მიწისქვეშა საქართველო - ჯადოსნური სამყარო, რომლის შესახებ ქართველთა დიდმა ნაწილმა არაფერი იცის
როგორ ფიქრობთ, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე თვეში ერთხელ მაინც რატომ შეიძლება ჩაეკიდოს ადამიანი უკუნეთ მღვიმეებში? ყინულზე უფრო ცივ წყალში ჩაყვინთოს და მზის სინათლეზე ამოსული, უკვე სხვა გამოქვაბულში ჩაბრუნდეს. ჩვენს ქვეყანაში სპელეოლოგია უმთავრესად ენთუზიასტთა ხარჯზეა. ბექა გოგილავა ყველა ახალაღმოჩენილ მღვიმესა და მიწისქვეშა დარბაზს აღწერს, რათა შემდეგ ეს მეცნიერებს გადასცეს, მათ კი აღმოჩენები ისტორიაში შეაქვთ. ათი წლის განმავლობაში ბექა გოგილავას სპელეოკლუბი ათწევრიანი გახდა. მათ შორის ყველა უზომოდ შეყვარებულია რისკებით სავსეა მიწისქვეშა და ჯადოსნურ საქართველოზე.
- ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მღვიმეებით. ფანტასტიკური მიწისქვეშა დარბაზებით "გაჭედილია" რაჭა, იმერეთი, აფხაზეთი! მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე სწორედ აფხაზეთში გვაქვს. მილიონობით წლის წინ დღევანდელი საქართველოს ტერიტორია ზღვით იყო დაფარული და მისი უკან დახევის შემდეგ მღვიმეები დაგვიტოვა. პირველი მღვიმე, რომელშიც ჩავედით, სამეგრელოში იყო, ყვირის მთაზე. პირველივე ჩაშვებაზე 70-მეტრიან გამოქვაბულში აღმოვჩნდით. ეს მღვიმე შესწავლილი იყო, თუმცა დაგვხვდა უცნობი დარბაზები. ეს იყო ჩასვლა დამხმარე საშუალების გარეშე. მხოლოდ თოკები გვქონდა.
- 70 მეტრზე უკუნეთ სიღრმეში მხოლოდ თოკებით! ძალიან უშიშარი უნდა იყო, ეს რომ გაბედო...
- მაგაზე არც მე და არც კლუბის წევრებს არ გვიფიქრია. თუმცა, როდესაც მღვიმეებში ჩასვლაზე სოციალურ სივრცეში ვაქვეყნებ, ბევრი ღელავს, მით უფრო, თუ მღვიმეში სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ჩავდივართ. სადაც სპეციალური აღჭურვილობა არ გჭირდება, იქ შეიძლება მსუბუქად ჩასვლა, მაგრამ არის მღვიმეები, სადაც შიშველი ხელებით, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ჩასვლა შეუძლებელია, მით უფრო, თუ მღვიმის წყალში ყვინთვა გიწევს. ზოგი მღვიმის ტბა იმდენად ცივია, რომ აღჭურვილობის გარეშე შეიძლება გაიყინო.
- ანუ მღვიმეში შესაძლოა იმხელა წყალი დაგხვდეთ, რომ ჩაყვინთვა დაგჭირდეთ?
- მხოლოდ ჩაყვინთვა არა, ყვინთვით გაცურვაც. ამიტომაც არის ჩვენს კლუბში ერთ-ერთი ცნობილი მყვინთავი ანდრეი ნოსენკო.
მას შემდეგ, რაც ახალ მღვიმეს აღმოვაჩენთ, მონაცემებს მეცნიერებს გადავცემთ. ჩვენს კლუბს ათი წლის განმავლობაში 70 ახალი მღვიმე აქვს აღმოჩენილი.
ორიოდე კვირის წინ წყალტუბოში, სოფელ ცხუნკურში საჩიტიის მღვიმე დავზვერეთ, შიგ წყლის ნაზავიც გავწმინდეთ და სავარაუდოდ, მღვიმის აქამდე უცნობ ნაწილში გავედით. იმედია, ეს მონაკვეთი ამას იქითაც გრძელდება.
საჩიტიის მღვიმეშიც ულამაზესი ნაკადული მიჩუხჩუხებს. იმავე სოფელში, მდინარის კალაპოტში კიდევ ორი მღვიმე დავზვერეთ. ერთში, მეორე სართულზე, ჰაერის იმდენად ჭარბი ნაკადი იყო, რომ მღვიმეს, სავარაუდოდ, მეორე გასასვლელიც აქვს.

