ქვეყნიდან გასვლა თუ ციხეში წასვლა: რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას და რას გეგმავს ხელისუფლება?! - გია ხუხაშვილის პროგნოზი - კვირის პალიტრა

ქვეყნიდან გასვლა თუ ციხეში წასვლა: რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას და რას გეგმავს ხელისუფლება?! - გია ხუხაშვილის პროგნოზი

17 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის მილოცვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით მიღებული წერილი, რომელშიც ტრამპი მადლიერებას გამოხატავს და კობახიძეს სწერს, რომ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას. "გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ", - ნათქვამია წერილში. გასულ კვირასვე საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორგანიზებით გამართულ "პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ" მინისტერიალს დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. ხელისუფლება ამას წარმოაჩენს აშშ-სთან ურთიერთობის განახლების დასაწყისად, თუმცა ამას წინ უსწრებდა ეუთოს ჰააგის სამიტი, რომელზეც 57-მა წევრმა ქვეყანამ სრულად დაუჭირა მხარი სწორედ აშშ-ისდელეგაციის ინიციატივას საქართველოში რეპრესიების შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობის თაობაზე. ასევე მოუწოდა საქართველოს, გამოიძიოს 2024 წლის არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული სერიოზული დარღვევები. ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- დავიწყოთ მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტით, თუმცა ამას "ვიზიტი" ძალიან პირობითად შეიძლება ეწოდოს. ეს არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრა. ეს იყო ფორუმზე დასწრება, სადაც მასთან ერთად კიდევ 60 მისნაირი წარმომადგენელი იჯდა. თუ დავაკვირდებით, მას ინდივიდუალური შეხვედრები საერთოდ არ ჰქონია…

- მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ერთ ფოტოს მაინც გამოაქვეყნებდნენ.

აქედან გამომდინარე, შეფასებები გადაჭარბებულია. იქ სამოცი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ნახევარზე მეტი დემოკრატიული არ არის. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ფასეულობით პარტნიორებს და თავად შტატებსაც უამრავი პრობლემა აქვს ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში. ასე რომ, ამ მოვლენაზე აქცენტირება, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ახლა რაც შეეხება ტრამპის წერილს: არ მინდა ვთქვა, რომ ეს ცუდია - პირიქით, კარგია, როდესაც მსგავსი ტიპის ურთიერთობა არის სახელმწიფოებს შორის, მით უმეტეს შეერთებულ შტატებთან კონტაქტები აუცილებელია. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, კავშირების სრული გაწყვეტა სახელმწიფოსთვის ყოველთვის დამაზიანებელია.

თუმცა იმის წარმოჩენა, თითქოს ამ წერილით პრობლემები გადაიჭრა ან ეს მათი მოგვარების დასაწყისია, ასევე ღრმად არასერიოზულია - ასე ნამდვილად არ არის. პრობლემა ძალიან ბევრია და სისტემურ ხასიათს ატარებს. ის პრეტენზიები, რაც შეერთებულ შტატებს საქართველოსთან აქვს, არსად გამქრალა - კვლავ დღის წესრიგში დგას.

თუ თავად წერილის ტექსტს დავაკვირდებით, ის წმინდა წყლის პროტოკოლურია, რომელიც, ალბათ, ბევრ სხვა ქვეყანასაც გაუგზავნეს. როდესაც ვინმე რამეს გილოცავს, მოგწონს თუ არა, მადლობა უნდა გადაუხადო და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც რაღაც უნდა აღნიშნო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ თემით საზოგადოების გაბრუება არ ვარგა, მით უმეტეს, ამის საფუძველზე ოპტიმიზმსა და ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი, ვიმეორებ, არასერიოზულია. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური დისკუსია ყოველთვის გაცდენილია საღ აზრს. ჩვენ მუდმივად საქმე გვაქვს ორ გამომრიცხავ მონოლოგთან - ვისაც როგორ აწყობს, ნებისმიერ ტექსტს ისე კითხულობს, ჭეშმარიტება კი გვერდზე რჩება - არც ერთი მხარეა მართალი და არც მეორე. ასე რომ, მე ამ ორ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდი, ეს იყო წმინდა პროტოკოლური თემები, თუმცა ამის გაბიაბრუების მომხრეც არა ვარ.

