რა არის სინამდვილეში პოლიტიკა ანუ რატომ ვერ ვსწავლობთ მწარე გაკვეთილებს
პოლიტიკოსობა და პოლიტიკა არ არის ის, რომ საზოგადოება პარტიებად და ბანაკებად დაიყოს, ერთმანეთი "უსამშობლოებად" და "რუსებად" გამოაცხადონ, იყოს ლანძღვა-გინების კორიანტელი და მუდმივად მკითხაობა, აბა, ვინ რას გეგმავს 2028 წლის არჩევნებისთვის, აბა, როდის ჩამოიშლება "ოცნება", აბა, ვინ არის მოღალატე და ვინ ვისგან აიღო ფული... სინამდვილეში პოლიტიკა ის არის, რომ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, მთავარ პრობლემებზე საუბრობდე - თუ ხელისუფლებაში ხარ, გამოსავალი მოძებნო; თუ ოპოზიციაში - გამოსავალი შესთავაზო საზოგადოებას... და სწორედ ეს შეიძლება გახდეს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების წყარო. ქართულ რეალობაში ეს შესაძლოა გულუბრყვილობად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკა სწორედ ეს არის...
"ის მხარეც" და "ეს მხარეც" გაუთავებლად ეძებენ შიდა მტრებს. სინამდვილეში საქართველოს ჰყავს ორი მთავარი შიდა მტერი - ავტოკატასტროფები და ნარკოტიკები. ამ ორ სენს მიაქვს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, მათ შორის, ახალგაზრდების. განგაშს ვტეხთ, არიქა, დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია, ქართველებს გადაშენება გვემუქრებაო, და ამ დროს ხალხი წიწილებივით იხოცება ნარკოტიკებისა და ავტოავარიებისგან. თუ ასე გაგრძელდა, რად გვინდა გარე მტერი - თვითგენოციდი ჩვენ თვითონაც გორის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, როდესაც მთვრალმა მძღოლმა (შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით) დედა-შვილი იმსხვერპლა. გაირკვა, რომ იმ ვაჟბატონს 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი. ეს სამართალდამცავებისთვის არ უნდა ყოფილიყო სიგნალი (როგორც დასავლეთის ბევრ ქვეყანაშია), რომ ის თუნდაც ხშირ-ხშირად გადაემოწმებინათ ხოლმე?! როდესაც ადამიანს ამ რაოდენობის ჯარიმა აქვს და თან, გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადად, სიჩქარის გადაჭარბების გამო, ის ხომ სახიფათოა?! "ბლატები" ჰქონდა?! ეს "ბლატები" წარსულს არ ჩავაბარეთ?!
მანამდე იყო დადიანის ქუჩაზე ტროტუარზე გაჭყლეტილი ქალი. ტროტუარზე! იქ, სადაც მანქანით დგომა კანონით აკრძალულია. შეიცვალა რამე? არა. გაისეირნეთ დადიანზე, ტრაგედიის ადგილიდან რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში და თავად ნახავთ, როგორ წყება-წყებად არიან ჩარიგებული მანქანები.
ეს ის ავტოკატასტროფებია, რომლებმაც განსაკუთრებით შეგვძრა. თუმცა ლამის ყოველდღე ხალხი გზებზე იღუპება - ძირითადად, ახალგაზრდები. ალბათ, სასწრაფოდ არის შესამუშავებელი პრევენციული ღონისძიებები. გასაგებია, რომ ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაიწყეს "შავი წერტილების" (გზებზე ყველაზე სახიფათო მონაკვეთები) იდენტიფიცირება, მაგრამ არის ეს საკმარისი? მძიმე სიტუაცია რადიკალურ ზომებს მოითხოვს. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის - არის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც მკაცრი კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის "გადაწყობის" სინერგიით გზებზე სიკვდილიანობა მინიმუმამდე დაიყვანეს.
მკაცრ კანონმდებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ ჩვენი თანამოქალაქეების უაზრო ღლეტას. კანონი უნდა იყოს შეურიგებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, განსაკუთრებით ეს ეხება მთვრალ მძღოლებს.
როდესაც ვსაუბრობთ პრევენციის საჭიროებაზე, ბარემ სტიქიურ მოვლენებზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. როდესაც თბილისს 2015 წლის ივნისში სტიქია დაატყდა თავს და ხალხი შეიწირა, ერმაც და ბერმაც თქვა - მორჩა, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება, პრევენციული ღონისძიებები გატარდება და აღარ განმეორდებაო. სტიქიასთან ბრძოლის საკითხი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც შევიდა. თუმცა შემდეგ იყო საზარელი სტიქია შოვში. აღმოჩნდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენში საფრთხეზე იყო საუბარი - ოღონდ ბიულეტენი ვერ ან არ წაიკითხეს შესაბამისი თანამდებობის პირებმა. რამდენიმე დღის წინ კი თელავის სტიქია იყო - კიდევ კარგი, ღამით მოხდა და მსხვერპლი არ მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ სპეციალისტები ამ სტიქიასაც "წინასწარმეტყველებდნენ".
ანუ რა ხდება - თეორიულად საფრთხეების თაობაზე ვიცით, მაგრამ პრევენცია არ ხდება. სინამდვილეში ეს იურიდიულ ენაზე ნიშნავს თანამდებობრივ გულგრილობას, ან "გლეხურ" ენაზე თანამდებობისთვის შეუფერებლობას. როგორც ჩანს, ბუნების იმედად ვართ, რომ იქნებ შეგვიბრალოს. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდება. იგივე სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ კლიმატური ცვლილებების გამო სტიქიური მოვლენები გახშირდება და განსაკუთრებული მომზადებაა საჭირო.
