100-მილიონიანი „პუტინის სიამაყის“ ჩამოვარდნა - ძრავების გათიშვა თუ მაინც „მეგობრული ცეცხლი“?!
23 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია საჰაერო-კოსმოსური ძალების სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავის აფრენისას განცდილი ავარიის თაობაზე, რომლის დროსაც მფრინავმა შეძლო კატაპულტირება და უვნებელი გადარჩა, ხოლო თავად თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა და ზიანი არავისთვის მიუყენებიაო...
მსოფლიოში და მათ შორის - რუსეთშიც, დროდადრო განიცდიან ავარიას ან სულაც - კატასტროფას, სამხედრო თვითმფრინავები და ამ ინფორმაციაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა ერთი საინტერესო დეტალი - სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები, როგორც წესი, ორადგილიანია და თუკი საქმე მის სასწრაფოდ დატოვებაზე მივიდა, მაშინ კატაპულტირება ორ მფრინავს უნდა განეხორციელებინა და არა - მხოლოდ ერთს...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება კიდევ უფრო საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც თვითმხილველებმა გაავრცელეს ფოტოვიდეოკადრები, თუ როგორ იწვის მინდორზე დაცემული თვითმფრინავი მოსკოვის დასავლეთით, ოდინცოვოს ოლქის სოფელ ლუცინოსთან...
ეს ადგილი ათიოდე კმ-ითაა დაშორებული ცნობილი კუბინკას საჰაერო ბაზიდან, სადაც ბაზირებენ რუსული საპილოტაჟო ჯგუფები „სტრიჟები“ და „რუსკიე ვიტიაზები“ და სრულიად შესაძლებელი გახლდათ, რომ ამ აეროდრომიდან აფრენისთანავე თვითმფრინავს ათიოდე კმ-ში ავარია განეცადა, ოღონდ...
რუსულ მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ჩამოვარდა... არც მეტი და არც ნაკლები, 100 მლნ დოლარად შეფასებული Су-57 - „პუტინის სიამაყე“, რომელსაც მე-5 თაობის რუსულ „სტელსად“ თვლიან, ოღონდ თავად რუსი გენერლები და პროპაგანდა, ხოლო დასავლეთში,ასევე ჩინეთში მას მხოლოდ 4+++ თაობას მიაკუთვნებენ.
რუსულმა Су-57 -მა პირველი საცდელი გაფრენა ჯერ კიდევ 2010 წელს განახორციელა და კრემლის განცხადებით, 2028 წლისთვის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში 76 ერთეული Су-57 უნდა იყოს სამი საავიაციო პოლკის აღსაჭურვად, მაგრამ უკვე 2026 წელია და რუსეთის განკარგულებაში მხოლოდ 40-მდე ასეთი თვითმფრინავი თუ იქნება და მათგან ათამდე ეგზემპლარი ისევ გამოცდებისთვის გამოიყენება, ასე რომ, დარჩენილ ორ წელში კიდევ 36-ის გამოშვება ძალიან საეჭვოა.
საგულისხმოა, რომ ყველა Су-57-ი ერთადგილიანია და ის ვერანაირად ვერ იქნებოდა “სასწავლო-საბრძოლო“, რომლის ავარიაზეც განაცხადეს რუსეთის გენშტაბში.
ახლა, რაც შეეხება თავად ავარიას..
რუსი სამხედრო ბლოგერები მინიშნებას აკეთებენ, რომ Су-57-ს კუბინკას აეროდრომიდან აფრენისთანავე ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ კი - მეორე ტურბორეაქტიული ძრავიც გაეთიშა და მფრინავს კატაპულტირების გარდა არაფერი დარჩენოდა..
სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ასმილიონიანი რუსული „სტელსის“ ავარიის მიზეზი სწორედ ტექნიკური პრობლემები, კონკრეტულად კი - ძრავების გაუმართაობა გამხდარიყო, მითუმეტეს, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს ხაბაროვსკის ოლქში ერთი Су-57-ი სწორედ ტექნიკური გაუმართაობის გამო უკვე ჩამოვარდა.
თუმცა საერთაშორისო სადაზვერვო ორგანიზაციამ InformNapalm-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, ეს მათ შეძლეს, კიბერნეტიკური შეტევით „შეეღწიათ“ ახლადშექმნილი რუსული საჰაერო თავდაცვის შენაერთის - "БАРС Москва"-ს საცეცხლე მართვის კომპიუტერულ სისტემაში და შეცდომაში შეეყვანათ რუსი მეზენიტეები, რომლებმაც კუბინკიდან აფრენილი უახლესი და უძვირესი რუსული გამანადგურებელი, დაბალ სიმაღლეზე მოსკოვისკენ მფრენ მორიგ უკრაინულ რეაქტიულ კამიკაძე-დრონად მიიჩნიეს და ჩამოაგდეს...
გამორიცხული არაფერია, თუმცა InformNapalm-ის ეს განცხადება შესაძლოა, იყოს „სამხედრო დეზინფორმაციის“ მცდელობა, რაც თანამედოვე ჰიბრიდული ომების განუყოფელი ნაწილია, მითუმეტეს, რომ „მეგობრული ცეცხლით“ რუსული ციდან თავად რუს მეზენიტეებს შეცდომით დღემდე არა ერთი თვითმფრინავი და შვეულმფრენი ისედაც ჩამოუგდიათ...