ქართველთა კვალი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - კვირის პალიტრა

ქართველთა კვალი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში

ისტორიის ბედუკუღმართობამ ტაო-­კლარჯეთი საქართველოს მოსწყვიტა, მაგრამ ამ მშვენიერ მხარეში ქართული კვალი მაინც შენარჩუნდა. პროფესორi მამია ფაღავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელია და მის ნაშრომებში ტაო-კლარჯეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- როდესაც ტაო-კლარჯეთზე ვსაუბრობთ, პირველად უნდა ვთქვათ, თუ სად არის ამ მხარეში გადარჩენილი ქართული ენა: ქართულად მეტყველებენ შავშეთის 19-ოდე სოფელში, ასევე კლარჯეთში, ტაოში კი - შედარებით მცირე მონაკვეთზე. ქართველი მოსახლეობა გაფანტულია თურქეთის შიდა პროვინციებშიც - ისინი, ძირითადად, მუჰაჯირთა შთამომავლები არიან.

პირველი ექსპედიცია 1995 წლის აგვისტოში გავმართეთ. ჩემი და ჩემი კოლეგების მიზანი ისტორიული სამხრეთ საქართველოს მკვიდრთა მეტყველების შესწავლა იყო. ცოტა ხნის შემდეგ იმ დასკვნამდე მივე­დით, რომ ქართულ მეცნიერებას სამი ახალი დიალექტი შეემატებოდა: შავშური, კლარჯული და ტაოური. იქვეა სპერი, მაგრამ სამწუხაროდ, სპერში ქართული ენა დაივიწყეს. პირველი ექსპედიციის შემდეგ თურქეთში არაერთხელ გადავედით, იქაური ქართველების მეტყველებაზე 20-მდე წიგნი გამოვაქვეყნეთ და ახლა უკვე დაზუსტებით ვამბობთ, რომ სამხრეთ საქართველოს კილოებს შორის 4 კილო გამოიყოფა: აჭარული, შავშური, კლარჯული და ტაოური.

ტაო-კლარჯეთის მკვიდრები ძველქართულად არ ლაპარაკობენ, მაგრამ მათ მეტყველებაში ძველი ქართულის კვალი შეინიშნება. მუჰაჯირი ქართველები გადასახლების პირველ წლებში თურქეთში კომპაქტურად დასახლდნენ. აჭარელმა მუჰაჯირებმა სოფლები შექმნეს და გამიჯნულად ცხოვრობდნენ. ასე მოიქცნენ ბათუმელი, ქობულეთელი და მაჭახლელი მუჰაჯირები. ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსი, რომლებიც აჭარულ დიალექტს დაკარგული აქვს, მუჰაჯირთა მეტყველებაში შემორჩენილია. საერთო რწმენის Mმიუხედავად, იყო პერიოდი, როცა შავშელები, კლარჯელები, ტაოელები და მუჰაჯირი ქართველები თურქებზე არ ქორწინდებოდნენ, მაგრამ მერე თემი გაიხსნა და იქაური ქართველების ოჯახში თანდათან გაჩნდა თურქი სიძეც და რძალიც... მიუხედავად ამისა, იქაური ქართველები მაინც ცდილობენ ქართველზე დაქორწინებას.

ტაო-კლარჯეთში ბავშვებს აკვნიდან ქართულს კი არა, თურქულს ასწავლიან. ეს ურთულესი პროცესია, რომელსაც შეიძლება ლინგვისტური ასიმილაცია ვუწოდოთ. კარგა ხანს სკოლებში ქართულად ლაპარაკიც კი იკრძალებოდა. ჩემი ასაკის, ანუ 70 წლის ხალხისგან მსმენია, ქართულად დაპალარაკებისთვის ხელზე სახაზავს გვირტყამდნენ, ან ჯოხით გვცემდნენო. ამგვარი პოლიტიკის შედეგია, რომ ქართული ენა 40-50 წლის ხალხმა უკეთესად იცის, ახალი თაობა კი ქართულად თითქმის ვერ ლაპარაკობს. ამის გამო შავშური, კლარჯული და ტაოური საფრთხის ქვეშ მყოფი დიალექტებია. მიხარია, რომ მოვასწარით და ჩავიწერეთ. თავადაც გვეუბნებიან, ჩვენი ბებია-ბაბუები ქართულად უკეთესად საუბრობდნენო.

- რა მდგომარეობაშია ტაო-კლარჯეთში არსებული უნიკალური ქართული ტაძრები?

- დღეისათვის რესტავრაცია მთლიანად დასრულებულია იშხანსა და პარხალში. როგორი ხარისხისაა, სხვა საკითხია. სამაგიეროდ, საფრთხეშია ისეთი საოცარი ტაძრები, როგორიცაა ოშკი, ხახული და ოთხთა ეკლესია - ეს ძეგლები მისახედია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამივე ჩამოიქცევა. სააღდგომოდ ვიყავით ხახულში და ერთ მხარეს სახურავი უკვე ჩაქცეულია. ეს ძეგლები, განსაკუთრებით ოშკი და ხახული, იმან გადაარჩინა, რომ იქ მუსლიმანური სალოცავები იყო გახსნილი. მერე თურქებისთვის სალოცავები ცალკე აშენდა და ჩვენი ტაძრები მიუხედავი დარჩა. 5-6 წლის წინ ოშკი შემოღობეს, ხარაჩოები დადგეს და პირველადი კვლევებიც ჩაატარეს რესტავრაციის დასაწყებად, მაგრამ ეს პროცესი გაჩერდა.

- თუ ამ ტაძრების აღდგენაში ქართველი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას?..

- თუკი სურთ ეს ძეგლები ავთენტური სახით აღდგეს, რესტავრაციაში ქართველმა მხატვრებმა და არქიტექტორებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. პარხლის გადახურვასა და რესტავრაციაზეU ქართველები მუშაობდნენ. Dდღეისთვის პრობლემა ის არის, რომ აღდგენილ იშხანსა და პარხალში არავის უშვებენ. ორივე ტაძარი დაკეტილია. იმედს ის მაძლევს, რომ იქაურ ახალგაზრდებს საქართველოსთან კონტაქტი აქვთ: ისინიც ჩამოდიან, აქაურებიც ხშირად მიდიან ექსკურსიებზე, ექსპედიციებსაც აწყობენ. მას შემდეგ, რაც თურქეთში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გახსნეს, წინაპრების ენა ბევრმა ისწავლა. ერთ-ერთი მათგანია მურად შაჰინი, მაჭახელელი მუჰაჯირების შთამომავალი. კარგია, რომ თურქეთ-საქართველოს საზღვარი გახსნილია და იქაურ ქართველებს აქ ჩამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ. ეს ჩვენი სამეცნიერო პროგრამების განხორციელებაშიც გვეხმარება. ამჟამად ჭოროხის აუზში, სპერში ვაპირებთ ექსპედიციის ჩატარებას, რომ ქართული ნაკვალევი შევისწავლოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე