„მე დივერსიის კვალს განვიხილავდი, თანაც პირდაპირ ცენტრალურ პულტზე“
საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები სულ უფრო მეტ კითხვასა და შეშფოთებას ბადებს საზოგადოებაში. გასულ კვირას, სულ რაღაც სამი დღის ინტერვალში, ორჯერ ტოტალურად გაითიშა ელექტროენერგია. მაშინ, როცა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებიდან არც დროული და არც დამაჯერებელი განმარტებები არ მოგვისმენია, საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი ვერსია თუ ეჭვი. მათ შორის აქტიურად განიხილება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგოსისტემა შესაძლოა დივერსიული აქტის მსხვერპლი გახდა. ენერგოკრიზისთან ერთად, კვლავ მწვავეა საგარეო-პოლიტიკური გამოწვევებიც -… ამ და სხვა აქტუალურ თემებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- მართლაც ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ეს სიტუაცია, მით უმეტეს, სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვართ. არავინ გვიხსნის, რა და რატომ ხდება. ითქვა, რომ ავარია მოხდა ენგურჰესზე, მაგრამ ძალიან მეუცნაურება ერთი ამბავი: პირველი გათიშვისას ჟურნალისტებმა დაურეკეს ენგურჰესის დირექტორს, რომელმაც განაცხადა, რომ არ იცის, რა ხდება და ვერ იტყვის, რომ დაზიანება ენგურჰესზეა, რაც ძალიან უცნაურია.…
ეჭვს ბადებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დუმილიც. ჩვენ, მოქალაქეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა გახდა ასეთი მასშტაბური ავარიის მიზეზი და რატომ განმეორდა გათიშვა ასე მალე? ასევე რა კეთდება არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად?
სემეკ-მა განაცხადა, რომ შეიქმნა კომისია. სიმართლე გითხრათ, ჩემი შეფასებით, ეს გათიშვები ან სრული არაპროფესიონალიზმის შედეგია, ან დივერსიის. რაღა დაგიმალოთ და, არაპროფესიონალიზმის მაინცდამაინც არ მჯერა, ქვეყანაში მეტ-ნაკლებად კარგი ენერგეტიკოსები გვყავს. პირადად მე უფრო მეორე ვერსიას - დივერსიის კვალს განვიხილავდი, თანაც პირდაპირ ცენტრალურ პულტზე.
ბოლო ინფორმაციით, სუს-მა საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება. დროა, სუს-ი თავისი პირდაპირი მოვალეობებით დაინტერესდეს - მარტო იმისთვის ხომ არ არსებობს, რომ მომიტინგეებს სდიოს და დააკავოს?! ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა გამიჭირდება... იმედია, ყველაფერი დროულად გაირკვევა.
- ბატონო სანდრო, მოგეხსენებათ, 23 ივლისს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესეს სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი, რომელშიც მოხვდა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც, ოღონდ ასეთი დათქმით: ეს სანქცია კონკრეტულად 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, თუ იქ მანამდე არ შეწყდა რუსული ნავთობის გადამუშავება. რატომ მივედით აქამდე? ძალიან დიდი ხანია ლაპარაკია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ხდება, თუმცა ხელისუფლება დღესაც ამტკიცებს, რომ ასე არ არის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1-ლ ივლისს განცხადება გააკეთა ყულევის ხელმძღვანელობამაც და თქვა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი უარს იტყვიან რუსული ნავთობის გადამუშავებაზე.
- აქ რამდენიმე მხარეა: პირველი ის, რომ ყულევის ტერმინალში მნიშვნელოვანი წილის მფლობელია SOCAR-ი. შესაბამისად, სამუშაოა აზერბაიჯანულ მხარესთან, კერძოდ, ილჰამ ალიევთან. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ადამიანები საკუთარ ინტერესებსა და შემოსავალს ზნეობაზე მაღლა აყენებენ. ეს შეეხება როგორც უშუალოდ ყულევის მეპატრონეებსა და ხელმძღვანელობას, ასევე მათ მფარველებს. გავიგეთ, რომ ნავთობს დემპინგური ფასებით ყიდულობენ, რაც ძალიან იაფი უჯდებათ, შესაბამისად, დიდი მოგება რჩებათ.
ძალიან ბრძნულად მოიქცა ევროკავშირი, როდესაც ყულევის ტერმინალს სანქციის ამოქმედებამდე დრო დაუწესა. ვფიქრობ, ამ 6 თვეში მიღებული იქნება აუცილებელი ზომები და ტერმინალში ვითარება ისე გამოსწორდება, რომ სანქციის ამოქმედება საჭირო არ გახდება.
- მინდა შევეხოთ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რუსეთის მოქალაქე ტურისტი ქალების ქცევას ერთ-ერთ მათგანზე ძალადობა მოჰყვა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ ის აჟიოტაჟი და საოცარი ხმაური, რაც ამ ამბავს მოჰყვა... ჩვენთან ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაცია იყო.
- პროვოკაციაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოძიება უფრო ობიექტური უნდა ყოფილიყო: მხოლოდ ქართველი ბიჭი კი არა, ის რუსი ქალებიც ციხეში იყვნენ ჩასასმელი. ჩემი შეფასებით, ასიმეტრიული რეაგირება იყო. დაშინებული კაცის პოზიცია ყოველთვის დამარცხებულია - სწორედ ამ პოზიციაში ჩაიყენა თავი სასტუმროს პერსონალმა, როდესაც ხუთმა დაცვის თანამშრომელმა სამი რუსი ქალი ვერ დააშოშმინა. ამ ინციდენტის თავიდანვე პრევენცია სრულიად შესაძლებელი იყო.
ბოლო ინფორმაციით, რომელიც მაქვს, სასტუმრომ საკუთარ თავზე აიღო დაკავებული ბიჭისთვის მისჯილი გირაოს - 5.000 ლარის გადახდა; კიდევ კარგი, ეს მაინც გააკეთეს. ძალიან მაინტერესებდა, გააძევებდნენ თუ არა იმ ქალებს ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, არავის გაუძევებია, მეტიც, ლალი მოროშკინას მიუპატიჟებია და ერთად გაუტარებიათ დრო. ლალი მოროშკინა რას წარმოადგენს, ვიცი, ვიცნობ და ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ არ შეიძლება საქართველოს საგარეო პოლიტიკა ლალი მოროშკინას ხუშტურებზე იყოს დამოკიდებული. არ შეიძლება!
- "დაშინებული კაცის პოზიცია" ახსენეთ. რას გულისხმობთ - საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ საქართველოში ხელისუფლებას წახალისებული აქვს როგორც რუსული პროპაგანდა, ისე რუსეთის მოქალაქეების პარპაში ქვეყანაში? ალბათ, ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ჩვენში ევროპის ლანძღვა დასაშვებია, თუმცა ოკუპანტ რუსეთზე ძვირს ბევრს ვერ დააცდენინებ. იქნებ ამგვარი დამოკიდებულების გამო ვერ იმოქმედეს სასტუმროს წარმომადგენლებმა?
- შესაძლოა ასეც არის, თუმცა უფრო სხვა რამ მგონია: ჯერ ეცადნენ, რომ ხმაური არ ატეხილიყო და დროულად იმიტომ ვერ დააშოშმინეს ის ქალები, თანაც დიდ მოგებას იღებენ რუსი ტურისტებისგან და ამის გამოც მოერიდნენ. მოკლედ, დღევანდელი მოგება ბევრისთვის ზნეობრივ ნორმებზე მაღლა დგას, არადა, აუცილებელია გარკვეული პრინციპების დაცვა.
- მინდა გასულ კვირას ვერაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე ვისაუბროთ, რაც, ჩემი აზრით, სისტემური პრობლემების შედეგია - მამაკაცმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, დაიღუპა 17 წლის ბიჭი. მკვლელობაში ბრალდებულის დედის თქმით, ამის შესახებ წლების განმავლობაში ცნობილი იყო სამართალდამცავებისთვის, რომ პოლიციას წარსულში მისი ვაჟისთვის შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი და სამი იარაღიც ჩამოართვეს, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნეს.
- უპირველეს ყოვლისა, მივუსამძიმრებ გარდაცვლილი ბიჭის მშობლებსა და ახლობლებს. როგორც ამბობენ, დაკავებული მამაკაცი მართლაც შეურაცხადია; მისი ადვოკატის თქმით, ის რეალობას ვერ აღიქვამს. ასეთ ადამიანს როგორ შეიძლება ჰქონოდა იარაღი?! როგორ მოხდა, რომ მას გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოართვეს იარაღი და შემდეგ ისევ დაუბრუნეს?!
საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?! ჩემი აზრით, ის ხალხი, ვინც ეს დაუშვა, პასუხისგებაშია მისაცემი. საქმე გვაქვს სამსახურებრივ გულგრილობასთან - ასეთია სამართლებრივი ტერმინი, თუმცა მე ამას გაცილებით უფრო მკაცრ შეფასებას მივცემდი და სამსახურებრივ დანაშაულს ვუწოდებდი. ეს ექვემდებარება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს კიდეც. თუ არ დაიწყება, სამწუხაროდ, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა.
საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემა და სახლში იარაღი უდევს.
აქ კიდევ უნდა ვახსენოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები. მიპასუხეთ, სად არის დღეს ფსიქიატრიის ინსტიტუტი? ავლიპ ზურაბიშვილის შექმნილი უძლიერესი, მსოფლიო მნიშვნელობის სკოლა ერთი ბრძანებით მოსპო მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოში ფსიქიატრია აღარ არსებობს.
