საიდუმლო სამსახურის დილემა ანუ ვინ და როგორ იცავს დონალდ ტრამპს?!
არსებული ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისიდან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ დაახლოებით, 10 000 მუქარა დაფიქსირდა - რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. ხოლო თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამწუხაროდ, მსოფლიოში „ნომერ პირველი“ სამიზნეა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე - თავის სამშობლოში.
ტრამპის აგრესიულმა რიტორიკამ, ხშირად გაუწონასწორებელმა განცხადებებმა და არაპროგნოზირებადმა მოქმედებებმა, რაშიც მას ხელქვეითებიც არ ჩამორჩებიან, ამერიკა ორ, სიძულვილით აღსავსე ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებად გახლიჩა. ამან კი სამწუხარო შედეგები უკვე გამოიღო: აშშ-ში თითქმის ყოველდღიურად ავლენენ სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ეთნიკური კუთვნილების ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც პირადი, უმთავრესად პოლიტიკური, მოტივით გეგმავდნენ ტრამპზე თავდასხმას. ეს მართლაც რომ საგანგაშოა, რადგანაც ადამიანი, რომელიც საკუთარი ინიციატივით მოქმედებს და დამოუკიდებლად გეგმავს ტერაქტს, ყველაზე რთულად გამოსავლენია. ამგვარი შემთხვევების პრევენცია და განეიტრალება ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ურთულესი ამოცანაა.
სწორედ ამგვარი პოლიტიკური ტერაქტი იყო 2024 წლის 13 ივლისს 20 წლის თომას კრუქსის მიერ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა, რა დროსაც ამერიკის მომავალი პრეზიდენტი სიკვდილს მხოლოდ განგების წყალობით გადაურჩა. ამ შემთხვევამ გამოავლინა აშშ-ის “საიდუმლო სამსახურის” სერიოზული სტრატეგიული პრობლემები და ტაქტიკური შეცდომები. კერძოდ, ყველაზე სერიოზული ხარვეზი „საიდუმლო სამსახურის“ თანამშროლებსა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს შორის სათანადო კოორდინაციის ნაკლებობა იყო. „საიდუმლო სამსახურის“ ხელმძღვანელობამ ვერ მიაწოდა მკაფიო ინსტრუქციები ადგილობრივ პოლიციას იმ პერიმეტრის გარეთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, სადაც მიტინგის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები და არ ჩაატარა შეხვედრები ერთობლივი მოქმედებების კოორდინაციის მიზნით. ამ ტრაგიკულ ინციდენტს საკადრო ცვლილებებიც მალევე მოჰყვა.
2024 წლის 23 ივლისს ამ სპეცსამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩითლი იძულებული გახდა, პოსტიდან გადამდგარიყო. ამერიკულმა მასმედიამ გამოაქვეყნა კიმბერლი ჩითლის მიერ ხელქვეითებისთვის გაგზავნილი გამოსამშვიდობებელი წერილის შემდეგი ფრაგმენტი: „ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მძიმე გულით მივიღე რთული გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ... საიდუმლო სამსახურის მისიაა, დაიცვას ჩვენი ერის ლიდერები... 13 ივლისს ჩვენ ეს მისია ვერ შევასრულეთ…როგორც დირექტორი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ უსაფრთხოების ამ ხარვეზებზე“.

ფოტო: კიმბერლი ჩითლი
კიმბერლი ჩითლი, რომელიც ერთი პერიოდი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირადი დაცვის დანაყოფის ხელმძღვანელი გახლდათ, არასრული ორი წელი იყო “საიდუმლო სამსახურის” დირექტორი. ამ პერიოდში მისი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და რეზონანსული გადაწყვეტილება ის იყო, რომ მან გენდერული კვოტა დააწესა და სურდა, რომ 2030 წლისთვის „საიდუმლო სამსახურის“ ახალწვეულთა 30% ქალი ყოფილიყო. 2024 წლის ივლისის ბოლოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “საიდუმლო სამსახურის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ამ სამსახურში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილების მქონე

ფოტო: რონალდ როუ
ვეტერანი, რონალდ როუ დანიშნა. თუმცა ის სულ რაღაც ექვსი თვე ხელმძღვანელობდა ამ სპეცსამსახურს.
საინტერესოა, ვინ და როგორ იცავს დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს? ყველა დროს და ყველა ქვეყანაში პირადი დაცვა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ ცალკეული პიროვნებების სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. რეალურად დაცვა, დასაცავი პირის ოჯახის წევრი და ამიტომაც მათი ყველა საიდუმლოების მცოდნეც ხდება. განსაკუთრებით დაფარული ოჯახური და ფინანსური საქმეები არა მარტო “დაცვის” თვალწინ ხდება, არამედ ხშირად ამასაც სწორედ “დაცვის ბიჭები” აკვარახჭინებენ. ამიტომ ამ სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ოდნავი შეცდომაც კი საბედისწერო შედეგის მომტანი შესაძლებელია გახდეს ყველა ასპექტში.
2025 წლის 23 იანვარს „თეთრ სახლში“, „თეთრ ცხენზე“ ტრიუმფით დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა „საიდუმლო სამსახურის“ ახალ დირექტორად შონ ქარენის კანდიდატურა დაასახელა. მას მთელი მსოფლიო უკვე ძალზე კარგად იცნობდა დონალდ ტრამპის საკულტო ფოტოებიდან. თუმცა ძალზე საინტერესო გახლდათ

