როგორ მოვიპაროთ მილიონი? - კვირის პალიტრა

როგორ მოვიპაროთ მილიონი?

ყოფილი ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნებისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავების საქმეს საზოგადოებაში უკვე ერთი ცნობილი ფილმის სახელი მიუსადაგეს: "როგორ მოვიპაროთ მილიონი?" კორუფციული გარიგების ეს სქემა მართლაც შთამბეჭდავია და ვინმემ შესაძლოა ისიც იფიქროს, რომ ამ საქმეში ქართული "ინტელექტკლუბის" ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნის ხელი მართლაც ურევია, მაგრამ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გარეშე ამგვარი დასკვნის უფლება არავის აქვს. მით უფრო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ გვარამიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა. მოკლედ, შეგახსენებთ იმას, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები 19 დეკემბერს. ფინანსთა სამინისტროს სამსახურში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს:

• საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური;

• იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია;

• "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი;

• შპს "ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე;

• აუდიტორული კომპანია "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებლები საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და იზაბელა გუტიძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმე ეხება ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებულ და განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემას.

გამოძიების მტკიცებით, დანაშაულებრივი სქემა ასე ვითარდებოდა:

  • "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია "თელასის" მფლობელი კომპანია "ინტერრაოს" წარმომადგენელმა ენერგეტიკის იმჟამინდელ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან მიაღწია შეთანხმებას სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება.

  • ამის სანაცვლოდ ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზეს ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი.

  • ამ აღნიშნული ერთი მილიონი აშშ დოლარისთვის "კანონიერი" სახის მიცემის მიზნით, კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებასა და განხორციელებაში კი მონაწილეობა მიიღო ნიკა გვარამიამ, რომელიც დაუკავშირდა მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა, ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს "ელენდეფ სერვისი", რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა.

  • შპს "ელენდეფ სერვისი" ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს დარეგისტრირდა ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ, აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე ჩაირიცხა 1 000 000 აშშ დოლარი.

  • ასევე ამ გაყალბებების სქემაში მონაწილეობდნენ შპს "გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენსის" დამფუძნებლები. სწორედ კახა დამენიას პირადი სეიფიდან იქნა ამოღებული 1 184 950 ლარი. როგორც გამოძიება აცხადებს, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და იზაბელა გუტიძისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით, კახა დამენიას პირად სეიფში მოათავსეს ეს თანხა, როგორც შპს "ელენდეფ სერვისის" სალაროს ნაშთი.

 

თუ ეს აფერა მართლაც დამტკიცდა, დაკავებულებს გრძელვადიანი პატიმრობა დაემუქრებათ, რადგან საქმე სისხლის სამართლის ხუთი მუხლით არის აღძრული. საინტერესოა, რომ კომპანია "ინტერრაო ესი" ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკონსულტაციო მომსახურებისთვის დაიქირავა ფირმა, რომლისთვისაც 1 მილიონი დოლარის გადარიცხვის საქმეზე დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსნები.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისათვის)

 

ასევე იხილეთ:

-საგამოძიებო სამსახური გვარამიას, მერაბიშვილის, ხეთაგურის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური კახა დამენიას სეიფიდან თანხის ამოღების ვიდეომასალას ავრცელებს