„ერთი სკამის ორად გაყიდვის“ პრინციპი ანუ მუშტი - კრივი თელავში - კვირის პალიტრა

„ერთი სკამის ორად გაყიდვის“ პრინციპი ანუ მუშტი - კრივი თელავში

18 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო "აგარანის მამულში" ინციდენტი მოხდა - ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ვიდეოში, რომელიც სასტუმროს ნომერში თავად რუსებმა გადაიღეს, ჩანს - გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) სახეში ხელს ურტყამს რუსეთის მოქალაქე იულია ნესტერენკოს. ვიდეო 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა(!). კამათი იმის შესახებ, ვინ იყო მართალი და მტყუანი, საქართველოს საზღვრებს გასცდა. გიორგი ჭიღლაძე 5.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რომელსაც სასტუმრო გადაიხდის. სავარაუდოდ, გამოძიების დასრულებამდე საქართველოში დარჩებიან იულია ნესტერენკო და მისი მეგობრები. პირველ რიგში, საინტერესოა რა მოხდა იმ დღეს და ვინ არის სინამდვილეში პასუხისმგებელი. ამ კუთხით მხარეების ვერსიები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

„შეზარხოშებულმა რუსებმა დაიწყეს ყვირილი "горько" და შენიშვნის მიცემის შემდეგ უფრო აგრესიულები გახდნენ“

ლაშა კაპანაძე, გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი: "მე თავად ვიყავი სტუმრებს შორის და მომხდარის თვითმხილველი ვარ. ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 20:30 საათზე. შეზარხოშებულმა რუსებმა დაიწყეს ყვირილი "горько" ("მწარე"), რაც ქართულ ტრადიციებში არანაირად არ ჯდება. შემდეგ გახდნენ უფრო აგრესიულები. შენიშვნის მიცემის შემდეგ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს - "პაპუასების ქვეყანა"”და ა.შ. მერე წვეულების სტუმრებს სითხე გადმოასხეს. რა სითხე იყო, ეს უკვე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს... ქორწილის სტუმრების თქმით, იყო უსიამოვნო სუნის სითხე და მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, რომ ეს ნამდვილად შარდი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ყოფილიყო კიდეც.

ფაქტის შესახებ თავდაპირველად სტუმ­რებმა სასტუმროს ადმინისტრაციას შეატყობინეს, რომელიც ეცადა კონფლიქტი თავისი ძალებით აღმოეფხვრა, მაგრამ, ეს ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, გიორგიც მესამე სართულზე აღმოჩნდა... ზუსტად საიდან დაადგინა, რომელ ნომერში იყვნენ ეს ქალები, არ ვიცი... ხაზს ვუსვამ - მექორწილეების მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა, ვიდეოც კი გავრცელდა, როგორ მოუწოდებს ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი, რომ შიგნით შესულიყვნენ, რომ ისინი არ არიან საკუთარ სახლში, სტუმრები არიან ჩვენს ქვეყანაში და პატივი უნდა ეცათ ჩვენი ტრადიციებისთვის.

გიორგი ჭიღლაძე ნანობს მომხდარს, ამბობს, რომ მას არ ჰქონია ვინმესთვის ზიანის მიყენების განზრახვა და ის პროვოკაციის მსხვერპლია. ამასთან, როგორც გიორგი ჭიღლაძე აფიქსირებს, სასტუმროში მომხდარი ინციდენტის დროს მას ყელის არეში მიაყენეს დაზიანება. შესაბამისად, ადვოკატებმა შევიტანეთ განცხადება და არ გამოვრიცხავ, ტურისტების პასუხისმგებლობაც დადგეს, რადგან იკვეთება დანაშაულის ნიშნები"

agaranis-1785063954.jpg

"გოგონები წვეულების ხალხს კოცნას უგზავნიან, დაბლიდან კი კაცები ეძახიან: "იდი ნა..." - აქედან დაიწყო ყველაფერი"

ლალი აფციაური, იულია ნესტერენკოს ადვოკატი: "გოგონები ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, აივანზე გავიდნენ და გახსნეს შამპანური. სტუმრებს შესაძლოა, შხეფები მოხვდათ, თუმცა... ამაშიც ეჭვი მეპარება. იმ სასტუმროს ისეთი განლაგება აქვს, იქიდან შლანგით რომ გადმოასხა წყალი, იქამდე ვერ მიაღწევს, გამორიცხულია.

