"რას ჰქვია, რომ იცინითო...10-ზე მეტი გასროლის ხმა გავიგონე..." - ვერაზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"რას ჰქვია, რომ იცინითო...10-ზე მეტი გასროლის ხმა გავიგონე..." - ვერაზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

მთელი ქვეყანა შეძრა გუშინ ვერაზე მომხდარმა ამბავმა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფოს ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმებმა 17 წლის ბიჭის, ნიკოლოზ ღუნაშვილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ამ დრომდე კლინიკაში რჩება ნიკას ორი მეგობარი ბიჭი და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც გასროლილი ბრმა ტყვია შემთხვევით მოხვდა.

შემზარავი ფაქტი შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა ბრალდებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება მკვლელობაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის მოხდა. კერძოდ, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც კაპანაძის დედის სასტუმროს წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა, - რატომ აჩერებთ აქ მანქანასო. ამ ვერსიით, იგი შემდეგ ახალგაზრდებს სიცილზე აუშარდა. ამის შემდეგ ნიკა კაპანაძე გამოვიდა სასტუმროდან და სროლა ატეხა.

ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას შემთხვევითი ტყვია მოხვდა.

როგორც თვითმხილველი ამბობს, მან დაინახა, როგორ ესროდა მამაკაცი დაძრულ მანქანაში მყოფ ახალგაზრდებს.

"დამნაშავემ მანქანაში მჯდომ 17-18 წლის ბიჭებს ცეცხლი გაუხსნა. ამბობენ, რომ მანამდე მის დედას ჰქონდა შელაპარაკება ბიჭებთან. მანქანა მის სასტუმროსთან გაუჩერებიათ, ეტყობა, ეს არ მოეწონა ამ ქალს. იცინოდნენ თურმე და რატომ იცინითო. ბიჭებმა მანქანა დაძრეს, შემდეგ ამ ქალის შვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიები დაახალა ახალგაზრდებს. საშინელი წუთები იყო, მაღაზიაში ვიყავი ჩამოსული და ვერ მივხვდი თავი სად შემეფარებინა. ზედიზედ ბევრი გასროლა იყო, დაზიანდა სხვა მანქანებიც. მალევე მოვიდა სასწრაფო, პოლიცია, ახლოს ვერ გავეკარე, 10-ზე მეტი გასროლის ხმა გავიგონე”, - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.

მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე სამართალდამცავებმა ოპერატიულად დააკავეს, თუმცა მან ძალოვნებსაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო.პოლიცია შემთხვევის ადგილზე, რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. დაცხრილული ავტომანქანა შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე იდგა.

ჩვენ დავუკავშირდით კაფე "ზილიკოს" თანამშრომელსაც. ის არ ადასტურებს მედიაში თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კონფლიქტი კაფეში დაიწყო. კაფე “ზილიკოს” თანამშრომელი გვიყვება, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია.

“კაფეში ჩვენთან შემოვიდა ქალი, შეშინებული იყო, გვთხოვა, თავს შევაფარებო. ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს რომ გაიგო სროლის ხმები, ჩვენთან შემოვიდა, სხვაგან ვერსად შევაფარე თავი, უნდა მიშველოთო. შანიძის ქუჩის ზემოთ ისმოდა სროლის ხმები... 10 გასროლა მაინც იყო. ძალიან მალე მოვიდა პატრული და სასწრაფოს ორი მანქანა, დაჭრილები გადაიყვანეს. სხვა ვერაფერი გავარკვიე", - ამბობს ჩვენთან საუბარში კაფის თანამშრომელი.

ერთ-ერთი მანქანა, რომელიც დაზიანდა, ტაქსია.

„ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლია. ორი ადამიანი გადაჰყავდა, რა დროსაც სროლა მომხდარა. დამირეკა და მითხრა, არ შეგეშინდეს, თუ ვერ გიპასუხებ, ალბათ, ფაქტის მოწმეებს დაგვკითხავენ და შეიძლება ვერ გიპასუხოო. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი. ახლა დაკითხვაზეა. შოკი მაქვს. სასწაულებრივად გადარჩა. ჩემი მეუღლის მანქანას მოხვდა ორი ტყვია. ჩემი მეუღლეც შოკში იყო - მინის ნამსხვრევები უცებ შემოიყარა დ ვერ მივხვდი, რა ხდებოდაო", - ამბობს ერთ-ერთი დაზიანებული მანქანის მფლობელის მეუღლე.

სავარაუდოდ, ამ ტაქსში იჯდა ქალი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა და დაიჭრა.

