სუნთქვა მეტალის ცილინდრში – "რკინის ფილტვის" ეპოქა
როდესაც 2026 წლის ივლისში გავრცელდა ცნობა მარტა ლილარდის გარდაცვალების შესახებ, ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობილი ამერიკელის, რომელიც "რკინის ფილტვს" იყენებდა, თითქოს მედიცინის ისტორიაში ერთი ეპოქის ცოცხალი მემატიანეც გაქრა. მისი გარდაცვალებით დასრულდა ისტორიის კიდევ ერთი თავი იმ ტექნოლოგიისა, რომელმაც გასული საუკუნის შუახანებში ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
მარტა ლილარდი 5 წლის იყო, როდესაც პოლიომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადებამ მისი სუნთქვის კუნთები ძლიერ დააზიანა. მისი სუნთქვის ფუნქცია მნიშვნელოვნად იყო დაქვეითებული, ფილტვები ნორმალური შესაძლებლობის დაახლოებით 25 პროცენტით მუშაობდა. მარტას სიცოცხლის შესანარჩუნებლად "რკინის ფილტვი" (Iron Lung) დასჭირდა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ გოგონა 20 წლამდე ვერ იცოცხლებდა, თუმცა მან ამ მოწყობილობასთან ერთად 78 წლამდე იცოცხლა.
პოლიომიელიტი და მედიცინა გამოსავლის ძიებაში
ერთ დროს პოლიომიელიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლებოდა. ყოველწლიური ეპიდემიები ათასობით ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების, პარალიზებას იწვევდა. პოლიოვირუსი მეცნიერებმა 1908 წელს აღმოაჩინეს. 1916 წელს, როდესაც პოლიომიელიტის მასშტაბურმა ეპიდემიამ ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა, აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა მწუხარებით განაცხადა: "პოლიომიელიტისთვის დადასტურებული ეფექტური სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს".
სიმპტომური პაციენტების დაახლოებით 1%-ს უვითარდება დაავადების მძიმე ფორმა, რომელიც ხანგრძლივ ან მუდმივ დაზიანებას იწვევს. იშვიათ შემთხვევაში, პოლიომიელიტი ხელებისა და ფეხების კუნთების მუდმივ დამბლას იწვევდა. ასეთ პაციენტებს არა მხოლოდ სუნთქვა უჭირდათ, არამედ დაავადების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებაც. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ამ დაავადებით ინფიცირებული ბავშვების 2-5%, ხოლო მოზრდილების 10-20% იღუპებოდა.
ვაქცინების შექმნამდე პოლიომიელიტის ეპიდემიები სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა როგორც ექიმებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები ხშირად კარანტინს აწესებდნენ და ინფიცირებული ადამიანების სახლების კარებზე სპეციალურ გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებდნენ, მიუხედავად ამისა, პოლიომიელიტი მაინც ვრცელდებოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკაში დაავადების რამდენიმე დიდი ეპიდემია დაფიქსირდა.

ცხოვრება "რკინის ფილტვთან" ერთად
"რკინის ფილტვის" შესახებ საინტერესო ცნობებს ინახავენ ამ მოწყობილობის მომხმარებლები. მაგალითად, ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი მარკ ო ბრაიენი მოგონებებში წერს, რომ ექვსი წლის იყო, როდესაც მუცლის არეში მწვავე ტკივილმა გამოაღვიძა. საავადმყოფოში გადაყვანისა და 30-დღიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ გააცნობიერა, რომ "უცნაურ აპარატში" იყო მოთავსებული. ო ბრაიენის აღწერით, "რკინის ფილტვი" დაახლოებით 650 გირვანქას იწონიდა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები პარალიზებული იყვნენ, დამცავ მეტალის კორპუსში მოთავსების შემდეგ ისინი სხეულის ფუნქციებს სრულიად სხვაგვარად აცნობიერებდნენ. მათ თავიდან უნდა ესწავლათ ცხოვრების ყველაზე მარტივი მოქმედებები - სუნთქვა, ჭამა და საუბარი.
