"მთიები იორდანის უდაბნოისაი" - კვირის პალიტრა

"მთიები იორდანის უდაბნოისაი"

18 დეკემბერს საბაობა იყო - წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღე. ბარბარობის დღესასწაულის გამო ჩრდილში მოხვედრილი ამ დღის შესახებ ნაკლებად იციან დღევანდელმა ქართველებმა. არადა, წმინდა საბა ის წმინდანია, რომლის მსგავსნიც გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს, რადგანაც მათი ღმერთი ცოცხალთა ღმერთია.

წმინდა საბა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. ხუთი წლისა რომ გახდა, მამამისი, საქმეთა გამო, ალექსანდრიაში წავიდა, მეუღლეც თან გაიყოლა, ხოლო შვილი ბიძას დაუტოვა. რვა წლის ბავშვი მონასტერში გაერიდა ქონების გამო ატეხილ შფოთს და მას შემდეგ აღარც დაბრუნებია საერო ცხოვრებას. 17 წლისა მონაზვნად აღიკვეცა; ოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, განდეგილობის ნება მისცეს და ასე, მარტოობაში, გაატარა 5 წელი. შემდეგ კი იორდანიის უდაბნოში გავიდა და ნეტარი გერასიმეს სავანესთან ახლოს დამკვიდრდა. მალე მის ირგვლივ მოწაფეებმა იწყეს შეკრება. ასე დაედო სათავე მონასტერს, საბაწმინდის მონასტერი რომ ეწოდა და, მისი დამაარსებლის მსგავსად, ყოველთვის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

განდეგილობა აირჩია ღვაწლად, მაგრამ ამქვეყნიურ ასპარეზზე ყოველთვის ქრისტეს ერთგული მხედარი იყო - ახოვნად იცავდა მართლმადიდებლობას ქალკედონიის კრებაზე. შვიდი მონასტერი დააარსა პალესტინის უდაბნოში და ისეთი ტიპიკონი შექმნა მათთვის, რომელიც შემდეგ პალესტინის ყველა მონასტერმა მიიღო. სწორედ ამ ტიპიკონის მიხედვით ჩაასწორა თავისი მონასტრისათვის დაწერილი წეს-განგება წმინდა გრიგოლ ხანძთელმა. ეს ტიპიკონი, "იერუსალიმურის" სახელით ცნობილი, განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა,

ისევე, როგორც მისი შემქმნელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის წესი: მარხვაში მთელი კვირის განმავლობაში პურს არ ჭამდა, მაგრამ არ უძლურდებოდა, რადგან "არა ხოლო პურითა განძღების კაცი"; გამუდმებით ლოცულობდა და მღვიძარებდა. სულიწმინდის ჭურჭელი სხვათათვისაც გამოითხოვდა მადლსა და შეწევნას: სნეულთ კურნავდა, მხეცები არაფერს ვნებდნენ და ემორჩილებოდნენ. მრავალ პირუტყვს მიუღია კურნება ამ წმინდა მამის ლოცვით... გვალვისას ილოცა და უდაბნოში შხაპუნა წვიმა წამოვიდა; მონასტერში ანკარა წყარომ ამოხეთქა...

ამ ღვაწლში გაილია 87 წელი. 95 წლისა აღესრულა, 532 წლის 5 დეკემბერს. მე-6 საუკუნეში აღსრულებული ამ უდიდესი მოსაგრის სხეული დღემდე უხრწნელადაა შემონახული საბაწმინდის ლავრაში. მომლოცველებს შეუძლიათ, ემთხვიონ ეკლესიაში ლუსკუმაში ჩასვენებული ბერის წმინდა ნაწილებს და, ისევე, როგორც მის სიცოცხლეში, კვლავაც კურნება და შეწევნა მიიღონ მისგან. განსაკუთრებით უშვილო წყვილებს შეეწევა. ამიტომაც ყოველთვის უამრავი ადამიანი მიეშურება მისკენ თხოვნით, ევედროს უფალს და შვილიერების ღირსი გახადოს.

ამ საოცრების შემხედვარე ხვდები, რომ ფიზიკური სიკვდილი დასასრული კი არა, სრულიად ახალი, მარადიული ცხოვრების დასაწყისია; რომ ქრისტიანთა ღმერთი ცოცხალთა ღმერთია, ჭეშმარიტი სიცოცხლის მომნიჭებელი.