"თქვენს სახლებს ვყიდით"
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ალაფად მიტაცებული ქართველების სახლების გაყიდვა ბოლო წლებში ინტერნეტში საგრძნობლად გააქტიურდა. TikTok-სა და Telegram-ზე შექმნილია სპეციალური გვერდები: "აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზარი", "აპსნი რიელტორი" და სხვა, სადაც აქვეყნებენ განცხადებებს ფოტოებითა და ვიდეოებით, რომ სახლებსა და მიწის ნაკვეთებს ყიდიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ომის შემდეგ მიტაცებული ქონებაა და კანონიერ მეპატრონეებს დღემდე დევნილები წარმოადგენენ. განცხადებების კომენტარებში თავად მომხმარებლები ხშირად კითხულობენ: ნამდვილმა პატრონმა იცის, რომ მის სახლს ყიდით?" თუმცა ვაჭრობა მაინც გრძელდება და აფხაზების ცინიკური პასუხებიცაა: "თქვენს სახლს ვყიდით".

"სახლის წიგნაკი" სამჯერ აძვირებს მიტაცებული ქონების ფასს
კადრებში ხშირად ჩანს მიტოვებული ეზოები, ეკალბარდებით დაფარული ნაკვეთები, წაქცეული, დაჟანგებული ჭიშკრები და ღობეები, ნატყვიარი კედლები, ჩამონგრეული სახურავები და სახლები, რომელთა კიბეებს ბალახი და ხავსი მოსდებია. ზოგან მხოლოდ კედლებია დარჩენილი. განცხადებების უმეტესობაში წერია, რომ ქონებას ახლავს მხოლოდ დე ფაქტო მუნიციპალიტეტის გაცემული ე.წ. ინსპექტირების აქტი, რაც ადგილობრივ პრაქტიკაში საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა. ერთეულ შემთხვევებში მითითებულია, რომ სახლს აქვს "სახლის წიგნაკი". ასეთი ქონება ბაზარზე მნიშვნელოვნად ძვირად ფასობს, ზოგჯერ სამ-ოთხჯერ მეტადაც, ვიდრე უსაბუთო სახლები.
ერთ-ერთი განცხადებით, აჭანდარაში იყიდება 2 000 კვმ მიწის ნაკვეთი შენობის ნანგრევებით. ვიდეოში ჩანს დაჟანგებული ჭიშკარი, დანგრეული ღობე, გადატეხილი ხეები და მხოლოდ ბეტონის კედლებია. ფასი - 2,5 მილიონი რუბლი. კომენტარებში კითხულობენ: "ვინ ყიდულობს ნაალაფარ სახლებს?.. თუ ნაალაფარი არ არის, საბუთები რატომ არა აქვს?.. ნამდვილმა პატრონმა იცის, რომ მის სახლს ყიდით?" და "შეიძლება კანონიერი მეპატრონე საკუთარ ეზოშივე იყოს დამარხული".
კიდევ ერთ განცხადებაში სოხუმში რკინიგზის სადგურთან მდებარე 4 500 კვმ მიწის ნაკვეთზე არსებული სახლი 3,5 მლნ რუბლად იყიდება. წერია, რომ სახლი მიტოვებულია, თუმცა "აღდგენა შესაძლებელია". ქართველების კომენტარებზე, "ეს თქვენი სახლი არ არის", გამყიდველის პასუხი ცინიკურია: "თქვენს სახლს ვყიდით".
გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში 4,5 მლნ რუბლად იყიდება 2 500 კვმ მიწის ნაკვეთზე მდებარე ორსართულიანი სახლი. კომენტარებში წერენ: "33 წელია მიგდებულია... ნამდვილმა პატრონმა იცის, რომ მის სახლს ყიდით?"
აგუძერაში ოროთახიანი ბინა - 700 ათას რუბლად, ბზიფთაში "სახლი წიგნაკიანი" ოროთახიანი ბინა - 2,5 მილიონ რუბლად, ხოლო სოხუმში, ვიამის ტერიტორიაზე, დიდი მიწის ნაკვეთი სახლის კარკასით - 3,5 მილიონ რუბლად. თუ ქონებას ადგილობრივი დე ფაქტო დოკუმენტები სრულად ახლავს, მისი ფასი ზოგჯერ 18-20 მილიონ რუბლამდეც აღწევს.

უკვე რუსებზეც არეგისტრირებენ
ბოლო პერიოდში გამოჩნდა განცხადებები, სადაც მითითებაა, რომ ქონება რუსეთის მოქალაქეზეც შეიძლება დარეგისტრირდეს. ერთ-ერთი მათგანი წანდრიფშში მდებარე სახლია. განცხადებაში აღნიშნულია: "სრული დოკუმენტაცია. რეგისტრირებულია რუსეთის მოქალაქეზე". გუდაუთის რაიონის პრიმორსკოეში კი იყიდება 9 500 კვმ ზღვისპირა ნაკვეთი, რომელიც იურიდიულ პირზეა გაფორმებული.
