ვინ არის 37 წლის სევერიონ დანგაძე, რომლის ჯავშანჟილეტების ქარხანა კიევში რუსულმა რაკეტამ დაანგრია?! - კვირის პალიტრა

ვინ არის 37 წლის სევერიონ დანგაძე, რომლის ჯავშანჟილეტების ქარხანა კიევში რუსულმა რაკეტამ დაანგრია და რა სკანდალი აკავშირებს მას მიხეილ სააკაშვილთან?!

უკრაინის არმიის ჯავშანჟილეტებით მომმარაგებელი ქართველის საწარმო რუსულმა „ისკანდერმა“ ააფეთქა...

„სარაკეტო დარტყმის შედეგად UKRTAC-ის ქარხანა და ჩვენი საწყობები მთლიანად განადგურდა. არ ვმალავ, ეს ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმე დღეა. თუმცა, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი ცოცხალია…“

ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის არმიისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლებისთვის ჯავშანჟილეტების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი უკრაინული კერძო ფირმის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სევერიონ დანგაძემ...

1-jav-1784536813.png

ფოტო: UKRTAC-ის შენობა რუსული „ისკანდერის“ მოხვედრიის შემდეგ...

უკრაინული UKRTAC-ი იმითაა ცნობილი,რომ გასულ წელს უკრაინის დამცველებისთვის 100 ათასი მაღალი ხარისხის ჯავშანჟილეტი დაამზადა და ის უკრაინის არმიისა და გვარდიისთვის ჯავშჯილეტების მოთხოვნის 75%-ს აკმაყოფილებდა და ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ ამ ფირმის საწარმოო შენობა და საწყობი რუსული „ისკანდერის“ კონკრეტული სამიზნე გახდა...

ამას შეიძლება იმანაც შეუწყო ხელი,რომ 2025 წლის დეკემბერში უკრაინულ მასმედიაში გამოქვეყნდა UKRTAC-ის დამფუძნებლის სევერიონ დანგაძის ერთგვარი სარეკლამო ინტერვიუ, რომელშიც ის, მათ მიერ წარმოებული ჯავშაჟილეტების უპირატესობასა და უკრაინის არმიისთვის მიწოდებაზე, დეტალურად ჰყვებოდა...

ვინ არის 37 წლის სევერიონ დანგაძე?

ის 1989 წელს დაიბადა უკრაინის ქალაქ დონეცკში, მამით ქართველი, დედით უკრაინელი. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართალმცოდნეობის სფეროებში,არის ფილოსოფიის დოქტორი,თუმცა ერთი პერიოდი პოლიტიკოსობაც სცადა...

2017 წელს სევერიონ დანგაძე გახდა იმ პროცესების კოორდინატორი,რომელიც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ შერისხული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკვე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში დაბრუნებისთვის ხორციელდებოდა, რისთვისაც დანგაძე რამდენიმე თვით დააპატიმრეს კიდეც, რუსეთში გაქცეული უკრაინელი ბიზნესმენის კურჩენკოს მიერ გამოგზავნილი ნახევარი მილიონი დოლარის თითქოსდა სააკაშვილისთვის გადაცემის ბრალდებით...

2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე სევერიონ დანგაძე უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონში ჩაირიცხა და თავიდან თურქეთში ნაყიდი ჯავშანჟილეტებით უფასოდ ამარაგებდა უკრაინელ სამხედროებს, მოგვიანებით კი თანამოაზრეებთან ერთად უკრაინაშივე ააწყო სამამულო წარმოების ჯავშანჟილეტების მასიური გამოშვება, რომლებისთვისაც მასალებს საზღვარგარეთიდან ყიდულობს.

სევერიონ დანგაძე თვლის, რომ მისი UKRTAC-ის მიერ გამოშვებული ჯავშანჟილეტები ფრონტის ხაზზე უკეთესად იცავენ მებრძოლებს, ვიდრე დასავლური წარმოების, რადგან მათ ჯავშანჟილეტებში გათვალისწინებულია ყველა ის მცირე შენიშვნაც კი, რასაც ბრძოლის ველიდან უკრაინის დამცველები ატყობინებენ.

თუმცა, UKRTAC-ის შენობისა და საწყობის, რუსული „ისკანდერის“ მიზანმიმართული,უზუსტესი დარტყმისა და ფაქტობრივად, სრული განადგურების შემდეგ,რამდენად აღადგენს სამამულო ჯავშანჟილეტების დიდ სერიულ წარმოებას წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ბიზნესმენი სევერიონ დანგაძე, მომავალი გვიჩვენებს...