არის კადრები, სადაც ჩანს, რომ გოგონები წვეულების ხალხს კოცნას უგზავნიან, ქვემოდან კი კაცები ეძახიან: "იდი ნა..." აქედან დაიწყო ყველაფერი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ ზემოდან არაფერი გადმოუსხამთ და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ ვინმესთვის. რაც უნდა ექნათ, ჭიღლაძეს ქალისთვის ასე უნდა დაერტყა, ცხვირი რომ გაეტეხა?

აპარატურის დაზიანებაც ტყუილია. თელავის პოლიციაში როცა ვიყავი, გოგონების დაკითხვაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილსაც კითხავდნენ. მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, უცებ წამოხტა და გაიქცა, ფეხბურთის საყურებლად უნდა წავიდეო, გამოეკიდა პოლიციელი, მიაბრუნეს და იქ ატყდა კარის ჯაჯგური, მან პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა... ჩვენებას როცა აძლევდა, გავიგონე, აპარატურაზე უთხრა, ახლა კი მუშაობს, მაგრამ 3 დღეში შეიძლება გაფუჭდესო.

ყელის არეში დაზიანებას რაც შეეხება, ჩაატარონ ექსპერტიზა და ყველაფერი გამოჩნდება. დათვის ტორები ხომ არაა, რომ ხელით დაზიანება ამ სისქე იყოს? ეტყობა, ქვევით, გაწევ-გამოწევაში ვიღაც თავისიანმა მოქაჩა საყელო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ორ ადგილას აქვს ცხვირი გატეხილი და აღენიშნება ჰემატომა..."

რას ამბობს სასტუმრო "აგარანის მამული"?!

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სასტუმრო "აგარანის მამულმაც"", რომელშიც აღნიშნულია, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიეცათ მითითება, არ დაეშვათ საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის უშუალო კონტაქტი, მაგრამ ინციდენტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა - გიორგი ჭიღლაძე მესამე სართულზე რომ ავიდა, დაცვის თანამშრომელმა ლიფტს ვერ მიუსწროო. მათი ინფორმაციით, "დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი". ადმინისტრაცია აღიარებს მის წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ინციდენტის დეესკალაცია დროულად ვერ მოხერხდა და აღნიშნავს, რომ“მათი პოზიცია რუსეთის ოკუპაციის მიმართ ერთმნიშვნელოვანი და უცვლელია. ასევე, პრინციპულად მიუღებელია "საქართველოს სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების უპატივცემულობა".

"თავად ფაქტი, რომ სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული ისეთ დღეს, როდესაც ობიექტი ქორწილს მასპინძლობს, აპრიორი არასწორია..."

არჩილ გელაშვილი, "ჰორეკა საქართველოს"" დამფუძნებელი: - ""აგარანის მამულში"" მომხდარ ინციდენტზე ცალსახად პასუხისმგებელია სასტუმროს ადმინისტრაციაა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "აგარანის მამული"" არ გაურბის პასუხისმგებლობას და აცნობიერებს საკუთარ ბრალეულობას მომხდარში. საქმე ისაა, თუ რაში გამოვლინდება მათ მიერ პასუხისმგებლობის აღება და რაში კონვერტირდება სამომავლოდ. როგორც წესი, ჩვენს საზოგადოებაში „პასუხისმგებლობა" მხოლოდ სიტყვად რჩება ხოლმე და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს კონკრეტული შემთხვევა გამონაკლისი იქნება.

- ზოგადად, ისეთ სივრცეში, სადაც მსგავსი წვეულებები იმართება, რა კრიტერიუმებს და სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სასტუმრო, უნდა მიიღოს თუ არა სხვა ჯავშნები, მსგავსი ინციდენტები რომ აიცილოს თავიდან?

- როდესაც 100-200 ან 500 კაცი რაიმეს აღნიშნავს, იქ ბუნებრივად წარმოიქმნება აკუსტიკური დისკომფორტი სხვა დამსვენებლებისთვის და უმჯობესია, თუ ახლომახლო სივრცე მხოლოდ ღონისძიებას დაეთმობა. ამგვარად, თავად ღონისძიებების მონაწილეებიც ბოლომდე "შეირგებენ"" მხიარულებას და არც უკმაყოფილო დამსვენებლები გვეყოლება, რომელთაც თანხა (თან საკმაოდ სოლიდური) მშვიდ დასვენებაში გადაიხადეს და არ არიან ვალდებული ხმაური აიტანონ.

- როგორც ""აგარანის მამული"" აცხადებს, "აღნიშნულ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწილო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ და ისინიც დათანხმდნენ დარჩენაზე.