- ერთსა და იმავე სოფელში ერთბაშად სამი მღვიმე! შემშურდა იმ მეცნიერებისა, რომელთაც თქვენნაირი პროფესიონალები აწვდიან სამეცნიერო კვლევისთვის მასალებს.
- სხვათა შორის, როდესაც მღვიმეებში ჩაშვება დავიწყეთ, სულაც არ გვქონია განზრახული მეცნიერებთან დაკავშირება. თუმცა ნელ-ნელა როდესაც ჩვენ თვალწინ გამაოგნებელი, ჯადოსნური და მდიდარი მიწისქვეშა სამყარო გადაიშალა, მივხვდით, რომ ამისთვის აუცილებლად სახელი უნდა დაგვერქმია.
სამწუხაროდ, სპელეოლოგიური საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში უმთავრესად არ ფინანსდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს აღმოჩენები ქვეყნისთვის დამალული უნდა იყოს. რად გინდა აღმოჩენები, თუ შენს ქვეყანაში მასზე არაფერი იციან. მსგავსი მიწისქვეშა სიმდიდრე ყველა ქვეყანას როდი აქვს, ჩვენში კი უკვე დაფიქსირებულ მღვიმეებშიც კი უამრავი შეუსწავლელი დარბაზია, რომლებიც ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს.
- როდესაც შეაბიჯებ სამყაროში, სადაც ადამიანს არასოდეს ფეხი არ დაუდგამს, რაზე ფიქრობთ? ან რა გხვდებათ იქ განსხვავებული, გარდა იმისა, რომ იქაურობა ჯადოსნური სილამაზითაა გაჟღენთილი.
- ახლის აღმოჩენის შემდეგ, სურვილი გძალავს, კიდევ მოძებნო მსგავსი. ხანდახან ეს სურვილი იმდენად დაუძლეველია, შეიძლება მარტოც ჩახვიდე მღვიმეში. ეს ე.წ. სოლო გასვლა თავადაც მომიწყვია. ჩვენს კლუბში თითქმის ყველა სამხედრო მოსამსახურეა, რის გამოც ყველა ერთად ვერ დავდივართ და ერთმანეთს ვანაცვლებთ.
რა გვხვდება მღვიმეებში? კედლებზე განმარხებული ზღვის ბინადრები, მოლუსკები, ზოგჯერ ცხოველთა ნაშთებიც. ადამიანთა ნაკვალევი უფრო დაბალ, ვაკესთან ახლო მღვიმეებშია და რაც მთავარია, უკიდეგანო სილამაზეა.
ხონში, სოფელ გელავერში, იმდენად ლამაზი მღვიმე და ტბაა, შეიძლება დამუნჯდე; ან მარტვილში, მდინარე ტობის აუზში არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე. 1963 წელს ცნობილმა მეცნიერმა და სპელეოლოგმა არსენ ოქროჯანაშვილმა აღმოაჩინა და დაიღუპა, თოკის გამო... მღვიმიდან გამოსული მდინარე ოთხ ტბასა და საქართველოში ყველაზე მაღალ, 234-მეტრიან ჩანჩქერს ქმნის. თავად მღვიმეში კი, 7 მეტრზე დიდი სტალაქტიდებია. მღვიმეს 2-კილომეტრიანი სიგრძე აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ტურისტულ პოტენციალზეა საუბარი, მისი ნახვა ყველას რომ შეეძლოს.
- რატომ არ შეიძლება?
- მისვლაა რთული: მღვიმეში შესასვლელად 234-მეტრიანი ჩანჩქერი უნდა აიარო, თანაც წყალქვეშ, სხვანაირად ვერ ახვალ! არადა, მღვიმის შესასვლელში საბაგიროს დამონტაჟება იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო.
- 2-კილომეტრიანი ჯადოსნური მღვიმე ნაოსნობით - ვის არ მოუნდება მისი ნახვა! პატარა მღვიმეც დამისახელეთ, სადაც ასევე განსაკუთრებული სილამაზეა.
- საადამიოს პატარა მღვიმე სენაკში, სადაც მხოლოდ ნოემბერში შეიძლება შესვლა, რადგან მანამდე იქაურობა მდინარის წყლითაა სავსე, მხოლოდ ნოემბერში იწევს წყალი დაბლა. შეხველ და ჩანჩქერების სამეფოში მოხვდები. ამაზე ლამაზი რა შეიძლება იყოს!