- მოგეხსენებათ, ე.წ. საბოტაჟის საქმე დასასრულს უახლოვდება და დიდი ალბათობითა და მოლოდინით, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში წასვლა მოუწევთ. სოციალურ ქსელებში თუ პოლიტიკურ წრეებში დისკუსიაა იმის შესახებ, უნდა დატოვონ თუ არა ამ ლიდერებმა ქვეყანა განაჩენის გამოტანამდე, თუ ციხეში უნდა წავიდნენ. საინტერესოა, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, რას ფიქრობთ? როგორია თქვენი მოლოდინი უშუალოდ განაჩენთან დაკავშირებით და როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერების ქცევა? რა იქნება უკეთესი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის?

- ამ საკითხზე რომ ვიმსჯელოთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რა არის ხელისუფლების გეგმა და რა იქნებოდა ამ გეგმაზე საუკეთესო პასუხი. ჩემი შეფასებით, ხელისუფლების გეგმა დიდი ხანია ცნობილია (რაზეც აქამდეც გვისაუბრია) - ეს არის ქვეყანაში რუსული ტიპის, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის მოდელის დამკვიდრება. მოგეხსენებათ, ეს რუსეთში მოგონილი ტერმინია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური ძალა და მისი სატელიტური ფასადური ოპოზიცია - ანუ უნდა მოხდეს ფსევდომრავალპარტიულობის იმიტაცია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი შემოფარგლული ასპარეზი, არ უნდა გააჩნდეს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, მაგრამ პატარა ლუკმა უნდა გადაუგდო, რომ იარსებონ და მრავალპარტიულობის თუ დემოკრატიის ილუზია შექმნან. ამას დაარქვეს "სუვერენული დემოკრატია", თუმცა რეალურად ეს ავტოკრატიაა, სუროგატული მოდელი, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული, იქაურ სპეცსამსახურებშია (ეფ-ეს-ბე) კარგად დამუშავებული და შემდეგ ბევრმა ქვეყანამ გადაიღო. საქართველოშიც სწორედ ამ გეგმას მიჰყვებიან და ესაა მათი დღის წესრიგი. როგორც ჩანს, აგვისტო ერთგვარი დედლაინია ამ პროცესის მიმდინარე ეტაპის დასასრულებლად. იმისათვის, რომ ეს მოდელი დაამკვიდრო, პოლიტიკური სივრცე უნდა მოასუფთაო. პოლიტიკურ თამაშში მხოლოდ ის პარტიები უნდა დატოვო, რომლებიც ამ თამაშის წესებს დათანხმდებიან. ვინც არ დათანხმდება, ისინი სხვადასხვა მეთოდით უნდა მოიშორო - ვიღაც უნდა აიძულო წავიდეს ქვეყნიდან, ვიღაც უნდა დაიჭირო, ვიღაც დააშანტაჟო, ვიღაც მოისყიდო და ა.შ. ეს პროცესი მეთოდურად, სწორედ რუსული "მეთოდიჩკებით" ვითარდება - ესაა ხელისუფლების გეგმა. ახლა ისმის კითხვა: რით უნდა უპასუხონ ამას პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებსაც დაპატიმრების საფრთხე ემუქრებათ? რატომ არის დედლაინი მაინცდამაინც აგვისტო? იმიტომ, რომ აგვისტოს მეორე ნახევარი პოლიტიკურად მკვდარი სეზონია. ქვეყანაში ლამის ყველა დასასვენებლადაა და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ დროს პროცესების "ჩახრიგინება" და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ყველაზე ხელსაყრელია. ისინი დააკვირდებიან: ვინც წავა - წავა, ვინც დარჩება - იმას დაიჭერენ ან სხვა რამეს მოუგონებენ. აი, ასეთი მოცემულობაა.

ბუნებრივია, ამ თემას მეორე განზომილებაც აქვს - ეს არის ვაჭრობის განზომილება. ერთი მხარეა შიდა მოდელის დამკვიდრება, მაგრამ ხელისუფლებას ხომ საგარეო პოლიტიკური პრობლემებიც აქვს? ანუ მას ეს ხალხი მძევლებად სჭირდება. მოგვიანებით, საგარეო ურთიერთობების მოგვარების პროცესში შეიძლება ამ ხალხით ვაჭრობა, ოღონდ არა როგორც პოლიტიკური ლიდერებით, არამედ როგორც ცალკეული პერსონებით. მათი მიყიდვა-გაყიდვა შეიძლება საკუთარი პრობლემების მოგვარების ფასად, თუმცა პოლიტიკური მოღვაწეობის რესურსს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, აღარ დაუტოვებენ. აი, ეს არის ხელისუფლების მთელი სტრატეგია და ტაქტიკა.

