რა გარდატეხას შეიტანს უკრაინის ახალი სარდლობა ომში?!
კრემლის ძებნილთა სიაში შეყვანილი გენერალი, ომის წარმოების ახალი ფილოსოფია და უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის ძირეული ცვლილება - სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ალექსანდრ სირსკის გადაყენებითა და მიხაილო დრაპატის დანიშვნით პრეზიდენტი ზელენსკი მხოლოდ მთავარსარდალს კი არ ცვლის, არამედ შეიარაღებული ძალების მართვისა და ბრძოლის ტაქტიკის ახალ ეტაპზე გადადის. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არმიაში პრობლემები, მობილიზაციის სისტემის კრიტიკა, საპროტესტო აქციები და სირსკისა და თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფიოდოროვს შორის უთანხმოება. ახალი სარდლობის მთავარ ამოცანებად ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მობილიზაციის რეფორმირება და ფრონტის მართვის ეფექტიანობის გაზრდა დაასახელა. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება და რა მოლოდინი აქვთ თავად მებრძოლებს, ამ თემაზე უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ვესაუბრებით.
- სირსკი ძველი, საბჭოთა სამხედრო სკოლის წარმომადგენელი იყო, რომელსაც თანამედროვე ომში გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირდა. ამას გარდა, ბევრი სხვა პრობლემაც არსებობდა. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დასავლური განათლებით აღჭურვილი მთავარსარდლის დანიშვნა გადაწყვიტა.
დღეს, როდესაც უკრაინას რაოდენობრივი უპირატესობა არა აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ტექნოლოგიურ განვითარებას, ინოვაციებსა და თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების დანერგვას ენიჭება, სირსკი კი ხშირად ეწინააღმდეგებოდა სწრაფ ცვლილებებს.
- რა მიზეზით?
- გარდა იმისა, რომ სირსკის რუსული სამხედრო სკოლა ჰქონდა გავლილი, მისი მშობლები დღემდე მოსკოვის ოლქში ცხოვრობენ და ეს ფაქტი საზოგადოებაში კითხვებს იწვევდა, რამდენად თავისუფლად და ეფექტურად მოქმედებდა ასეთი გარემოების მქონე პირი მტრის წინააღმდეგ? გენერალური შტაბი ხშირად ვერ იღებდა სწრაფ გადაწყვეტილებებს და კვლავ ძველი, საბჭოთა არმიისთვის დამახასიათებელი მეთოდებით მოქმედებდა. ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო. დღეს უკრაინას ჰყავს დასავლური გამოცდილებითა და თანამედროვე სამხედრო ცოდნით აღჭურვილი მთავარსარდალი - მიხაილო დრაპატი, რომელიც მზად არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყოს ხელი.

- ვინ არის დრაპატი, რომელზეც რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული?
- დიახ, რუსეთს მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული და ეს ბუნებრივიცაა, რადგან დრაპატი უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო. ის ტიპური სამხედროა, ახალი თაობის მეთაური, რომელსაც თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილება აქვს. ამიტომაც არის რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. სხვადასხვა სიტუაციაში არაერთხელ მინახავს და ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა. სხვათა შორის, მე მასთან ერთად მომანიჭეს "უკრაინის სახალხო გმირის" წოდება. რა თქმა უნდა, წინასწარ რთულია იმის თქმა, რამდენად შეძლებს ის ამხელა პასუხისმგებლობის ტარებას, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის პროფესიონალიზმსა და რესურსს, შეიძლება პოზიტიური მოლოდინი გვქონდეს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ბევრი რამ აქვს გადატანილი და თავისი სწორი გადაწყვეტილებებით არაერთხელ გადაურჩენია ჯარი. მას ჯარისკაცების დიდი ნდობა და პატივისცემა აქვს.
- უკრაინაში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა, სირსკის გადადგომასთან ერთად, ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნება იყო. რას უკავშირდება ასეთი მხარდაჭერა და რატომ იქცა ფიოდოროვი პროტესტის მთავარ სიმბოლოდ?
- ტყუილად კი არ გავამახვილე ყურადღება სირსკის რუსულ განათლებაზე. საბჭოური, რუსული მეთოდები ცოცხალ ძალას უბრალოდ წირავს, მაშინ როდესაც ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით შეგვიძლია ბევრად აღმატებულ მტერსაც კი ეფექტურად ვებრძოლოთ. სირსკის მიმართ ნდობის ფაქტორი, ფაქტობრივად, ნულს უდრიდა. ჯარი მას არ ენდობოდა, თუნდაც იმის გამო, რომ მთელი სანათესავო რუსეთში ჰყავს. ეს ფსიქოლოგიურად უაღრესად მძიმე და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თითოეული ჯარისკაცისთვის. რაც შეეხება ფიოდოროვს, მისი გათავისუფლება ზელენსკის ძალიან გაუჭირდა და არაერთი მაღალი თანამდებობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტიც შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა.
