ექვსი წლის შემდეგ ახდენილი ნატვრა - მაცხოვრისკარის შობის ტაძრის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები გრძელდება - კვირის პალიტრა

ექვსი წლის შემდეგ ახდენილი ნატვრა - მაცხოვრისკარის შობის ტაძრის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები გრძელდება

„ექვსი წელია, შვილს უშედეგოდ ველოდით... რამდენჯერმე ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ნაყოფს ყოველთვის ვკარგავდი.

უშედეგო მკურნალობისა და იმედგაცრუების შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით მაცხოვრისკარის შობის ტაძრის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის შესახებ გავიგეთ და გადავწყვიტეთ წავსულიყავით. მწამდა, დედა ღვთისმშობელი ჩემს ვედრებას შეისმენდა და შემეწეოდა.

messenger-creation-d758ac4d-57f5-425c-b76d-407fe3719cc3-1784623021.jpeg

ტაძარში სიყვარულით მოგვიღეს, დაგვარიგეს, თუ როგორ უნდა მივახლებოდით ხატს - გვითხრეს, რომ მთავარია, გულით გვეთხოვა ის, რაც გვსურდა და უფალი აუცილებლად შეისმენდა ჩვენს ვედრებას.

სწორედ ასე მოვიქეცით: მთელი გულით შევთხოვეთ დედა ღვთისმშობელს შვილიერების მადლი, ჩვენი პირადი ნივთები და ჯვარი სიწმინდესთან დააბრძანეს, მამა მიქაელმა პარაკლისი გადაიხადა, მირონი გვცხო, სახლში თავმომწვარი სანთლები გაგვატანა და გვთხოვა, რომ სასიხარულო ამბავი აუცილებლად შეგვეტყობინებინა.

ამის შემდეგ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ეს უდიდესი სასწაული - ზუსტად ერთ თვეში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი! ახლახან კვლავ ვიყავით ტაძარში მადლიერების გამოსახატავად მისულები. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, უკვე ოთხი თვის ფეხმძიმედ ვარ“messenger-creation-a46b7a95-c223-4183-82a9-ab7140a19234-1784623170.jpeg

იზოლდა კილაძის ისტორია ერთ-ერთია იმ უამრავი შემთხვევიდან, რომელიც მაცხოვრისკარის მირონმდინარე ხატის წინაშე ლოცვით ყოველდღიურად ხდება. სწორედ ამიტომ, ყოველ კვირა დღეს მაცხოვრისკარის ტაძარში განსხვავებული ასაკისა და სხვადასხვა დაავადების თუ პრობლემის მქონე ადამიანები ერთი იმედით იკრიბებიან. მათ სწამთ, რომ უფლის რწმენით და მაცხოვრისკარის ღვთისმშობლის მიმართ მხურვალე ლოცვით სულიერი თუ ფიზიკური კურნება მიეცემათ…

ტაძარში დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატს უკვე ერთი წელია უწყვეტად სდის მირონი. ოთხი თვის წინ მაცხოვრის ნაბეჭდმა ხატმაც განაახლა მირონდენა. ხატი რეპროდუქციაა, რომელიც 12 წლის წინ, ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა. ხატს ორი წლის განმავლობაში სდიოდა მირონი. შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა და აი, ახლა, უკვე ოთხი თვეა, რაც მაცხოვრის მთლიანი ხატიც წმინდა მირონითაა დანამული, რაც მორწმუნეთათვის ღვთიური მადლისა და უდიდესი წყალობის ნიშანია.

ტაძარში მისულ ადამიანებს მირონმდინარე სიწმინდების გარდა, ის საოცარი, თბილი სულიერი ატმოსფერო და სიყვარულიც იზიდათ, რომელიც ტაძრის გუმბათქვეშ ხვდებათ, ამიტომაც, მაცხოვრისკარის შობის ტაძარს ყოველდღიურად სტუმრობენ მომლოცველები.

მაცხოვრისკარის მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი

ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც განსაკუთრებულია. ხატი თემურ ჯაფარიძის მიერაა დაწერილი. ეს არ არის რომელიმე ცნობილი საეკლესიო ხატის ასლი (რეპროდუქცია), არამედ ხატმწერის ორიგინალური, საავტორო ნამუშევარი, რომელიც საგანგებოდ დაიწერა ტაძრის კანკელისთვის.

მამა მიქაელი ღიმილით ამბობს, რომ თავად ხატმწერმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მის მიერ დაწერილ ხატზე მირონი წამოვიდა და აპირებს ამის შესახებ შეატყობინოს…

მამა მიქაელ ჯიბლაძე:

- ჩემს თვალწინ არაერთი სასწაული და კურნება აღესრულა. უამრავი შემთხვევაა, რომელთა უმეტესობა არც ჩაგვიწერია და ხშირად არც გვახსოვს, რადგან ხალხი მოდის, კურნებას იღებს და ზოგი ვეღარ ახერხებს ტაძარში დაბრუნებას. თუმცა, ვინც მადლიერების გამოსახატავად ბრუნდება, საოცარ ისტორიებს ყვება. მაგალითად, ორი ანევრიზმიანი ადამიანი სრულიად განიკურნა, ასევე განიკურნა ჩიყვიანი ავადმყოფი.