"რკინის ფილტვში" მოთავსება ბევრისთვის დამაბნეველი და საშიში გამოცდილება იყო. ბევრ პაციენტს ძლიერი ტკივილიც აწუხებდა. აპარატში ცხოვრება რთული იყო როგორც პაციენტებისთვის, ისე მომვლელებისთვის. საჭირო იყო სისხლის გადასხმა; ვენაში საკვები ხსნარების შეყვანა; კათეტერების ჩასმა და შეცვლა; სხეულისა და აპარატის მუდმივი კონტროლი. ექიმებსა და მომვლელებს პატარა ღიობებიდან უწევდათ პაციენტების ყოველდღიური დახმარება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პაციენტებისთვის მოწყენილობა იყო. ზოგჯერ მათ თავთან სარკეს ამაგრებდნენ, რათა გარშემო მიმდინარე მოვლენები დაენახათ. მიუხედავად სირთულეებისა, პაციენტები მაინც ახერხებდნენ ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას.
მარტა ლილიარდი თავდაპირველად სკოლაში დღეში მხოლოდ ორი საათით დადიოდა, დანარჩენ დროს კი შინ მასწავლებლები ამეცადინებდნენ. სწავლობდა სატელეფონო სისტემის მეშვეობითაც - საკლასო ოთახებში დამონტაჟებული ინტერკომით მასწავლებლებსა და თანაკლასელებს ესაუბრებოდა. მარტა მოგზაურობდა კიდეც, ერთხანს მანქანასაც მართავდა, ცოტა ხანს მარტოც ცხოვრობდა და საკვებსაც თავად ამზადებდა. ლილიარდის უმცროსი და ამბობს, რომ მარტას გარდაცვალება COVID-19-ის შედეგებმა გამოიწვია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ის სახლიდან ვეღარ გადიოდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი თითქმის 24 საათს "რკინის ფილტვში" ატარებდა.
"რკინის ფილტვის" გამოყენების მიუხედავად, განათლების მიღება შეძლო პოლ ალექსანდერმაც, რომელიც 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი, გახდა პრაქტიკოსი იურისტი და საკუთარი გამოცდილების შესახებ მემუარებიც გამოაქვეყნა. ალექსანდერი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ადამიანი, რომელმაც "რკინის ფილტვში" ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გაატარა.

ვაქცინა - პოლიომიელიტთან ბრძოლის ახალი მეთოდები
"რკინის ფილტვის" ეპოქის დასასრული მნიშვნელოვნად დააჩქარა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნამ და დაავადების გავრცელების შემცირებამ. XX საუკუნის პირველ ნახევარში მკვლევრები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ: ინაქტივირებულ (მოკლულ) ვირუსზე და ცოცხალ, დასუსტებულ ვირუსზე დაფუძნებული ვაქცინების შექმნაზე.
1954 წელს ჩატარდა იონას სალკის მიერ შექმნილი ინაქტივირებული ვაქცინის ფართომასშტაბიანი გამოცდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო კვლევა იყო იმ დროისთვის. მასში ასიათასობით ბავშვი მონაწილეობდა. მშობლები აქტიურად რთავდნენ შვილებს კვლევაში, რადგან ვაქცინაციისგან შესაძლო რისკი დაავადების მძიმე შედეგებთან შედარებით გაცილებით მცირე იყო.
ამავე პერიოდში ალბერტ საბინმა შექმნა ცოცხალ, დასუსტებულ ვირუსზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელსაც ადამიანები ყლაპავდნენ. მისი გამოყენება უფრო მარტივი იყო, რამაც ხელი შეუწყო ვაქცინაციის ფართო გავრცელებას. საბინის ვაქცინას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა - მას შეეძლო მოსახლეობაში ფართო დამცავი ეფექტის, ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გაძლიერება. საბინის ვაქცინის გამოცდა ჩატარდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საბჭოთა კავშირსა და მაშინდელ ბელგიურ კონგოში (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია), სადაც პოლიომიელიტის საფრთხე კვლავ მაღალი იყო. საბინის ვაქცინის წარმატების შემდეგ ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენებოდა. თუმცა იშვიათ შემთხვევებში დასუსტებულ ვირუსს დაავადების გამოწვევა კვლავ შეეძლო. ამიტომ 1999 წელს შეერთებულმა შტატებმა ამ ვაქცინის გამოყენება შეწყვიტა და კვლავ ინაქტივირებულ, სალკის ვაქცინაზე გადავიდა.
