„ეს კასკადური ეფექტია, ანუ რუსეთი იოლ ზამთარს არ უნდა ელოდოს“
რამდენიმე დღეა უკრაინელები დრონებით უტევენ რუსეთის უმსხვილეს მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოჯისტიკის ცენტრებს. მათ შორის ქალაქ კრასნოდარში, არმავირში, სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში, მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში... კომპანიის საწყობებში მასშტაბური ხანძრებია. შეტევა დაადასტურა Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა, უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამარხებმა კი გაავრცელეს თვითმხილველების მიერ გადაღებული მასშტაბური ხანძრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები.
Wildberries-ი 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries-ი რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოჯისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ ("მადიარი") Wildberries-ის საწყობებზე მიტანილი მორიგი იერიშის შემდეგ თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ იერიშების მიზანია რუსეთმა ომი იგრძნოს - მისმა ეკონომიკამ და საზოგადოებამ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია Wildberries-თან. "მოსკოვი დაეცემა. ყირიმს კვლავ დავიბრუნებთ და აღვადგენთ", - დაწერა ბროვდიმ.
იგრძნობს თუ არა ომს მთელი რუსეთი და გამოაცხადებს თუ არა პუტინი შემოდგომაზე საყოველთაო მობილიზაციას, ამ საკითხებზე გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:
- ეს არის სასაწყობო ცენტრები და არა მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების. აქ მნიშვნელოვანი ტვირთები შემოდის ჩინეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც დიდი რაოდენობით არის დეტალები, რომლებიც შემდგომ გამოიყენება დრონების თუ მაღალტექნოლოგიური საბრძოლო სისტემების შესაქმნელად. სასაწყობე ცენტრები, ფაქტობრივად, ნულამდე განადგურდა, არაფერი ეშველება, პლასტიკის და ხელოვნური მასალების ნაგებობებია, ადვილად აალებადი იქ მოთავსებული ტვირთებიანად.
დიდი დარტყმა მიადგათ ბიზნესმენებს და იმ პირებსაც, ვისაც საწყობებში შეტანილი აქვთ თავიანთი პროდუქცია. ფაქტობრივად, ეს ფორს მაჟორია და არავითარი დაზღვევა არ აანაზღაურებს მას. ეს არის ლოჯისტიკური ლოკდაუნის შემადგენელი ნაწილი. მანამდე დარტყმებს აყენებდნენ ნავთობგადამმუშავებელ საწარმოებს, მაგრამ გარკვეულწილად ფოკუსი შეიცვალა და დარტყმები მიმდინარეობს ხიდებსა და გადასასვლელებზე, მაგალითად, უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების ოპერაცია "კონდუქტორის" დროს 13 რკინიგზის ხიდი აფეთქდა. რკინიგზის ხიდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი ლოჯისტიკა მიბმულია რკინიგზაზე და მისი აღდგენა გაცილებით ძნელია, ვიდრე ჩვეულებრივი ხიდის. არ გამოვრიცხავ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქცენტი გადავიდეს თბოგამანაწილებლებსა და სხვა ენერგომატარებლებზე. რუსეთი იოლ ზამთარს არ უნდა ელოდოს.
დარტყმები აქტიურად მიმდინარეობს ტაგანროგზეც - აზოვის ზღვაში მნიშვნელოვან საპორტო ქალაქზე, სადაც ვოლგა-დონის არხის საშუალებით საწყალოსნო მაგისტრალებიდან მოდის მნიშვნელოვანი ტვირთები. აქ თავს იყრის საგზაო და სარკინიგზო ტვირთები, მიდის მცირე ზომის გემების გადატვირთვა უფრო დიდი მოცულობის გემებზე და მერე ის დანიშნულების ადგილას მიაქვთ. ამ დარტყმების შედეგად რუსებს ძალიან დიდი ზარალი მიადგათ - დაზიანდა გემები, რომლებიც აზოვის ზღვაში მოძრაობდნენ და ახლა რუსებს გემებით ხორბლის გატანა ძალიან უჭირთ. მოგეხსენებათ, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. ამავე დროს სანქციები ხორბალსა და საკვებ პროდუქტებზე არ ვრცელდება. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსეთის ეკონომიკაზე, ვინაიდან მას ხორბლის გატანის შესაძლებლობები უმცირდება. იყო ორი ასეთი მიმართულება: ტაგანროგი - აზოვის ზღვა - შავი ზღვა და მეორე - ასტრახანი-კასპიის ზღვა - ირანი და ირანიდან უკვე დანიშნულების ადგილამდე. ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კასპიის ზღვიდან ამ ტვირთების გატანა შეზღუდულია, თუმცა, უკრაინელებმა კასპიის ზღვაშიც დაუზიანეს რუსებს რამდენიმე გემი. ეს არ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ რუსებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ - ეს აისახება ფასებზე, პროდუქტების სიმწირეზე. თუ ახლა ვერ დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ზამთრისთვის რუსეთში არაფერი იქნება. რუსები ხორბალს ვერ იღებენ, საწვავი არ ჰყოფნით. ასევე, თუ არ იქნა დამუშავებული საკვები პროდუქტები საქონლისთვის, ხორცი და რძეც აღარ ექნებათ. ეს კასკადური ეფექტია და მძიმედ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას.
- რუსებს არც ფრონტის ხაზზე აქვთ წარმატება...
- მართალია, შეტაკებები მიმდინარეობს, მაგრამ... უკრაინის დაზვერვას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, სადაც ოფიციალურადაა მოთხოვნილი ყირიმში მომსახურე სამხედრო მომსახურეების ოჯახის წევრების გვარები და ადგილმდებარეობა, რათა მოხდეს ფარული ევაკუაცია ნახევარკუნძულიდან. ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკრაინელებმა რუსებს 170 გემი დაუზიანეს, ამას დავუმატოთ ისიც, რომ უკრაინამ "ფლამინგოების" წარმოებაში მიაღწია იმას, რომ თვეში 90 ერთეულს უშვებს და ლაპარაკია მათი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდაზე. "ფლამინგო" მნიშვნელოვანი ფრთოსანი რაკეტაა, ვინაიდან რუსეთის დიდ სიღრმეებს სწვდება. დარტყმები იყო ომსკში, ტომსკში, რუსეთი უკვე დასავლეთ ციმბირში იღებს დარტყმებს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. პუტინმა განაცხადა, რომ ის მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დონბასი იქნება აღებული, ამისთვის მან გამოყო ვადა (15-ჯერ შეცვლილი) წლის ბოლომდე. ძალიან საინტერესო იყო ილჰამ ალიევის განცხადება (რომელიც უკრაინულ მედიაში გავრცელდა), რომ აზერბაიჯანში შედგა გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების ფარული შეხვედრა, რომლებმაც ომის შეწყვეტის შესაძლებლობებსა და რუსეთის მომავალზე ისაუბრეს. დეტალები არ არის გახმაურებული, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია. ჩანს, რუსეთში დაიწყეს ფიქრი, როგორ გადაარჩინონ რუსეთი, ანუ უკვე რუსეთის გადარჩენაზეა საქმე და არა პუტინის ტაქტის შენარჩუნებაზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია, როგორი ზეწოლა იქნება ამერიკიდან. საინტერესო იყო ამერიკელი გენერლის კეინის განცხადება (რომელიც ხელმძღვანელობდა საჰაერო კამპანიას ირანში და ახლაც ხელმძღვანელობს, თუ არ ვცდები), რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება და ბოლოს მნიშვნელოვანი ფრაზა: "მე მინდა უკრაინამ გაიმარჯვოს". ასეთი პოზიცია არა მარტო ამ გენერალს აქვს ამერიკაში.
- შესაძლოა სექტემბრის ბოლომდე პუტინმა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია ან საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს?