- ბატონო სანდრო, ორიოდე სიტყვით მინდა შევეხოთ იმასაც, რომ გასულ კვირას ფეისბუკსტატუსების გამო ციხეში გაუშვეს ჟურნალისტი ვახო სანაია და ექიმი გიორგი ახობაძე. როგორც ჩანს, ეს პროცესი სულ უფრო მასშტაბური გახდება და სპეციალურად ამისთვის შექმნილი სამმართველო კიდევ უფრო დიდი მონდომებით ამუშავდება. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ყველაფერი?
- შეიძლება შეფასდეს ორნაირად: პირველი - რასაკვირველია, ეს არის შეტევა თავისუფალ აზრზე. "ქართული ოცნების"” რეჟიმი ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს თავისუფალი აზრის გამოხატვა. თუმცა, მეორე მხრივ, უზრდელობა და ბილწსიტყვაობა არავისგან არ არის მოსაწონი. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: თუ კანონი ყველასთვის არ კანონობს და შერჩევითია, ეს კანონი საერთოდ აზრს კარგავს.
ძალიან მაინტერესებს, პარლამენტში ამასწინანდელი ჩხუბისა და ლანძღვა-გინების შემდეგ ვინმემ აგო პასუხი? აღიძრა საქმე ან დაინტერესდა ამით თქვენ მიერ ნახსენები სამმართველო, თუ მათ მხოლოდ ოპოზიციის სიძულვილის ენის გაკონტროლება ევალებათ?!
"ქართული ოცნების" არაერთი წევრი ვიცი, რომლებიც საშინელი უცენზურო სიტყვებით წერენ სტატუსებს, მაგრამ მათი პასუხისგების თაობაზეც არაფერი გამიგია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვუბრუნდები თავში ნათქვამს: ეს სამმართველო და ეს კანონი გამოყენებულია როგორც ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი თავისუფალი აზრის ჩასახშობად. ძალიან კარგად თქვა ამ ამბებზე სიმონ ჯანაშიამ - ამ ყველაფრით უნდათ საზოგადოების დაშინება, რათა განსხვავებული აზრის საჯაროდ თქმა ვერავინ გაბედოს. თუმცა მინდა ვუთხრა ყველას: არ არის აუცილებელი აზრების გამოთქმა უცენზუროდ - ძალიან მკაცრად შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ნებისმიერი ვინმე ზრდილობიანადაც.
- დასასრულ მინდა ვისაუბროთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე. მოგეხსენებათ, პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა "ჯერ საქართველო", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის ინიციატივა გასულ კვირას განხილვის თემად იქცა. ვიქტორ ყიფიანის თქმით, აუცილებელია ოპოზიციამ ითანამშრომლოს და გაერთიანდეს საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნის გარშემო: "დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ არჩევნებში ვმონაწილეობთ. არჩევნები თუ არ დაემსგავსა არჩევნებს, თუ არ იქნება რეალურად სამართლიანი, კონკურენტული და თავისუფალი, სხვაგვარად არჩევნებში მონაწილეობა იქნება მხოლოდ ყალბი არჩევნების შედეგის გაფორმება და ამ გაფორმებაში ხელის შეწყობა. ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ", - განაცხადა მან.
- მინდა თავდაპირველად ვთქვა, რომ ვიქტორ ყიფიანი ძალიან კარგი ანალიტიკოსია, ასევე მისი ჯგუფი მოდის "ჯეოქეისიდან", რომელიც ასევე კარგი ანალიტიკური ორგანიზაციაა, მაგრამ მათ რეალური ქმედითი პოლიტიკის გამოცდილება არა აქვთ. ამიტომ უნდა მივცეთ დრო და დაველოდოთ, რას შეძლებენ პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა მის გუნდში არიან პირები, რომლებიც თავის დროზე ძალიან ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან, მეტიც, წარმოადგენდნენ მას, მაგალითად, ვალერი ჩეჩელაშვილი.
ზოგიერთმა ვიქტორ ყიფიანს გაუხსენა, რომ ის ერთხანს ივანიშვილის ადვოკატი იყო, მაგრამ ცოტა უხერხულია დღეს იმაზე ლაპარაკი, ვინ როდის სად იყო, როდესაც ყოფილი "ნაცებით" სავსეა ხელისუფლება, ხოლო ყოფილი "ქოცები" მრავლად არიან ოპოზიციაში.
ბოლოს და ბოლოს, დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დროს. ასე რომ, ამგვარი ლაპარაკი მოკლებულია მნიშვნელობას. უნგრეთის მაგალითს თუ გავიხსენებთ, პეტერ მადიარიც თავის დროზე ორბანის ხელისუფლებას წარმოადგენდა.…
რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანის ნათქვამს, მიმაჩნია, რომ სწორი ინიციატივაა, თუმცა მგონია, ოპოზიციის სრული გაერთიანება ვერ მოხერხდება ისე, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა. ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია "ნაციონალურ მოძრაობის" სახით, რომელიც ნებისმიერ თემატურ გაერთიანებაშიც კი თუ თვითონ არ არის ცენტრალური ძალა, ამას საკუთარ საფრთხედ აღიქვამს.