"ზელენსკის თავბრუდამხვევი „შემობრუნება" ანუ ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი?!
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ (The New York Times) 24 ივლისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ზელენსკის თავბრუდამხვევი „შემობრუნება“ - მორიგი ზიგზაგი მისი პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც სავსეა მსგავსი „შემობრუნებებით“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი). „ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხეილ ფედოროვი, დიდი ალბათობით, შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტი გახდეს“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ვლადიმერ ზელენსკი ადრეც უარს ამბობდა ხოლმე არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაზე, მაგრამ ამასწინანდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც არმიისადმი სამხედრო ხელმძღვანელობასა და სტრატეგიას ეხება, შეიძლება მისი პოზიცია დაასუსტოს.
სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთ კომედიურ ფილმში ნაპოლეონის როლი შეასრულა, სადაც მისი გმირი განსახიერებულია ჯიუტ იდიოტად, რომელიც უარს ამბობს კურსის შეცვლაზე მაშინაც კი, როცა მას არმია აშკარა დაღუპვისაკენ მიჰყავს.
როცა პრეზიდენტი გახდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ფრანგი გენერლის წინააღმდეგობრივი სახე - დღეს იგი უკიდურესად მოქნილია. ანალიტიკოსთა აზრით, პრეზიდენტი იმდენად ხშირად იცვლის აზრს საკადრო დანიშვნებისა და პოლიტიკური კურსის მიმართ, რომ კადრების დენადობა და არეულ-დარეულობა მისი ხელისუფლებისათვის უკვე სარისკო ხდება, საომარი მოქმედებების პირობებში,
ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებების პროცესში, რომელმაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ გამოცდილი გენერლის - ალექსანდრე სირსკის მხარეს დადგა (რომელიც პოპულარულ და რეფორმისტ ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრს, მიხეილ ფედოროვს უპირისპირდებოდა), შემდეგ კი იგი მთავარსარდლის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ისეთი ახალგაზრდა გენერალი - მიხეილ დრაპატი დანიშნა, რომელიც მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერია. ეს საკმაოდ გაუგებარი „შემობრუნებაა“, რომელიც პრეზიდენტს საჯაროდ არ განუმარტავს. იგი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ ადასტურებს თავის ერთგულებას რეფორმებისადმი, რომლებიც არმიის გაძლიერებისა და განახლებისაკენ არიან მიმართულნი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთმა მოქმედებამ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ტურბულენტობა გამოიწვია უკრაინის შიდაარენაზე რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან - 2022 წლიდან. პროტესტისთვის განწყობილი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და უკმაყოფილება გამოხატა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების გამო, თუმცა მისმა ბოლო ნაბიჯმა - „შემობრუნებამ“ საზოგადოება ვერ დაამშვიდა: მომიტინგეები აქციების გაგრძელებისაკენ მოუწოდებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირეებისთვის პრეზიდენტის მზადყოფნა, ყურადღებით მოუსმინოს საზოგადოებრივ აზრს და, შესაბამისად, შეცვალოს კურსი, უკრაინული დემოკრატიის ძალის ნიშანია, რომელიც ძალიან განსხვავდება რუსეთის ავტორიტარული მმართველობისაგან. საომარი მოქმედებების 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პრეზიდენტად მისი არჩევიდან შვიდი წლის შემდეგ უკრაინელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც ლიდერს, ენდობიან.
მაგრამ პრეზიდენტის მიდრეკილებას უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ხშირი შეცვლისაკენ, შეიძლება, მისი სისუსტის შთაბეჭდილება გამოიწვიოს - ომის მკაცრი რეალობა ურყევ და მტკიცე ნების მქონე ლიდერს ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ერთ-ერთი კრიტიკული შენიშვნა იმით გამოიხატება, რომ მან თავისი ინსტინქტები შოუ-ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაიტანა და ცდილობს ისეთი მანევრები მოახდინოს, რომელიც ყველას მოეწონება და, შესაბამისად, ხმამაღალ აპლოდისმენტებს დაიმსახურებს.
„კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ პრეზიდენტი თავისი კურსის კორექტირებას ცდილობს, ცუდი ამბავი კი ის არის, რომ იგი ამას ძალიან ხშირად და, გარკვეულწილად, უტიფრადაც კი აკეთებს“, - ამბობს ორისია ლუცევიჩი, უკრაინული პროგრამების ხელმძღვანელი ლონდონის „ჩეთემ ჰაუსში“, - „როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი დათმობაზე მიდის, იგი როგორც პიროვნება, ყოყმანობს და საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის".
