ესღა აკლდა მსოფლიოს - ირანელების მიბაძვით ჰუსიტები „მშობლიურ“ სრუტეს კეტავენ
ირანელების მიბაძვით ჰუსიტები „მშობლიურ“ სრუტეს კეტავენ...
მსოფლიოს თითქოს ის არ ეყოფოდა, რომ ირანისა და აშშ-ის მრავალთვიანი ქიშპობის შედეგად ხშირად სრულად იკეტება სპარსეთის ყურიდან ომანის ყურესა, არაბეთის ზღვაში და შემდეგ ინდოეთის ოკეანეში გამოსასვლელი ჰორმუზის სრუტე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საწვავის ფასს, რომ იემენელი ჰუსიტებიც დაიმუქრნენ წითელი ზღვისა და ადენის ყურის დამაკავშირებელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის სრული ბლოკირებით და გუშინ ამისთვის პირველი რეალური ქმედებაც განახორციელეს...
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობტანკერებს დაარტყეს. ჰუსიტების განცხადებით, საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ორ ნავთობტანკერს, „ენსელიასა“ და „ლეილას“ შეუტიეს.
იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადეს.
საზღვაო ბლოკადის გამოცხადების შემდეგ ხუთმა ნავთობტანკერმა ბაბ-ელ-მანდების სრუტის გვერდის ავლის მიზნით წითელ ზღვაში კურსი შეიცვალა, ხოლო საუდის არაბეთის ნავთობით დატვირთული სამი ტანკერი უკან დაბრუნდა.
რა გაგრძელება ექნება ამას?
იემენელი ჰუსიტები მხოლოდ საუდის არაბეთის კუთვნილ ნავთობტანკერებს ერჩიან თუ მათი მუქარა იმ ამერიკულ და ევროპულ გემებზეც გავრცელდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის არხის გავლით წითელ ზღვაში ხვდებიან და იქიდან კი ზუსტად ბაბ-ელ-მანდების სრუტის გაცურვით ჯერ ადენის ყურეში გადიან და შემდეგ არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში?
ეს საზღვაო მარშრუტი ყველაზე მოკლე გზაა ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გემებით გადასატანად და მისი ჩაკეტვის შემთხვევაში გემებს მოუწევთ აფრიკის კონტინენტის შემოვლა სამხრეთიდან, რაც ორი-სამი კვირით გაახანგრძლივებს ტვირთბრუნვას ევროპასა და აზიას შორის და შესაბამისად მნიშვნელოვნად გააძვირებს კიდეც...
ჰუსიტების განცხადებით, ეს არის საუდის არაბეთის მიერ იემენის საზღვაო პორტებისა და აეროპორტების 12-წლიან ბლოკადაზე, ასევე სანას საერთაშორისო აეროპორტზე ბოლო დროს განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზე პასუხი.
ბაბ ელ-მანდების სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო გადასასვლელია, რომელზეც გლობალური საზღვაო ვაჭრობის დაახლოებით 10% ხორციელდება. ის განსაკუთრებით კრიტიკულია საუდის არაბეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნედლი ნავთობის ექსპორტიორია.
სრუტე წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებში ტანკერების ჩატვირთვის მთავარ გასასვლელს წარმოადგენს.
ჰუსიტებს უკვე აქვთ ბაბ ელ-მანდების სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების გამოცდილება, რომელიც ყველაზე ვიწრო წერტილში მხოლოდ 20 კილომეტრამდეა. ჰუსიტების არსენალში შედის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, საზღვაო კატარღა-კამიკაძეები და საზღვაო ნაღმები. როგორც ამბობენ, ისინი კვლავ იყენებენ საბჭოთა წარმოების P-15 Termit ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და S-75 „მიწა-ჰაერის“ ტიპის საზენიტო რაკეტებსაც კი ,რომლებიც „მიწა-ხომალდის“ კლასადაა გადაკეთებული, თუმცა, სავარაუდოდ, ჰუსიტების განკარგულებაშია ირანული წარმოების უფრო თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც.
თუკი, იემენელმა ჰუსიტებმა აითოლების ირანთან „დუეტში“ შეთანხმებულად,ერთდრულად დიდი ხნით ჩაკეტეს ჰორმუზისა და ბაბ ელ-მანდების სრუტეები, მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგება…