მშვიდობით, "კოჰაბიტაციავ?!"... - კვირის პალიტრა

მშვიდობით, "კოჰაბიტაციავ?!"...

2012 წლის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში უცნაური მოვლენები დატრიალდა: ლამის ნახევარი საქართველო მაიას ტომების მიერ დაპირებულ აპოკალიფსს ელოდა, თუმცა სამყაროს დასასრულის ნაცვლად ე.წ. კოჰაბიტაციის დასასრული ვიხილეთ. ქვეყანაში არსებულ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დროებით ჩამოგდებული ზავი შარშანდელი თოვლივით გაქრა და "ქართული ოცნების" წევრები თუ მომხრეები "ნაციონალებმა" კვლავ გაუპარსავ ოროსნებად და პუტინის აგენტებად გამოაცხადეს. პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ კოჰაბიტაცია ჩვენს ქვეყანაში არც დაწყებულა, ამიტომ მის დასრულებაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია:

- კოჰაბიტაციის პრინციპი ცივილიზებულმა დასავლეთმა, დემოკრატიულმა სამყარომ შემოგვთავაზა. ეს პრინციპი გულისხმობს თანაარსებობას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის იმ დროს, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მართავენ. ამის ბევრი მაგალითი იცის თანამედროვე მსოფლიომ.Kკოჰაბიტაციის პრინციპით იხელმძღვანელა, მაგალითად, გერმანიამ, სადაც სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს, რის შემდეგაც კომპრომისი შედგა და ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ერთიანი მთავრობაც კი ჩამოაყალიბა. საქართველოში ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ "კოჰაბიტაციაში" ჩადებული შინაარსი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა რეალობად, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ასე თუ ისე გამართულად მოქმედებს.

საქართველოში არ იყო თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები, არ არსებობდა კანონის უზენაესობა და თავისუფალი ბიზნესი... წარმოიდგინეთ, ამ სიტუაციაში ქვეყნის სათავეში მოდის ხალხის ნებით არჩეული ხელისუფლება, რომელსაც სთავაზობენ მშვიდობიან თანაცხოვრებას არსებული განუკითხაობის არქიტექტორებთან, რომლებმაც უამრავი შეცდომა დაუშვეს. ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა კოჰაბიტაცია იმისთვის შემოგვთავაზეს, რომ სახელმწიფოებრივი ცხოვრების რიტმი არ დარღვეულიყო. არჩევნებში გამარჯვებული ძალაც დათანხმდა, მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპი მიეღო და ქვეყანა დროებით ემართა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, მაგრამ, როგორც დრომ აჩვენა, ასეთი რამ წარმოუდგენელია.

როგორც ჩანს, "ნაციონალებს" სურთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვას სამართლიანობის აღდგენაზე. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაშიც უნდა დავამკვიდროთ იმის შეგნება, რომ დანაშაული ყოველთვის დაისჯება და ეს მოხდება უაღრესად პუნქტუალური, მკაცრი, მაგრამ ამავე დროს ჰუმანური გზით.

- ბატონო ვაჟა, დაპირისპირება ორ ძალას შორის ყველაზე მეტად მაშინ გამწვავდა, როდესაც ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური და ყოფილი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს.

- დიახ, სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებს შეეხნენ, მაგრამ დანაშაული არის დანაშაული, ის უნდა გამოიძიონ და სიმართლე გაარკვიონ. ფაქტია, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში უამრავი გამოუძიებელი თუ არასწორად გამოძიებული საქმე დაგროვდა.

- ბოლო დღეებში ტელეეკრანებიდან ისევ გაისმა სიტყვები: ოროსნები, აგენტები, ბრბო და ა.შ...

- გავიხსენოთ: თუ ჩვენი მოსახლეობა "ნაციონალების" მიერ გამართულ ტაშ-ფანდურს აჰყვებოდა, მას ხალხს ეძახდნენ, მაგრამ როგორც კი საპროტესტო აქციას გამართავდა - ბრბოს. სწორედ ამგვარი მიდგომის წყალობით, კოჰაბიტაცია საქართველოში დასრულდა ისე, რომ არც კი დაწყებულა. საქართველოში რევოლუცია მოხდა, მართალია ეს იყო ხავერდოვანი, მაგრამ მაინც რევოლუცია, რომელსაც თავისი მტკიცე კანონები აქვს. რევოლუციის შემდეგ მთლიანად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ჩაანაცვლოს ავტორიტარული ძალა, რომელიც თავის პოზიციას იოლად ვერ თმობს. ეს არის ალფა და ომეგა იმ სიტუაციისა, რომელიც ბოლო დღეებში საქართველოში ჩამოყალიბდა.

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს "ნაციონალური მოძრაობა" მომავალშიც სერიოზულ პოლიტიკურ ძალად დარჩეს?

- თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომ განიცადოს ტრანსფორმაცია, შეცვალოს თავისი ხედვები, გაემიჯნოს თავის წარსულს, თავისი წევრების მიერ დაშვებულ სამართლებრივ გადაცდომებს და დაიწყოს ფუნქციონირება, როგორც დასავლური ტიპის პარტიამ, მაშინ ის შეძლებს იყოს მოსახლეობის 9-10 პროცენტის ინტერესების გამომხატველი, რომელიც მხარს უჭერს, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს, ვერც ოპოზიციურ ძალად ივარგებს და არც პოლიტიკური მომავალი ექნება. წესით კი, უნდა შეძლოს, შევარდნაძემ თუ შეძლო კომპარტიის ცეკას მდივანი ყოფილიყო და მერე დასავლეთში დემოკრატის სახელი მოეხვეჭა, ვერ ვხვდები, ისინი რატომ ვერ შეძლებენ დასავლური ტიპის პოლიტიკურ ძალად გადაქცევას?

- ესე იგი, ახალ 2013 წელს "კოჰაბიტაციის" გარეშე ვეგებებით?

- მგონი, სასიხარულო ფაქტია, რომ კოჰაბიტაციაზე ლაპარაკიც ისევე მალე ჩაივლის, როგორც 21 დეკემბრის შიშმა ჩაიარა. თუმცა, ბოლოს მაინც ყველა ერთ დასკვნამდე მივალთ: დაპირისპირებას მომავალი არა აქვს და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო საკითხები, დიალოგისა და განსჯის გზით უნდა გადაწყდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)