ვაქცინაციის წყალობით პოლიომიელიტი დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თითქმის სრულად აღმოფხვრილია. მიუხედავად ამისა, დაავადების საბოლოოდ გაქრობისთვის საერთაშორისო ბრძოლა კვლავ გრძელდება, რადგან ვირუსის არსებობა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვისაც ქმნის საფრთხეს. დღესაც ვაქცინაცია პოლიომიელიტის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საშუალებაა და გვახსენებს, რომ დაავადების სრულად აღმოფხვრა მხოლოდ ფართო იმუნიზაციით არის შესაძლებელი.
"რკინის ფილტვის" შექმნა
1920-იანი წლების ბოლოს არსებული ხელოვნური სუნთქვის მეთოდები პრობლემური იყო. პრობლემა ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ფილიპ დრინკერმა და ფიზიოლოგმა ლუის აგასიზ შოუმ გადაწყვიტეს. მათ განსხვავებული მიდგომა შეიმუშავეს: შექმნეს ტანკური რესპირატორი, რომელსაც მოგვიანებით "რკინის ფილტვი" (Iრონ Lუნგ) უწოდეს. აპარატი მუშაობდა უარყოფითი წნევის პრინციპით. ელექტროძრავით მოქმედი ტუმბო ცილინდრის შიგნით ჰაერის წნევას პერიოდულად ცვლიდა. როდესაც წნევა მცირდებოდა, გულმკერდი ფართოვდებოდა და ჰაერი ფილტვებში შედიოდა; როდესაც წნევა იზრდებოდა, ჰაერი ფილტვებიდან გამოდიოდა. ამ გზით მოწყობილობა ადამიანის ბუნებრივი სუნთქვის მოძრაობას ჰბაძავდა.
პაციენტები ასეთ აპარატში, როგორც წესი, ერთიდან ორ კვირამდე რჩებოდნენ და მხოლოდ მაშინ ტოვებდნენ, როცა დამოუკიდებლად სუნთქვას შეძლებდნენ. პირველად "რკინის ფილტვი" 1928 წელს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში გამოიყენეს რვა წლის ბერტა რიჩარდის დასახმარებლად, რომელსაც პოლიომიელიტის გამო სუნთქვის მძიმე უკმარისობა ჰქონდა. მიუხედავად მცდელობისა, მოწყობილობამ მისი სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე დღით გახანგრძლივება შეძლო, თუმცა ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი ჰქონდა.
"რკინის ფილტვი" დიდი, ჰერმეტულად დახურული მეტალის ცილინდრი იყო. პაციენტის სხეულის დიდი ნაწილი კამერის შიგნით თავსდებოდა, ხოლო გარეთ მხოლოდ თავი რჩებოდა. კისრის გარშემო სპეციალური რეზინის საყელო ჰაერის გაჟონვას ხელს უშლიდა. მოწყობილობის ბოლოში დამონტაჟებული ტუმბოები ცილინდრში ჰაერის წნევას ცვლიდა - ეს მექანიზმი გულმკერდს მოძრაობას აიძულებდა და ადამიანს სუნთქვაში ეხმარებოდა. 1931 წელს ჯონ ჰეივენ ემერსონმა "რკინის ფილტვის" გაუმჯობესებული მოდელი შექმნა - ალუმინის. ასე მისი კონსტრუქცია უფრო იაფი და პრაქტიკული იყო, რის გამოც პოლიოეპიდემიების გაგრძელებასთან ერთად მასზე მოთხოვნაც გაიზარდა. მან შექმნა სისტემა, რომლის საშუალებითაც საწოლი აპარატიდან გარეთ და შიგნით მოძრაობდა, ხოლო გვერდებზე დაამატა პატარა ფანჯრები, რათა ექიმებს პაციენტთან წვდომა ჰქონოდათ ჰაერის წნევის დაკარგვის გარეშე. 1939 წლისთვის აშშ-ში დაახლოებით 1000 ასეთი აპარატი გამოიყენებოდა.
მარიამ ბუკია