„დიახ, სტიქიური კატასტროფების რისკი გაიზარდა და ...“ - ნინო ჩხობაძის პროგნოზი: როდის და სად დაგვარტყამს სტიქია?! - კვირის პალიტრა

„დიახ, სტიქიური კატასტროფების რისკი გაიზარდა და ...“ - ნინო ჩხობაძის პროგნოზი: როდის და სად დაგვარტყამს სტიქია?!

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სტიქიური მოვლენები სულ უფრო ხშირი და მასშტაბური ხდება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არაერთმა მძიმე სტიქიამ შეუტია - თელავსა და ლაგოდეხში ღვარცოფებმა და წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა და სახლები, თბილისში სეტყვამ და უხვმა ნალექმა ქუჩები დატბორა, ქვემო ქართლში სტიქიამ ფერმერებს თითქმის მთლიანად გაუნადგურა მოსავალი. რატომ გახშირდა სტიქიური მოვლენები, რამდენად არის ეს კლიმატის ცვლილების შედეგი და მზად არის თუ არა საქართველო საფრთხეების სამართავად, ამ საკითხებზე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.

- ეს მოვლენები პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილებას. უცხოელი და ქართველი მეცნიერები, გარემოსდაცვითი ექსპერტები უკვე მრავალი წელია ამბობენ, რომ გლობალური დათბობის ფონზე სტიქიური კატასტროფები და მათთან დაკავშირებული რისკები გაიზრდება. სწორედ ამ პროცესების შედეგებს ვაკვირდებით დღეს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შოვის ტრაგედიის შემდეგ კავკასიონის რეგიონში არაერთი საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა. გამოვლინდა 47 მუნიციპალიტეტი, სადაც სხვადასხვა სახის ბუნებრივი საფრთხეები არსებობს. ლაპარაკია შვიდ ძირითად საფრთხეზე, რის საფუძველზეც გამოიკვეთა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებს ემუქრება. კლიმატის ცვლილების გამო სტიქიური მოვლენები შესაძლოა ნებისმიერ სხვა რეგიონშიც განვითარდეს. განსაკუთრებით მაღალრისკიანია მთიანი რეგიონები, სადაც მეწყრები, ღვარცოფები და წყალმოვარდნები ხშირია. საქართველოს მთის მდინარეების უმეტესობა ღვარცოფულია, ამიტომ მათი გააქტიურების საფრთხე ყოველთვის არის. თუ ადრე წყალდიდობები უფრო სეზონური იყო, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება სწორედ ის არის, რომ ასეთი მოვლენები სულ უფრო ხშირად არასეზონურად და ატიპურ პერიოდში ვითარდება. ამას ემატება მყინვარების ინტენსიური დნობაც. ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საბოლოოდ ზრდის სტიქიური მოვლენების განვითარების ალბათობას. შესაბამისად, ექსტრემალური ამინდები მალე ჩვენი რეალობის ნაწილი გახდება.

- თუ არის ქვეყანა მზად სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის და რა არის დღეს ყველაზე სუსტი რგოლი?

- განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეული გაფრთხილების სისტემების ეფექტიან მუშაობას, მოსახლეობის დროულ ინფორმირებას და ხელისუფლების მზადყოფნას, რათა შესაძლო ზარალი და ადამიანური მსხვერპლი მაქსიმალურად შემცირდეს. ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენი მიდგომაა - მოქმედებას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, როდესაც სტიქია უკვე მოხდება. არადა, მთავარი სწორედ პრევენციაა. სახელმწიფომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაზე მუშაობა დაიწყო. მზადდება გეგმები, რომლებშიც კონკრეტული ღონისძიებები და პასუხისმგებლობები იქნება გაწერილი. პარალელურად, ვითარდება ადრეული გაფრთხილების სისტემებიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია დარიალის ხეობა, დევდორაკის მყინვარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დამონტაჟებულია ადრეული გაფრთხილების სისტემა. როდესაც მყინვარული პროცესები აქტიურდება ან ღვარცოფის საფრთხე ჩნდება, სისტემა ავტომატურად უშვებს სიგნალს, რაც დროული რეაგირების შესაძლებლობას იძლევა და ადამიანების უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ზრდის. ასეთი სისტემების დამონტაჟება ქვეყნის ყველა წერტილში პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა აუცილებელია, რომ ისინი არსებობდეს მაღალი რისკის ზონებში. მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მხოლოდ ტექნიკური სისტემები საკმარისი არ არის. აუცილებელია მუნიციპალიტეტებს ჰყავდეთ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმები ეფექტიანად მუშაობდეს. ამის ნათელი მაგალითია ნერგეეთის ტრაგედია. მოსახლეობა რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაურ ხმებზე საუბრობდა, რაც შესაძლოა მეწყრული პროცესების დაწყებაზე მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, პირველადი დათვალიერების შემდეგ ითქვა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალურ შეფასებას, რადგან ყველა საფრთხე ვიზუალურად არ ჩანს. საქართველოში ამ სფეროს სპეციალისტები არ გვყავს. სწორედ ამიტომ აუცილებელია განათლებისა და პროფესიული მომზადების გაძლიერება.