- თუმცა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე გააგრძელებდა საქმიანობას. რამდენად მოსალოდნელია, რომ ზელენსკიმ ფიოდოროვის ეს ულტიმატუმი მიიღოს და ის თავდაცვის მინისტრად დააბრუნოს?
- არა მგონია ეს მოხდეს, თავდაცვის მინისტრად, დიდი ალბათობით, ევგენი ხმარას დაამტკიცებენ და ვფიქრობ, ძალიან სწორი იქნება. ის პროფესიონალი სამხედროა, უსაფრთხოების სამსახურის - "ალფა" ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ახალგაზრდა, ენერგიული და თანამედროვე ხედვის მქონე კადრია. გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ბევრ სხვა კანდიდატს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ სწორედ ხმარამ დაგვაჯილდოვა ღირსების ჯვრებით მე და ჩემი მებრძოლები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან პირები, რომლებიც აფასებენ ქართველი მებრძოლების წვლილს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ხმარა ძლიერი სამხედრო და მაღალი დონის სპეციალისტია, რომელიც თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობას წარმატებით გაართმევს თავს. ჩვენ ახალი ტანდემის დიდი იმედი გვაქვს - ხმარასა და დრაპატისგან უფრო შეთანხმებულ და სწრაფ ნაბიჯებს ველოდებით.
- ფრონტის ხაზზე დღეს რა ვითარებაა?
- არსებითად არ შეცვლილა. რუსეთი ცდილობს უპირატესობა ცოცხალი ძალის ხარჯზე მოიპოვოს, უკრაინა კი თანამედროვე ტექნოლოგიებით, განსაკუთრებით დრონებით, პასუხობს.
- ბოლო პერიოდში სამშვიდობო მოლაპარაკებების თემა კვლავ გააქტიურდა. ერთი მხრივ, რუსეთი მზადყოფნას აცხადებს, მეორე მხრივ კი აშშ ომის დასასრულებლად ახალ იდეებზე საუბრობს. თქვენ თუ ხედავთ ომის დასრულების კონტურებს?
- ჩემი აზრით, რუსეთი ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მოლაპარაკებას დათანხმდეს. მას ჯერ კიდევ არა აქვს ის სამხედრო და პოლიტიკური წნეხი, რომელიც აიძულებს ომის გაგრძელებაზე უარი თქვას. სანამ კრემლი არ დარწმუნდება, რომ ამ ომს სამხედრო გზით ვეღარ მოიგებს, მოლაპარაკება, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეინარჩუნებს.
რაც შეეხება ქართველ მებრძოლებს, საბრძოლო განწყობა ძალიან კარგია. არავინ აპირებს უკან დახევას - ბოლომდე ვიბრძოლებთ. განსაკუთრებით ოპტიმისტურად ვართ ბოლო საკადრო ცვლილებების შემდეგ, რადგან ჩვენს ბევრ მეგობარს მნიშვნელოვანი თანამდებობები ჩააბარეს. ისინი კარგად იცნობენ ფრონტის რეალობას, ჩვენს პრობლემებს და დარწმუნებული ვარ მათი გადაწყვეტილებები ჩვენს საბრძოლო საქმიანობასაც მნიშვნელოვნად დაეხმარება.
- ბოლოს მინდა გკითხოთ კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც რუსულენოვან ტურისტებს უკავშირდებოდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ შესაძლოა ისინი უკრაინის მიერ ძებნილ პირებს შორის ყოფილიყვნენ. გაქვთ თუ არა ამ დროისთვის რაიმე დადასტურებული ინფორმაცია?
- უცნაურად მომეჩვენა, რომ ქართულ მედიასივრცეში იმ ქალის ნამდვილი გვარ-სახელი არ დასახელდა, რომელზეც უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული. ითქვა ისიც, რომ თითქოს ის უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეა, სინამდვილეში კი რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეა. ის ეთნიკური რუსია და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მის ქვეყანასა და წარმომავლობას შეეფერება. როდესაც ასეთი ადამიანები საქართველოში ჩამოდიან, კეთილინებონ და პატივი სცენ ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს.
ხათუნა ბახტურიძე