- ისევ და ისევ, თავად ფაქტი, რომ სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული" ისეთ დღეს, როდესაც ობიექტი ქორწილს ან მსგავსი ტიპის ღონისძიებას მასპინძლობს, აპრიორი არასწორია. წარმოიდგინეთ, სასტუმროს ნომრების დაჯავშნა ხშირად რამდენიმე თვით ადრე ხდება. როდესაც მასპინძელმა წინასწარ იცის, რომ ნომრები სრულად არის დაჯავშნილი, არ უნდა გამართოს ქორწილი სავსე ნომრების ფანჯრების ქვეშ ან პირიქით, თუკი ქორწილი უკვე ჩანიშნული იყო და ამის შემდეგ მიიღო ჯავშნები, ეს უარესია, ვინაიდან როგორც უნდა გააფრთხილო სტუმრები მოსალოდნელი დისკომფორტის შესახებ, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, თუ როგორი ხმაური მოჰყვება ღონისძიებას (განსაკუთრებით კი ქართული ქორწილის არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე). ეს ყველაფერი ძალიან სუბიექტური მოცემულობებია და კონკრეტული საზომებით განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ჯობს, მასპინძელმა თავი დაიზღვიოს და ან ერთზე თქვას უარი, ან - მეორეზე.

პრინციპი - ერთი სკამის ორად გაყიდვის მცდელობა - სწორედ სიხარბეზე მიუთითებს, თუმცა ეს არა მარტო სასტუმრო სექტორზე, არამედ ზოგადად - მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროს სრულ სპექტრზე ვრცელდება.

"არ შეიძლება ამ ფაქტის გაფეტიშება და მით უმეტეს მოძალადეების გმირებად წარმოჩენა"

ლევან ლორთქიფანიძე, ანალიტიკოსი: "პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქალის, ბავშვისა და უმწეო ადამიანის ცემა არ შეიძლება და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე... დარწმუნებული ვარ, თელავის სასტუმროში პროვოკაციაც იყო და რუსები საზიზღრადაც იქცეოდნენ - მეც ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ გამომწვევ და ძალიან თავხედურ საქციელს, რასაც იქ აღწერენ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, კანონით, წესით და რიგით ვუპასუხოთ ხოლმე პროვოკაციებს. დიახ, როდესაც სიტუაცია დაიძაბა და უნდა გამოეძახებინათ პოლიცია. თუ მაინცდამაინც ურთიერთობის გარკვევა სურდათ, ქალები არ იყვნენ ქორწილში?! რა საჭირო იყო ნომერში კაცის ავარდნა?!

ჩემთვის ძალიან შემზარავი იყო ის, რომ ტურისტების ეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება - დაუშვებელია, ეთნიკური ნიშნით გარჩევა ანუ ქართველის, აზერბაიჯანელის და სხვათა ცემა არ შეიძლება, მაგრამ თუ რუსია დასაშვებია იმიტომ, რომ მისი სახელმწიფო ოკუპანტია?! ძალადობას არაფერი ამართლებს, მით უმეტეს, როცა კაცი ქალზე ძალადობს. მე მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ძალადობის შემდეგ "მაგრამ"-ს არ ამბობს. არ შეიძლება ამ ფაქტის გაფეტიშება და მით უმეტეს მოძალადეების გმირებად წარმოჩენა. რა თქმა უნდა, შემიძლია ავხსნა, რა ფაქტორები იწვევს დიდ აგრესიას რუსების მიმართ, რაშიც ხანდახან, საკუთარი თავიც დამიჭერია - ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, უამრავი ადამიანი მოგვიკლეს, მსოფლიოში ასეთ უბედურებას ატრიალებენ, საქართველოში ჩამოდიან და თავი საკუთარ სახლში ჰგონიათ, ქედმაღლურად გელაპარაკებიან... მაგრამ როგორ საშინლადაც არ უნდა იქცეოდეს შენი მტერი, ქალისთვის თავ-პირის დამტვრევა მიუღებელია... იმედი მაქვს, ეს ინციდენტი ყველა მხარეს ჭკუას ასწავლის. რუსებმაც უნდა იცოდნენ, რომ არ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები, საქართველოში ყველა მათადმი კეთილგანწყობილი არ არის და ამ მოვლენის შემდეგ ცოტა თავშეკავებულები იქნებიან. ასევე, ჩვენც უნდა შევეცადოთ, არ ავყვეთ პროვოკაციებს და ემოციებით კი არა, კანონით ვიმოქმედოთ. სჯობს, ნახევარი საათი მოიცადო პოლიციის მოსვლამდე, ვიდრე 3 წელი ჩაჯდე ციხეში.”