"სითხეს, რომელიც რუსმა ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს გადმოასხეს, "არასასიამოვნო სუნი" ჰქონდა, რომელიც არ ჰგავდა არც წყალს და არც ალკოჰოლურ სასმელს" - რა ხდება კახეთში მომხდარი კონფლიქტის საქმეზე
თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაკავებულ სიძის ძმას, გიორგი ჭიღლაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი, სტუმრები და მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.
ადვოკატის განმარტებით,მოწმეებმა ქრონოლოგიურად გაიხსენეს მომხდარი და განმარტეს რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმროს მესამე სართულიდან ტურისტებმა სტუმრებს სითხე გადმოასხეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი დაადასტურა, რომ სითხეს "არასასიამოვნო სუნი" ჰქონდა, რომელიც არ ჰგავდა არც წყალს და არც ალკოჰოლურ სასმელს.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გაუთქმელობის ვალდებულება აქვს და საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე საუბარი არ სურს.
სითხის შემადგენლობას კი, რომელიც ქორწილის სტუმრების თქმით, წყალი არ იყო და "უსიამოვნო სუნი" ახლდა, ექსპერტიზა დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე აგარანის მამულში ჭიღლაძეების ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. დაკავებულია სიძის ძმა გიორგი ჭიღლაძე. ის გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
"ინტერპრესნიუსი"