“ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება“ - შალვა კერესელიძე
ის, რაც დღეს ხდება, 90-იან წლებს მაგონებს - გაიზარდა კრიმინალი, ქურდობა, დაჭრა, მკვლელობა - ეს არის ამ რეჟიმის შედეგი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
მისივე თქმით, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრება, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა და დაჭრა, ასევე, პოლიტპატიმრების ყოლა სხვა არაფერია, თუ არა „კრემლის სტილით მოქმედება“.
კერესელიძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ 2028 წელს, არჩევნების გზით, აუცილებლად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და ძალაუფლების დათმობა.
„ეს ყველაფერი უკვე აღარ მიკვირს. ის, რაც დღეს ხდება, ჩემი სტუდენტობის დროს, 90-იან წლებს მაგონებს. იმდენად მიეჩვია თვალიც, ყურიც, რომ საზოგადოებაში დიდ რეაქციასაც აღარ იწვევს, თუ არ ჩავთვლით სოციალურ ქსელებს. ეს არის ამ რეჟიმის შედეგი. კრიმინალში ჩართული ადამიანები ხედავენ, რომ ქუჩაში ძალადობა შესაძლებელია, პოლიციაში ძალადობა „მოსულა“, პარლამენტში ძალადობა „მოსულა“ და ფიქრობს, მისი მხრიდან რატომ არ „მოსულა“ ასეთი ქმედებები?! ამიტომ გაიზარდა კრიმინალი - ქურდობაც, დაჭრაც, მკვლელობაც და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დროულად მოხდეს ამ ხელისუფლების შეცვლა. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ფორმებით, არჩევნების გზით.