რუსული „დათვისთვის“ კუდი მართლაც მოუჭრიათ... - კვირის პალიტრა

რუსული „დათვისთვის“ კუდი მართლაც მოუჭრიათ...

აქვს თუ არა დათვს კუდი?

შეიძლება ვიზუალურად არ უჩანს, მაგრამ დათვს თურმე მართლაც ჰქონია 6-დან 22 სმ სიგრძის კუდი, რომელიც მთლიანადაა დაფარული ბეწვით და თვალით ძნელად შესამჩნევია...

სამაგიეროდ კოსმოსიდან ძალიან კარგად ჩანს რუსული „მფრინავი დათვის“ 22 მეტრიანი... მოჭრილი კუდი „ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომზე!

ორი დღის წინ უკრაინამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ფრონტის ხაზიდან 550 კმ-ით დაშორებულ რუსულ საჰაერო ბაზაზე „ენგელსი-2“-ზე,მორიგი წარმატებული საჰაერო იერიში მიიტანა და გაანადგურა ის Ту-95МС ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი, რომლიდანაც ხშირად უშვებდნენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინის ქალაქებისკენ...

რუსული ქალაქის ენგელსის მაცხოვრებლებმა თავიანთი ბინების ფანჯრებიდან და აივნებიდან გადაღებული არაერთი ვიდეო გაავრცელეს, რომელზეც მოჩანს,რომ სამხედრო აეროდრომზე მართლაც რაღაც იწვოდა, მაგრამ უკრაინის გენშტაბის განცხადების სისწორეში დასარწმუნებლად მაინც თანამგზავრული ფოტოები იყო საჭირო და ამიტომაც არ ვიჩქარეთ...

2-eng-1784486584.jpg
რუსული „ენგელსი-2“-ის სამხედრო აეროდრომის ახალი თანამგზავრული ფოტო...

და,დღეს უკვე ვრცელდება რუსული საჰაერო ბაზის „ენგელსი-2“-ის თნამგზავრული ფოტო,რომელზეც კარგად ჩანს კუდმოწყვეტილი უზარმაზარი რუსული „მფრინავი დათვი“- Ту-95МС , რომლის პროტოტიპი პირველად ჰაერში ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლის პერიოდში, 1952 წლის 12 ნოემბერს აფრინდა და მას შემდეგ ნატოში მას Bear -ი შეარქვეს.

საბჭოთა პერიოდში და შემდგომ რუსეთის ფედერაციაშიც, ეს „ტუ“-ები კრემლის ბირთვული ტრიადის საავიაციო შემადგენელს წარმოადგენდნენ და გათვლილნი იყვნენ Х-55 და Х-102 ტიპის ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შესატევად.

თუმცა,რუსეთის უკრაინაზე თავდსხმის შემდეგ სწორედ ეს რუსული „მფრინავი დათვები“ გახდნენ უკრაინის ქალაქებისკენ არაბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების Х-555 და Х-101-ების მთავარი გამშვებები.

3-eng-1784486584.jpg
ამ თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს,რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა რუსულ Ту-95МС-ს ზეზუსტი დარტყმა კუდის ნაწილში მიაყენა და ის მოწყვიტა...

უკრაინის გენშტაბს ნადირობა აქვს გამოცხადებული ამ რუსულ „ტუ“-ებზე, მაგრამ მათ უკრაინელი მეზენიტეებს „პეტრიოტები“ ვერანაირად ვერ მისწვდებიან, რადგან ეს რუსული სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები უკრაინისკენ ფრთოსან რაკეტებს უშვებენ კასპიის ზღვის აკვატორიიდან ანუ ფრონტის ხაზიდან ათასი კმ-ის დაშორებით.

შესაბამისად,უკრაინის სპეცსამსახურები ცდილობენ ეს რუსული რაკეტმზიდები უშუალოდ მათი ბაზირების აეროდრომებზევე ააფეთქონ,რაც მათ მეტ-ნაკლებად გამოსდით...

შეიძლება დაუჯერებლადაც მოჩანდეს, მაგრამ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებს 11 ერთეული ეს, 50 მ სიგრძისა და 185 ტონა მაქსიმალური ასაფრენი მასის რუსული „დათვი“ ჰყავდათ სრულიად განადგურებული და დაზიანებული.

ასეთ წარმატებას უკრაინელებმა ძირითადად გასულ, 2025 წლის 1 ივნისს მიაღწიეს, როდესაც მთელი რუსეთის მასშტაბით ოთხ სამხედრო აეროდრომს ერთდროულად შეუტიეს კვადროკოპტერის ტიპის FPV-დრონებით და ოთხ ათეულამდე რუსული ბომდამშენი ააფეთქეს და დააზიანეს,რომელთა შორის Ту-95МС-ებიც იყვნენ...

4-eng-1784486585.png
ენგელსის მაცხოვრებლებმა სწორედ ეს უკრაინული კამიკაძე-დრონი დააფიქსირეს აეროდრომზე შეტევის წინ...

რაც შეეხება უშუალოდ თანამგზავრულ ფოტოს,მასზე მოჩანს „ენგელსი-2“-ის აეროდრომზე მდგარი ორი Ту-95МС-ი,რომელთაგან ერთს(მარცხნივ მდგარს),მოწყვეტლი აქვს კუდის ნაკვეთური,რომელიც ძირს გდია,ხოლო აეროდრომის ბეტონის ფილებზე შემორჩენილია ჩამქრალი ხანძრის კვალი...

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდოკადრებში გამოჩნდა,რომ რუსულ აეროდრომს „შაჰიდის“ კონსტრუქციის მსგავსმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა შეუტია და თანაც ისეთი დიდი სიზუსტით,რომ სწორედ კუდში „დააჯდა“ რუსულ „დათვს“...

ზოგიერთი მონაცემებით,2025 წლის დეკემბრისთვის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში ჯერ კიდევ ირიცხებოდა 29 Ту-95МС და 22 Ту-95МСМ მოდიფიკაციის ეს რაკეტმზიდ-ბომბდამშენები,თუმცა ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაში არ იყო.

ასე,რომ უკრაინული კამკაძე-დრონები კვლავ აგრძელებენ ნადირობას რუსულ „მფრინავ დათვებზე“...