“ვახოს დაჭერა ბევრად მეტს ეხება, ვიდრე ვახოს ან ზოგადად ჟურნალისტიკას - ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე...“ - მიხეილ სააკაშვილი
ვახოს დაჭერა ბევრად მეტს ეხება, ვიდრე ვახოს, „ფორმულას" ან ზოგადად ჟურნალისტიკას. ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე და აქ მოქმედების გარდა ყველა სხვა არჩევანი დამღუპველია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რითაც ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით დაკავებას ეხმაურება.
მისივე თქმით, ყველა ჟურნალისტს დაუდგება ალტერნატივა: ან ციხე ან ემიგრაცია.
„გუშინ ციხიდან ვერ მოვასწარი გამოგზავნა და მინდა გამოვეხმაურო ვახო სანაიას პატიმრობას. ძალიან სახიფათო მომენტი დადგა, ვახო ნამდვილი პატრიოტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტელექტუალური მებრძოლი ჟურნალისტია. მე მასთან ვმეგობრობ და ასევე ახლო მეგობარი ვიყავი მისი უფროსი ძმის, მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიასი.
ვახოს არჩევა, რა თქმა უნდა დაშინებას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას ემსახურება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს დიდი გეგმის განხორციელების დაწყებას. არ არის ორი მიზანი, პირველი - დიქტატურა აპირებს ტელევიზიების მოხურვას და ამავე დროს აპირებს შეაჩეროს ჟურნალისტების სოციალურ მედიაში გადანაცვლების დაწყებული პროცესი. ზუსტად ისე როგორც რუსეთი, დიქტატორი უტოვებს ჟურნალისტებს ერთადერთ შანსს - წავიდნენ ევროპაში და იქიდან იმაუწყებლონ.