"მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, მითხარით, ჩემი და ცოცხალია თუ არაო" - რა დეტალებს ჰყვება თვითმხილველი შემზარავ ავარიაზე, რომელსაც 35 წლის გოგო ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, მითხარით, ჩემი და ცოცხალია თუ არაო" - რა დეტალებს ჰყვება თვითმხილველი შემზარავ ავარიაზე, რომელსაც 35 წლის გოგო ემსხვერპლა

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა მსხვერპლით. ავარია სამეგრელოში პარასკევს, 17 ივლისს, ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდა. მანქანა, რომელშიც ხუთი ადამიანი იჯდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მანქანაში მყოფმა ახალგაზრდა გოგონამ, 35 წლის მალვინა გულუამ მიიღო. მალვინა უგონო მდგომარეობაში ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს, ორი დღე ებრძოდა სიკვდილს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მანქანაში მყოფი სხვა მგზავრები გადარჩნენ, მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, საჭესთან გარდაცვლილი გოგონას ძმა იჯდა, მძღოლის გვერდზე იყო მისი და, მალვინა გულუა, მანქანაში კიდევ სამი ადამიანი იყო, მათი ბიცოლა და ორი მეზობელი გოგონა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

“შევესწარი ამ ავარიას. ძალიან განვიცადე, ავარია უკვე მომხდარი იყო მე რომ იქ აღმოვჩნდი. სულ ხუთი ადამიანი იჯდა მანქანაში. 4 გოგო და ერთი ბიჭი, მძღოლი გარდაცვლილის ძმა აღმოჩნდა, რომელიც შოკურ მდგომარეობაში იყო. მხოლოდ ერთ რამეს იძახდა, მითხარით, ჩემი და ცოცხალია თუ არაო. მე რომ მივედი 2 გოგო უკვე მოშორებით იყო, გადმოყვანილი ჰყავდათ და ხალხი ეხმარებოდა. ერთი ქალბატონი საშუალო ასაკის, მანქანის ერთ კართან იჯდა, აგონიაშია იყო, არც საუბრობდა, დანარჩენი ორი კონტაქტზე იყვნენ, ხოლო ის გარდაცვლილი გოგონა იწვა უგონო მდგომარეობაში, ვერაფერს ამბობდა, მხოლოდ თვალს ძლივს ახელდა. სასწრაფოს მოსვლამდე ხალხი ცდილობდა დაშავებულების დახმარებას. გოგონას ძმა მათგან ოდნავ მოშორებით იჯდა და ტიროდა, საშინელ დღეში იყო, მითხარით ჩემი და გადარჩა თუ არაო. ვერავის ეკარებოდა, მართლა შოკში იყო. სასწრაფო მოვიდა და გოგონა მალევე გადაიყვანეს, თუმცა იმდენად მძიმე ჩანდა, სულ ვლოცულობდი, ღმერთმა გადაარჩინოს - მეთქი. ძალიან მეცოდება ყველა, განსაკუთრებით ის ძმა, მისი ქცევა თვალებიდან არ ამომდის, ისე განიცდიდა ამ ყველაფერს, განადგურებული იყო. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, როგორც გავიგე, მანქანა მოუცურდათ და ამოყირავდა. შეჯახებით არაფერს არ დაჯახებია, ვერ მივხვდით ასე რანაირად დაემართათ. ვუსამძიმრებ ახალგაზრდა გოგონას ოჯახს. ძალიან დიდი ტრაგედიაა. საშინელებაა, რომ ადამიანს ვერ ეხმარები. ნეტავ ვიცნობდე, სხვები მაინც რომ მოვიკითხო. ისე განიცდიდნენ და ერთმანეთის მდგომარეობას ისე კითხულობდნენ, უმძიმესი სანახავი იყო. სხვებს ვიზუალურად მხოლოდ ნაკაწრები ეტყობოდათ, სერიოზული დაზიანება არ ჩანდა”, - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.

როგორც შევიტყვეთ, მალვინა გულუა აფხაზეთში, კერძოდ ტყვარჩელში იყო გათხოვილი, მას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, რის შემდეგ ზუგდიდში, ბიძის სახლში გადაასვენეს და დღეს საღამოს აფხაზეთში გადაასვენებენ.

“ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გააშუქოთ ასეთი ამბები ჟურნალისტებმა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განადგურებულია ოჯახი. ეს არის უმძიმესი ტრაგედია. უკარგესი გოგო დაიღუპა. მალვინა ჩემს თვალწინ გაიზარდა, ძალიან კარგ გარემოში, საოცრად კარგი გოგო არ გვყავს და გაგვანადგურა ყველანი ამ ამბავმა. აფხაზეთში იყო გათხოვილი, ორი შვილი დარჩა, გოგო და ბიჭი. ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ მოხდა ეს დიდი ტრაგედია. როგორც სხვებისგან გავიგე, მალვინა იჯდა წინ, ამბობენ ღვედი ეკეთაო, მანქანა რომ გადაბრუნდა, სხვები გადმოვარდნენ მანქანიდან და ეს საცოდავი გოგო ვერ გადმოვიდა. ღვედმა არ გაუშვა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, გადაიყვანეს კლინიკაში. ყველანი ვლოცულობდით რომ გადარჩენილიყო, იმედს არ ვკარგავდით, მაგრამ მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ახლა ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს, ყველანი გაგვანადგურა ამ ამბავმა. საბერიოდან არის მათი ოჯახი, ბიძის სახლში ასვენია მალვინა და დღეს გადაასვენებენ აფხაზეთში. მალვინა ტყვარჩელში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ზუგდიდში მიდიოდნენ და მაშინ დატრიალდა ეს უბედურება. იმედი მქონდა გადარჩებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ ექიმები. უბრალოდ გავნადგურდი, ჩემს თვალწინ გაზრდილი ბავშვია. ორი მეზობლის გოგო, მალვინა და თავისი ძმა, კიდევ ბიცოლა იჯდა. ისინი გადარჩნენ, ძმა საშინელ დღეშია და გთხოვთ ყველას, რომYმაქსიმალურად სიფრთხილით გააშუქოთ ეს ამბავი, რადგან ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს. სიტყვები უძლურია, ყველა განვიცდით”, - ამბობს ოჯახის ნათესავი.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს მომხდარი ტრაგედიის გამო. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

თეა ხურცილავა

(პეციალურად საიტისთვის)