17 დეკემბერი - ბარბარობაა - კვირის პალიტრა

17 დეკემბერი - ბარბარობაა

ქრისტეს სძალი - ქალწულმოწამე ბარბარე

ის ილიოპოლში დაიბადა, მდიდარი წარმართი დიდგვაროვანის ოჯახში. დედით მალევე დაობლდა, ამიტომაც მხოლოდშობილ ასულს მამა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. პატარაობიდანვე მშვენიერებით გამორჩეული სწორედ ამ მშვენიერების გამო გამოკეტა სპეციალურად მისთვის აგებულ კოშკში და აღმზრდელები მიუჩინა. ბარბარეც იზრდებოდა ასე - ყველასაგან განცალკევებულად, მხოლოდ მსახურებისა და აღმზრდელების გარემოცვაში, რომლებიც იმ რწმენას უქადაგებდნენ, თავად რომ აღიარებდნენ დაბადებიდან; იმ კერპებს ათაყვანებდნენ, რომელთაც თავად ეთაყვანებოდნენ.

წლები გადიოდა. ბარბარე კოშკის ვიწრო სარკმლიდან გაჰყურებდა შორეთს და ცდილობდა, წარმოედგინა, რა იმალებოდა იმ ბაღის გალავანს მიღმა, რომელშიც მისი კოშკი აეგოთ. მისი სული ჩიტივით მიელტვოდა თავისუფლებასა და უსაზღვროებას. ცის ცარგვალს უჭვრეტდა ხშირად და სარკმლიდან ცდილობდა იმ უდიდესი შემოქმედების შეცნობას, რომელსაც სამყარო ჰქვია. ცის უსაზღვროებამა და მთების სიდიადემ, მისი კოშკიდან რომ მოჩანდა, დაარწმუნა, რომ ამ ბუნების წიგნს ერთადერთი ავტორი ჰყავდა; რომ ღმერთი ერთია და არა - მრავალი; რომ შეუძლებელია, ასეთი კანონზომიერება მრავალღმერთიანობისა და უსულო კერპების შექმნილი ყოფილიყო. მთელი გულით ირწმუნა ერთადერთი, მაგრამ მისთვის უცნობი შემოქმედი და შეევედრა, დაეყენებინა მისკენ მიმავალ გზაზე და განეცხადებინა თავისი სახელი.

სულ მალე მამამ ბარბარეს კოშკიდან გამოსვლის ნება დართო, თავად კი ქალაქიდან გაემგზავრა საქმეთა მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს, უფლის ნებით, ილიოპოლში ჩამოვიდა ხუცესი, რომელსაც ხილვა ჰქონდა, წამოსულიყო ამ ქალაქში და მოენათლა ქალწული ბარბარე. და ბარბარემ შეიტყო, რომ სამყაროს შემოქმედი მართლაც ერთია; რომ ცხონების გზა ქრისტეს გზაა და რომ ამ გზაზე მხოლოდ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით თუ შეძლებ სიარულს. შეიმეცნა, შეიყვარა, ნათელ-იღო და საკუთარი ცხოვრების წესად აქცია ქრისტიანობა.

ქალაქიდან წასვლამდე ბარბარეს მამამ, დიოსკორემ, მშენებლები მოიყვანა და ბაღში აბანოს აშენება უბრძანა, რომელსაც, მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად, ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა. წმინდა ბარბარემ, ყოვლადწმინდა სამების თაყვანისცემის ნიშნად, სამი სარკმელი გამოაჭრევინა მუშებს და მათაც უქადაგა ქრისტე. სახლში დაბრუნებული დიოსკორე აბანოს ხილვამ და ბარბარეს სიტყვებმა რისხვით აავსო და... საშინლად სცემა მხოლოდშობილი ასული. ბარბარე გაექცა გამხეცებულ მამას. კლდის ნაპრალმა დაფარა იგი გამოდევნებული მამის თვალებიდან, ჩიტი უზიდავდა ყოველდღიურად საკვებს; ბოლოს დიოსკორემ მიაგნო შვილს და თმებით ჩამოათრია ქალაქამდე; ქალაქის თავს მიჰგვარა და მას მიანდო ურჩი შვილის დასჯა.

ბარბარე გაშოლტეს, იარები კი უხეში ჯვალოთი უწმინდეს, მაგრამ საპყრობილეში ჩაგდებულს უფალი გამოეცხადა და სრულიად განკურნა; მაშინ ხეზე დაკიდეს და სხეული რკინის კავებით დაუფლითეს; მკერდი ჩამოათალეს, რკინის ლურსმნებჩაჭედილი ჩექმები ჩააცვეს და ტანსაცმელშემოძარცვული ატარეს ქალაქის ქუჩებში. პირველად მაშინ შედრკა ბარბარე და შეევედრა უფალს, ნურავინ იხილავსო ჩემს სიშიშვლეს. უფლის ანგელოზმაც თავისი მოსასხამი შემოახვია ქალწულს და ასე დაიფარა იგი. მაშინ თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს და მახვილი მასზე დიოსკორემ აღმართა - საკუთარმა მამამ, რომელმაც დაივიწყა, რომ მის წინ მისი სისხლი და ხორცი, მისი ერთადერთი შვილი იდგა. მან შეუბრალებლად მოკვეთა თავი ბარბარეს, მაგრამ უფლის რისხვამაც არ დააყოვნა და ზეციდან გარდამოსულმა ცეცხლმა ფიცარნაგზევე აქცია ფერფლად მკვლელად ქცეული მშობელი.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე ყრმათა მფარველია და ჩვენი სულების შემწე - თუ გვსურს, რომ სიკვდილის წინ ზიარების ღირსნი გავხდეთ, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ მისი ტროპარი: "ქალწულებითა გამშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო მოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა!"

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)