”მაიადან...ბიძინამდე” - კვირის პალიტრა

”მაიადან...ბიძინამდე”

იქნება თუ არა 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრული და რას უნდა ელოდეს ბიძინა ივანიშვილი გველის წელს? ამ და სხვა საკითხებზე ”კვირის პალიტრას” ასტროლოგი რამაზ გიგაური ესაუბრა.

რამაზ გიგაური: - ხმები სამყაროს აღსასრულის შესახებ კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყოველთვის ფიგურირებდა. პირველად 66 წელს ერთ-ერთმა რელიგიურმა სექტამ განაცხადა, რომ კაცობრიობა გადაშენდებოდა. ძალიან ხშირად, მოსაზრება მეორედ მოსვლის შესახებ საუკუნის დასასრულს ემთხვეოდა. მაგალითად, ათას წელს ევროპაში იმდენად იყო ხალხი შეშინებული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარი ხელით ითხრიდა საფლავს...

”წინასწარმეტყველებს” შორის საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ... იტალიელი მხატვარი – სანდრო ბოტიჩელი აცხადებდა, რომ იგი მეორედ მოსვლის პერიოდში ცხოვრობდა და აპოკალიფსს მოესწრებოდა. ისააკ ნიუტონმა ერთ-ერთი რელიგიური წიგნის - ”დანიელის წიგნის” მიხედვით გამოთვალა აპოკალიფსის სავარაუდო პერიოდი და ის 7000 წლით განსაზღვრა. ნიუტონის გამოთვლებით, აპოკალიფსი დაახლოებით 2040-იან წლებში უწევს. ნოსტრადამუსი აცხადებდა რომ აპოკალიფსი დადგებოდა 3397 წელს და ასე შემდეგ... IV საუკუნეში საფრანგეთის ქალაქ ტურის ეპისკოპოსმა მარტინ ტურელმა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მიერ ამჟამად წმინდანად არის შერაცხული, მეორედ მოსვლა 400 წელს იწინასწარმეტყველა. მან განაცხადა:

”არ არის არავითარი ეჭვი, რომ ანტიქრისტე უკვე დაბადებულია. ეს მეორედ მოსვლას მოასწავებს”. თუმცა შემდგომში არც ანტიქრისტე გამოჩენილა და არც მეორედ მოსვლა მომხდარა.

- მაიას კალენდარზე გვიამბეთ...

- მაიას კალენდრის გაშიფვრა მოხდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, მეცნიერების - გუდმენის, ერნანდესის, მარტინესის, ტომპსონის და სხვათა მიერ. მათ უბრალოდ თქვეს, რომ 2012 წლის, 21 დეკემბერს დამთავრდებოდა კალენდრის ერთ-ერთი ციკლი, ერთ-ერთი პერიოდი, რომელსაც ეწოდება - ბაკტუნი... მაიას კალენდარი ძალიან სპეციფიკურია. კალენდარი რელიგიური დანიშნულებისაა, მას იყენებდნენ მაიას ცივილიზაციის, მაიას ხალხების ქურუმები და შამანები, ისინ, ვინც აღასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს.. ეს სპეციფიური კალენდარი რამდენიმე ციკლისგან შედგება. მაიას კალენდარში რიცხვები 13 და 20 ხშირად ფიგურირებს, რადგან ყოველი ოცი დღის ინტერვალის შემდეგ მოდის ახალი პერიოდი, რომელსაც თავისი სახელწოდება და გარკვეული სიმბოლო, ე. წ. ”ღვთიური ბეჭედი” აქვს. ნებისმიერი კალენდარი გარკვეული ღირშესანიშნავი მოვლენის შემდეგ იწყება, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფები ვერ შეჯერდნენ, რა მოვლენას უკავშირდება მაიას ტომების წელთაღრიცხვა. მაგალითად, ქრისტიანობაში წელთაღრიცხვა იწყება ქრისტეს დაბადებიდან, მუსულმანებში ეს მუჰამედის მედინაში შესვლას უკავშირდება და ა. შ. იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც მაიას კალენდარს იკვლევენ, ისიც უცნობია თუ როდის დაიწყო მაიას ხალხის წელთაღრიცხვა. ზოგიერთი მათგანი ასახელებს 3113 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ზოგი 3114 წელს და ზოგიც 3373 წელს...

- ანუ რეალობიდან ეს აჟიოტაჟი ძალიან შორსაა?

- მაიას ქურუმები არ იყვნენ მხოლოდ ასტონომები, ასტროლოგებიც იყვნენ და გარკვეულწილად წინასწარმეტყველებიც. ისინი ქადაგებდნენ ღმერთების ჩამოსვლას თავიანთ მიწაზე... უნდა ვაღიაროთ, რომ მათ გააჩნდათ უდიდესი კულტურა და ცოდნა. მეცნიერები დღემდე ვერ გარკვეულან, საიდან ჰქონდათ მაიას ქურუმებს ეს ცოდნა.

