პრეზიდენტის ახალი ინიციატივა: სად დაიხარჯება მილიონი? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა: სად დაიხარჯება მილიონი?

ცნობილია, რომ მომავალი წლიდან პრეზიდენტის ფონდს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაცვლად 50 მილიონი ლარისა, მხოლოდ 10 მილიონი გამოეყოფა. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგავრი შემცირების მიზეზია ამ ფონდიდან ფულის ის არამიზნობრივი და გაუმჭვირვალე ხარჯვა, რასაც 2012 წლის ჩათვლით ჰქონდა ადგილი. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამას პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებად აფასებენ, თუმცა თვითონ პრეზიდენტმა ამ ფონდიდან ფულის ხარჯვის გარკვეული გეგმა უკვე დასახა და საქმესაც შეუდგა, თან ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებულიც არ არის.

პრეზიდენტის 17 დეკემბრის ბრძანებულებით, საპრეზიდენტო ფონდიდან მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის" განსახორციელებლად. თუ ვინ განახორცილებს ამ პროექტს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამისთვის არასამეწარმეო იურიდიული პირის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა. საკონკურსო პირობები და კონკურსის ჩატარების ვადები, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები საკონკურსო კომისიამ, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლებითაა დაკომპლექტებული სპეციალურ სხდომაზე განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ამ კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეა, წევრები კი: ნატალია ყანჩელი, მუბარის კარაევი, ვან ბაიბურთი და ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შეტანა პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე წლის 23 დეკემბრის 16:00 საათამდე შეეძლებათ.

"კონკურსის ფარგლებში განხილული იქნება საკონკურსო წინადადებები იმ პროექტებზე, რომლებიც მიმართული იქნება სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებისკენ, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიის განვითარების შემდგომი ხელშეწყობისკენ. შერჩეული საკონკურსო წინადადების საფუძველზე შექმნილი პროექტი (შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაფინანსდება 1 000 000 (მილიონი) ლარით მედიასაშუალებებზე და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით", " ნათქვამია განცხადებაში

კონკურსის თაობაზე. პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

"გასაგებია, რომ ეს მილიონი მოხმარდება ძველი ხელისფლებისადმი ლოიალურად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს"

"მომავალ აპრილზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთგვარი დამამშვიდებელი აბია"

" დიდი ქვეტექსტის ძებნა არ არის საჭირო, ისედაც ნათელია ბატონი პრეზიდენტის განზრახვა. რაც უნდა ლამაზი ფრაზეოლოგიით შენიღბონ ეს ინიციატივა, როდესაც ქვეყნდება სია იმ ადამაინებისა, რომლებმაც თურმე უნდა ჩაატარონ კონკურსი იმის თაობაზე, თუ ვინ და როგორ განკარგავს ამ მილიონ ლარს, უკვე კითხვა აღარ რჩება რისთვის და ვისთვის გამოიყოფა ეს ფული. პრეზიდენტი ბევრად უფრო მრავალმილიონიან ფონდს ფლობდა, ვიდრე მომავალ წელს ექნება, მაგრამ ყოველივეს საკუთარი ნება-სურვილით განაგებდა, თავისი და თავისი გარემოცვის ხუშტურების დასაკმაყოფლებლად, ისე, რომ არც დამოუკიდებელი მედია ახსენდებოდა და არც სამოქალაქო სექტორი. წინა წლებში ამ ფონდის ნაწილი იხარჯებოდა მისი ერთგული ტელეკომპანიების დანაშაულებრივ სქემებში, რომელიც მერე კიდევ სახელმწიფო ბიუჯეტის თავის ტკივილი ხდებოდა.

მანდილოსანთა ის "კრებული", რომელიც შესაბამის კომისიაშია წარმოდგენილი, მომიტევონ, მაგრამ საკმაოდ დისკრედიტირებულია ქართველი საზოგადოების თვალში.

გასაგებია, რომ ეს მილიონი მოხმარდება ძველი ხელისფლებისადმი ლოიალურად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ძველი ხელისუფლების არა ერთმა ჩინოსანმა ისტერიულად დატოვა თავის თანამდებობა და გადასკუპდა სამოქალაქო სექტორში. ჩამოაყალიბეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები. ცხადია, ისინი ვერ იქნებიან საერთაშორისო დონორების ინტერესის საგანი, ამდენად მათი ფეხზე დაყენება ამ თანხით იქნება გარანტირებული. სულაც არ იყო საჭირო ამ მილიონის საპრეზიდეტო ფონდიდან გამოყოფა, ისედაც ცხადად ჩანს, რომ რევანშისტული განწყობები ძლიერდება,

ძველი ძალაუფლების რესტავრაციის მსურველები მრავლად არიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის, ოღონდ პრობლემა ერთი აქვთ " როგორ დარჩნენ ისინი საქართველოს მოსახლეობის აშკარა არაკეთილგანწყობის პირობებში პოლიტიკოსებად და არ იქცნენ პატიმრებად? რაც, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო.

- ანალიტიკოსმა გია ნოდიამ ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, " 6 თვე ძალიან ცოტა დროა საამისოდ, თუმცაღა სააკაშვილს აქვს რეალური უფლება, შეცვალოს პრემიერიც და მთავრობაცო. ასევე ხშირად მიანიშნებენ თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მომავალი წლის აპრილზე. რამდენად მოსალოდნელია პროცესების ამგვარი განვითარება?

- მომავალ აპრილზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ერთგვარი დამამშვიდებელი აბია, თუმცა ვურჩევ, იმაზე იფიქრონ, რა იქნება აპრილამადე? ვფიქრობ, ამას მაინც და მაინც გამჭრიახი გონებით ვერ აფასებენ. ჩემი აზრით, მომავალი ოთხი თვე მათი ოცნებების მსხვრევისთვის გადამწყვეტი პერიოდი იქნება, რადგან რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება ახალი ხელისუფლების სამართლის აღდგენის პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, ასევე უფრო და უფრო დასაბუთებულად წარმოჩინდება ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებები, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე დასავლეთისთვის, რომელიც ინერციით ჯერ კიდევ ინარჩუნებს ახალი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)