ამავე განცხადების კომენტარებში უკვე თავად აფხაზებიც აპროტესტებენ: "აფხაზეთში უცხოელებზე მიწა არ იყიდება... სად არის ხელისუფლება?.. რაც არ უნდა ეცადონ, რუსები მიწას ვერ უნდა ყიდულობდნენ".
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელმაც ქართველების მწვავე რეაქცია გამოიწვია. იაკუტსკიდან ჩამოსული ქალი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ ორ მცირეწლოვან შვილსა და მეგობართან ერთად აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში, 30 წლის წინ მიტოვებულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მისი თქმით, სახლის მფლობელს შეუთანხმდა, რომ შენობას საკუთარი ხარჯით გაარემონტებს და სანაცვლოდ სამი წლის განმავლობაში უფასოდ იცხოვრებს. ვიდეოში ჩანს გავერანებული დიდი ეზო, ორსართულიანი აგურის სახლი დამტვრეული ფანჯრებით. სახლი ზღვასთან ახლოსაა. ქალი ამბობს, რომ ბევრისთვის ეს ადგილი ნანგრევებია, თავად კი აპირებს ბოსტნის გაშენებას, ხეხილის მოვლასა და შინაური ფრინველის მოშენებას. "როგორ ფიქრობთ, შევძლებ შევქმნა ნამდვილი ოცნების სახლი?" - სვამს კითხვას ქალი. ამ ვიდეოს ქართველების არაერთი კომენტარი მოჰყვა: "ამ სახლს ჰყავს პატრონი, სხვის საკუთრებაში რატომ შედიხარ?", "ეს სახლი ბედნიერებას არ მოგიტანს, იქ დახოცილი ქალებისა და ბავშვების სული არ მოგასვენებს", "ნუ დაიკავებთ ქართველების სახლებს, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებთ".
"აფხაზმა შემოთვალა, არ გაბედო დაბრუნება, თორემ ტყვიას მიიღებ შუბლშიო"
ნონა ჩხეიძე, სოხუმიდან: "სოხუმში კერძო სახლში ვცხოვრობდით –დედ-მამა, მე და ჩემი ძმა. მამაჩემი იქ გარდაიცვალა და ჩვენ სამს მოგვიწია წამოსვლამ. დედაჩემის ყოფილი თანამშრომელი ცხოვრობდა ჩვენ უკან ქუჩაზე და მან შეგვატყობინა, რომ ჩვენს მეზობელ სომეხ ოჯახს თავისი ნათესავი მიუყვანია ჩვენს სახლში. თუმცა ის დიდხანს არ გაჩერებულა და შემდეგ სახლი აფხაზისთვის მიუყიდია. დედაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ სახლში დაბრუნდებოდა. დედას ოჯახის ფოტოალბომი ძალიან უნდოდა და იმ ნაცნობს სთხოვა, ერთი ალბომი მაინც გამოეტანა ჩვენი სახლიდან, მაგრამ უპასუხეს, ჩვენ რომ შემოვედით, აღარაფერი დაგვხვდაო. შეიძლება მართალიც იყო, იმიტომ, რომ სოხუმის აღების დღეს ჩვენს ქუჩაზე დიდი მანქანები მოაყენეს და ოჯახებიდან ყველაფერი გაზიდეს, მაგრამ ფოტოალბომები რაში სჭირდებოდათ? მერე იმ ნაცნობსაც აუკრძალეს ჩვენს სახლთან მისვლა. ჩვენი ქუჩა მთლიანად ქართული იყო, მხოლოდ ერთი აფხაზების ოჯახი ცხოვრობდა, ისიც გვარად ფაჩულიები. ქართველებიდან სამი მამაკაცი დარჩა 27-ში სოხუმში და სამივე საკუთარ სახლში დახვრიტეს. მე 17 სექტემბერს წამოვედი, დედაჩემი და ჩემი ძმა კი 27-ში, როცა ქალაქში უკვე შემოსულები იყვნენ.
ერთი შემთხვევა არ ამომდის თავიდან. ქართველის სახლის გამო აფხაზსა და ჩეჩენს შორის დავა მოხდა. აფხაზმა ჩეჩენი მოკლა, ჩეჩნები დაბრუნდნენ და ის სახლი დაწვეს. ჩემი კლასელის სახლიც აფხაზმა დაიკავა და მერე ენგურს აქეთ შემოუთვალა, არ გაბედო დაბრუნება, თორემ ტყვიას მიიღებ შუბლშიო. ჩვენი სახლი 2000 წლის შემდეგ გაყიდეს. საბუთები არა გვაქვს, მხოლოდ პასპორტები, სადაც ჩვენი მისამართია აღნიშნული. წლების განმავლობაში ვთხოვდი ყველას, ვინც სოხუმში ჩადიოდა, ჩემი სახლი გადაეღოთ. ბოლოს ვიდეო გამომიგზავნეს. პირველად მაშინ ვნახე ჩემი სახლი - ღობესა და ჭიშკარს ჟანგი ჭამს, მანდარინის ბაღის ნაწილი გაჩეხილია. იმედი არც ერთი წუთით არ დამიკარგავს, რომ აუცილებლად დავბრუნდებით".
