკორდი ამ მსოფლიო პირველობაზე. ადამიანს, რომელიც ვერ აანალიზებს, თუ რას ნიშნავს 39 წლის ფეხბურთელის ასეთ დონეზე თამაში, 8 გოლის გატანა, ამდენი საგოლე მომენტის შექმნა, ამ ყველაფრის დანახვა თუ არ შეუძლია და მხოლოდ იმაზეა ჩასაფრებული, რომ როგორმე წააგოს, მაშინ მას ფეხბურთი არ უყვარს. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ესაუბრო რაიმე ლოგიკაზე?

„სანამ ვიღაცას გააკრიტიკებ, ჯობს, დაფიქრდე და შეხედო სიტუაციას გლობალურ ჭრილში“

დღეს ცირკულირებს ასეთი მოსაზრება, რატომ ხართ გაგიჟებულები ამ ნაკრებებზე, წადით და უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებსო. ეს არის ის ხალხი, რომელიც ვერ ერკვევა ფეხბურთში და რომელმაც ფეხბურთის ყურება ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩვენი ეროვნული ნაკრების ამბიციური თაობის წყალობით დაიწყო. მათ არც ახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ არ გვყავდა ეროვნული ნაკრები. კი, საქართველოს წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ იმ ნაკრებშიც, მაგრამ მას არ ერქვა საქართველოს ეროვნული ნაკრები. ამ დროისთვის ჩვენ გემოვნება უკვე ჩამოყალიბებული გვქონდა - ზოგი არგენტინის გულშემატკივარი იყო, ზოგი ბრაზილიის, ზოგიც კი გერმანიისა და იმ ქვეყნების, ვინც მაშინ კარნახობდა ფეხბურთის ტენდენციებს. შესაბამისად, სანამ ვიღაცას გააკრიტიკებ, ჯობს, დაფიქრდე და შეხედო სიტუაციას გლობალურ ჭრილში. ჩემდა სამწუხაროდ, ჩემთვის დღეს ძალიან რთულია ქართული ფეხბურთის ქომაგობა. შეხედეთ, საკლუბო დონეზე რა ხდება - მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად დაიწყო ევროტურნირების შესარჩევები და ჩვენი გუნდების საპირისპიროდ იყვნენ ლუქსემბურგის, სან-მარინოსა და ესტონეთის გუნდები. რვა შეხვედრიდან სამი მოიგეს ქართულმა გუნდებმა, ერთი ფრედ ითამაშეს და ოთხი წააგეს. ამ პირობებიდან გამომდინარე სურს ხალხს საფეხბურთო გემოვნება გაიზარდოს ამ მატჩების შემხედვარე და ამას უქომაგონ დამწყებმა ფეხბურთელებმა? მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ არის გარკვეული გამონათებები და ეს დაგვანახა უმცროსმა კვარაცხელიამაც. ეს ნიჭი მათი გენიდან მოდის, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ველოდებით იმ დროს, როდესაც უმცროს კვარაცხელიასაც ვინმე დიდი ევროპული გუნდი წაიყვანს. თუ დარჩება აქ, კარგ შემთხვევაში წელიწადში ერთხელ ითამაშებს სან-მარინოსა და ლუქსემბურგის დონის გუნდებთან და გაუხარდება ფრედ დამთავრებული მატჩი ჯუჯა სახელმწიფოს გუნდთან. ასეთ შემთხვევაში პროგრესი ვერ იქნება, რად უნდა ამას ფილოსოფია? თუ პრობლემას ვერ აღმოვაჩენთ და არ დავიწყებთ მის აღმოფხვრას, მუდმივად დავრჩებით საკუთარი თავის მომტყუებლებად და ვიქნებით ილუზიებში.

ნიკოლოზ თევდორაშვილი