რისკი, რომლის წინაშეც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დგას, ამჟამად იმით გამოიხატება, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული თავდაცვის მინისტრი მიხეილ ფედოროვი შეიძლება, მისი პოტენციური პოლიტიკური ოპონენტი გახდეს. თუ ასე იქნება, მიხეილ ფედოროვს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩუმად ყოფნა გაამხნევებს და ალბათ იტყვის: „მისი დუმილი იმის აღიარებაა, რომ ჩემს მიერ შეთავაზებული სამხედრო რეფორმები სწორი იყო და, შესაბამისად, პოსტიდან უსაფუძვლოდ გამათავისუფლაო“.
შემობრუნდა რა 180 გრადუსით სამხედრო ხელმძღვანელობის საკითხში, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის შეცდომას ღიად არ აღიარებს. უკრაინული მასმედიის მონაცემებით, თავისი პოლიტიკური პარტიის წევრებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაიჩივლა თავისი რთულ მდგომარეობაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრსა და არმიის მთავარსარდალს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია. (...)
ორისია ლუცევიჩის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმ შეცდომისა, როცა ზელენსკიმ გენერალ სირსკის მხარე დაიკავა, არის ის, რომ პრეზიდენტი ბოლო თვეებში ძირითადად ყურადღებას საგარეო-პოლიტიკური საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული, ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ ევროპის სამხედრო და დიპლომატიური წრეების მობილიზების მიზნით, საშინაო-პოლიტიკური პრობლემები კი ჯეროვანი ყურადღების გარეშე რჩებოდა.
რუსეთის არმიის თავდასხმამდე ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა „ღია მბრუნავ კარს“ ჰგავდა, სადაც ყველა თავისუფლად შედიოდა და გამოდიოდა. მან პრეზიდენტობა ამბიციური პროგრამებით დაიწყო (სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზებისა და სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემის რეფორმირების ჩათვლით), მაგრამ ერთი წელიც არ გასულა, რომ ზელენსკიმ მის მიერ შექმნილი მთავრობის წევრები გადააყენა. მოგვიანებით, უკვე კორონავირუსის პანდემიის დროს, მან ერთ თვეში ჯანდაცვის მინისტრი ორჯერ შეცვალა.
რუსეთთან ომის პირველ წლებში პრეზიდენტმა საკვანძო მინისტრებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი თავიანთ პოსტებზე დატოვა, მაგრამ ახლანდელი ინიცირებული ცვლილებები ანუ მთელი მთავრობის გადადგომა მიმდინარე წელს უკვე მეორეა;
ისიც გავიხსენოთ, რომ გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთლიანად შეცვალა უკრაინის ანტიკორუფციული სისტემა და მისი დამოუკიდებლობა ფაქტობრივად გააუქმა. მას პარლამენტში თანაპარტიელებიც დაეთანხმნენ, მაგრამ... მოსახლეობის უკმაყოფილების გამო პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ანტიკორუფციულ ბიუროს ძველი დამოუკიდებელი სტატუსი დაუბრუნა.
ამჟამინდელი მთავრობის ცვლილებები - ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და ზოგიერთი მინისტრის შეცვლა დავას არ იწვევს. ამბობენ, რომ ახალი მთავრობით ვოლოდიმირ ზელენსკი ზამთრისათვის ემზადება. სადავო მხოლოდ არის ის, თუ ვინ დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, რომლის მოვალეობას დროებით ამ ეტაპზე ევგენი ხმარა ასრულებს.
ახლა მთავარია კითხვა - შეცვლის თუ არა ზელენსკი თავის გადაწყვეტილებას და მიხეილ ფედოროვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დააბრუნებს?
პოლიტოლოგ ვლადიმერ ფესენკოს აზრით, ასეთი უკანდახევითი ნაბიჯი პრეზიდენტის პოზიციას შეასუსტებს.
დეპუტატების თქმით, მიხეილ ფედოროვს შესთავაზეს სხვა სამთავრობო თანამდებობები, ვიცე-პრემიერობაც კი, მაგრამ მას ჯიუტად სურს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნება. ამასთან, ზელენსკიმ უკვე მიანიშნა, რომ მას სამხედრო უწყების ხელმძღვანელად სხვა კანდიდატურა ჰყავს. „თუ ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდება, ამჟამინდელ სიტუაციაში, უკრაინაში ხელისუფლების პარალელური ცენტრი წარმოიქმნება“, - ამბობს ვლადიმერ ფესენკო, - „ეს კი ზელენსკის პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი გახდება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