- შეიძლება საყოველთაო არა, მაგრამ იყოს ფართომასშტაბიანი მობილიზაცია. თუკი ეს მოხდა, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში საომარი ვითარებაც გამოაცხადოს, რაც მის ძალოვან სტრუქტურას საშუალებას მისცემს გაამკაცროს კონტროლი ყველაფერზე - მრეწველობით დაწყებული, ადამიანების უფლებებით დამთავრებული. ერთ-ერთი მიზეზი, რაც ფიოდოროვს გადაყენების საბაბად წაუყენეს, ის იყო, რომ ითქვა, თუკი რუსეთი გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას, მას ფუტურისტული პროექტებითა და ინოვაციებით ვერ დაუპირისპირდები, ჩვენი მობილიზება უნდა იყოს გაცილებით ქმედითი, ვიდრე რუსების იქნებაო. სამწუხაროდ, ფიოდოროვმა ვერ შეძლო ე.წ. ტეცეკას (ტერიტორიული კომპლექტაციის ცენტრი, რომელიც მობილიზაციას ახორციელებს უკრაინაში) მოდერნიზება და მისი ეფექტიანობის ამაღლება. მან მოინდომა აღნიშნული პროცესის გაციფრულება, კონტრაქტორებისთვის ზედმეტად ოპტიმისტური თანხები დაასახელა, რომელსაც ზურგს არ უმყარებდა ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და ა.შ.
- უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა მიხაილო დრაპატი. მას უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. რა როლს ითამაშებს ის რუსეთის შეკავებაში და რა გავლენას მოახდენს ომზე საკადრო ცვლილებები?
- ფიოდოროვსა და სირსკის შორის ხანგრძლივი დაპირისპირება იყო. თავდაპირველად ზელენსკიმ სირსკის მხარე დაიჭირა, რადგან, ალბათ, არ უნდოდა არეულობა შეიარაღებულ ძალებში. ორივეს ბევრი რამ აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული. მაგალითად, კიევის დაცვას სირსკი ხელმძღვანელობდა, მისი დამსახურებაა ხარკოვის მიმართულებაზე წარმატება, მისი დაგეგმილი იყო კურსკში შეჭრის ოპერაცია, ხარკოვის მიმართულებაზე კონცენტრირებული შეტევა. სირსკი ცხოვრობდა ომით, სამუშაო პერიოდის 95%-ს ფრონტზე ატარებდა. მის პერიოდში მოხდა ჯარებში საკორპუსო სისტემაზე გადასვლა, შეიქმნა უპილოტო სისტემების სარდლობა და ა.შ. მას ნამდვილად ჰქონდა დიდი დამსახურება უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის წინაშე...
რაც შეეხება დრაპატის, ის იყო ბატალიონის მეთაური, ბრიგადის მეთაური, ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფებების "ხარკოვის", "ლუგანსკისა" და ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ხორტიცას" სარდალი; თავის დროზე იყო გენშტაბის უფროსის მოადგილე, სახმელეთო ჯარების სარდალი, საიდანაც გადადგა (თუ გახსოვთ, როდესაც პოლიგონზე უკრაინელი ახალწვეულები დაიბომბა, მაშინ ბევრი დაიღუპა).
სირსკიმ გამოსამშვიდობებელ წერილში დაწერა: "ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მარტო იცავს, შეტევაშიც ეფექტიანი და აქტიურია; ვუტოვებ სტრუქტურით ჩამოყალიბებულ და იმ ადამიანებით შევსებულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც იციან, როგორ დაამარცხონ მტერი"... სირსკიმ ფიოდოროვსაც მისწერა წერილი და ბოდიშიც კი მოუხადა, ჩვენს ურთიერთობას ვთვლი სამუშაო ურთიერთობად და თუკი რამ უხეშად მითქვამს, ბოდიშს გიხდიო, რაზეც ფიოდოროვმაც უპასუხა... ის დიდი სიხარული, რომელიც ფიოდოროვ-სირსკის დაპირისპირების დროს იყო რუსეთში, დიდი წუხილითა და შიშით შეიცვალა, რადგან, მათი თქმით, მოვიდა პიროვნება (მიხაილო დრაპატი), რომელიც მარიუპოლში მუხლუხებით სრესდა რუსებს. მოკლედ, დრაპატი რუსი ბლოგერების მიერ აღქმულია სასტიკ პიროვნებად. სხვათა შორის, როგორც განაცხადა, სირსკის გამოზრდილია და ყველა ზომას მიიღებს ფრონტის ხაზზე. მის მოსვლას ცვლილებებიც მოჰყვება, გენშტაბის უფროსი შეიცვალა და შეიცვლებიან სხვა თანამდებობის პირებიც... დრაპატს თავისი ხედვები აქვს და თანამოაზრეები სჭირდება.