ახლა ვუბრუნდები კითხვას: რით უნდა უპასუხოს ოპოზიციამ? ვფიქრობ, ორივე ვარიანტი შესაძლებელია. საერთოდ, ორი ტიპის პოლიტიკა არსებობს: პირველია პრაქტიკული, როდესაც ბოლომდე ეძებ რესურსებს რაღაცის შესაცვლელად, ანუ იბრძვი და პოლიტიკურ ბრძოლას უწყვეტად აგრძელებ; მეორეა ე.წ. დისიდენტური პოლიტიკური მოღვაწეობა, როდესაც მიიჩნევ, რომ რეჟიმი უკვე შემდგარია და წინააღმდეგობის ფორმად ციხეში წასვლას ირჩევ - აჩვენებ პირადი გმირობის მაგალითს, რომელზეც შემდეგ თაობები უნდა გაიზარდონ. ფიქრობ, რომ ოდესღაც რაღაც შეიცვლება და როცა ეს მოხდება, ციხიდან თეთრ რაშზე ამხედრებულივით გამოხვალ სერიოზული პოლიტიკური კაპიტალით.

პირველ, აქტიურ პოზიციას თუ დავუბრუნდებით, 21-ე საუკუნეში თუ ქვეყანაში მოქმედება შეუძლებელი ხდება, ქვეყნის გარედან მაინც შეგიძლია შეინარჩუნო მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ეს კავშირი არ გააცივო და პროცესებში გარკვეული მონაწილეობა მიიღო. დღევანდელი ტექნოლოგიებით ეს პრობლემა არ არის. მაგალითად, თქვენ ახლა იცით, მე თბილისში ვარ თუ ვაშინგტონში? ხომ არ იცით? კომუნიკაცია პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, გარეთ მყოფს სხვა ტიპის ურთიერთობების დამყარებაც შეგიძლია.

ავიღოთ თუნდაც ხაზარაძის მაგალითი: რა ჯობია, ხაზარაძე ციხეში იჯდეს თუ იძულებით ემიგრაციაში იყოს? რა თქმა უნდა, იძულებით ემიგრაციაში, რადგან მას აქვს რესურსი, რომ გარედან შეინარჩუნოს სხვადასხვა წინააღმდეგობის კერა - იქნება ეს მედიაში, პოლიტიკაში, სამოქალაქო სექტორში თუ სხვაგან. ხაზარაძე ციხეში რომ ჩაჯდეს, ბუნებრივია, ამას ფუნქციონალურად ვეღარ მოახერხებს. საქმის სხვებზე გადაბარებაც ასე მარტივად არ ხდება, ის თავად უნდა მონაწილეობდეს პროცესში. ამიტომ პირადად მე ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და სხვებს არ ვურჩევდი დისიდენტური გზის არჩევას. თუმცა, ვინც ციხის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, ესეც პატივსაცემია, მე მათ არ ვაკნინებ. ეს მათი მორალური, ზნეობრივი არჩევანი იქნება. მე ამას პატივს ვცემ და ასეთ საქციელს დავუფასებ, რადგან ციხეში წასვლა არ არის მარტივი.

მაგრამ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, თუ კიდევ გვაქვს იმედი, რომ რეჟიმის შეცვლის რესურსი მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში არსებობს, ჯობს შევინარჩუნოთ ფუნქციონალურობა და მობილურობა, ციხე კი მობილურობას გვაკარგვინებს.

სააკაშვილის სპეციფიკურ და ოდიოზურ კომუნიკაციას თავი რომ დავანებოთ, ფაქტობრივად, ყველა, ვინც ციხეში ჩაჯდა, პოლიტიკას გაეთიშა. ხომ ასეა? ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, რომ ეს ადამიანები ისე საიმედოდ გამოკეტოს, ხმის ამოღების საშუალებაც არ მისცეს.… სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებასაც ხანგრძლივი პოლიტიკური მეხსიერება არ ახასიათებს: სამ-ოთხ თვეში ან ივიწყებენ პატიმრებს, ან უსუსურობის განცდა უჩნდებათ და ეგუებიან სიტუაციას.

სააკაშვილის შემთხვევა უნიკალურია - ხშირად თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული მისი თემის გააქტიურებით, თანაც სააკაშვილი მართლაც ნაციონალური მასშტაბის ლიდერი იყო, სხვა ლიდერები კი საზოგადოებაში იმ ტიპის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერით არ სარგებლობენ, რომ ხალხმა ისინი არ დაივიწყოს. ამიტომ, ჩემი აზრით, პრაქტიკული პოლიტიკის კუთხით, რა თქმა უნდა, ემიგრაციაში წასვლა ჯობს, თუმცა იმათიც მესმის, ვინც ციხეს ირჩევს და ეს პატივისცემას იმსახურებს.

წაიკითხე ვრცლად