რაც შეეხება ნარკოტიკებს - აქაც გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. უბრალოდ, ავტოკატასტროფებისგან განსხვავებით, ტრაგედიები თითქმის არ ხმაურდება. სიკვდილი სიკვდილად. გარდა ამისა, ნარკობარიგები ახალგაზრდებს აბამენ დანაშაულებრივ საქმიანობაში - დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ ითანხმებენ ნარკოტიკების გავრცელებაში.
სიმართლე უნდა ითქვას - შსს-ს ნადირობა აქვს გამოცხადებული ნარკობარიგებზე და "პაჩკა-პაჩკად" იჭერს მათ. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. თქვენი მონა-მორჩილი არ გაკადნიერდება რჩევების მიცემით. ქართველ ნარკოლოგებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები. თუმცა მრავალრიცხოვან ინტერვიუებში ჩივიან, რომ მათ შესაბამისი სტრუქტურები არ უსმენენ.
მოკლედ, ალბათ, პოლიტიკოსები ზემოხსენებულ თემებზე უნდა საუბრობდნენ ინტენსიურად - იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყანას რეალურად ემუქრება, თორემ საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე დაიღალა ტელეეთერებში გეოპოლიტიკური წიაღსვლების მოსმენითა და იმაზე მსჯელობით, ვინ "რუსული ხელისუფლებაა" და ვინ "უცხოეთის აგენტურა"...
თუმცა ცალი თვალი გადავავლოთ, რა ხდება "ბედკრულ" ქართულ პოლიტიკაში...
წასვლა-არწასვლა, საკითხავი აი, ეს არის...
ამასობაში ე.წ. საბოტაჟის საქმე ფინალში გადის. მკითხველს შევახსენებთ, რომ ოფიციალურად ეს ამბავი ასე "გამოიყურება" - საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ წარდგენილი. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძესა და ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟს, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
პირველ რიგში, საინტერესო ის არის, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. თუ ის დაეთანხმა პროკურატურის პოზიციას, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ: სააკაშვილი, მელია და ხოშტარია ისედაც ციხეში არიან და მათ წლებს დაუმატებენ, დანარჩენებმა კი უნდა გადაწყვიტონ, ციხეში წავლენ თუ საზღვარგარეთ.
აქ ასეთი სიტუაციაა. დიდი ალბათობით, თავისი ფეხით ციხეში არ წავლენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. სავარაუდოდ, არც გიორგი ვაშაძე. ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძემ თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. თუმცა ხვალ რომ გადაიფიქროს, გირაოს გადახდა-არგადახდის არ იყოს, არც არავინ გაამტყუნებს. ნიკა გვარამიას პოზიცია ბუნდოვანია... ოპოზიციონერებისთვის მწარე სიმართლე ის არის, რომ გინდაც ყველანი ციხეში წავიდნენ, ამის გამო მრავალათასიანი აქციები არ დაიწყება და რუსთავის დაწესებულების კარების ჯაჯგურს არავინ დაიწყებს.
მოკლედ, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე იმ ლიდერებიდან, რომელთა პარტიებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, თითქმის არავინ დარჩება. მათ პარტიების მართვა საზღვარგარეთიდან მოუწევთ, ან ციხიდან. ეს განსაკუთრებით იმ პარტიებს დაარტყამთ, რომლებიც, ძირითადად, ლიდერებზე არიან დამოკიდებული. თუ ლიდერი უშუალოდ არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, დისტანციურად მონაწილეობა არაეფექტურია - მისი პარტია, ადრე თუ გვიან, დაადგება დეგრადაციის გზას. თუ არ გჯერათ, აგერ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მაგალითი - მთავარი ოპოზიციური პარტიიდან ის გადაიქცა პოლიტორგანიზაციად, სადაც უკვე ლამის ტრაგიკომიკური პროცესები მიმდინარეობს (ლომის წილი ისევ მიშას მიუძღვის). პოლიტიკურ ველზე დარჩებიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის "ფედერალისტები", ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანი", ვიქტორ ყიფიანის ახალშექმნილი "ჯერ საქართველო"... კი ბატონო, ვისაც გნებავთ, უწოდეთ იაგო ხვიჩიას "გირჩს" ოპოზიციური პარტია. ძალიან ოპტიმისტი უნდა იყო ადამიანი, თქვა, რომ მათ აქვთ რესურსი, პოლიტიკურ ცხოვრებაში რაღაც დიდი გარდატეხა შეიტანონო.
როდესაც ასეთი სიტუაციაა, წესით, ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა იყოს გაცხოველებული კონსულტაციები, რათა საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ. პრაქტიკულად, ისინი ყველანი ერთ ნავში სხედან და მეტი რაღა უნდა მოხდეს მათ თავს, რომ საერთო გეგმებზე იფიქრონ?! თუმცა სულ სხვა სიტუაციას ვხედავთ - სააკაშვილმა, ფაქტობრივად, დაშალა "ოპოზიციური ალიანსი", ვინც დარჩა, არც კი მსჯელობენ სამომავლო ნაბიჯებზე; "ლელოსა" და გახარიას პარტიის წევრები, ისე როგორც, პრინციპში, ყველა ოპოზიციონერი, ტელეკომენტატორებად იქცნენ...
მერე ზოგიერთი "ინტრიგანი" გამოვა და გამარჯვების ფორმულებზე იწყებს საუბარს და სვამს კითხვებს, აბა, რას შვრებით 2028 წლის არჩევნებზეო.
გიორგი კვიტაშვილი