ფოტო: შონ ქარენი მარჯვნივ, 2024 წლის 13 ივლისი
თავად დონალდ ტრამპის შეფასება: მან საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა, რათა პენსილვანიაში მკვლელის ტყვიებისგან გადავერჩინე... ის დიდი პატრიოტია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იცავდა ჩემს ოჯახსო.
შონ ქარენი 2001 წლიდან მსახურობს ამ სტრუქტურაში, სადაც ყველა თანამდებობრივი საფეხური გაიარა.
2016-2020 წლებში ის აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი დაცვის უფროსის მოადგილე გახლდათ, ხოლო 2021 წლის იანვრიდან შონ ქარენი უკვე ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად დაცვას ხელმძღვანელობდა. 2025 წლის 11 მარტს „თეთრ სახლში“ პრეზიდენტ ტრამპის თანდასწრებით გაიმართა ფიცის დადების ცერემონია. თავის სიტყვაში ტრამპმა ახალი დირექტორი ასე დაახასიათა: „თქვენ წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულეთ. თქვენ გყავთ შესანიშნავი ოჯახი და შესანიშნავი ადამიანი ხართ... მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საიდუმლო სამსახური კიდევ უფრო ძლიერი იქნება. გილოცავთ!“

ფოტო: შონ ქარენი ფიცი დადების დროს, 2025 წლის 11 მარტი
ასე რომ, უკვე ათი წელია, რაც შონ ქარენი ტრამპისა და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების მესაიდუმლეა და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ იცის! რომ არა 2024 წლის 13 ივლისს თომას კრუქსისა და ერთი შეხვედრის მონაწილის გარდაცვალების ფაქტი, ეს ყველაფერი ჰოლივუდის მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერი გეგონებოდათ, რომელიც ბოლო დროს ძალზე პოპულარულ, აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმის თემატიკაზე გადაიღეს.

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ მომავალი დირექტორი, რატომღაც არ ჩქარობს მომავალი პრეზიდენტის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას. ჩემი ვარაუდით, დონალდ ტრამპის გმირულ-მონუმენტური იერი და სისხლიანი სახე, სწორედ შონ ქარენის დამსახურება იყო, რომელმაც ტრამპის პირადი დაცვის წევრებს მის სახეზე სისხლის მოწმენდის უფლება არ მისცა და ამის შემდეგ ისინი ერთად, თითქოს წინასაწარ დადგმული სცენარიაო, თეატრალურად პოზიორობდნენ ფოტოვიდეოკამერების წინ. ასე რომ, პირად მცველს გარჯა დაუფასდა!
ფიცის დადების დროს შონ ქარენმა პირობა დადო, რომ „საიდუმლო სამსახურში“ ჩაატარებდა მასშტაბურ რეორგანიზაციას, რათა 2024 წლის 13 ივლისის მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორებულიყო.
თუმცა 2026 წლის 25 აპრილს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სპეცსამსახური ძალზე ღრმა კრიზისშია და ვერ მიყვება უახლეს ტენდენციებს. კერძოდ კი, სრულად ვერ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და სოციალური ქსელები

ფოტო: აშშ-ის პრეზიდენტის ევაკუაცია
უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ინდივიდის რადიკალიზაციაში და ეს პროცესი ხშირად შეუმჩნეველია, რაც ართულებს დანაშაულის პრევენციას. პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებზე თავდასხმების უმრავლესობა სპონტანური არ არის და ისინი ხშირად ეფუძნება წლობით დაგროვილ უკმაყოფილებას, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკურ, სოციალურ ან პირად დონეზე. უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა მარტოხელა თავდამსხმელის ტიპი, რომელიც მარტო გეგმავს და მინიმალური რესურსებით ახორციელებს ტერორისტულ აქტს.
2026 წლის 25 აპრილის საღამოს ვაშინგტონში, სასტუმროი Washington Hilton-ში, სადაც თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციისთვის გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ ვახშამზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი, ასევე, ასეულობით მიწვეული სტუმარი იმყოფებოდნენ, სროლის ხმა გაისმა. ამის შემდეგ დამსწრეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა და ღონისძიება ჩაიშალა. ვინ იყო თავდამსხმელი და რა მოტივები ამოძრავებდა მას?
პ.ს. იმედია დღეს თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციისთვის გამართული ვახშამი მშვიდობიანად ჩაივლის.
(მეოთხე ნაწილის დასასრული)