გიორგი ჭიღლაძეს გირაოს ის სასტუმრო გადაუხდის, სადაც რუს ტურისტებთან კონფლიქტი მოხდა - კვირის პალიტრა

გიორგი ჭიღლაძეს გირაოს ის სასტუმრო გადაუხდის, სადაც რუს ტურისტებთან კონფლიქტი მოხდა

თელავში, სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი ლაშა კაპანაძე აღნიშნავს, რომ სასტუმრო Agarani Estate-ის ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით გადაიხდიან.

მისივე თქმით, გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხარული ვარ. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რომელიც გვერდში უდგას, ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებენ და ხალხს აწვდიან ინფორმაციას საქმეზე... სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, გადაიხდიან.

სასტუმროს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მომხდარი ფაქტის შემდეგ არის ზარი 112-ში შესული. სასტუმროს ნაწილში, შესაძლებელი იყო მომხდარიყო დროული პრევენცია. როგორც ვიცი, საკუთარი ძალებით ეცადნენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვას, საპროცესო შეთანხმებას განიხილავს თუ არა, ადვოკატი პასუხობს: „საქმის სტრატეგიიდან გამომდინარე, ჯერ ამ საკითხზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გამორიცხული არ არის არაფერი“.

რაც შეეხება იმას, „იყო თუ არა კონფლიქტის გაღვივების მიზეზი რუსულად საუბარი“, ადვოკატი ამბობს: „არანაირი! მიზეზი იყო პროვოკაციული ქცევა, სხვადასხვა სითხის გადმოსხმა და შეურაცხმყოფელი კომენტარები. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, სტუმარსაც, სტუმარმა არ უნდა მოაწყოს პროვოკაცია“,- აღნიშნა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა