რა შეცდომებს უშვებს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით?! - ბიძინა ლებანიძის ანალიზი: "გეოპოლიტიკურ მოთხოვნებს უყენებს, მაგრამ თბილისს ვერ აძლევს უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიას"
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, სადაც ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც მოხვდა 6-თვიანი დაკვირვების რეჟიმის პირობით. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ეს ნაბიჯი უსამართლოა... "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.
- თუ დავაკვირდებით, როგორ მიდის დისკუსია ევროკავშირის საბჭოში სანქციების ყოველ შემდგომ პაკეტზე, ეს საკმაოდ მოწყვლადი და არასტაბილურია. მაგალითად, ბოლო სანქციების პაკეტზე მსჯელობისას ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ესა თუ ის პროდუქტი, სფერო თუ კომპანია ამოეღოთ პაკეტიდან. საბერძნეთს თავისი ინტერესები აქვს, ჩეხეთს - თავისი და ა.შ. შესაბამისად, რამდენ ხანს გასტანს სანქციების ერთიანი ხაზი რუსეთის წინააღმდეგ, უცნობია. მაგრამ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ომის დასასრულზეც მიდის საუბარი, სანქციების რეჟიმის მოხსნა და მათი დიდი ნაწილის გაუქმება მხოლოდ დროის საკითხია. აქ იკვეთება ეკონომიკური, ფინანსური და დიდი კორპორაციული ინტერესები თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში, და ამიტომ სანქციებს მოხსნიან. თუმცა დღეს ეს ჩვენთვის დამანგრეველია. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საქმე საბოლოო დასანქცირებამდე არ მივიდეს.
- ხელისუფლება ყოველთვის აპელირებს იმაზე, რომ უსამართლო მიდგომა აქვს ევროკავშირს. ეს პრეტენზია რამდენად ობიექტურია?
- მოდი, ასე ვთქვათ: არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე მართალი - ორივეს აქვს თავისი ოპორტუნისტული ინტერესები. ევროკავშირით თუ დავიწყებთ, რამდენიმე საკითხი უნდა გამოვყოთ. ერთია გეოპოლიტიკური მოთხოვნები, რასაც საქართველოს უყენებს, მაგრამ ამასთანავე, ვერ აძლევს უსაფრთხოების თუნდაც მინიმალურ გარანტიის. გასაგებია, რომ საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი და გაუჩნდა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ოცნება იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა გაწევრების ეს საკითხი? ეს იყო მისი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ეს გაფართოების პოლიტიკა იყო უშუალო პასუხი რუსეთ-უკრაინის ომზე. შესაბამისად, ამ ახალ პოლიტიკაში ჩართეს ისეთი მუხლები, რომლებიც აქამდე ასეთი ფორმითა და სიძლიერით არ ყოფილა, მაგალითად, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების განცხადებებთან მიერთება და ამ მიერთების ხარისხი, რასაც სთხოვენ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს. ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთება, რასაც ფორმალურად ყველა დოკუმენტი არ ითხოვს, მაგრამ ევროკავშირის ერთ-ერთი ფაქტობრივი მოთხოვნაა...
რა თქმა უნდა, არ უნდა გავიზიაროთ "ქართული ოცნების" რიტორიკა, თითქოს არსებობს "გლობალური ომის პარტია" და ევროკავშირს ომში შევყავართ, მაგრამ ამ ნაბიჯების გადადგმა თავისთავად გამოიწვევს რუსეთთან დაძაბულობას. სანქციებთან თუ იმ განცხადებებთან მიერთება, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, რუსეთთან, მინიმუმ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ დაძაბულობას წარმოშობს. ამის სანაცვლოდ რას გვთავაზობს ევროკავშირი? - არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც რაიმე განსაკუთრებულ ეკონომიკურ დახმარებას. კი, გვაქვს "დისიეფტიაი", მაგრამ რაღაც ხელშესახები გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ამას არ მოუხდენია... ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ევროკავშირში გაწევრება, გრძელვადიან პერსპექტივაში ერთმნიშვნელოვნად არის. მას შემდეგ, რაც გაწევრდება, იმ ბენეფიტების გათვალისწინებით, რასაც მიიღებს, თუნდაც რეგიონულ და კოჰესიურ ფონდებზე წვდომას, რაც წელიწადში დაახლოებით მილიარდი ევროს დახმარება იქნება, ევროკავშირში გაწევრება უალტერნატივოა. თუმცა გაწევრებამდე საქართველოს მოუწევს ძალიან სარისკო პერიოდის გავლა როგორც უსაფრთხოების, ისე დროისა და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ პერიოდში ევროკავშირისგან ხელშესახები დახმარება არ მოდის, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.
დღეს საქართველოს აქვს ალტერნატიული ეკონომიკური განვითარებისა და შემოსავლის წყაროები... რაც არ უნდა არაჯანსაღი იყოს, ეს არის რუსეთთან ურთიერთობის ბევრი ასპექტი: ტურიზმი, რუსი მიგრანტები, ვაჭრობა, ასევე სხვა რეგიონული აქტორები, თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და ა.შ. - ანუ საქართველო დღეს რეალურად არ არის ევროკავშირზე ჩამოკიდებული. ევროკავშირის პოლიტიკა კი ხშირად ითხოვს კომპრომისებს სხვა სფეროებსა და აქტორებთან ურთიერთობაში, ამის სანაცვლოდ კი რა კომპენსირებას იღებს საქართველო?! ერთ-ერთი მიზეზი რატომაც "ქართული ოცნება" იგებს საინფორმაციო ომებს, არის ის, რომ მას ოპონენტებისგან განსხვავებით კარგად აქვს გააზრებული ეს ამბივალენტურობა. ის, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას, გასაგებია და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს თუ ჩავუღრმავდებით, მოსახლეობის 55%-ზე მეტი მხარს უჭერს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას ან, მინიმუმ, არსებულ დონეზე შენარჩუნებას. ესეც გასაგებია: ხალხი ცხოვრობს გაჭირვებაში, მისთვის ეკონომიკური და სოციალური საკითხებია წამყვანი და მხოლოდ "ევროპა რუსეთის წინააღმდეგ" დისკურსი მასზე არ მოქმედებს.
