"ქალი რომ შემოვარდა შეშინებული, მაგაზე მივხვდით, რომ აშკარად სროლის ხმა იყო... 10 გასროლა მაინც იქნებოდა" - რას ჰყვებიან ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ვერაზე მომხდარი რამდენიმე გასროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. 17 -18 წლის ბიჭები და ერთი ქალი. როგორც ამბობენ, დაჭრილი ქალი შემთხვევითი გამვლელია. ფაქტი შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე მოხდა, დაჭრილები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
უფრო მეტი დეტალის გასარკვევად დავუკავშირდით კაფე „ზილიკოს“ თანამშრომელს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან დაიწყო კონფლიქტი არ ადასტურებს. კაფეში “ზილიკოში” მომუშავე გვიყვება, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია.
“კაფეში ჩვენთან შემოვიდა ქალი, შეშინებული იყო, გვთხოვა, თავს შევაფარებო. ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს რომ გაიგო სროლის ხმები, ჩვენთან შემოვიდა, სხვაგან ვერსად შევაფარე თავი, უნდა მიშველოთო და შემოვიდა. ქუჩაში იყო სროლები. შანიძის ქუჩის ზემოთ ისმოდა სროლის ხმები, თავიდან სროლა არც მეგონა, ეს ქალი რომ შემოვარდა შეშინებული, მაგაზე მივხვდით, რომ აშკარად სროლის ხმა იყო... რაღაცნაირად მიყვა სროლები, ახლა რომ ვაანალიზებ, ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ 10 გასროლა მაინც იქნებოდა. მერე მივხდით უბრალოდ ასაფეთქებლის ხმა ეს არ იყო. ძალიან მალე მოვიდა პატრული და სასწრაფოს ორი მანქანა, როგორც ვიცი, დაჭრილები გადაიყვანეს. სხვა ვერაფერი გავარკვიე, ვცდილობდი გამერკვია მეტი დეტალი, მაგრამ ვერ შევძელი. მალე პოლიციელები მოვიდნენ და ახლოს ვინ მიმიშვებდა. მხოლოდ გასროლის ხმა გავიგეთ ჩვენ. იმდენად ვინერვიულე, ცუდად გავხდი. დაჭრილი ბიჭები ვინ არიან არ ვიცი. ამ ქალბატონმა ასე გვითხრა ორი თუ სამი ბიჭი იყოო. სასწრაფოებით წაიყვანეს დაჭრილები. იმედია, გადარჩებიან. სულ სამ ადამიანზე ამბობენ დაჭრილიაო. ალბათ საღამოს 10 საათი იყო, ეს ამბები რომ ხდებოდა, არც დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი უბნელები არიან თუ არა”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გოგონა და სოციალური ქსელით და მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან გასულმა ადამიანმა დაჭრა ისინი, არ ადასტურებს:
“თვითონ ეს ქალი,, ვინც ჩვენთან შეშინებული შემოვარდა შეესწრო თუ უბრალოდ სროლაზე გამოიქცა ჩვენთან, ეგეც არ ვიცი, მეც იმდენად ვინერვიულე, რომ ცუდად გავხდი. მეც წავიკითხე სოციალურ ქსელში, წერდნენ, ჩვენს კაფეზე, თითქოს იქიდან გასულმა ადამიანმა ისროლა. მაგრამ ვინც იყო ჩვენთან კაფეში ყველა აქ იყო ისედაც, არც გასულა არავინ. სროლებიც ცოტა ზემოთ იყო, იქ რა მოხდა, არ ვიცი... პატრულზე და სასწრაფოზე მივხვდი. რომ რაღაც ვერ იყო კარგად. სხვა არაფერი ვიცი.”
ერთ ერთი მანქანა, რომელიც დაზიანდა, ტაქსია. მძღოლს მგზავრები გადაჰყავდა და ამ დროს მოულოდნელად ბრმა ტყვიამ მის მანქანაში შეაღწია:
"ჩემი მეუღლე მძღოლია, ორი ადამიანი გადაჰყავდა რა დროსაც სროლა მომხდარა. დამირეკა და მითხრა, არ შეგეშინდეს თუ ვერ გიპასუხებ, ალბათ ფაქტის მოწმეებს დაგვკითხავენ და შეიძლება ვერ გიპასუხოო. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი. ახლა დაკითხვაზეა, შოკი მაქვს, სასწაულებრივად გადარჩა, ჩემი მეუღლის მანქანას მოხვდა ორი ტყვია, მადლობა უფალს, რომ გადარჩა, სხვა არაფერი ვიცი, “ - ამბობს ერთ ერთი დაზიანებული მანქანის მფლობელის მეუღლე.
როგორც ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა დამნაშავე. უწყების ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.ფაქტზე გამოძიება გრძელდება
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)