"შედიოდნენ სახლებში, აწერდნენ "ზანიატა" და მერე ყიდდნენ"
გიორგი ჯახაია, ბლოგერი: "ჩვენს ბინაში ოჩამჩირიდან ჩამოსული აფხაზი მილიციელი ჩასახლდა, რომელიც მერე მამაჩემის ბიბლიოთეკას ყიდდა. სოხუმის სინოპის უბანში ხუთოთახიანი პრივატიზებული ბინა გვქონდა. საბუთები მამაჩემმა წამოიღო, დანარჩენი ყველაფერი დავტოვეთ. მამაჩემის ერთი მეგობარი აფხაზი მეგობრების იმედით დარჩა. ის ხალხი მასთან მივიდა, ამ კაცმა სუფრა გაშალა, მათ კი მოკლეს. მერე ის სახლიც თავისთვის დაიტოვეს. უამრავი ადამიანია ასე მოკლული და საკუთარ სარდაფებში დამარხული. მამიდაჩემმა სოხუმში ბინა ნოტარიუსით დამიტოვა, მაგრამ რა ძალა აქვს? აფხაზები იმ სახლშიც შევიდნენ, დაანგრიეს და სასტუმრო ააშენეს.
ქართველების სახლები უმეტესად აფხაზებმა დაიკავეს. სხვა ეროვნების ხალხს მასობრივად არ მიუსაკუთრებია. იყო შემთხვევები, როცა ქართველებს სახლის საბუთების ყიდვასაც სთავაზობდნენ, შემდეგ კი იმავე ქონებას ბევრად ძვირად ყიდდნენ. 2000-იანი წლებიდან უკვე ყალბი საბუთებითაც აფორმებდნენ მიტაცებულ სახლებს. ზოგან ქართველების დარჩენილი სახლის წიგნაკები გამოიყენეს - ნოტარიუსების ბეჭდებით უკანა რიცხვით აფორმებდნენ, თითქოს სახლი ომამდე ჰქონდათ ნაყიდი. ასეთი სახლები უფრო ძვირად იყიდებოდა. დღეს უმეტესად იყიდება ქართველების მიტოვებული სახლები, განსაკუთრებით ოჩამჩირის რაიონში. რუსები ცდილობენ აფხაზეთში ფული დააბანდონ. თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო კანონებით რუსს საცხოვრებელი უძრავი ქონების საკუთრებაში გაფორმება არ შეუძლია. ამიტომ სახლს აფხაზის სახელზე აფორმებენ, ამის გამო ერთი და იგივე სახლი შეიძლება ხუთჯერაც გაიყიდოს. იქ არავის აქვს შიში, რომ ქართველები დაბრუნდებიან. ჰგონიათ, ეს აღარასდროს მოხდება. ამიტომაც ყიდიან სახლებს".
"როგორ ჩახედავენ თვალებში ქართველებს, თუ ოდესმე დავბრუნდებით?"
ნანა გაგუა, ექიმი, სოხუმიდან: "სოხუმში, მდინარის პირას, ჩამბას ქუჩაზე დიდ ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. სახლის ერთ ნახევარში ჩვენ ვიყავით, მეორეში - სხვა ქართული ოჯახი. ცალ-ცალკე ეზოები გვქონდა. ჩვენი უბანი ძირითადად ქართული იყო და სწორედ ამიტომ დაიბომბა ყველაზე მეტად. სახლი ნახევრად დანგრეული იყო. აი, ასეთ სახლშიც შევიდნენ. რუსმა მეზობელმა ფარულად გადაიღო ვიდეო და მისი საშუალებით გავიგეთ, რომ ჩვენს სახლს სომხები არემონტებდნენ. ომის დროს ჩვენი სახლის მეორე ნახევარში აფხაზები შევიდნენ, მოგვიანებით კი ჯერ რუსს, შემდეგ სომეხს მიჰყიდეს.
მხოლოდ ძველი წითელი პასპორტი მაქვს, სადაც ჩვენი მისამართია აღნიშნული. იტყუებიან, თითქოს დოკუმენტები აქვთ და სახლი იყიდეს. 18 წელი მამაჩემი აფხაზეთის ГАИ-ს უფროსი იყო, ყველა გვიცნობდა, მაგრამ მაინც ყველაფერს ბედავენ. ჩემი ძმა ამ ომს შეეწირა. რომ ჩამოვიდა, უკვე დაავადებული იყო. ალბათ, მე ვერასდროს ჩავალ იქ... ნეტავ როგორ ჩახედავენ თვალებში ქართველებს, თუ ოდესმე დავბრუნდებით?!
ეკატერინე ბასილაია