მაიას კალენდარი უფრო ზუსტია, ვიდრე 1582 წელს რომის პაპის გროგორი XIII-ის მიერ მოწვეული საუკეთესო ევროპელი მეცნიერების მიერ შედგენილი, ეგრეთ წოდებული გრიგორიანული კალენდარი, რომლის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ვსარგებლობთ...

მაიას არც ერთი კალენდარული ციკლის დასასრულს მსოფლიოსთვის, ნეგატიური კუთხით, მნიშვნელოვანი არ მომხდარა. აქ საუბარი აღარ არის აპოკალიფსზე. თუნდაც რელიგიური კუთხით თითქმის ყველა კლასიკური რელიგია იხსენებს მეორედ მოსვლას და აპოკალიფსს, მაგრამ არც ერთი რელიგია არ ასახელებს კონკრეტულ თარიღს. არ შეიძლება ადამიანის გონება ბუნებას მთლიანად ჩაწვდეს.. უნდა ვთქვათ, ბუნებაში ბევრი კანონია და ერთ-ერთია მოლოდინის კანონი.

ადამიანი იღებს იმას, რასაც ელოდება. ამიტომ სჯობს, რაიმე პოზიტიურს ველოდოთ და არა აპოკალიფსს!

- როგორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის 2013 წელი?

- ჯერ კიდევ 2007-08 წლებში ვამბობდი, რომ 2012 წელი არ იქნებოდა საშიში, რთული იქნებოდა 2011 და 2013 წელი, რადგან ორივე ხისტი წლებია. 2013 წელი რადიკალური იქნება...Gგველის წელი გახლდათ 2001 წელი, როდესაც მოხდა ნიუ-იორკის ტერაქტი და ამ მოვლენამ ფაქტიურად შეცვალა მსოფლიოს შემდგომი განვითარების ვექტორი. Dდაიწყო სამხედრო ოპერაციები ავღანეთსა და ერაყში. გველის წელი იყო 1989 წელი, რომელიც ასევე საკმაოდ გარდამტეხი იყო, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.. გველის წელი გახლდათ 1905 და 1917 წლები - რუსეთის პირველი და მეორე რევულუციები, გველის წელი იყო 1941 წელი, როდესაც დაიწყო სსრკ-გერმანიის ომი. გველის წელს მოკვდა სტალინი, რომელიც გარდამტეხი იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ პოლიტიკას, ცხადია, გაგრძელდება ის ტენდენციები, რაც 2012-ში დაიწყო, წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან მერწყულის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული.

მის ჰოროსკოპში ყურადღებას ითხოვს პლანეტათა ნეგატიური წყობა (კონფიგურაცია), ე.წ. ”ტაუ-კვადრატი”. ეს მიანიშნებს, რომ მისი მიდგომა რეფორმებისკენ, ცვლილებებისა და სიახლეებისკენ უნდა იყოს თანდათანობითი, ნაკლებად ხისტი და ნაკლებად მტკივნეული, რათა მის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს, ვიდრე გაუგებრობა და ილუზია. მას მართებს უდიდესი ყურადღება და კონცენტრაცია, რათა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სრული კონტროლის ქვეშ იყოს, რადგან ”ტაუ-კვადრატის” წვერზე მყოფი ნეპტუნი ზრდის ილუზიების ალბათობას. ბიძინა ივანიშვილი ამას პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომითა და პერიოდული გადამოწმებებით აარიდებს თავს.

მის პარტნიორებს მართებთ, რომ არ დაუშვან სერიოზული შეცდომა და განსაკუთრებით გამიზნული შეცდომა, რადგან ისეთი ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ასეთ რამეს თითქმის არასდროს პატიობს.

პროგნოზირების კუთხით შეიძლება ითქვას, რომ მას 2013 წლის მარტამდე მოუწევს დაძაბული შრომა და ბევრი ცვლილების განხორციელება. განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულების გამოჩენა მას 2013 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში და შემდეგ უკვე მაისის მესამე დეკადაში მართებს, რადგან ამ პერიოდებში მოსალოდნელია, მას მოუწიოს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და საჭიროა, მეტი მოქნილობა და ლავირების უნარი გამოავლინოს, რათა ამ პროცესებიდან გამარჯვებული გამოვიდეს. მისთვის სასიკეთო პერიოდი დაიწყება 2013 წლის ივნისიდან და შეიძლება ითქვას, რომ ივნისი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება 2013 წლის განმავლობაში.

მოსალოდნელია, ამ პერიოდში მან მიაღწიოს რაიმე სერიოზულ გამარჯვებას, რაც მისი დაპირებების ასრულებასთან იქნება დაკავშირებული.

საერთოდ მაის-ივნისი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ როგორ მოხდება არა მხოლოდ მისი, არამედ საქართველოს შემდგომი განვითარება. სწორედ 2013 წლის გაზაფხულის დასასრულსა და ზაფხულის დასაწყისში დალაგდება ბევრი პროცესი და ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)