ძალიან ბევრი მოდის ონკოლოგიური დაავადებებით. სამწუხაროდ, ეს მძიმე სენი საგრძნობლად გახშირდა და ძალიან ბევრი ონკოლოგიური პაციენტი მოდის ჩვენთან ნუგეშისა და შეწევნის საძიებლად. ვინც სიმდაბლითა და გულწრფელი რწმენით მოვიდა, აბსოლუტურად ყველა ადამიანის სათხოვარი შეისმინა ღვთისმშობელმა.

- მამაო, მირონს როგორ აგროვებთ?

- მირონის შესაგროვებლად ხატების ქვემოთ სპეციალური ბამბები მაქვს დაგებული, რომლებიც ხატიდან გადმოსულ სიწმინდეს იწოვს. მათ საკუთარი ხელით ვწმენდ და როდესაც ბამბები მირონით გაიჟღინთება, გამოვწურავ ხოლმე. ხატი კანკელისაა, სადაც ტაძრის მსახურთა გარდა შესვლა არავის შეუძლია. ამიტომ ტერიტორია სპეციალური წითელი ლენტითაა გადაზღუდული, რათა ადამიანები უნებლიე უწესრიგობაში არ ჩავარდნენ და სიწმინდეები საგანგებოდ იყოს დაცული.

- შეუძლია თუ არა ადამიანს, განსაკუთრებით სნეულებაში მყოფს, ტაძრიდან ღვთისმშობლის ხატიდან ჩამოსული მირონიც წაიღოს და შინაც იცხოს…

- მომლოცველებს ხშირად ვატანთ ბამბას, საიდანაც მირონია გამოწურული. უშუალოდ მირონის გატანება ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება - მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი ძალიან მძიმე სნეულებაშია და ვერ ახერხებს მოსვლას. მაშინაც დეტალურად ვკითხულობ, რა მდგომარეობაშია ავადმყოფი. თუ სნეულს შეუძლია, თავად მოდის და მე ვცხებ მირონს.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მძიმედ არის, ლოგინადაა ჩავარდნილი, ვერ დგება და მოსვლას ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აქვს იმდენი ფიზიკური შესაძლებლობა, რომ მირონი საკუთარი ხელით იცხოს, მირონს ვატან.

სხვა შემთხვევაში, თუკი მირონი სხვამ უნდა სცხოს ავადმყოფს, მისი გატანება არავითარ შემთხვევაში არ ხდება! თუ თავად მოძღვარი ვერ ახერხებს მისვლას, სხვას ამ მირონს არავის გაატანს, რადგან საეკლესიო კანონიკით, საერო პირს არ აქვს უფლება, მეორეს სცხოს მირონი - ეს მხოლოდ მღვდლის ფუნქციაა და მისი სხვისთვის შეთვისება დაუშვებელია.

ასევეა ჩვილის შემთხვევაშიც - მხოლოდ მამას, მოძღვრის კურთხევითა და სპეციალური ლოცვების წარმოთქმით, შეუძლია სცხოს მირონი შვილს მტკივნეულ ადგილზე. თუ ბავშვს ამის გაკეთება საკუთარი ხელით შეუძლია, თავად უნდა გააკეთოს.

ზოგიერთში ეს უკმაყოფილებასაც კი იწვევს, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საღვთო სიწმინდეებს და საეკლესიო წესებს პატივი უნდა ვცეთ.

messenger-creation-5a5beb4f-6e3b-4d59-b31c-656c1027f7d4-1784623239.png

უჭკნობი ყვავილები დედა ღვთისმშობლის ხატთან

მაცხოვრისკარის ტაძრის კიდევ ერთი თვალსაჩინო უჩვეულო მოვლენა ხატის წინ დაბრძანებული უჭკნობი ვარდებია. ამ საოცარ ისტორიას მამა მიქაელი და ტაძრის სტიქაროსანი საბა ზარქუა გვიზიარებენ:

საბა ზარქუა:

- ერთი წლის წინ, ვიდრე ხატი მირონდენას დაიწყებდა, მის წინ ერთი უჭკნობი ყვავილი შევნიშნეთ, რომელიც ახლაც ცოცხალია. ყვავილი საკურთხეველში შევიტანეთ. მსგავსი მოვლენა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა: ექვსი თვის წინ მრევლმა ხატს ვარდები შემოსწირა, რომლებიც დღემდე უჭკნობია.

მამა მიქაელ ჯიბლაძე:

- ექვსი თვის წინ ერთმა მამაკაცმა ღვთისმშობლის ხატს ვარდები მოართვა. მითხრა - ერთი თვე თავის სპეციალურ ყუთში იქნება ცოცხლადო. ამ ყვავილებს მართლაც ჰქონდა გავლილი სპეციალური ქიმიური დამუშავება, ე.წ. „დაცვა“, რომელიც მცენარეს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, თუმცა ფლორისტები მაქსიმუმ ერთი თვის ვადას იძლეოდნენ.