- თელავში სტიქიის შემდეგ გაირკვა, რომ საფრთხის შესახებ სპეციალისტები ლაპარაკობდნენ, შესაბამის უწყებებს რეკომენდაციებიც ჰქონდათ მიღებული.

- თელავისხევი ყოველთვის მიიჩნეოდა ღვარცოფულ ხევად, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაცია იყო მასზე მუდმივი მონიტორინგი და კალაპოტის რეგულარულად გაწმენდა. ასეთი სამუშაოები ხუთ წელიწადში ერთხელ არ არის საკმარისი, მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კალაპოტის გაწმენდა ყოველწლიურად არის საჭირო. ეს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის. მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ადგილობრივ თვითმმართველობასაც, რომელმაც მუდმივი დაკვირვება უნდა უზრუნველყოს და პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. იყო პრობლემები სივრცით დაგეგმარებაშიც. გარდა იმისა, რომ მაღალი რისკის ზონებში მშენებლობა დააჩქარეს, დამცავი ჯებირები გამოიყენეს ფუნდამენტად. თელავისხევის ღვარცოფული ხასიათი ახალი ამბავი არ არის. 1977 წელს თელავში ძალიან მძიმე სტიქიური მოვლენა განვითარდა, მსგავსი შემთხვევები კი უფრო ადრეც, გასული საუკუნის 40-იან წლებში იყო. როდესაც ცნობილია, რომ კონკრეტული ტერიტორია მაღალი რისკის ზონაა, მზადყოფნა მუდმივი უნდა იყოს. კანონმდებლობაც ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს, ჰქონდეთ საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები, თუმცა ასეთი დოკუმენტები მხოლოდ ფორმალური არ უნდა იყოს, რეალურად უნდა ეფუძნებოდეს რისკების შეფასებას, სწორ სივრცით დაგეგმარებასა და პრევენციულ ღონისძიებებს.

ადამიანებს გვახასიათებს ზერელე დამოკიდებულება, ვიცით, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ გვგონია, ეს დღეს ან ხვალ არ მოხდება. ვერავინ იტყვის, როდის განვითარდება კონკრეტული სტიქიური მოვლენა. არავინ იცოდა, რომ მდინარე ვერე მაინცდამაინც 2015 წლის 13 ივნისს ადიდდებოდა, თუმცა ვერეს ხეობაში საფრთხეების შესაძლებლობაზე სპეციალისტებისთვის ცნობილი იყო. მსგავსი შემთხვევები იქ გასული საუკუნის 70-იან წლებშიც დაფიქსირდა.

- საქართველოს რომელ მდინარეებსა და ხეობებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- საქართველოში თითქმის ყველა მდინარე ღვარცოფულია. გამონაკლისი არც თბილისია. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ისეთ ხეობებსა და მდინარეებს, როგორიცაა დიღმულა, გლდანულა და კრწანისისხევი. ეს არ ნიშნავს, რომ სტიქიური მოვლენა აუცილებლად განვითარდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს ტერიტორიები მაღალი რისკის ზონებია.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა სერიოზული რისკები შექმნას ამ მდინარეებიდან ინერტული მასალის ამოღებამ?

- უკონტროლო ან გადაჭარბებულმა მოპოვებამ შესაძლოა მდინარის ბუნებრივი რეჟიმი დაარღვიოს, შეცვალოს კალაპოტი და სტიქიური პროცესების განვითარების რისკი გაზარდოს. მსგავსი პრობლემები არაერთ რეგიონში გამოვლინდა. მდინარე მხოლოდ წყლის ნაკადი არ არის, ეს ცოცხალი ბუნებრივი სისტემაა, რომელიც დროთა განმავლობაში ბუნებრივად იცვლის კალაპოტს. სწორედ ამიტომ მდინარის სანაპირო ზოლები და ჭალები მაქსიმალურად თავისუფალი უნდა დარჩეს, რათა ძლიერი წყალმოვარდნისას წყალს ბუნებრივი გავრცელების სივრცე ჰქონდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიზისების მართვის ეფექტიანი სისტემა. ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდებოდეს როგორც შესაბამის სამსახურებს, ისე მოსახლეობას. გაფრთხილების სისტემა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტიანი, თუ მას სწრაფი რეაგირება და მოსახლეობის სათანადო ინფორმირება მოჰყვება.

ხათუნა ბახტურიძე