- ევროკავშირს რატომ აქვს ასეთი პოლიტიკა, ამით მიზანს ხომ ვერ აღწევს?
- ეს მარტო საქართველოსთან ურთიერთობაში არ ხდება, იგივეა, მაგალითად, სომხეთთან დამოკიდებულებაშიც. სომხეთს დღეს აქვს სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის აზერბაიჯანთან არ არის ყველაფერი მოგვარებული. არის დიდი შიში, რომ ახალი დერეფნის გაყვანით სომხეთს სუვერენიტეტი შეეზღუდება, მაგალითად, ზანგეზურის ნაწილზე და ა.შ. შესაბამისად, ის ეძებს რუსეთის შემცვლელ აქტორებს და ვინც უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიებს მისცემს, მაგრამ ევროკავშირი აქაც ძალიან პასიური მოთამაშეა. კი, ჩააყენეს მისია სომხეთში, მაგრამ რასაც საქართველოში აკეთებდნენ, იმას აკეთებენ სომხეთშიც - ანუ ბევრს არაფერს.
ასეთი პატარა ქვეყნებიდან ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დღეს უსაფრთხოების სფეროში მინიმალური დაცვა აქვს, არის მოლდოვა, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი არის უკრაინა, იმიტომ, რომ იქ ოდესის მხარე შეაკავეს, დაიცვეს სამხრეთი უკრაინა, შავი ზღვის პერიმეტრი და, შესაბამისად, მოლდოვაც ნაკლებად მოწყვლადი გახდა რუსეთის მხრიდან. ამის შემდეგ ევროკავშირმაც დახმარებები დაუმატა და მოლდოვამ რაღაცნაირად მოახერხა რუსეთისგან დისტანცირება. თორემ ომის პირველ წელს მოლდოვასა და საქართველოს იდენტური დამოკიდებულება ჰქონდათ - ორივე ცდილობდა არ გაეღიზიანებინა რუსეთი, არც ერთი არ მიუერთდა სანქციებს - ორივეს ფრთხილი პოლიტიკა ჰქონდა. მოლდოვას უსაფრთხო გარემო უკრაინის გამო შეექმნა, საქართველოსა და სომხეთს კი ასეთი უსაფრთხო გარემო დღემდე არა აქვთ.
გასაგებია, რომ საქართველოში გვყავს ევროსკეპტიკური მთავრობა, მაგრამ თუნდაც არ გვყავდეს, ნებისმიერ გაწონასწორებულ ხელისუფლებას, თუნდაც იყოს ყველაზე პროდასავლური და დემოკრატიული, რუსეთთან მაინც მსგავსი პოლიტიკა ექნებოდა. სანამ ევროკავშირი უსაფრთხოების ამ საკითხს არ მიხედავს, მისი გავლენა ამ რეგიონში ყოველთვის მოკრძალებული იქნება.
ეს ერთი, და მეორე - ეკონომიკური ბენეფიტების შეთავაზება ამ ქვეყნებისთვის. ერთია, რას მიიღებენ გაწევრების შემდეგ, მაგრამ მეორეა, რას სთავაზობს დღეს და რაზე მოუწევთ ამ ქვეყნებს უარის თქმა იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველა პირობა დააკმაყოფილონ. საბოლოოდ ეს საკითხები ერთმანეთზეა გადაჯაჭვულია - ერთი თუ მოგვარდება, მოგვარდება მეორეც, მაგრამ დღეს არც ერთი არ არის მოგვარების ფაზაში.
- რატომ ვერ გახადა ევროკავშირმა თავისი პოლიტიკა ცალკეულ ქეისებზე მორგებული?
- ევროკავშირი ცოტათი 90-იანი წლების ინერციას მიჰყვება. მაშინ ევროკავშირი უალტერნატივო ეკონომიკური ძალა იყო, რუსეთი სუსტი გახლდათ და ბევრს ვერაფერს აკეთებდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ გაწევრდნენ ევროკავშირში? ამ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარებისა და წარმატებულ სახელმწიფოდ გადაქცევის სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. არც სხვას ჰქონდა ამის რესურსი: ჩინეთი სუსტი იყო, რუსეთიც, ამერიკა კი მხარს უჭერდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას. ბრიუსელში დღემდე ხშირად ჰგონიათ, რომ იმავე სამყაროში ცხოვრობენ და არაფერი შეცვლილა.
საქართველოს ხელისუფლება მშვენივრად იყენებს ამ მულტიპოლარულ გარემოს. ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის დაძაბვისა და ბევრ სფეროში დახმარებების ფაქტობრივად გაყინვის ფონზე, საქართველოს ბოლო წლებში, პირიქით, მშვენიერი ეკონომიკური ზრდა აქვს. გასაგებია, რისი წყალობითაც - ომის გამო, რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობის, არაბული ინვესტიციების შემოსვლის გამო და ა.შ., მაგრამ ეს არის ის მულტიპოლარული სამყარო, რაც დღეს გვაქვს. ამ სამყაროში ევროკავშირს არა აქვს ისეთი გავლენა, რომ მუდმივად თავისი წესები დაამკვიდროს და თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებს.
რუსა მაჩაიძე