სამი თვის შემდეგ ტაძარში მობრუნებულმა მამაკაცმა ყვავილები სრულიად ნორჩი და ცოცხალი რომ იხილა, გაოცებულმა ისევ ფლორისტს მიაკითხა. მან კი უთხრა - ეს შეუძლებელია, რადგან ქიმიური დამუშავება მხოლოდ ერთ თვეს ძლებსო. თუმცა, აი, უკვე მეექვსე თვე იწურება და ეს ვარდები, ყოველგვარი წყლის გარეშე, კვლავაც პირვანდელი სიცოცხლით არის სავსე.

messenger-creation-8a525e17-5879-4095-ac5c-1720cd93e0d3-1784623271.jpeg

მამა მიქაელი კიდევ ერთ შთამბეჭდავ ამბავს იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ დაზიანებულ სკოლას უკავშირდება, რომლის მშენებლობაც ორი წლით იყო დაკონსერვებული…

მამა მიქაელ ჯიბლაძე:

- ერთ-ერთი სკოლის დირექტორი იყო მოსული, წუხდა - სკოლა დაინგრა და ორი წელია მშენებლობა დაკონსერვებულიაო. საერთოდ აღარ ჰქონდათ იმედი, რომ მშენებლობა ოდესმე განახლდებოდა. ტაძარში მოსვლისა და ლოცვის შემდეგ, სულ მოკლე ხანში, გახარებული დაბრუნდა - გვითხრა, ტენდერი მოულოდნელად გამოცხადდა და სკოლის აღდგენა დაიწყოო. მას შემდეგ ეს ადამიანი სისტემატურად დადის ტაძარში და ყველაფრისთვის მადლობას სწირავს უფალს.

მირონდენის პროცესიც პერიოდულად იცვლება - იყო დღეები, როცა მირონდენამ იკლო, თუმცა შემდგომ კვლავ უხვად წამოვიდა.

როდესაც მივეახლებით სიწმინდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი - რწმენით, გულწრფელობით, თავდაბლობითა და სასოებით უნდა მივეახლოთ ხატებს. ეს არის ჩვენი მთავარი მოვალეობა. ვინც სიმდაბლითა და რწმენით მოვიდა, აბსოლუტურად ყველა ადამიანის სათხოვარი შეისმინა ღვთისმშობელმა. ტაძარი უფლის სახლია და აქ განსაკუთრებული მოკრძალება გვჭირდება.

მაცხოვრისკარის ტაძრის კარი ყოველთვის ღიაა მომლოცველთათვის, რასაც სტიქაროსანი საბა ზარქუაც ადასტურებს:

საბა ზარქუა:

- ჩვენთან მართლაც უამრავი საოცრება ხდება, ვინც სარწმუნოებით მიეახლა სიწმინდეს, ყველას შეეწია.

პარაკლისის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ითხოვოს. ვინც მობრძანდება, ყველასთვის სრულიად უსასყიდლოდ ჩავატარებთ პარაკლისს, როგორც ამას ყოველთვის, ყველასთვის ვაკეთებთ.

ტაძარში მოსულ მომლოცველებს ნებისმიერი პირადი ნივთის მიახლება შეუძლიათ ხატებთან, რის შემდეგაც მათ მირონს ვცხებთ. ხოლო ისინი, ვინც სხვადასხვა მიზეზის, მძიმე სნეულებისა თუ მანძილის გამო მოსვლას ფიზიკურად ვერ ახერხებენ, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, გვთხოვონ და ჩვენ მათ სახელებს პარაკლისებზე აუცილებლად მოვიხსენიებთ. უფლის მადლი და დედა ღვთისმშობლის წყალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მაცხოვრისკარის ტაძარში ყოველ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების წინაშე ერთობლივი სავედრებელი პარაკლისი აღესრულება, რასაც მირონის ცხება მოჰყვება. 28 აგვისტოს კი ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც ხატმა მირონდენა დაიწყო. ამ დღეს ღვთისმშობლის პარაკლისიც ჩატარდება.

ტაძრის სხვა სიწმინდეები

მირონმდინარე ხატების გარდა, მაცხოვრისკარის შობის ტაძარში მომლოცველებს სხვა უდიდესი სიწმინდეების მოლოცვაც შეუძლიათ:

messenger-creation-f38e4cf2-4c0c-4b4a-ae48-dbd1e4144020-1784623376.jpeg

მამა რომანოზის მიერ გადარჩენილი საუკუნოვანი სიწმინდეები - მათ შორის XIII საუკუნის მაცხოვრის ხატი, ბარძიმ-ფეშხუმი და ჯვრები, რომლებიც ტაძარს საუკუნის შემდეგ დაუბრუნდა.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფეხსაცმელი (ფაჩუჩი) - საბერძნეთიდან ჩამობრძანებული სიწმინდე, რომელიც ტაძარში მუდმივად ინახება.

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)