კასპიის ზღვაში ირანულ ტვირთებზე თავდასხმით ზელენსკი ტრამპის გულის მოგებას ეცდება... - კვირის პალიტრა

კასპიის ზღვაში ირანულ ტვირთებზე თავდასხმით ზელენსკი ტრამპის გულის მოგებას ეცდება...

ბალტიის ზღვაში წყალქვეშა გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ თუ ხმელთაშუა ზღვაში უზარმაზარი რუსული ტანკერის აფეთქებები ანუ სულაც აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ასზე მეტი ნავთობტანკერსა და მშრალტვირთმზიდ გემზე უკრაინული კამიკაძე-დრონებითა და დივერსიებით შეტევები,დღეს მსოფლიოში უკვე აღარავის უკვირს,ისევე როგორც კასპიის ზღვაში დრო და დრო განხორციელებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმები რუსულ სამხედრო კატარღებზე...

თუმცა,გუშინ განხორციელებული ოპერაცია მაინც გამორჩეული გამოდგა და არა იმიტომ,რომ უკრაინამ მოახერხა რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის 12418 «Молния»-ს კლასის სარაკეტო კატარღის დაზიანება,არამედ ასევე წარმატებული შეტევები მიიტანა ორ რუსულ სატვირთო გემზეც PORT OLYA 2-სა და BEGEY-ზე...

kaspi2-1785051949.png
კასპიის ზღვაში რუსულ და ირანულ სატვირთო გემებზე უკრაინის საჰაერო შეტევების გახშირება, მოსკოვისა და თეირანის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას პრობლემებს შეუქმნის, რაც აშშ-ების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს...

თითქოს,რა მოსატანია უბრალო სატვირთო გემები, „ურანის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული რუსული კატარღის დაზიანებასთან(რაც ნამდვილად არ ეწყინებოდათ კასპიის ზღვის ქვეყნებში-აზერბაიჯანში,ყაზახეთში და შეიძლება თურქმენეთშიც),მაგრამ აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა...

„მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ამით ამერიკელი კოლეგის გულის მოგებას ცდილობს მასთან შეხვედრის წინ...

ამ თვის ბოლოს ზელენსკი ვაშინგტონში ჩადის ტრამპთან შესახვედრად და ძალზე დიდი იმედი აქვს,რომ ეს იქნება გარდამტეხი მოლაპარაკებები აშშ-უკრაინის ურთიერთობებში,რაც განაახლებს ამერიკულ სამხედრო დახმარებას უკრაინის არმიისთვის,მათ შორის „პეტრიოტის“ ანტირაკეტების მიწოდების სახითაც,რათა უკრაინელმა მეზენიტეებმა ნაწილობრივ მაინც მოიგერიონ კიევისკენ სისტემატურად გაშვებული რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“.

kaspi3-1785052006.png
კასპიის ზღვაში დაზიანებული რუსული სატვირთო გემი PORT OLYA 2

და ასეთ დროს ზელენსკი ცდილობს აჩვენოს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს,რომ უკრაინა თავის მხრივ ეხმარება აშშ-ს ირანთან მიმდინარე ომში იმით,რომ კასპიის ზღვაში ანადგურებს ირანულ სამხედრო ტვირთებს...

საგულისხმოა,რომ გუშინ კასპიის ზღვაში უკრაინული კამიკაძე-დრონების მიერ დაზიანებული ორივე სატვირთო გემი სანქციებდადებულ რუსულ კომპანიებს ეკუთვნით და ისინი არაერთხელ ყოფილან შემჩნეული სამხედრო ტვირთების გადატანაში ირანის პორტებიდან რუსეთის ასტრახანში,მაშინ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის საწყისი ეტაპი მიმდინარეობდა და მოსკოვი თეირანისგან ათასობით კამიკაძე „შაჰიდს“ ყიდულობდა უკრაინის ქალაქებზე თავდასასხმელად.

ამერიკა-ირანის საჰაერო ომის დაწყების შემდეგ კი უკვე რუსეთიდან ირანისკენ დაიწყეს ამ გემებით კასპიის ზღვის გავლით გარკვეული რუსული სამხედრო ტვირთების გადატანა,მათ შორის საზენიტო-სარაკეტო დანადგარებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ანუ იმის რაც ასე ძალიან სჭირდება აითოლების რეჟიმს ამერიკული ავიაციის შეტევების მოსაგერიებლად.

kaspi4-1785052138.png
კასპიის ზღვაში დაზიანებული რუსული სატვირთო გემი BEGEY

ყველა შემთხვევაში, კასპიის ზღვაზე გამავალი საზღვაო ლოჯისტიკური ხაზის(რომლის საშუალებითაც ხორციელდება რუსეთ-ირანის აქტიური ორმხრივი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა) გადაჭრა შედის როგორც უკრაინის,ისე აშშ-ების საერთო სტრატეგიულ ინტერესებში,რის აუცილებლობის დანახებასაც შეეცდება ზელენკი ტრამპისთვის, თეთრ სახლში შეხვედრის დროს...

kaspi5-1785052246.png
უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა კასპიის ზღვაში მოცურავე არც ეს, 12418 «Молния»-ს კლასის რუსული სარაკეტო კატარღა დაინდეს... ფრონტის ხაზიდან ათასი კმ-ის მოშორებით...

თუმცა,უკრაინის პრეზიდენტს მაინცდამაინც არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები,რადგან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არაორდინალობით და არალოგიკური გადაწყვეტილებებითაც და ამასთან...პენტაგონს თავად აღარ ჰყოფნის „პეტრიოტის“ ანტირაკეტები ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზების დაცვისას და უკრაინას რას მისცემს?

P.S. ირანმა ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა უკრაინას 25 ივლისის საჰაერო შეტევების გამო და განაცხადა,რომ ამ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ირანული სავაჭრო გემი,რომელზეც ერთი ირანელი მეზღვაური დაიღუპა,მეორე კი დაიჭრა.

თეირანი კიევს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა და ამასთან ხაზი გაუსვა,რომ „ირანი არ ერევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“...

სწორედ ამაზეა ნათქვამი-„ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო“-აბა ვისი ათასობით კამიკაძე-დრონებით „შაჰიდებით“ ააფეთქა პუტინის არმიამ უკრაინის ქალაქებში ასობით საცხოვრებელი კორპუსი და კერძო სახლი?