კლინიკა „ჰელსიკორში“ ამ დრომდე რჩება ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა, მათ სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, შმაგი ჭიოკაძის განცხადებით, ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

„ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის, მეორეს - მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვესაუბრე ახლა, ორივე კარგად არის, თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.

ყველა განიცდის ნიკოლოზ ღუნაშვილის გარდაცვალებას. ის მარჯანიშვილზე ცხოვრობდა და იმ საბედისწერო დღეს ვერაზე მეგობრებთან ერთად იყო ასული. 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა.

“ ჩემი შვილების მეგობარი იყო ნიკა. მთელი ღამე გავათენეთ წუხელ, ისეთ დღეში იყვნენ ბავშვები, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. განადგურებულები ვართ. არ ვიცი, რა ვთქვა, ყველა დედა ფეხზე უნდა დავდგეთ, უნდა გავაპროტესტოთ ეს ფაქტი. ასე არ უნდა ხდებოდეს, ქუჩაში შვილის გაშვების არ უნდა გეშინოდეს ადამიანს. უსაყვარლესი ბავშვი იყო ნიკა, ყველაზე თბილი, ყველაზე უპრობლემო, არაკონფლიქტური. გაოგნებულები არიან ბავშვები, სადმე დაპირისპირებაც რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოიღებდაო, ისეთი გაწონასწორებული ბავშვი იყოო. ღუნას ეძახდნენ... წელს დაამთავრა სკოლა, ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ბედნიერად უნდა ეცხოვრა და უცებ ვიღაც გარეწარმა მოუსწრაფა სიცოცხლე სრულიად უდანაშაულო ბავშვს.

ამ უბანში არ ცხოვრობდა ნიკა, ბიჭები, უახლოესი მეგობრები მანქანით იყვნენ სასეირნოდ წასულები. თან ისეთი ბავშვები არიან... მაქსიმუმ, კაფეში ყავაზე და ტკბილეულზე თუ შევიდოდნენ. გარეთ მანქანაში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, ამ ხმაურმა შეაწუხა თურმე ის ცხოველი. გაუფრთხილებია ნუ იცინითო. გამოიტანა იარაღი და ცეცხლი გაუხსნა ბავშვებს. ამათ დაძრეს მანქანა და ამ დროს იმან ისევ დააყარა ტყვიები.

ვაი, ასეთ საქართველოს, სადაც ფსიქიკურად შეშლილები იარაღით დარბიან და ამას სახელმწიფო ვერ და არ აკონტროლებს...

გაფუჭებით არაფერს არასდროს აფუჭებდნენ ეს ბავშვები. არასდროს სიჩქარეს არ გადააჭარბებდნენ, ამაზე ვგიჟდები. ასეთი ფრთხილი რომ ხარ ბავშვი და უცებ ვიღაც გიჟი რომ არაფრის გამო დაგცხრილავს - სადაა სამართალი? ასე როგორ უნდა ჩაიაროს ყველაფერმა? გავა დრო და ვეგუებით ყველაფერს, ჩაივლის და მორჩა... მერე ისევ რაღაც მოხდება, ვისაუბრებთ და ისევ გავჩუმდებით და როდემდე უნდა იყოს ასე, რამე ხომ უნდა შეიცვალოს? რამე ზომები ხომ უნდა მიიღონ? რამდენი გიჟი გამოხტება და რამ არ მოეწონება, ასე უნდა მოკლას სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები? კიდევ რამდენი ოჯახი უნდა გამწარდეს?! რატომ უნდა გეშინოდეს გარეთ გასვლის, შვილის გარეთ გაშვების? რამდენი ახალგაზრდა უნდა შეეწიროს კიდევ? ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ”, - ამბობს გარდაცვლილი ბიჭის მეგობრის დედა.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით: "ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო. არ ვიცი რა დავწერო... უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით, ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და, ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად! სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი! უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი" , – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის ამჟამად ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება. კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში. ამ წუთას ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. ამ ეტაპზე სტაბილურია მდგომარეობა. არ ვიცით, რა მდგომარეობაში მიიღო დაზიანება. გონზეა, კონტაქტურია პაციენტი. არ ვიცი, ჩვენება მისცა თუ არა საგამოძიებო უწყებას, ჩვენთან, არ მიუცია. ადგილზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ მოიყვანეს, სასწრაფო დახმარებასთან ერთად, პალატაშია ბადრაგთან ერთად 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ არის. სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება, წინასწარ ვერ გეტყვით, როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება“,- აღნიშნავენ კლინიკაში.

დამნაშავეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. სასამართლო იმსჯელებს მისთვის პატიმრობის შეფარდებაზე. რას იტყვის ის სასამართლო პროცესზე და რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილის ოჯახსა და ახლობლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)